განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002542083
საქმე №3ბ/3061-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - ემ---------–---ი
წარმომადგენელი - ნუნუ შალამბერიძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ლია მორალიშვილი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ემ---------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. ემ---------–---მა 2018 წლის 5 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის მიმართ წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის MOD 4 18 00677939 წერილით ემ---------–---ს ეცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების მონაცემები. მოსარჩელეს ეცნობა, რომ კუთვნილი, მიუღებელი, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივი სარგო - 260, წოდებრივი სარგო - 11,12/12,36 ლარი, პროცენტული დანამატი- 54,23 ლარი, კვების კომპენსაცია - 59 ლარი, ჯამში- 4242.51 ლარი.
2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტსა და 24-ე მუხლზე.
2.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი. სასამართლომ განმარტა, რომ ემ---------–---მა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი უფლების რეალიზაცია განახორციელა აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ მოქმედებს აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.
2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (საქმე №ბს-352-348 (კს-15) 04.09.2015 განჩინება), სადაც საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით განმარტა რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზეც, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია, ხოლო იმავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მითითებული კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ემ---------–---მა საკუთარი უფლების დაცვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განახორციელა 2018 წლის 5 ივლისს ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მიმართვით და 2018 წლის 13 ივლისს სასამართლოსათვის მიმართვით, უფლების (მოთხოვნის) წარმოშობიდან თითქმის 20 წლის შემდგომ. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამრიგად, ემ---------–---ისათვის 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი არ ეწინააღმდეგება კანონს.
2.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მოსარჩელეს უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონი აუარესებს პირის მდგომარეობას. სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსსა და სამოქალაქო კოდექსზე, განმარტა ხანდაზმულობის საკითხი, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 2017 წლამდე მოქმედ რედაქციასა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.6. ემ---------–---მა 2018 წლის 5 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც მის მიმართ წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის №MOD41800677939 წერილით ემ---------–---ს ეცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურში მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების მონაცემები. მოსარჩელეს ეცნობა, რომ კუთვნილი მიუღებელი, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივი სარგო - 260 ლარს, წოდებრივი სარგო - 11,12/12,36 ლარს, პროცენტული დანამატი - 54,23 ლარს, კვების კომპენსაცია - 59 ლარს, სულ- 4242.51 ლარს. (ს.ფ. 36-39).
4.7. ემ---------–---მა 2018 წლის 11 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც მის მიმართ წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების - 4242,51 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 13 ივლისის №MOD91800697987 წერილით ემ---------–---ს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. (ს.ფ. 13; 61).
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
4.9. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 4242,51 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოითხოვს.
სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებული უნდა იქნეს მითითებული კანონი.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული წარმოადგენს დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილია სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობისა და სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის პირველი ივლისიდან) 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა მოქმედი კანონი. მითითებული კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც პირი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ივლისის №MOD41800677939 წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი, 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანება ჯამში 4242.51 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა ემ---------–---ისთვის ხელფასის გადახდა. ამის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 13 ივლისის №MOD91800697987 წერილით ემ---------–---ს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, ვერ მოხდება მისი დავალიანების დაფარვა.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რასაც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლო და მიაჩნია, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელე იმყოფებოდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინასტანციის სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ემ---------–---ის სსარგებლოდ ხელფასის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე ხანდაზმულობაზე მითითებით - რომ ემზარ კვიციანმა საკუთარი უფლების დაცვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განახორციელა უფლების (მოთხოვნის) წარმოშობიდან თითქმის 20 წლის შემდგომ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან - ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან, რომლითაც იმავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონი, რომლის მოქმედების პერიოდშიც მოსარჩელე არ იყო შეზღუდული უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ხანდაზულობის ვადით გამომდინარე იქედან, რომ კანონმდებელმა აღიარა ამგვარი დავალიანება, ხოლო ახალი კანონის მოქმედების პირობებში, ვინაიდან მოქმედი კანონი არ შეიცავს მსგავს დანაწესს, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ამოწურვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან - 2017 წლის 1 ივლისიდან სამი წლის გასვლას უნდა დაუკავშირდეს. მოსარჩელემ კი სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 13 ივლისს სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ემ---------–---ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 4242.51 ლარის ანაზღაურება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
5. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს აადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ემ---------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ემ---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ემ---------–---ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 4242.51 ლარის (ოთხი ათას ორას ორმოცდაორი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ანაზღაურება;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ონიანი