განაჩენი

სისხლის სამართლის 16.08.2019
საქმის ნომერი
010142219700091124
ინსტანცია
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700091124

საქმე №1აგ/106-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 აგვისტო, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ-------–---------------ის (პ/ნ 0----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორ გ---–--------------–---–სა და ბრალდებულ რ------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

რ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

რ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 3 აპრილიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, მსჯავრდებულ რ------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენში რ------------ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება;

 

მსჯავრდებულ რ------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ რ------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, რ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

რ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, რ------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 თებერვლიდან.

 

რ------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულ რ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, განსახილველად არ იქნა დაშვებული მსჯავრდებულ რ------------ის ადვოკატ ზ--------------–--ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენზე.

 

2019 წლის 8 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსახილველი დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნივთიერების სპეციფიკა და მისი გავლენა დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი მსჯელობა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს კონკრეტულ ნივთიერებასთან მიმართებით და წარმოადგენს სათანადო არგუმენტაციას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით, რ------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) გავალისწინებული დანაშაულის - „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და თითოეული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. თუმცა, განსახილველ შემთხევაში მსჯავრდებულ რ------------ეს სააპელაციო პალატის წინაშე არ წარმოუდგენია არანაირი სახის დოკუმენტი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის ან ორგანოს დასკვნა და სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ იწვევს მის მიერ მოხმარებული „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, როგორც ეს განსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლომ. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ვერ დგინდება, თუ რა საფუძვლით მიაჩნია მის ავტორს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, ან ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადებზე, შეძენისა და შენახვაზე, რომლის მოხმარებითვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენებს რ------------ის მიმართ, მას ამ შემთხვევაში მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების „ამფეტანმინის“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) გავალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

ასევე, რ------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინის“ (0,001035 გრამი) და „მეტამფეტამინის“ (0,0014046 გრამი), უკანონოდ შეძენა და შენახვა, არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ უმსჯელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 01 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განაჩენები, რ------------ის მიმართ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გერონტი კახეთელიძე