განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160210118002755496
საქმე №2ბ/3545-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „G------“
წარმომადგენლები - ი-–-–-ა მ-–----ო (დირექტორი), ზ--------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს--–-ხ მ--------ი
წარმომადგენელი - ვ----------------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე შპს „G------“-ის დირექტორმა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს--–-ხ მ--------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შპს „G------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.1. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ს--–-ხ მ--------ის წილს - 16.5% -ს შპს ,,G------“-ში.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „G------“-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. აპელანტის - შპს „G------“-ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტის - შპს „G------“-ის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „G------“-ში ს--–-ხ მ--------ს არ ეკისრებოდა მყიდველისაგან პროდუქციის ღირებულების დროულად და სრულ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებლობა. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ს--–-ხ მ--------ის, როგორც შპს „G------“-ის პარტნიორის და საზოგადოებაში დასაქმებული პირის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებაში იყო: მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ მყიდველებთან საწარმოს პროდუქციის (სხვადასხვა ჯიშის ვაშლის) მიწოდებაზე, გარიგების პირობებზე შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება, პროდუქციის მიწოდება და ა.შ. ასევე, კონტროლი საკოლმეურნეო ბაზრებზე საწარმოს პროდუქციის რეალიზაციის მთელ პროცესებსა (დატვირთვა, ტრანსპორტირება, დაცლა, რეალიზაცია) და მყიდველებთან განხორციელებულ ანგარიშსწორების პროცესებზე. ასევე, ნავაჭრი თანხების საზოგადოების დირექტორ კ. მ--------ისათვის მიწოდება. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს შემდეგი: 1) თავად ის ფაქტი, რომ ს--–-ხ მ--------ი იყო საზოგადოების პარტნიორი, რადგან მისი პარტნიორად მიღება განაპირობა სწორედ მისმა გამოცდილებამ კომერციაში; 2) მოწმე ტ. უ------ს განმარტება, რომლის თანახმადაც ს--–-ხ მ--------ს ეხებოდა პროდუქციის რეალიზაცია, კლიენტების მოზიდვა, რა ფუნქციებიც მას დაკისრებული ჰქონდა საზოგადოების დირექტორის კ. მ--------ის ბრძანებით (მოწმედ დაკითხულმა ყოფილმა დირექტორმა კ--------- მ--------მა მხოლოდ ნახევარი სიმართლე უთხრა სასამართლოს, როცა დააფიქსირა, რომ ს--–-ხ მ--------ს ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ევალებოდაო. ასე იყო 2012 წლიდან მოყოლებული იმ დრომდე, სანამ საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია გაუჩნდებოდა 2014-2015 წლებში. შემდგომ კი, ტექნიკაზე ზედამხედველობის ფუნქცია თავად კ. მ--------ის ვაჟმა ს-----– მ--------მა იტვირთა, ხოლო ს--–-ხ მ--------ის ძირითად ფუნქციად საზოგადოებაში დარჩა პროდუქციის რეალიზაცია, რაზეც ცხადია, კ. მ--------ს ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია); 3) ის, ფაქტი, რომ ს--–-ხ მ--------ი იყო დასაქმებული საზოგადოებაში და მას 2013-2017 წლებში შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში მიღებული აქვს 38 657 ლარი; 4) საქმეში წარმოდგენილი შპს „G------“-ის 10.12.2018 წლის N-- ცნობა, ასევე, საქმეზე აპელანტის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული ცნობა შედგენილია სარჩელის წარდგენის დროს და არა მანამდე, არაფრით უკარგავს მას წონას. ეს მხოლოდ შპს „G------“-ის დირექტორის წესიერებაზე მიუთითებს, რადგან წინამორბედისაგან განსხვავებით, იგი არ არის დაკავებული ძველი თარიღით ახალი დოკუმენტების შეთხზვით. ცხადია, ყოფილი დირექტორი კ. მ--------ი ამის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა და ათეულობით ე.წ. ძველ დოკუმენტს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის ბრძანებების სახით, რათა გაემყარებინა თავისი სუსტი პოზიცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კ. მ--------ის დირექტორობის პერიოდში ნაკლებად იყო მოწესრიგებული საწარმოში საქმის ფორმალური წარმოება და „ზედმეტ ფორმალობებზე“ (ხელშეკრულებებზე, ბრძანებებსა თუ სხვა აქტებზე) დროს არავინ ხარჯავდა. ის ფაქტი, რომ კ--------- და ს--–-ხ მ--------ები ძ----------- და ორივე თანაბარ წილში იყვნენ საზოგადოების კაპიტალის მესაკუთრეები, ამასთან ჯერ კიდევ საზოგადოების დაფუძნებისას - 2012 წლის დეკემბერში გაინაწილეს ფუნქციები საზოგადოებაში, სრულიად საკმარისი იყო მათ მიერ მიჩნეული საკუთარი ფუნქციების შესრულებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ს--–-ხ მ--------ის საზოგადოების რეალიზაციის დირექტორობის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია, მისი როგორც საზოგადოების პროდუქციის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პარტნიორისათვის საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აპელანტს საკმარისად მიაჩნია ს--–-ხ მ--------ის მიერ, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის მიერ, საზოგადოებისა და მისი სხვა პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რადგან საზოგადოების წესდების 7.1 მუხლის თანახმად, „პარტნიორმა არ უნდა შეასრულოს ისეთი ქმედებები, რაც საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი იქნება, შეძლებისდაგვარად და ყველა ძალისხმევით უნდა დაიცვას საზოგადოება საზიანო ხელყოფისაგან“.
5.2. აპელანტის - შპს „G------“-ის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი მხარეებთან მიმართებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების პროდუქციის რეალიზაციაზე პასუხიმგებელი იყო საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორი ს. მ--------ი, რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ზიანი მიადგებოდა საზოგადოებას მისი უპასუხისმგებლო ქმედებითა და უმოქმედობით, რაც მან გამოიჩინა გარიგების დადებისას ა--–-- ბ-------ესთან და შპს „ჩ-------“-თან, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების ყველა წინაპირობა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა. კერძოდ: 1) ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც მან განახორციელა საზოგადოების პროდუქციის შემძენ ფიზიკურ პირთან ა--–-- ბ-------ესთან და შპს „ჩ-------“-თან გარიგების დადებისას, როდესაც მან - მყიდველებთან არ გააფორმა წერილობითი ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა თანხის გადახდის კონკრეტული ვადები და პასუხისმგებლობა თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დიდი ოდენობით საქონელი გასცა მისი ფასის წინასწარი გადახდის გარეშე, არ განუხორციელებია რაიმე ქმედითი ღონისძიება დებიტორული დავალიანების ამოსაღებად, შედარების აქტიც კი არ გაუფორმებია დებიტორებთან და სხვ. 2) სახეზეა აპელანტის ზიანი მის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით - 19 653 ლარის ოდენობით; 3) არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (ზიანსა) და ს. მ--------ის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, რადგან ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გაცემულ იქნა ნისიად 19 653 ლარის ღირებულების პროდუქცია (ვაშლი) 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში და თანხა დღემდე არ მიუღია აპელანტს; 4) ზიანის მიმყენებელი ს--–-ხ მ--------ის ბრალია მის მიერ გამოჩენილი თივთიმედოვნება, გულგრილობა და უმოქმედობა, როდესაც მან აპელანტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარტნიორმა, საზოგადოების კუთვნილი 19 653 ლარის ღირებულების პროდუქცია (ვაშლი) გასცა გარეშე პირებზე და არ იზრუნა თანხის დაბრუნებაზე (ამოღებაზე).
ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს--–-ხ მ--------ს შპს „G------“-ის სასარგებლოდ დაეკისრება ზიანის ანაზღაურება 19 653 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6. შპს „G------“-ის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება. აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ჰყავს სამი პარტნიორი: ს--–-ხ მ--------ი (16.5%), ი-–-–-ა მ-–----ო (67 %) და ფ----- მ--------ი (16.5%) (მხარეთა ახსნა-გამარტება; სარჩელი; შესაგებელი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 19-23).
7. 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში 6 ერთეული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შპს „G------“-მა ა--–-- ბ-------ეს მიჰყიდა 65 340.68 ლარის ღირებულების 29.764 ტონა ვაშლი. მყიდველს ერიცხება დავალიანება 13 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეები არიან შპს „G------“ და ა--–-- ბ-------ე (სასაქონლო ზედნადებები; ტომი I, ს.ფ. 25-30; შპს „G------“-ის 2018 წლის 10 დეკემბრის ცნობა; ტომი I, ს.ფ. 31).
8. 2017 წლის 19 სექტემბერს შპს „G------“-მა შპს ,,ჩ-------“-ს მიჰყიდა 6253.44 ლარის ღირებულების 3.257 ტონა ვაშლი. მყიდველს ერიცხება დავალიანება 6253.44 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეები არიან შპს ,,G------“ და შპს ,,ჩ-------“ (სასაქონლო ზედნადები; ტომი I, ს.ფ. 32; შპს „G------“-ის 2018 წლის 10 დეკემბრის ცნობა; ტომი I, ს.ფ. 35).
9. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „G------“-ში მის ერთ-ერთ პარტნიორს - ს--–-ხ მ--------ს არ ეკისრებოდა მყიდველისაგან პროდუქციის ღირებულების დროულ და სრულ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებლობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს მიადგა თუ არა პირს ზიანი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად და არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა, რაც მას არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ს--–-ხ მ--------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და მის ბრალეულობას დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. საქმის მას--–-ბით დადგენილია, რომ ს--–-ხ მ--------ი წარმოადგენს შპს „G------“-ის ერთ-ერთ პარტნიორს, ხოლო ა--–-- ბ-------ესთან და შპს „ჩ-------“-თან გაფორმებული ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს შპს „G------“ და არა ს--–-ხ მ--------ი. მხარე უთითებდა, რომ ს--–-ხ მ--------ი იყო საზოგადოების პროდუქციის რეალიზაციის დირექტორი, რომლის თანახმადაც, ის იყო პასუხისმგებელი პროდუქციის რეალიზაციასა და ანგარიშსწორებაზე, თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ს--–-ხ მ--------ი იყო პასუხიმგებელი პროდუქციის რეალიზაციისა და ანგარიშსწორების პროცესზე. პალატა განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ს--–-ხ მ--------ის მხრიდან აგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი კომპონენტის - მართლწინააღდეგობის, ბრალის, ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის - შპს „G------“-ის სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ სამართლებრივ ჭრილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ს--–-ხ მ--------ის საზოგადოების რეალიზაციის დირექტორობის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება მან სასამართლოში ვერ წარმოადგინა, მისი როგორც საზოგადოების პროდუქციის რეალიზაციაზე პასუხიმგებელი პარტნიორისათვის საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის საკმარისად მიაჩნია მის მიერ, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის მიერ, საზოგადოებისა და მისი სხვა პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება საზოგადოების წესდების 7.1 მუხლიდან გამომდინარე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).
შპს „G------“-ის წესდების 7.1 მუხლის თანახმად, პარტნიორმა არ უნდა შეასრულოს ისეთი ქმედებები, რაც საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი იქნება, შეძლებისდაგვარად და ყველა ძალისხმევით უნდა დაიცვას საზოგადოება საზიანო ხელყოფისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო საჩივარში თვითონვე განმარტავს, რომ ს--–-ხ მ--------ის, როგორც საზოგადოების პროდუქციის რეალიზაციის დირექტორობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ზემოთმითითებული წესდების შესაბამისი მუხლის დარღვევის ფაქტს. აპელანტის ზოგადი ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ ს--–-ხ მ--------მა დაარღვია შპს „G------“-ის წესდების 7.1 მუხლი, პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება სათანადო მტკიცებულებების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმის - ა--–-- ბ-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „G------“-დან ვაშლის შესაძენად ი-–-–-ა მ-–----ოს მითითებით მას კავშირი ჰქონდა ს--–-ხ მ--------თან. მასთან ურთიერთობაში კომპანიას წარმოადგენდა ს--–-ხ მ--------ი. ის შეძენილი ვაშლის საფასურს რიგ შემთხვევებში რიცხავდა კომპანიის ანგარიშზე, რიგ შემთხვევებში კი ხელზე აძლევდა ს--–-ხ მ--------ს, თუმცა მას თანხას აძლევდა, როგორც კომპანიის წარმომადგენელს. ამასთან, ხშირ შემთხვევებში მას ვაშლი მიჰქონდა და მისი რეალიზაციის შემდეგ ახორციელებდა შპს „G------“-სათვის თანხის გადახდას, რაც ასევე შეთანხმებული იყო კომპანიის დირექტორთან ი-–-–-ა მ-–----ოსთან. ამდენად, აღნიშნული მოწმის ჩვენებაც ადასტურებს, რომ ს--–-ხ მ--------ი წარმოადგენდა შპს „G------“-ს და ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა და ასევე, არ დაურღვევია შპს „G------“-ის წესდების 7.1 მუხლი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო ვინაიდან აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „G------“-ის სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
10. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. შესაბამისად, აპელანტის - შპს „G------“-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 786.12 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „G------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის - შპს „G------“-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რევაზ ნადარაია