განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
180210017002207624
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180210017002207624

საქმე № 2ბ/5533-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - დ----- ო------–---–ი (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს--–---–------------------------------ო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ-–- ქ--------ე

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომის ანაზრაურებიდან დაკავებული თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე დ----- ო------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ს--–---–------------------------------ოს მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ს--–---–----------------------------------ს დირექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის N04-50/დ ბრძანების ბათილად ცნობა. ყოველთვიური შრომის ანაზღაურებიდან დაკავებული თანხის (ხელფასის 30%) ანაზღაურება.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება დ----- ო------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 19 აგვისტოდან დ----- ო------–---–ი იკავებს მთავარი სპეციალისტის (იურისტი) თანამდებობას ს--–---–------------------------------ოს დ--–----ს რაიონულ განყოფილებაში.

 

7. უდავოა, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს შეეფარდა დისციპლინული სასჯელის ზომა - საყვედური და ოქტომბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა ხელფასის 30%, 195 ლარი; აღნიშნულის საფუძველი გახდა სოციალური მომსახურების საგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 12 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი ამავე სააგენტოს დირექტორისადმი;

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, საოჯახო დავაზე. განჩინების თანახმად, ბავშვების მამას დ-------ი ჩ-------ეს მიეცა უფლება ინახულოს თავისი მცირეწლოვანი შვილები, ყოველ ორშაბათს 17 საათიდან 18 საათამდე პერიოდში, ბავშვების დედის ან დედის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 2017 წლის 1 მაისს, ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო მოქმედების დროს, სადაც მოსარჩელე წარმოადგენდა აღსრულების პროცესის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირს, დ--–----ს N-----------ში, მამამ ინახულა არასრულწლოვანი შვილი დედის დასწრების გარეშე.

 

9. უდავოა, რომ დისციპლინური სახდელების დაკისრებას ითვალისწინებს ,,ს--–---–------------------------------ოს შრომის შინაგანაწესი".

 

10. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს დ----- ო------–---–ს მიმართ ს--–---–------------------------------ოს მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

სააპელაციო სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვება მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ამგვარი დაცვის არარსებობა თვით უფლებას გახდიდა ილუზორულს, რაც შრომითი სამართალურთიერთობის არასტაბილურობას გამოიწვევდა.

 

11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დ----- ო------–---–ის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევას ადგილი ჰქონდა.

 

სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაშვებული ხარვეზი, როდესაც მან სასამართლოს მიერ დადგენილი დანაწესის უგულებელყოფით მისცა შესაძლებლობა (არ გამოიყენა ყველა კანონისმიერი საშუალება) მამას შეხვედროდა მის არასრულწლოვან შვილს დედის მონაწილეობის გარეშე;

 

აპელანტის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება სადავო ბრძანების გამოცემისათვის საკმარისი წინაპირობების არსებობას, რაც მისივე მოსაზრებით, არასწორად გამოიკვლია სასამართლომ. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სტაბილური სასამართლო პრაქტიკით განმარტებულია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი);

 

12. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 1 მაისს ს--–---–------------------------------ოს დ--–----ს რაიონული განყოფილების უფლებამოისილი პირის მიერ, 17 საათსა და 10 წუთზე დ--–----ს მუნიციპალიტეტის აღზრდის #3 ცენტრში შემდგარი სააღსრულებო მოქმედებების დროს ზემოხსენებული სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა - იურისტმა დ----- ო------–---–მა არ შეასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი დანაწესი, რომ მამას უფლებამოისლი იყო ენახა მისი არასრულწლოვანი შვილი მხოლოდ დედის/დედის მიერ უფლებამოისლი პირის დასწრების პირობებში, რის გამოც მას გამოეცხადა საყვედური და ხელფასიდან დაუკავდა ხელფასის 30%. 2017 წლის 1 მაისის სააღსრულებო მოქმედების ოქმიდან ირკვევა, რომ ბავშვის მამამ, დ-------ი ჩ-------ემ, ინახულა შვილი - ე-–--- ჩ-------ე. მამასა და ბავშვს შორის იყო კონტაქტი დედის/დედის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრების გარეშე. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება სადავო არ გაუხდია, თუმცა არ დაეთანხმა ამ ფაქტის დარღვევად შეფასებას და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებელი პირს წარმოადგენდა სააგენტო და არა თავად ის. ამასთან აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ის არ წარმოადგენდა მხარეს და ხსენებული გადაწყვეტილების მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მხოლოდ ამ საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი იყო არა თავად, არამედ ს--–---–------------------------------ო, რაც სასამართლოს შეფასებით მცდარი შეხედულებაა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის #190/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ს--–---–------------------------------ოს“ დებულება, რის მიხედვითაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს--–---–------------------------------ო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე გასათვალისწინებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის #01-16/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი“. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას აღსრულებით დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, სასამართლო გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. ვალდებული პირის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგილზე მისვლით, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოაქვს დადგენილება დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე.

 

სსიპ-ს--–---–------------------------------ომ 2017 წლის 6 აპრილს შეიმუშავა №04/21754 ინსტრუქცია „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“, სადაც დეტალურად განიმარტა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები, რაც ეცნობა სააგენტოს ყველა თანამშრომელს.

 

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის მიმართ გამოცემული ბრძანების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სწორედ ს--–---–--------------------------------ს ვალდებულებას წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ დ----- ო------–---–ისთვის დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი არსებობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური სახდელის დაკისრების უსაფუძვლობის მითითება აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის უფლებებს გაუმართლებლად არღვევს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ო------–---–მა, როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილმა პირმა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის აღსრულებაც მის უშუალო სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა, მასში ასახული მოთხოვნები შეასრულა არაჯეროვნად და ს--–---–-------------------------------ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებიდან.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- ო------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე