განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №210310014628728
საქმე N3ბ/1169-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) – სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - შ--–--------------ე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლე ე-- ნ------–---–ი
წარმომადგენელი - ლ-----ა კ-----–--ე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლე ე----- ხ-------ი
წარმომადგენელი - ნინო გოგოლაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეები - მ-----– ხ-------ი, ა--- ხ-------ი
წარმომადგენელი - მ-----ე ნ---------ი
დავის საგანი – აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, გადახდილი თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა
1.1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოითხოვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე ბ--------- ხ-------ის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული ფულადი თანხის გადახდა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
1.2. ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეები მოითხოვენ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით ბ--------- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ--------- ხ-------ის მოთხოვნა 03.09.2007 წელს შპს ,,–--------------------ს” პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული №2 აუქციონის ოქმის, ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე ბ--------- ხ-------ის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული ფულადი თანხის გადახდა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 20.02.2000 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე 28.02.2000 წელს რეგისტრირებული იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საწარმო ,,–--------------------” (ს/ნ 24-------) მისამართზე: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ წ------, ბ------------ს ქ. №12, საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს 100% წილით.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 24.07.2007 წლის №1-1/1154 ბრძანების და შპს ,,–--------------------ს” 01.08.2007 წლის №1 მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 06.08.2007 წლის გადაწყვეტილებით სიღნაღის რაიონის ქ. წ-----ში ბ------------ს ქ. №12-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 5----------6; ფართობით 15791 კვ.მ. განაშენიანების ფართი 2050,27 კვ.მ.) დარეგისტრირდა შპს ,,–--------------------ს” საკუთრების უფლება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.08.2007 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, საკადასტრო კოდი 5----------6;
- 02.08.2007 წლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი შპს ,,–--------------------ს” მიმართ.
2.2.2. 03.09.2007 წელს ბ--------- ხ-------მა განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს შპს ,,–--------------------ს” 100 % წილის შესყიდვასთან დაკავშირებით. იმავე დღეს ბ--------- ხ-------ზე გაიცა აუცქიონში მონაწილეობის ბილეთი №2. 03.09.2007 წელს ჩატარდა აუქციონი საპრივატიზაციო ობიექტზე - შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილზე, საწყისი ფასი 35840 აშშ დოლარი, საბოლოო ფასი 1 480 000 აშშ დოლარი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის რ. ხატიაშვილის 06.09.2007 წლის №678 ბრძანებით 03.09.2007 წელს ჩატარებული აუქციონი №2 ქ. წ-----ში ბ------------ს ქ. №12-ში მდებარე შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით ჩაითვალა შემდგარად.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის რ. ხატიაშვილის 12.10.2007 წელს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №1-ით აუქციონის ოქმი №2 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.09.2007 წლის №678 ბრძანების საფუძველზე ბ--------- ხ-------ს საკუთრებაში გადაეცა შპს ,,–--------------------ს” 100% მუნიციპალიტეტის წილი, მიწის ფართობი 15791 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს;
- განცხადება აუქციონზე მონაწილეობის შესახებ, აუქციონის მონაწილეობის ბილეთი №2 (ს.ფ. 24-26);
- აუქციონის ოქმი №2 (ს.ფ. 29);
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის რ. ხატიაშვილის 06.09.2007 წლის ბრძანება №678 (ს.ფ. 31);
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №1 (ს.ფ. 30).
2.2.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 03.09.2007 წელს ჩატარებულ აუქციონზე საპრივატიზაციო ობიექტზე - შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილზე, ბ--------- ხ-------ის მიერ გადახდილ იქნა 1 500 000 აშშ დოლარი ნაცვლად საბოლოო ფასისა 1 480 000 აშშ დოლარისა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2.4. ბ--------- ხ-------მა 24.03.2008 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზ. ზედელაშვილს, ხოლო 22.12.2008 წელს კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გ. სიბაშვილს მიმართა განცხადებებით 03.09.2007 წელს შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილის საპრივატიზაციო აუქციონის პირობების თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ჩარიცხული 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში უკან დაბრუნების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 24.03.2008 წლის განცხადება სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზ. ზედელაშვილის სახელზე (ს.ფ. 32);
- 03.09.2008 წლის განცხადება კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილის გ. სიბაშვილის სახელზე (ს.ფ. 33).
2.2.5. შპს აუდიტორი ფირმა ,,ბაკ-–---–-------------ის“ მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, შპს წ------ს სატვირთოს 100% წილის პრივატიზაციისათვის მიძღვნილ აუქციონზე გასაყიდი ობიექტის - შპს ,,–--------------------ს“ 100%-იანი წილის ღირებულების ფასის გაზრდა 35 840 აშშ დოლარიდან 1 480 000 აშშ დოლარამდე ყოვლად დაუშვებელია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს აუდიტორი ფირმა ,,ბაკ-–---–-------------ის“ დასკვნა.
2.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2011 წლის განაჩენით ბ--------- ხ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 16.02.2011 წლიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2011 წლის განაჩენი (ს.ფ. 34).
2.2.7. 21.10.2013 წელს ბ--------- ხ-------მა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 03.09.2007 წელს შპს ,,–--------------------ს” პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული №2 აუქციონის შედეგები, მათ შორის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.09.2007 წლის ბრძანება და დაუბრუნდეს აუქციონზე შეძენილი ნივთის საფასური 1 500 000 აშშ დოლარი, გადახდილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 06.11.2013 წლის განჩინებით ბ--------- ხ-------ის სარჩელზე შეწყდა №3/88-13 ადმინისტრაციული საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2014 წლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ--------- ხ-------ის კერძო საჩივარი, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 06.11.2013 წლის განჩინება ქ. წ-----ში ბ------------ს ქ. №12-ში მდებარე შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილის პრივატიზების მიზნით ჩატარებული 03.09.2007 წლის აუქციონი ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის ცნობასთან დაკავშვრებით და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.11.2013 წლის სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 100);
- 31.01.2014 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 117).
სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3.1. ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (2007 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სპეციალური ვადა.
სასამართლომ მოსარჩელის მოსაზრებები არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გასული აქვს პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 03 სექტემბერს შპს ,,–--------------------ს 100% წილის შესყიდვასთან დაკვშირებით ბ--------- ხ-------მა მიმართა განცხადებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს და მასზე გაიცა აუქციონში მონაწილეობის ბილეთი N2. 2007 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი საპრივატიზაციო ობიექტზე შპს ,,–--------------------ს“ მუნიციპალიტეტის 100% წილზე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის ბრძანება N678-ით 2007 წლის 03 სექტემბრის ჩატარებული აუქციონი N2 ქ. წ------ ბ------------ს ქ. N12-ში მდებარე შპს ,,–--------------------“ მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით, ჩაითვალა შემდგარად. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2007 წლის 12 ოქტომბერს გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1, რომლის თანახმადაც ბ--------- ხ-------ს საკუთრებაში გადაეცა შპს ,,–--------------------ს“ 100% მუნიციპალიტეტის წილი, მიწის ფართობი 15791 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საფუძველი აუქციონის ოქმი N2, 2007 წლის 06 სექტემბრის ბრძანება N678.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განაჩენით, ირკვევა, რომ ბ--------- ხ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თ/აღკვეთა და მას პატიმრობის ვადა აეთვალა 2011 წლის 16 თებერვლიდან. ამავე განაჩენით ირკვევა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2011 წლის 16 თებერვლიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონი ჩატარდა 2007 წლის 03 სექტემბერს, რომელშიც თავად მიიღო მონაწილეობა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში 2013 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად სარჩელი წარდგენილი იქნა აუქციონის ჩატარებიდან 06 წლის გასვლის შემდეგომ, შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული იყო.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბ--------- ხ-------ის მიერ შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილის პრივატიზებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღება და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების არა თანაზომიერ მაღალ ფასში შეძენა განპირობებული იყო სახელმწიფო მოხელეების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების) მხრიდან განხორციელებული იძულებითა და მუქარით. მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, ბ--------- ხ-------ის მიმართ იძულებისა და მუქარის ფაქტს ასევე ადასტურებს მის მიმართ 2011 წლის თებერვალში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) სისხლის სამართლის საქმის გამო მისი დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2011 წლის განაჩენით ცნობილი იქნა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. ბ--------- ხ-------მა სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა 2012 წლის დეკემბერში. საპყრობილეში ყოფნის დროსაც მის მიმართ არ წყდებოდა ძალადობის და მუქარის განხორციელება.
ამასთანავე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ბ--------- ხ-------ის მიმართ შპს ,,–--------------------ს” პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული №2 აუქციონზე იძულების და მუქარის განხორციელების შესახებ. ხოლო საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 26 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ეხება გარიგების ბათილად ცნობის დავას და აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე შესული არ არის კანონიერ ძალაში.
2.3.2. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბ--------- ხ-------ის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 03.09.2007 წელს გადახდილი იქნა 1 500 000 აშშ დოლარი, მათ შორის აუქციონის საბოლოო ფასი 1 480 000 აშშ დოლარი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა ბ--------- ხ-------ის მიერ 1 500 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი (12.03.2015 წელი სხდომის ოქმი 16:40 სთ). ასევე დადგენილი იქნა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ზედმეტად ჩარიცხული თანხა 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.
2.4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,ზ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა 2007 წლის 03 სექტემბრის შპს ,,–--------------------ს“ პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული N2 აუქციონის ოქმის ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის აუქციონზე შეძენილი ნივთის საფასურის 1500000 აშშ დოლარის დაბრუნება, რომელიც გადახდილი იყო მოსარჩელის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.4.2. პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები განიხილება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონით სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით - ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება. აუქციონის წესით გაყიდვა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, შესაბამისად, სხდომის ოქმი ასახავს აუქციონის ჩატარების ფაქტს, რომელიც ზემოთ მითითებული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშკრულების კანონიერება უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური და მატერიალური კანონიერების ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მხრივ.
2.4.3. ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის (2007 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე ვადას ადგენს მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ 03.09.2007 წელს ჩატარებული აუქციონის შედეგები, მათ შორის, აუქციონის ოქმი სადავოდ არის გამხდარი 21.10.2013 წელს, მაშინ როდესაც აუქციონის ჩატარებიდან გასულია 6 წელი, ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გასული აქვს პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
2.4.4. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დაცვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ბ--------- ხ-------ის მიმართ მისი ქონების დაუფლების მიზნით იძულება და მუქარა გრძელდებოდა მისი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვებამდე. ამიტომ მოსარჩელის მიერ იძულებისა და მუქარის ფონზე ჩატარებული აუქციონის და მისი შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენა მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული იძულებით დადებული გარიგების შეცილების 1 წლის ვადაში, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს იძულების დამთავრების - მოსარჩელის მიერ საპყრობილის დატოვების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 85-ე, 86-ე მუხლების თანახმად, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. იძულების დროს არსებობს აშკარა ჩარევა ნების გამოვლენის პროცესში. იძულების მიზანს გარიგების დადება წარმოადგენს. იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. სწორედ მაიძულებელი პირისათვის სასურველი ნების გამოვლენა წარმოადგენს მუქარის მიზანს. იძულება უნდა იყოს რეალური საფრთხის მაუწყებელი.
მოცემულ შემთხვევაში, ბ--------- ხ-------ი მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტად სარჩელით მიიჩნევდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც მიმართული იყო ბ--------- ხ-------ის, როგორც შპს ,,კუს ტბას კალას” და შპს ,,კუს ტბას პალასის” პარტნიორის მიმართ, მისი წილების წართმევის მიზნით. ამისგან თავის დაღწევის მიზნით დათანხმდა მოსარჩელე სამართალდამცავი ორგანეობის გარკვეული მუშაკების მოთხოვნას მონაწილეობა მიეღო და ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეეძინა შპს ,,–--------------------ს” 100% მუნიციპალიტეტის წილი. მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნიშნავს, რომ სწორედ მაიძულებელი პირისათვის სასურველი ნების გამოვლენა წარმოადგენდა მუქარის მიზანს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იმ გარიგების ბათილად ცნობა, რომელიც, მოსარჩელის მოსაზრებით, წარმოადგენს იძულებით დადებულ გარიგებას.
სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამასთან იმ პირობებშიც კი, თუკი დადგინდება იძულების ფაქტი, ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ასევე უნდა დადგინდეს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, თუ როდის დასრულდა მოცემული გარიგების დადების მიზნით იძულება და როდიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის დენა იმ პირობებში, როცა ხანდაზმულობის ფაქტობრივი გარემოება შეცილებულია მოპასუხის მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც დასრულდა გარიგების დადება, კანონმდებლობით საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2007 წლის 03 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ საპრივატიზაციოდ გატანილი შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100 % წილის აუქციონის წესით შესყიდვის შესახებ აუქციონის ოქმი №2-ის შედგენიდან. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოში იძულებისა და მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად აღნიშნული ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული.
ამასთან გასული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით შეადგენს ექვს წელს.
2.4.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აუქციონზე შეძენილი ნივთის საფასურის 1500000 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნების შესახებ, რომელიც გადახდილი იყო მოსარჩელის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შე--ვებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მითითებული ნორმის ანალიზით უსაფუძვლო გამდიდრების სწორი კვალიფიკაციისათვის კანონმდებელი აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე პირობის არსებობას: მიმღები უნდა გამდიდრდეს შემსრულებლის ხარჯზე, რაც გამოიხატება მისი ქონების შეძენაში ან დაზოგვაში; ქონების შეძენას კანონიერი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს; მიმღების უკანონო გამდიდრებით ზიანი უნდა მიადგეს შემსრულებელს, რაც მისი ქონების შემცირებაში, შემდგომი სარგებლის მიუღებლობაში გამოიხატება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ:
ბ--------- ხ-------მა მიიღო მონაწილეობა 03.09.2007 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც საპრივატიზაციოდ გამოტანილი იყო შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალური 100% წილი 35840 აშშ დოლარით. აუქციონში გამარჯვებულ ბ--------- ხ-------ს დაეკისრა შესყიდვის თანხის 1 480 000 აშშ დოლარის გადახდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა კიდევაც კანონით დადგენილ ვადაში. მოსარჩელის განმარტებით, მან, გამოუცდელობის გამო შესყიდვის თანხა სულ 1 500 000 აშშ დოლარი მთლიანად ჩარიცხა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოპასუხე მხარემ საქმის განხილვისას დაადასტურა ბ--------- ხ-------ის მიერ 1 500 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტი.
საქმეში არსებული მასალებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზედმეტად მიღებული ფულადი თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ბ--------- ხ-------ისთვის არ დაუბრუნებია.
ამრიგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო მოსარჩელის ფულადი თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც უკანონოდ გამდიდრდა. ამან თავის მხრივ ზიანი მიაყენა ბ--------- ხ-------ს, რადგან ფულის გადაცემით შემცირდა მისი ქონება და ამ გადაცემით რაიმე სარგებელი არ მიუღია.
2.4.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ--------- ხ-------ის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად იქნეს ცნობილი 03.09.2007 წლის შპს ,,–--------------------ს” პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული №2 აუქციონის ოქმი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომლითაც იგი მოითხოვდა აუქციონზე შეძენილი ნივთის საფასურის 1 500 000 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც გადახდილი იყო მოსარჩელის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა ნაწილობრივ და მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას დააკისრა მოსარჩელე ბ--------- ხ-------ის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული ფულადი თანხის გადახდა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე და ბ--------- ხ-------ის სასარგებლოდ არ უნდა დაკისრებოდათ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, მათ მიერ ბენეფიციარისთვის - ბ--------- ხ-------ისთვის თანხის ნაწილი დაბრუნებული იყო, რის დასადასტურებლად აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ლ-------- ბანკის საგადახდო დავალებები. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წლის 3 სექტემბერს გამართულ აუქციონზე ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა ბ--------- ხ-------ს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში - 5936 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით. აპელანტი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დარჩენილი თანხა გადაერიცხათ შპს ,,–--------------------ს“ თანამშრომლებს მიუღებელი ხელფასის სახით, რისი გადახდაც ბ--------- ხ-------ის ვალდებულებას წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე ბ--------- ხ-------ის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული ფულადი თანხის გადახდა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
3.2. აპელანტები - ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეები აღნიშნავენ, რომ ბ--------- ხ-------ის მიერ გარიგება დადებული იქნა იძულების პირობებში, რის გამოც მას არ შეეძლო თავისუფლად მოქმედება 2012 წლის დეკემბრამდე (სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე), შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იყო უსაფუძვლო და არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები.
ამდენად, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება.
4.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეების: ე-- ნ------–---–ის, ე----- ხ-------ის, მ-----– ხ-------ისა და ა--- ხ-------ის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლის „ე1“ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, კერძოდ, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 03.09.2007 წელს შპს ,,–--------------------ს” პრივატიზების მიზნით ქ. წ-----ში ჩატარებული №2 აუქციონის შედეგების (ხელშეკრულების) ბათილად ცნობა და აუქციონზე შეძენილი ნივთის საფასურის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადახდილი 1 500 000 აშშ დოლარის, უკან დაბრუნება.
დადგენილია, რომ 03.09.2007 წელს ბ--------- ხ-------მა განცხადებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს შპს ,,–--------------------ს” 100% წილის შესყიდვასთან დაკავშირებით. იმავე დღეს ბ--------- ხ-------ზე გაიცა აუცქიონში მონაწილეობის ბილეთი №2. 03.09.2007 წელს ჩატარდა აუქციონი საპრივატიზაციო ობიექტზე - შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილზე, საწყისი ფასი 35840 აშშ დოლარი, საბოლოო ფასი 1 480 000 აშშ დოლარი. 03.09.2007 წელს ჩატარებული აუქციონი №2 ჩაითვალა შემდგარად და ქონების შემძენი გახდა ბ--------- ხ-------ი, რომელმაც საპრივატიზაციო ობიექტზე - შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილზე, გადაიხადა 1 500 000 აშშ დოლარი ნაცვლად საბოლოო ფასისა 1 480 000 აშშ დოლარისა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს აუდიტორული ფირმა ,,ბაკ-–---–-------------ის“ მიერ შედგენილ დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ შპს წ------ს სატვირთოს 100% წილის პრივატიზაციისათვის მიძღვნილ აუქციონზე გასაყიდი ობიექტის - შპს ,,–--------------------ს“ 100%-იანი წილის ღირებულების ფასის გაზრდა 35 840 აშშ დოლარიდან 1 480 000 აშშ დოლარამდე ყოვლად დაუშვებელია.
საქმის მასალების მიხედვით, ბ--------- ხ-------ი მოითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ჯერ კიდევ 2008 წელს, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ლ-------- ბანკის საგადახდო დავალებებით (ტ. 1, ს.ფ. 239-243) ირკვევა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბენეფიციარისთვის - ბ--------- ხ-------ისთვის თანხის ნაწილი დაბრუნებული აქვს, კერძოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წლის 3 სექტემბერს გამართულ აუქციონზე ზედმეტად გადახდილი თანხა ერთ შემთხვევაში - 5936 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით დაუბრუნა ბ--------- ხ-------ს.
პალატამ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივარებში მოცემული შედავების სამართლებრივი საფუძვლები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოსაზრება ნაწილობრივ გაზიარებული უნდა იქნეს.
პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. რაიონულმა სასამართლომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებით გამოკვლევის გარეშე, სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს და მოპასუხის მოსაზრების გაზიარებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, აქტიურ სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია საქმის სრულყოფილი და კომპლექსური განხილვისათვის.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდული არ იყო მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მას თავად შეეძლო, საკითხის გადასაწყვეტად მოეწვია მოწმეები, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა სხვა ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითია პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას შეაფასოს ბ--------- ხ-------ის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე შეძენა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს წარმოადგენდა თუ არა. შესაძლოა იძულება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოება იყოს, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს, ან ასეთ პირობებში, შეიძლება სახეზე იყოს უცილოდ ბათილი გარიგება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი). პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე შეცილების რაიმე ვადის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით ნაკარნახევი არ არის, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ათ წლიანი ვადა.
პალატა განმარტავს, რომ ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო გარიგება ბათილია, თუ გარიგების შინაარსი, მოტივი ან მიზანი მიუღებელია ყველა სამართლიანად მოაზროვნე ადამიანისათვის. ზნეობის ნორმების სამართლებრივი დეფინიცია უშუალო კავშირშია სამართლებრივი სისტემისათვის მნიშვნელოვან - კეთილსინდისიერების პრინციპთან. ზნეობის ნორმების გამო გარიგების ბათილობა კი, შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, გარიგება შესაძლებელია ბათილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და სამაგიერო შესრულებას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობს, ან გარიგება იწვევს ერთ-ერთი მხარის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენებას. სააპელაციო სასამართლოს აზრით, გარიგება ამორალურია, თუ ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამასთან, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალადებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა, ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად ბადებს უსამართლობის განცდას. ამდენად, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია.
პალატა განმარტავს, რომ გარიგების ამორალურად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. იმისთვის რომ სასამართლომ ხელშეკრულება მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის შეფასებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება, კერძოდ, შპს ,,–--------------------ს" 100% წილის პრივატიზაციისათვის მიძღვნილ აუქციონზე გასაყიდი ობიექტის - შპს ,,–--------------------ს“ 100%-იანი წილის ღირებულების ფასის გაზრდა 35 840 აშშ დოლარიდან 1 480 000 აშშ დოლარამდე ყოვლად დაუშვებელია (ტ. 1, ს.ფ. 181-186). აღნიშნული დასკვნის შეფასება კი, არსებითი იყო სწორედ იმ დისპროპორციიდან გამომდინარე, რაც ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის არსებობდა.
პალატა განმარტავს, რომ ასევე შესაფასებელია მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით. პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ - ხანდაზმულობის ერთ წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2007 წლის 03 სექტემბრიდან, მოსარჩელის მიერ საპრივატიზაციოდ გატანილი შპს ,,–--------------------ს” მუნიციპალიტეტის 100% წილის აუქციონის წესით შესყიდვის შესახებ №2 აუქციონის ოქმის შედგენიდან.
პალატა განმარტავს, რომ გაუგებარია, სასამართლოს მიერ რა მტკიცებულებებზე დაყდრონობით იქნა გაზიარებული ის გარემოებები, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი არ ჰქონია იძულებისა და მუქარის განხორციელების ფაქტებს, რის გამოც გამოსაკვლევია ბ--------- ხ-------ის მიმართ ჰქონდა თუ არა იძულების ფაქტს ადგილი და შემდეგ ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ როდის დამთავრდა მოპასუხის მიმართ იძულება - გარიგების დადებისთანავე თუ დროის სხვა მონაკვეთში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
პალატა განმარტავს, რომ იძულება უფლების განგრძობადი დარღვევაა, ამას ზემოთ მითითებული 89-ე მუხლიც მიუთითებს, რადგან კანონი შეცილების ვადის ათვლის საკითხს უკავშირებს იძულების დამთავრების მომენტს. იგივე ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი უშვებს, რომ ხელშეკრულების მხარის იძულება შეიძლება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან შეცილების ვადის ათვლა დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების დადების მომენტზე. ცხადია, აქ არსებობს განსხვავება გარიგების დადებისათვის განხორციელებულ იძულებასა და მას შემდეგ არსებულ მდგომარეობას შორის, რადგან შედეგის მიღწევის შემდეგ ის პირი, რომელმაც განახორციელა ხელშეკრულების დადებაზე იძულებითი სახით ზემოქმედება, შეიძლება აღარ ახორციელებდეს აქტიურ მოქმედებებს, მაგრამ ამასთან, ერთად კვლავ არსებობდეს ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ, შეცილების ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს მხარის პიროვნული გათავისუფლების მომენტიდან, როდესაც იგი ფიქრობს, რომ მის მიმართ აღარ არსებობს რეალური საფრთხე, რომელსაც მის მოქმედებებზე ზემოქმედება შეუძლია (სუს განჩინება საქმეზე Nას-15-15-2016). ამდენად, პალატა მიიჩნევს, იმისთვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განესაზღვრა იძულების დასრულების მომენტი, აუცილებელი იყო მისი მხრიდან მტკიცებულებების შეგროვება, რაც არ განუხორციელებია.
მოცემულ საქმეზე არსებითია ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზედმეტად მიღებული ფულადი თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ბ--------- ხ-------ისთვის არ დაუბრუნებია, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზედმეტად ჩარიცხული თანხის ნაწილი მოპასუხეს ბ--------- ხ-------ისთვის დაბრუნებული აქვს ჯერ კიდევ 2008 წელს.
გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სწორედ ამიტომაცაა მითითებული ზემოაღნიშნულ ნორმაში შესაძლებლობის და არა ვალდებულების თაობაზე. როგორც წესი, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებით, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან, რომელმაც უნდა იმსჯელოს ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ კი მხოლოდ იმ სასარჩელო მოთხოვნებზე, რომლებსაც აპელანტი არ ეთანხმება, თანაც მისთვის არასასურველ ნაწილში; გარდა აღნიშნულისა, ზემოთ მითითებული ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულება საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების თაობაზე, შესაძლოა სრულად ჩანაცვლდეს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დადგენაზე პროცესუალურად ასევე უფლებამოსილი სასამართლოს მიერ; ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულებასა და ინსტანციურობის პრინციპსაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სრულებით დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების სისტემატური გადანაცვლება სააპელაციო სასამართლოზე, თითქმის აზრს დაუკარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახორციელებელ მართლმსაჯულებას და ფორმალურს გახდის მას; ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება სავალალო შედეგების მომტანი იქნება ყველასათვის; თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააპელაციო პალატა ყოველნაირად უნდა შეეცადოს თავად გადაწყვიტოს დავა არსებითად, თუკი ამის პროცესუალურ შესაძლებლობას იძლევა სააპელაციო საჩივრის ფარგლები და ის შედეგები, რაც მოჰყვება საქმის ამგვარ არსებით გადაწყვეტას და რომელ შესაძლებლობასაც, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ ხედავს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეების: ე-- ნ------–---–ის, ე----- ხ-------ის, მ-----– ხ-------ისა და ა--- ხ-------ის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. პროცესის ხარჯები:
6.1. იმდენად, რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყვიტოს პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, დავის გადაწყვეტის შედეგის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385.1, 390-ე, 393-394-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბ--------- ხ-------ის უფლებამონაცვლეების: ე-- ნ------–---–ის, ე----- ხ-------ის, მ-----– ხ-------ისა და ა--- ხ-------ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი