განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002062770
საქმე №2ბ/5281-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – ე-------------ია
წარმომადგენელი - მ-------------
მოწინააღმდეგე მხარე – ლ---- კ----------ა
წარმომადგენელი - ვ----------------ა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ე-------------იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) დაეკისრა, არასრულწლოვანი შვილების, ლ---- კ----------ას (დაბადებული 2008 წლის 27 ივლისს, პირადი N0----------) და ე---–--- კ----------ას (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულზე 125 - 125 (ას ოცდახუთ - ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან, ლ---- კ----------ასთან (დაბადებული 2008 წლის 27ივლისს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის სამშაბათი დღე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, და ყოველი კვირის პარასკევი დღე, 17:00 საათიდან წაყვანით, ღამე დარჩენით და კვირას 11:00 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად. ასევე ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან, ე---–--- კ----------ასთან (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის სამშაბათი დღე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი კვირის პარასკევი დღე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის შემდეგ, ყოველი კვირის სამშაბათი დღე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, და ყოველი კვირის პარასკევი დღე 17:00 საათიდან წაყვანით, ღამე დარჩენით და კვირას 11:00 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად. ამასთან, ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილებთან, ლ---- კ----------ასთან (დაბადებული 2008 წლის 27ივლისს, პირადი N0----------) და ე---–--- კ----------ასთან (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის ზაფხულის არდადეგების დროს 10 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდი და ზამთრის არდადეგების დროს 07 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდი, წაყვანით, ღამე დარჩენით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ე-------------ია (ქორწინებამდელი გვარი ,,ზ--–------ა“) და ლ---- კ----------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 27 მაისიდან. მათ ჰყავთ ორი შვილი: 2008 წლის 27 ივნისს დაბადებული ლ---- კ----------ა და 2015 წლის 05 ოქტომბერს დაბადებული ე---–--- კ----------ა;
2.2. მოსარჩელე ე-------------ია და მოპასუხე ლ---- კ----------ა 2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; არასრულწლოვანი ბავშვები, ლ---- კ----------ა და ე---–--- კ----------ა ცხოვრობენ დედასთან, ე-------------იასთან ერთად;
2.3. თბილისის საქართველო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ე-------------იას სარჩელი ლ---- კ----------ას მიმართ, განქორწინების თაობაზე, დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ე-------------იასა და ლ---- კ----------ას შორის, რეგისტრირებული 2015 წლის 27 მაისს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N0----------;
2.4. მოსარჩელე ე-------------იასა და მოპასუხე ლ---- კ----------ას შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საქმეზეN2---------, ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელი, ე-------------იას მიმართ, დავის საგანი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ცალკე წარმოებად გამოეყო დავის საგანს ალიმენტის დაკისრებას, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას და მას მინიჭა საქმის ახალი ნომერი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ლ---- კ----------ას მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება; საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ე-------------იას კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლების შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 2740 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 3000 ლარს;
2.8. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ე-------------იას საცხოვრებელ მისამართზე. ე-------------იას გადმოცემით, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- კ----------ასთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ე---–--- კ----------ა (დაბადებული 27.07.2015 წელს). მათ ჰყავთ აყვანილი შვილი - ლ---- კ----------ა. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ სოხუმში, ხოლო შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში და ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში. მათ შექმნეს შპს ,,კ--------------ი“, სადაც ცოლ-ქმარი იყო დასაქმებული. ოჯახს ძირითადად ევა არჩენდა. იმისათვის, რომ ოჯახი გამყარებულიყო მათ აიყვანეს პირველი შვილი, რომელსაც საკუთარი შვილით უვლიან დღემდე. ლ---- კ----------ა ხშირად მოდიოდა სახლში ნასვამი, ასევე, ხშირად მისი აგრესიის მიზეზი მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება იყო. ერთ დღეს, ლ---- კ----------ამ, მეუღლე, ე-------------ია, სასტიკად სცემა (არსებობს ფოტო მასალაც), რაც მოხდა ბავშვების თანდასწრებით. ამის შემდეგ, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ე-------------იამ დატოვა საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2017 წლის მაისის შემდეგ, ე-------------ია შვილებთან ერთად ცხოვრობს მარტო. ოჯახში არის ბავშვებისათვის სათანადო უსაფრთხო გარემო, ბინა სამ ოთახიანი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილია. ოჯახში შექმნილია ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის კეთილგანწყობილი გარემო. ბავშვებს აქვთ ცალკე საძინებელი ოთახები. ისინი იმყოფებიან აღრიცხვაზე ბავშვთა პოლიკლინიკაში, ჩატარებული აქვთ მიმდინარე პროფილაქტიკური აცრები. უფროსი ვაჟი დადის კერძო სკოლაში, ხოლო პატარას ჰყავს ძიძა. ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი მაღალია. ე-------------ია მოითხოვს, რომ მამამ, ლ---- კ----------ამ, შვილები ნახოს კვირაში ორჯერ, მესამე პირის თანდასწრებით;
2.9. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა ლ---- კ----------ას საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----------–-----------------------------. საცხოვრებელი წარმოადგენს კორპუსის ტიპის სამოთახიან ბინას, საცხოვრებელი გარემონტებული და კეთილმოწყობილია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ავეჯითა და ელექტრო-ტექნიკით. ლ---- კ----------ა ოჯახში ცხოვრობს დედასთან, ლ---- კ----------ასთან, ერთად. ლ---- კ----------ა მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობისა და დაშორების მიზეზად ასახელებს ე-------------იას ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ღალატს. ყოფილი მეუღლე, ლ---- კ----------ას არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც, მამა ვერ ახორციელებს შვილებზე მზრუნველობას. ლ----ი არის მოტივირებული მამა და აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარების საკითხში სრულფასოვნად. ლ---- კ----------ას აქვს სტაბილური შემოსავალი და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს მინიმუმ 1000 ლარს. იგი წუხს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს შვილებთან კონტაქტის და ურთიერთობის საშუალება. ლ----ის თქმით, იგი ე-------------იასთან ვერ შეთანხმდა, რომ ე---–--- კ----------ა სამომავლოდ შეიყვანონ ქართულ ბაგა-ბაღში და ქართულენოვან სკოლაში, ვინაიდან, ე-------------იას სურს, ბავშვი აღზარდოს რუსულენოვან ბაღში და სკოლაში. მამა თვლის, რომ ბავშვმა მშობლიურ ქვეყანაში უნდა მიიღოს მშობლიურ ენაზე სრულფასოვანი განათლება. ლ----ის გადმოცემით, იგი არასრულწლოვან ბავშვებს, კვირის იმ დღეებში, რა დროსაც მასთან იქნებიან, მათი დღის რეჟიმის დაცვით უზრუნველყოფს ბავშვებს მათთვის ასაკის შესაბამისი ყველა საჭიროებით (სრულფასოვანი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვა). ასევე, სურს დასვენების პერიოდში, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, შეეძლოს ბავშვების წაყვანა გარკვეული პერიოდით. სოციალური მუშაკის შეფასებით, მამის ოჯახში, ლ---- და ე---–--- კ----------ებისათვის შექმნილია თბილი, უსაფრთხო, კეთილსაიმედო გარემო;
2.10. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ლ---- კ----------ას ერთ წელზე მეტია არასრულწლოვან შვილებთან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა. მათ შორის, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან მიმართებით (ბავშვის ასაკის გათვალისწინებით) ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა გარკვეული გაუცხოვება. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით. ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, დედასთანაც და მამასთანაც ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა. ამ ეტაპზე, ლ---- კ----------ას, არასრულწლოვან ლ---- კ----------ას და ე---–--- კ----------ას შორის არსებობს გაუცხოვება, არ არის მათ შორის ჩამოყალიბებული თბილი და მამა-შვილური ნორმალური ურთიერთობები, რაც გამოიწვია გარკვეული დროით ამ ურთიერთობის წყვეტამ და იმ ფაქტმა, რომ მამა და ბავშვები ცალ-ცალკე ცხოვრებენ. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებით, ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის აღდგენას, თბილი, ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას შემდგომში დროის მონაკვეთის გაზრდის წესით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკობრივ მაჩვენებელს და იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან ე---–--- კ----------ას, ასაკიდან გამომდინარე, მიჯაჭვულობა აქვს დედასთან, მას ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, საკვების მიღება და რეჟიმის დაცვა, რის გამოც ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ლ---- კ----------ას არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს ღამე დარჩენის უფლებით. შეჩვევის პერიოდის შემდეგ (რაც დაახლოებით 3 თვეს შეადგენს). არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების და სურვილის გათვალისწინებით, მამასთან ბავშვის ღამით დარჩენის უფლებით ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შესაძლოა განისაზღვროს არასრულწლოვანის სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე-------------იამ ალიმენტის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2008 წლის 27 ივნისს დაბადებული ლ---- კ----------ა და 2015 წლის 05 ოქტომბერს დაბადებული ე---–--- კ----------ა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-------------ია (ქორწინებამდელი გვარი ,,ზ--–------ა“) და ლ---- კ----------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 27 მაისიდან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი, ე---–--- კ----------ა (დაბადებული 2015 წლის 05 ოქტომბერს). ასევე, მოპასუხე ლ---- კ----------ამ იშვილა მოსარჩელის უფროსი შვილი - ლ---- კ----------ა (დაბადებული 2008 წლის 17 ივლისს). მოსარჩელე ე-------------ია და მოპასუხე ლ---- კ----------ა, 2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ბავშვები, ლ---- კ----------ა და ე---–--- კ----------ა ცხოვრობენ დედასთან, ე-------------იასთან ერთად. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ე-------------ია ამ ეტაპზე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ე-------------იას კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 2740 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 3000 ლარს. მხარეთა განმარტებით, არასრულწლოვანი ლ---- კ----------ა სწავლობს კერძო სკოლაში, ხოლო ე---–--- კ----------ას ჰყავს ძიძა, რომელიც მასზე ზრუნავს.
სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ლ---- კ----------ას მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ე-------------ია უთითებს მოპასუხის შემოსავალზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელის განმარტებით, თავად ლ---- კ----------ამ, სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს სტაბილური შემოსავალი 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მთავარ სხდომაზე უარყო მოპასუხე ლ---- კ----------ას წარმომადგენელმა. სასამართლომ ასევე აღნიშნა ის გარემოება, რომ მხარეთა განმარტებით, ისინი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, საიდანაც ჰქონდათ მატერიალური შემოსავალი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ---- კ----------ა თანახმაა, თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულისათვის ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ითხოვს ბავშვებთან ურთიერთობისთვის კვირის გარკვეულ დღეებს, რა დროსაც ბავშვები გაატარებენ მამასთან, ამ უკანასკნელის ოჯახში და ამ დროის განმავლობაში ყოველგვარი საჭიროებებით უზრუნველყოფილნი იქნებიან მამის მხრიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, მშობლის უპირველესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისი შვილების მატერიალური კეთილდღეობა ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი ვალდებულია არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენასა და აღზრდისათვის. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, ასევე მხარის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების, ლ---- კ----------ას და ე---–--- კ----------ას სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 125-125 (ას ოცდახუთი- ას ოცდახუთი) ლარი.
2.12. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლ---- კ----------ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილებთან, ლ---- კ----------ასთან და ე---–--- კ----------ასთან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი სახით: კვირაში სამჯერ, კერძოდ, სამშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, შაბათს 11:00 საათიდან კვირის 20:00 საათამდე (ღამე დარჩენის უფლებით), ასევე, თვეში ერთხელ, მამას, ლ---- კ----------ას, მიეცეს უფლება, წაიყვანოს შვილები ერთი კვირის ვადით. ასევე, ლ---- კ----------ას მიეცეს უფლება, ზამთარში და ზაფხულში არასრულწლოვანი ბავშვები წაიყვანოს დასასვენებლად ერთი თვის ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მხარეებს, ლ---- კ----------ას და ე-------------იას ჰყავთ ორი შვილი: 2008 წლის 27 ივლისს დაბადებული ლ---- კ----------ა და 2015 წლის 05 ოქტომბერს დაბადებული ე---–--- კ----------ა. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათ შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) მიერ მოხდა ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობების შეფასება. დადგენილია, რომ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ე-------------იას საცხოვრებელ მისამართზე. 2017 წლის მაისის შემდეგ, ე-------------ია, შვილებთან, არასრულწლოვან ლ---- კ----------ასთან და ე---–--- კ----------ასთან ერთად, ცხოვრობს მარტო. ოჯახში არის ბავშვებისათვის სათანადო უსაფრთხო გარემო, ბინა სამ ოთახიანი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილია. ოჯახში შექმნილია ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის კეთილგანწყობილი გარემო. ბავშვებს აქვთ ცალკე საძინებელი ოთახები. ისინი იმყოფებიან აღრიცხვაზე ბავშვთა პოლიკლინიკაში, ჩატარებული აქვთ მიმდინარე პროფილაქტიკური აცრები. უფროსი ვაჟი დადის კერძო სკოლაში, ხოლო პატარას ჰყავს ძიძა. ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი მაღალია. ე-------------ია მოითხოვს, რომ მამამ, ლ---- კ----------ამ, შვილები ნახოს კვირაში ორჯერ, მესამე პირის თანდასწრებით. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვან ბავშვები დღეის მდგომარეობით იზრდებიან კეთილსაიმედო, თბილ და უსაფრთხო გარემოში, სადაც მათზე ზრუნავენ.
სოციალური სამსახურის მიერ ასევე შეფასდა მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ლ---- კ----------ას საყოფაცოხვრებო პირობები. დადგენილია, რომ ლ---- კ-----------, დედასთან, ლ---- კ----------ასთან, ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----------–-----------------------------. საცხოვრებელი წარმოადგენს კორპუსის ტიპის სამოთახიან ბინას, საცხოვრებელი გარემონტებული და კეთილმოწყობილია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ავეჯითა და ელექტრო-ტექნიკით. ლ---- კ----------ასთან გასაუბრების შედეგად, ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლე, ლ---- კ----------ას არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც, მამა ვერ ახორციელებს შვილებზე მზრუნველობას. ლ----ი არის მოტივირებული მამა და აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარების საკითხში სრულფასოვნად. იგი წუხს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს შვილებთან კონაქტის და ურთიერთობის საშუალება. ლ----ის თქმით, იგი ე-------------იასთან ვერ შეთანხმდა, რომ ე---–--- კ----------ა სამომავლოდ შეიყვანონ ქართულ ბაგა-ბაღში და ქართულენოვან სკოლაში, ვინადან, ე-------------იას სურს, ბავშვი აღზარდოს რუსულენოვან ბაღში და სკოლაში. მამა თვლის, რომ ბავშვმა მშობლიურ ქვეყანაში უნდა მიიღოს მშობლიურ ენაზე სრულფასოვანი განათლება. ლ----ის გადმოცემით, იგი არასრულწლოვან ბავშვებს კვირის იმ დღეებში, რა დროსაც მასთან იქნებიან, მათი დღის რეჟიმის დაცვით უზრუნველყოფს ბავშვებს მათთვის ასაკის შესაბამისი ყველა საჭიროებით (სრულფასოვანი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვა). ასევე, სურს, დასვენების პერიოდში, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე შეძლოს ბავშვების წაყვანა გარკვეული პერიოდით. სოციალური მუშაკის შეფასებით, მამის ოჯახში, ლ---- და ე---–--- კ----------ებისათვის შექმნილია თბილი, უსაფრთხო, კეთილსაიმედო გარემო. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ხელს შეუშლიდა მამასა და არასრულწლოვან შვილების ურთიერთობა, მოსარჩელის ოჯახის შეფასებისას, არ გამოვლენილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მათ აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი ბავშვების სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.
მოპასუხე ე-------------ია არ არის წინააღმდეგი, რომ მოსარჩელეს ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან ბავშვებთან, თუმცა არა მოთხოვნილი დროით და ინტენსივობით. არასრულწლოვან ბავშვებთან მამის ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ დაცული იქნეს არასრულწლოვანთა ინტერესები, მათი გრაფიკი და ასევე, გათვალისწინებული იქნეს ბავშვების სურვილი მამასთან ურთიერთობისა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მამის მხრიდან ბავშვებთან რეგულარული და პირადი ხასიათის ურთიერთობები არ გამოიკვეთა. ბავშვები არ არიან მიჩვეული მამასთან სტაბილურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთობას, მის ნახვას და მასთან ერთად დროის გარკვეული მონაკვეთის გატარებას.
სასამართლომ გაიზიარა არასრულწლოვანი ლ---- კ----------ას და ე---–--- კ----------ას წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან თანაბარი ურთიერთობა და ბავშვების სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მისი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მამას უნდა მიეცეს შვილებთან ურთიერთობისათვის გარკვეული დღეები თავდაპირველი მიჩვევის მიზნით, ხოლო შემდგომში დროის გარკვეული მონაკვეთის პერიოდის გაზრდის წესით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და ღამით დარჩენის უფლებით. არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან მამასთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა უნდა მოხდეს მისი ასაკისა და დედასთან არსებული მიჯაჭვულობის გათვალისწინებით.
სასამართლომ გაითვალისწინა, როგორც ბავშვების ასაკი და თავისებურებანი, ასევე მათი დღის რეჟიმი, მამისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება, მოსარჩელის და მოპასუხის ოჯახების გარემო-სოციალური პირობები, ამ უკანასკნელთა პიროვნული თვისებები. არასრულწლოვანი ლ---- კ----------ა სწავლობს სკოლაში, ხოლო არასრულწლოვანი ე---–--- კ----------ა ამ ეტაპზე იზრდება ძიძასთან, არ ირიცხება საბავშვო ბაღში. როგორც საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება, არასრულწლოვან ბავშვებს ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი ექნებათ დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანთათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამისათვის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლების მინიჭებით, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ღამისთევით დარჩენის საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება. ამასთან, ვინაიდან, ამ ეტაზე, მოსარჩელესა და არასრუწლოვან ბავშვებს შორის არის გაუცხოვება, მიზანშეწონილია, მიჩვევის მიზნით, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს ეტაპობრივად და თანდათან გაიზარდოს მოსარჩელის არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობისათვის დადგენილი დრო. არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან მიმართებით, ბავშვის მამასთან მიჩვევის შემდგომ, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, მამას მიეცეს ბავშვის ღამით დარჩენის უფლებაც. გარდა ამისა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ლ---- კ----------ას არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს დროის გარკვეული მონაკვეთი, ზამთრის და ზაფხულის პერიოდშიც, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა მოსარჩელე ლ---- კ----------ას არასრულწლოვან შვილებთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილებთან და ნახოს ისინი, არამედ ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას ბავშვებს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა, აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვების ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების ასაკისა და მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ არასორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია ლ---- კ----------ას შემოსავლების შესახებ, მაშინ, როდესაც სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ლ---- კ----------ას აქვს სტაბილური შემოსავალი და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს მინიმუმ 1000 ლარს. ამავდროულად, სასამართლო სხდომაზე ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ლ---- კ----------ას მიერ გაჟღერებულ იქნა პოზიცია, რომ მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობები (რაც ეწინააღმდეგება სოციალურ სამსახურთან გაკეთებულ განცხადებას), და ასეთ პირობებში, აპელანტისთვის გაურკვეველია, რამდენად შეძლებს იგი არასრულწლოვან ბავშვები, კვირის იმ დღეებში, რა დროსაც მასთან იქნებიან, მათი დღის რეჟიმის დაცვით უზრუნველყოს მათი ასაკის შესაბამისი ყველა საჭიროებით (სრულფასოვანი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ.).
3.2. აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება და დღემდე ლ---- კ----------ა არ დაკავშირებულა ბავშვების ნახვის მოთხოვნის თხოვნით. ე-------------იამ, ლ---- კ----------ას ნათესავებთან სტუმრობის დროს დატოვა ყველა შესაძლო საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ლ---- კ----------ას შეძლებოდა შვილებთან კომუნიკაცია. ასეთი დამაკოდებულების გათვალისწინებით, აპელანტის შეფასებით, ყოვლად მიზანშეუწონებილია ლ---- კ----------ასათვის ბავშვების ნახვის დღეების ისეთი განრიგით განსაზღვრა, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა. მართალია ბავშვისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორივე მშობელთან ურთიერთობა, მაგრამ, აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მამის აგრესიული დამოკიდებულება დედის მიმართ მძიმედ აისახა შვილების ფსიქიკაზე და გარკვეულწილად შიში და უნდობლობა გაჩნდა მამის მიმართ. აქვე საყურადღებოა ის ფაქტი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არ ჰქონია ბავშვებთან კომუნიკაციის მცდელობა და დავა ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით განპირობებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ მეუღლეთა შორის ქონებრივი დავით, სადაც მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებ შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას. ასეთ პირობებში ბავშვების მამასთან ღამით დარჩენის უფლებით ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი განსაზღვრა ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს და არ გამოიწვევში შვილებისა და მშობლის დაახლოებას, მათ შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, არამედ ბავშვებისათვის იქნება დამატებითი სტრესი, რომელიც ყოვლად მიუღებელია მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამდენად, აპელანტი მხარე თანახმაა შვილებთან ურთიერთობის მიზნით ლ---- კ----------ას განესაზღვროს ბავშვთა ნახვის დღეები კვირაში 2-ჯერ 2 საათით მესამე პირის თანდასწრებით.
3.3. რაც შეეხება ბავშვების ღამისთევით და სეზონურად დასასვენებლად წაყვანას, აპელანტის შეფასებით, ლ---- კ----------ას ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან ე---–--- კ----------ა არის მცირეწლოვანი, მისი დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი მაღალია და ღამით მამასთან მისი დარჩენა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება უარყოფად, რადგან ღამე სჩვევია გაღვიძება და მის დამშვიდებას მხოლოდ დედა ახერხებს. ხოლო რაც შეეხება ლ---- კ----------ას მას საერთოდ არ აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი, რადგან პირადად მრავალჯერ გახდა მოწმე მამის მხრიდან დედის ფიზიკური შეურაცყოფის, ბავშვი ნეგატირად არის განწყობილი მამის მიმართ და თავად არ მოისურვებს მამასთან ღამისთევით წასვლას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად, ხოლო ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, რომლითაც შვილებთან ურთიერთობის მიზნით ლ---- კ----------ას განესაზღვრება ბავშვთა ნახვის დღეები კვირაში 2-ჯერ 3 საათით, მესამე პირის თანდასწრებით და დანარჩენ ნაწილში უარი უნდა ეთქვას შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ე-------------იას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ე-------------ია (ქორწინებამდელი გვარი ,,ზ--–------ა“) და ლ---- კ----------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლის 27 მაისიდან. მათ ჰყავთ ორი შვილი: 2008 წლის 27 ივნისს დაბადებული ლ---- კ----------ა და 2015 წლის 05 ოქტომბერს დაბადებული ე---–--- კ----------ა;
ე-------------ია და ლ---- კ----------ა 2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; არასრულწლოვანი ბავშვები, ლ---- კ----------ა და ე---–--- კ----------ა ცხოვრობენ დედასთან, ე-------------იასთან ერთად;
თბილისის საქართველო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, ე-------------იას სარჩელი ლ---- კ----------ას მიმართ, განქორწინების თაობაზე, დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ე-------------იასა და ლ---- კ----------ას შორის, რეგისტრირებული 2015 წლის 27 მაისს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N0----------;
მხარეებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საქმეზეN2---------, ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელი, ე-------------იას მიმართ, დავის საგანი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, ცალკე წარმოებად გამოეყო დავის საგანს ალიმენტის დაკისრებას, შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას და მას მინიჭა საქმის ახალი ნომერი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ლ---- კ----------ას მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება; საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ე-------------იას კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლების შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 2740 ლარს, 2017 წლის მაისის თვეში - 750 ლარს, ივლისის თვეში - 500 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 3000 ლარს;
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ე-------------იას საცხოვრებელ მისამართზე. ე-------------იას გადმოცემით, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- კ----------ასთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ე---–--- კ----------ა (დაბადებული 27.07.2015 წელს). მათ ჰყავთ აყვანილი შვილი - ლ---- კ----------ა. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ სოხუმში, ხოლო შემდეგ გადმოვიდნენ თბილისში და ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში. მათ შექმნეს შპს ,,კ--------------ი“, სადაც ცოლ-ქმარი იყო დასაქმებული. ოჯახს ძირითადად ევა არჩენდა. იმისათვის, რომ ოჯახი გამყარებულიყო მათ აიყვანეს პირველი შვილი, რომელსაც საკუთარი შვილივით უვლიან დღემდე. ლ---- კ----------ა ხშირად მოდიოდა სახლში ნასვამი, ასევე, ხშირად მისი აგრესიის მიზეზი მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება იყო. ერთ დღეს, ლ---- კ----------ამ, მეუღლე, ე-------------ია, სასტიკად სცემა (არსებობს ფოტო მასალაც), რაც მოხდა ბავშვების თანდასწრებით. ამის შემდეგ, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ე-------------იამ დატოვა საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2017 წლის მაისის შემდეგ, ე-------------ია შვილებთან ერთად ცხოვრობს მარტო. ოჯახში არის ბავშვებისათვის სათანადო უსაფრთხო გარემო, ბინა სამ ოთახიანი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილია. ოჯახში შექმნილია ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის კეთილგანწყობილი გარემო. ბავშვებს აქვთ ცალკე საძინებელი ოთახები. ისინი იმყოფებიან აღრიცხვაზე ბავშვთა პოლიკლინიკაში, ჩატარებული აქვთ მიმდინარე პროფილაქტიკური აცრები. უფროსი ვაჟი დადის კერძო სკოლაში, ხოლო პატარას ჰყავს ძიძა. ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი მაღალია. ე-------------ია მოითხოვს, რომ მამამ, ლ---- კ----------ამ, შვილები ნახოს კვირაში ორჯერ, მესამე პირის თანდასწრებით;
სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა ვიზიტი განახორციელა ლ---- კ----------ას საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–----------–-----------------------------. საცხოვრებელი წარმოადგენს კორპუსის ტიპის სამოთახიან ბინას, საცხოვრებელი გარემონტებული და კეთილმოწყობილია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ავეჯითა და ელექტრო-ტექნიკით. ლ---- კ----------ა ოჯახში ცხოვრობს დედასთან, ლ---- კ----------ასთან, ერთად. ლ---- კ----------ა მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობისა და დაშორების მიზეზად ასახელებს ე-------------იას ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ღალატს. ყოფილი მეუღლე, ლ---- კ----------ას არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც, მამა ვერ ახორციელებს შვილებზე მზრუნველობას. ლ----ი არის მოტივირებული მამა და აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდა-განვითარების საკითხში სრულფასოვნად. ლ---- კ----------ას აქვს სტაბილური შემოსავალი და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს მინიმუმ 1000 ლარს. იგი წუხს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აქვს შვილებთან კონტაქტის და ურთიერთობის საშუალება. ლ----ის თქმით, იგი ე-------------იასთან ვერ შეთანხმდა, რომ ე---–--- კ----------ა სამომავლოდ შეიყვანონ ქართულ ბაგა-ბაღში და ქართულენოვან სკოლაში, ვინაიდან, ე-------------იას სურს, ბავშვი აღზარდოს რუსულენოვან ბაღში და სკოლაში. მამა თვლის, რომ ბავშვმა მშობლიურ ქვეყანაში უნდა მიიღოს მშობლიურ ენაზე სრულფასოვანი განათლება. ლ----ის გადმოცემით, იგი არასრულწლოვან ბავშვებს, კვირის იმ დღეებში, რა დროსაც მასთან იქნებიან, მათი დღის რეჟიმის დაცვით უზრუნველყოფს ბავშვებს მათთვის ასაკის შესაბამისი ყველა საჭიროებით (სრულფასოვანი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვა). ასევე, სურს დასვენების პერიოდში, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, შეეძლოს ბავშვების წაყვანა გარკვეული პერიოდით. სოციალური მუშაკის შეფასებით, მამის ოჯახში, ლ---- და ე---–--- კ----------ებისათვის შექმნილია თბილი, უსაფრთხო, კეთილსაიმედო გარემო;
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ლ---- კ----------ას ერთ წელზე მეტია არასრულწლოვან შვილებთან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა. მათ შორის, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან მიმართებით (ბავშვის ასაკის გათვალისწინებით) ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა გარკვეული გაუცხოვება.
4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხე ლ---- კ----------ასთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ოდენობა არასაკმარისია.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).
პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი/ბავშვები დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.
როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.
პალატა შენიშნავს, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). პალატა შეიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აპელანტზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის - ე-------------იას საცხოვრებელი ადგილით, დადგენილია ისიც, რომ აპელანტი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი, შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლების თაობაზე კი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, თუმცა სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას იგი თავად განმარტავს, რომ აქვს შემოსავალი თვეში 1000 ლარის ოდენობით. პალატა შენიშნავს, რომ არასრულწლოვნების ზრდასთან ერთად იზრდება იმ აუცილებელი მინიმუმის ოდენობა, რაც მათი ნორმალური აზღდა-განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე - ისინი საჭიროებენ განათლების მიღებას და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, მით უფრო, რომ მოცემული მდგომარეობით, უფროსი ვაჟი დადის კერძო სკოლაში, ხოლო პატარას ჰყავს ძიძა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწოვანის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 160-160 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე ადექვატურია და წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვნების განათლებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ არის საჭირო. შესაბამისად, არასრულწლოვნების საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- კ----------ასთვის ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვნისთვის 160 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია.
4.3. პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასთან დაკავშირებით, რომ დედასთან მიჯაჭვულობის პირობებში არასრულწლოვნების ხანგრძლივი დროით მოშორება ე-------------იასგან, განსაკუთრებით კი ღამით, ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნების ამჟამინდელ ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.
პალატა განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა წარმოადგენს.
პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც „ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც“ ასახულია. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.
პალატა მიუთითებს, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 458-440-2016).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany), N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობებია რეგლამენტირებული. ამ მუხლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება განსაზღვრონ და ა.შ. მშობელია უფლებამოსილი ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნების დედა არ არის წინააღმდეგი მისმა შვილებმა გარკვეული დრო მამასთან გაატარონ, ასევე ბავშვების თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, მცირე ხნით დარჩნენ მამის სახლში, თუმცა, ეწინააღმდეგება ბავშვების ხანგრძლივი დროით და ღამით მამასთან ყოფნას, მით უფრო - საზაფხულო და ზამთრის არდადეგების პერიოდში.
პალატა შენიშნავს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციის მიხედვით, ორივე მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების სტრეს-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით, ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, დედასთანაც და მამასთანაც ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა. ამასთან, პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე, ლ---- კ----------ას, არასრულწლოვან ლ---- კ----------ას და ე---–--- კ----------ას შორის არსებობს გაუცხოვება, არ არის მათ შორის ჩამოყალიბებული თბილი და მამა-შვილური ნორმალური ურთიერთობები, რაც გამოიწვია გარკვეული დროით ამ ურთიერთობის წყვეტამ და იმ ფაქტმა, რომ მამა და ბავშვები ცალ-ცალკე ცხოვრებენ. პალატა იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას მასზედ, რომ ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის აღდგენას, თბილი, ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას შემდგომში დროის მონაკვეთის გაზრდის წესით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკობრივ მაჩვენებელს და იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან ე---–--- კ----------ას, ასაკიდან გამომდინარე, მიჯაჭვულობა აქვს დედასთან, მას ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, საკვების მიღება და რეჟიმის დაცვა, რის გამოც ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ლ---- კ----------ას არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს ღამე დარჩენის უფლებით.
სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან, ამ ეტაზე, მოსარჩელესა და არასრუწლოვან ბავშვებს შორის არის გაუცხოვება, მიზანშეწონილია, მიჩვევის მიზნით, მამასა და შვილებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს ეტაპობრივად და თანდათან გაიზარდოს მოსარჩელის არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობისათვის დადგენილი დრო, თუმცა პალატა ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვნების დამოკიდებულებას, მათ ასაკსა და მოთხოვნილებებს და მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით საწყის ეტაპზე მათი უცხო გარემოში იმ პერიოდულობით დარჩენა, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აქვს დადგენილი, მიზანშეწონილი არ არის.
პალატა შენიშნავს, რომ არასრულწლოვანი ლ---- კ----------ა სკოლის მოსწავლეა, ჩართულია სხვადასხვა სახის აქტივობებში, ე---–--- კ----------ა კი მცირეწლოვანია და იზრდება ძიძასთან, არ ირიცხება საბავშვო ბაღში და მისი დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი მაღალია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, მისი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, მამის არასრულწლოვან ლ---- კ----------ასთან ურთიერთობის წესი უნდა განესაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის სამშაბათ დღეს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით და ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. რაც შეეხება არასრულწლოვან ე---–--- კ----------ასთან ურთიერთობას, აღნიშნული უნდა მოწესრიგდეს შემდეგი სახით: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს, დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხლებით, 1-2 საათის განმავლობაში; 2 თვის გასვლის შემდგომ 6 თვის განმავლობაში - ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო 6 თვის შემდეგ - ყოველი კვირის პარასკევ დღეს წაყვანითა და შაბათი დღის საღამოს დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითა და მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მამასთან ბავშვების ურთიერთობის ზემოაღნიშნული წესი ოპტიმალურად უზრუნველყოფს ფსიქოლოგის რეკომენდაციისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით მამის უფლებას, იქონიონ არასრულწლოვნებთან ურთიერთობა, რადგან, საბოლოო ჯამში, შვილთან ურთიერთობა არამხოლოდ მამის კანონისმიერი უფლებების რეალიზაციას ემსახურება, არამედ, ბავშვის ნორმალური ფსიქიკურ განვითარებას.
ამავდროულად, პალატა აქვე განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მამის არასრულწლოვნებთან ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ურთიერთობის შეზღუდვასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება - ზაფხულის არდადეგების დროს 10 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდი და ზამთრის არდადეგების დროს 07 იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდი არასრულწლოვნების წაყვანით, ღამე დარჩენით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით - არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, თანაბრად უზრუნველყოფს, როგორც მამის, ასევე ბავშვების უფლებების რეალიზაციას და პალატას მისი ძალაში დატოვება მიზანშეწონილად მიაჩნია. რა თქმა უნდა, არდადეგებზე ეველინას წაყვანა მოხდება მას შემდეგ, რაც შესრულდება მისი მამასთან შეგუებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირობები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისათვის შეუძლებელი იქნება მითითებული ვადით მამასთან დარჩენა, ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით მოხდება მისი დაბრუნება დედასთან. სწორედ ამიტომ ხაზი გასმული აქვს ბავშვის ინტერესს სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დადგენილ გადაწყვეტილებაში.
4.4. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე-------------იას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და ლ---- კ----------ას არასრულწლოვანი შვილების, ლ---- კ----------ას (დაბადებული 2008 წლის 27 ივლისს, პირადი N0----------) და ე---–--- კ----------ას (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულზე 160-160 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავდროულად, ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელის ფარგლებში მისი ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან უნდა განისაზღვროს შემდეგი სახით: ლ---- კ----------ასთან - ყოველი კვირის სამშაბათ დღეს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით და ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ხოლო ე---–--- კ----------ასთან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში, ბავშვთან შეხვედრაში ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს, დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხლებით, 1-2 საათის განმავლობაში; 2 თვის გასვლის შემდგომ 6 თვემდე - ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო 6 თვის შემდეგ - ყოველი კვირის პარასკევ დღეს წაყვანითა და შაბათი დღის საღამოს დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითა და მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტი;ება დარჩა უცვლელი
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, ამასთან, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ლ---- კ----------ას არასრულწლოვანი შვილების - ე---–--- და ლ---- კ----------ების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 160-160 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან მათ სრულწლოვანებამდე, ასევე შეიცვალა მამის ბავშვებთან ურთიერთობის წესიც. ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს - ლ---- კ----------ას აპელანტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 75 ლარის ოდენობით (ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში), ხოლო რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ალიმენტის დაკისრების ოდენობის თვალსაზრისით, დავის საგნის ღირებულება ე-------------იას სარჩელთან მიმართებით უნდა განისაზღვროს (320x12) 3840 ლარით, ხოლო მის სარჩელზე ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ით, რაც შეადგენს 115.2 ლარს და გადახდეს ლ---- კ----------ას ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-------------იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ე-------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილების, ლ---- კ----------ას (დაბადებული 2008 წლის 27 ივლისს, პირადი N0----------) და ე---–--- კ----------ას (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულზე 160-160 (ას სამოც - ას სამოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
4. ლ---- კ----------ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.1. ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) არასრულწლოვან შვილთან, ლ---- კ----------ასთან (დაბადებული 2008 წლის 27ივლისს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს, ყოველი კვირის სამშაბათი დღე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით და ყოველი კვირის პარასკევი დღე, 17:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით
4.2. ლ---- კ----------ას (პირადი N6----------) არასრულწლოვან შვილთან, ე---–--- კ----------ასთან (დაბადებული 2015 წლის 5 ოქტომბერს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევი დღე, დედის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხლებით, 1-2 საათის განმავლობაში; 2 თვის გასვლის შემდგომ 6 თვემდე - ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევი დღე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო 6 თვის შემდეგ - ყოველი კვირის პარასკევი დღე წაყვანითა და შაბათი დღის საღამოს დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითა და მისი ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარცეს უცვლელი.
6. ლ---- კ----------ას ე-------------იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 75 ლარის ანაზღაურება;
7. ლ---- კ----------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 115.2 ლარი, ე-------------იას სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო