განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2670-17, 330310016001267002
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- ჩ-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. დ----- ჩ-----მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის თებერვლის №გ-1--------- და 2016 წლის 26 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის განცხადებების განხილვის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჩ-----მ 2015 წლის 15 დეკემბერს №0----- განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში 2012 წლის 14 დეკემბერს მის მიმართ შედგენილ ცნობაზე იმავე დაწესებულების ექიმის გარდა, ხელს აწერენ უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები. განმცხადებლის განმარტებით, დოკუმენტში დამუშავებულია განსაკუთრებული კატეგორიის - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები, რომლის გამჟღავნება დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისათვის განხორციელდა კანონდარღვევით. ამასთანავე ცნობაში ასახულია ისეთი მონაცემები, რომლებიც არ უკავშირდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, ცნობაში მითითებულია, რომ იგი უარს აცხადებს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მოსამართლესთან შეხვედრაზე. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეეხებოდა, ექიმის მხრიდან ამ სახის ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და კანონიერი მიზანი არ არსებობდა. დ----- ჩ-----მ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისაგან მოითხოვა მის შესახებ ინფორმაციის დამუშავების წესის დარღვევაზე რეაგირება და არაკანონიერი გზით დამუშავებული მონაცემების წაშლა.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობით ირკვევა, რომ დოკუმენტი შედგენილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების მორიგე ექიმის ც----- ჭ----------–-- მიერ, რომელშიც შეფასებულია დ----- ჩ-----ს მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით, კერძოდ, პაციენტი უჩივის თავის ტკივილსა და აღგზნებას, რის გამოც მიეცა დამამშვიდებელი და წნევის დამწევი პრეპარატები. ასევე მითითებულია, რომ არსებული მდგომარეობით პაციენტს შეეძლო სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა იგი უარს აცხადებდა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მოსამართლესთან შეხვედრაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ კორპუსის მორიგე ექიმი ც. ჭ----------–-, უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი მ. გ-----, სამართლებრივი რეჟიმის უფროსი ინსპექტორი შ. ჯ--–------- და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი თ. ჭ----.(ტ. I. ს.ფ. 230-231, ს.ფ. 248).
2.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2015 წლის 15 დეკემბრის №გ-1--------- გადაწყვეტილებით განსახილველად მიიღო დ----- ჩ-----ს №0----- განცხადება და საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით დაადგინა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან ინფორმაციის გამოთხოვა.(ტ.I. ს.ფ. 241).
2.3. დ----- ჩ-----მ 2012 წლის 2- დეკემბერს დამატებით წარადგინა განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და განმარტა, რომ მის მიმართ პენიტენციალურ დაწესებულებაში შედგენილ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში (№8-----) საერთოდ არ ფიქსირდება 2012 წლის 14 დეკემბერის ცნობაში ასახული მონაცემი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მხოლოდ მითითებულია სასჯელაღსრულების სარეჟიმო მონაცემი, რომ პაციენტი უარს აცხადებს მოსამართლესთან შეხვედრაზე, რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში. დ----- ჩ-----მ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისაგან მოითხოვა სამედიცინო ბარათში მის შესახებ მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტზე რეაგირება.
ამბოლატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში ექიმის ც. ჭ----------–-- მიერ 2012 წლის 14 დეკემბერს განახორციელებული ჩანაწერის თანახმად, დ----- ჩ----- უარს აცხადებს მოსამართლესთან შეხვედრაზე, რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ. I. ს.ფ. 245-256, 260).
2.4. პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2015 წლის 30 დეკემბრის წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია - თუ რა მიზნით და რომელი სამართლებრივი საფუძვლით შედგა 2012 წლის 14 დეკემბრის დოკუმენტი (ცნობა), ასევე მოითხოვა განმარტება, ჰქონდათ თუ არა დოკუმენტის ხელმომწერ პირებს მასში მითითებული ინფორმაციის გაცნობის უფლება და რომელი სამართლებრივი საფუძლით. ხსენებული წერილის პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წლის 14 იანვრის წერილში განმარტა, რომ 2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო დ----- ჩ-----ს სასამართლო პროცესი, თუმცა მან პროცესზე დასწრება/გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
2.5. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარებულიყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. 2012 წლის 14 დეკემბერს დაწესებულებაში გამოცხადნენ მოსამართლე, თანაშემწე და სხდომის მდივანი, პროკურორი და ადვოკატი. დ----- ჩ-----მ კვლავ უარი განაცხადა №8 დაწესებულებაში გასამართ პროცესზე გამოცხადებაზე იმ მოტივით, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და არ შეეძლო გადაადგილება. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებმა გამოიძახეს მორიგე ექიმი მისი ზოგადი მდგომარეობის შემოწმებისათვის, რა დროსაც დადასტურდა, რომ დ----- ჩ-----ს შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება/დასწრება, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტი ცნობის სახით. სამინისტრომ სადავო დოკუმენტის შედგენის სამართლებრივ საფუძველად მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებულ ,,პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების“ დანართი 1-ის მე-6 და მე-7 მუხლებზე, ხოლო უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების ხელმოწერასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ცნობა შედგა მათი ინიციატივით, რადგან მათი სამსახურებრივი მოვალეობა იყო დ----- ჩ-----ს სარეჟიმო კორპუსიდან გადაყვანა დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, მათ მიერ (მათი ინიციატივით) შედგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი/ცნობა წარედგინა მოსამართლეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დ----- ჩ----- კვლავ უარს აცხადებდა პროცესზე მონაწილეობის მიღებაზე.(ტ. I. ს.ფ. 242-244).
2.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ზემოაღნიშნულ საკითხზე დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა. სხდომაზე გამოცხადებულმა დ----- ჩ-----მ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ - 2012 წლის 14 დეკემბერს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში შედგენილ დოკუმენტში (ცნობა) ასახული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების/მესამე პირებისათვის (დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისათვის) გამჟღავნების კანონიერების შესწავლა; ამ დოკუმენტში მითითებული იმ მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა და წაშლა, რომელიც არ შეეხება განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკავშირდება სასამართლო პროცესზე მისი დასწრების შესაძლებლობას. (ტ. I. ს.ფ. 174. ს.ფ. 35-42).
2.7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 15 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2015 წლის 15 დეკემბრის №0----- განცხადებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება - 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობის შედგენაში მონაწილეობის მიღება და მასზე ხელმოწერის დაფიქსირება შესაბამისობაშია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. რაც შეეხება იმავე დოკუმენტში მითითებულ იმ მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას და წაშლას, რომელიც არ შეეხებოდა განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკავშირდებოდა სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას, ინსპექტორმა განმარტა, რომ დოკუმენტში მითითებული გარემოებების - ექიმის მიერ გაკეთებული დასკვნის ფორმულირების სისწორის შეფასება სცდება მის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ვინაიდან ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში არ დგინდებოდა 2012 წლის ცნობაში ექიმის მიერ მითითებული დასკვნის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა.(ტ.I. ს.ფ. 35-42).
2.8. დ----- ჩ-----მ 2015 წლის 30 დეკემბერს №0----- განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განმარტა, რომ 2012 წლის დეკემბერში N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდა ,,პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი კანონიერი მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთანავე, განცხადებაში მითითებულია, რომ 2015 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების მიერ დაირღვა მონაცემთა სუბიექტისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. კერძოდ, დაწესებულებამ არ განახორციელა რეაგირება მის 2015 წლის 28 დეკემბრის №1----- განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციას.
დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2012 წლის 20
დეკემბერს გამოსცა №1---- ბრძანება „მსჯავრდებულების თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ“. აღნიშნულ ბრძანებაში 98-ე ნომრად მითითებულია დ----- ჩ-----, ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძვლად - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი და თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილი.
2015 წლის 28 დეკემბრის №1----- განცხადებით ირკვევა, რომ დ----- ჩ-----მ მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილიდან ამონაწერის ან მხოლოდ იმ ფრაგმენტის გადაცემის მოთხოვნით, რაც უშუალოდ მის პერსონალურ მონაცემებს ეხება. იმავე განცხადებით დ----- ჩ----- მოითხოვდა ინფორმაციას - 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები დამუშავდა, რა იყო ამ მონაცემთა შეგროვების/დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ასევე განმცხადებელმა მოითხოვა დამუშავებული მონაცემების ასლების გადაცემა.(ტ. I. ს.ფ. 285-286, 292, 294-295).
2.9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს განცხადება მიღებული იქნა განსახილველად და საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით დადგინდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან ინფორმაციის გამოთხოვა. (ტ. I, ს.ფ. 296).
2.10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2016 წლის 14 იანვრის წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან გამოითხოვა ინფორმაცია - 2012 წლის დეკემბრის პერიოდში დ----- ჩ-----ს თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანისას რა სახის პერსონალური მონაცემები დამუშავდა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით. ამასთანავე, მოითხოვა ინფორმაცია - დ----- ჩ-----მ მიმართა თუ არა დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და ამასთან დაკავშირებით რა რეაგირება განახორციელა.
ხსენებული წერილის პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წლის 25 იანვრის წერილში განმარტა, რომ დ----- ჩ-----ს თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი. დ----- ჩ-----ს პირადი საქმე დამუშავდა და შესაბამის დაწესებულებაში გაიგზავნა, პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. სამინისტრომ ასევე მიუთითა, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლის 28 დეკემბერს შესულ განცხადებაზე დ----- ჩ-----ს მოთხოვნილი ინფორმაცია გაეგზავნა 31 დეკემბრის წერილით.(ტ. I. ს.ფ. 29--298 ;299).
დ----- ჩ-----მ 2-.12.2015წ. განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილის ასლის გადაცემა. ხსენებული განცხადების პასუხად, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების 2015 წლის 22 დეკემბრის MOC 7---------- წერილით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ დოკუმენტი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც საჯარო დაწესებულება არ იყო უფლებამოსილი გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
2015 წლის 28 დეკემბრის №1----- განცხადების პასუხად, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების 2015 წლის 31 დეკემბრის №MOC 6---------- წერილით დ----- ჩ-----ს გაეგზავნა 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილის ასლი და სიის ამონაწერი. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული წერილის დანართში მისი სახელი და გვარი მითითებული იყო 98-ე ნომრად. ხსენებულ წერილზე თანდართული №8 დაწესებულების 20.12.2012წ. №1------------ წერილით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დანართის სახით გაეგზავნა 2012 წლის 20 დეკემბერს გადასაყვან პირთა ჩამონათვალი, სადაც 98-ე ნომრად მითითებული იყო დ----- ჩ-----ს საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამასთან, დ----- ჩ-----ს 2015 წლის 28 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციაზე, კერძოდ სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების კატეგორიის, მონაცემთა შეგროვების/დამუშავების მიზნებისა და საფუძვლების თაობაზე სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას განმცხადებლისათვის პასუხი არ გაუცია.
2.11. დ----- ჩ-----მ 2016 წლის 1 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა №0---- განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა განმცხადებელსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 2-.12.2015წ. №1------ განცხადება, №8 დაწესებულების 22.12.2015წ. MOC 7-------------- წერილი, 28.12.2015წ. №1----- განცხადება, №8 დაწესებულების 31.12.2015წ. MOC 6------------- წერილი, № 8 დაწესებულების 20.12.2012წ. №1--------------- წერილი, 06.01.2016წ N 1----- განცხადება, 18.12.2015წ. №1----- საჩივარი (განცხადება), სამედიცინო დეპარტამენტის 18.01.16წ. MOC 1------------ წერილი. ასევე, საქმის განხილვის პროცესში განცხადებელმა დამატებით წარადგინა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 25 იანვრის MOC 5---------- წერილი.
დ----- ჩ-----მ 06.01.2016წ. №1----- განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს და მოითხოვდა 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების კანონიერების შესწავლს, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების მიერ 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების ასლების გადაცემა და ინფორმაციის მიწოდება 2012 წლის 20 დეკემბერს მისი გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების დამუშავების მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ამ განცხადების პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 25 იანვრის MOC 5---------- წერილით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს მისი №8 დაწესებულებიდან №15 დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი, ხოლო მონაცემთა დამუშავება განხორციელდა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ პირადი საქმის წარმოების წესი განსაზღვრულია „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №8- ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 18.12.2015წ. წარდგენილი №1----- საჩივრით დ----- ჩ----- მოითხოვდა 14.12.2012წ. ცნობაში მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კანონიერების შემოწმებას და შესაბამის რეაგირებას, რაზედაც საჩივრის ავტორს პასუხი გაეცა 2016 წლის 18 იანვრის MOC 1------------ წერილით.(ტ. I. ს.ფ. 300-301; 302 - 303; 306-317).
2.12. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ზემოაღნიშნულ საკითხზე დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა. სხდომაზე გამოცხადებულმა დ----- ჩ-----მ განმარტა, 2012 წლის დეკემბერში მისი სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, მისი გადაყვანის თაობაზე გამოცემული ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდა კანონდარღვევით. ამასთან, 2015 წლის დეკემბერში არაერთი განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას, მოითხოვდა მისი გადაყვანისას დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე განმარტებას, ასევე დაწესებულების დირექტორის იმ წერილის ასლის გადაცემას, რომელიც მისი გადაყვანის საფუძველი გახდა, თუმცა არცერთ განცხადებაზე არც სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯეროვანი პასუხი არ გაუცია.(ტ. I. ს.ფ. 174; 96-106).
2.13. დ----- ჩ-----მ 2016 წლის 12 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა №01/129 განცხადება და განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 20 დეკემბრის №1---- ბრძანების სამართლებრივი დასაბუთება არ შეესაბამება სინამდვილეს, საეჭვოდ მიიჩნევდა აღნიშნული ბრძანების საშუალებით მონაცემთა დამუშავების ადეკვატურობას და სამართლებრივ მიზანს.(ტ. I. ს.ფ. 327).
2.14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ შეადგინა №0------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლით დადგენილი მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევის ფაქტზე.(ტ. I. ს.ფ. 338).
2.15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 26 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ,,გაფრთხილება“. ინსპექტორმა დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევას.
იმავე გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2015 წლის 30 დეკემბრის №0----- განცხადებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა; ინსპექტორმა მიუთითა, რომ 2012 წლის დეკემბერში მისი სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასებისათვის უნდა მიემართა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოსათვის. ასევე განმარტა, რომ სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პირის გადაყვანისას პირადი საქმის დამუშავება/შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნა შესაბამისობაში იყო პატიმრობის კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.(ტ. I. ს.ფ. 96-106).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-6, 26-27-ე, 34-ე, 39-ე, 50-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის N180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ მე-3, მე-7 მუხლები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N9- ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობის დაწესებულების დებულების“ დანართი N1-ს მე-2, მე-6-7 მუხლები, „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის N2- ბრძანების მე-2, მე-5 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე მუხლები, პატიმრობის კოდექსის მე-2, მე-6, 36-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
3.1. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების ექიმის მიერ 2012 წლის 14 დეკემბერის ცნობის შედგენისას განხორციელდა დ----- ჩ-----ს შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, მასში ასახულია დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი შექმნის მიზანია დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მისი სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის დადგენა. დოკუმენტში მითითებულია, რომ არსებული მდგომარეობით პაციენტს შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა იგი უარს აცხადებს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მოსამართლესთან შეხვედრაზე. დოკუმენტს ექიმის გარდა, ხელს აწერენ უსაფრთხოებისა და სამართლებრივ რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, განსახილველ დავაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა: 1) არსებობდა თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ექიმის მიერ დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტის (ცნობა) იმავე დაწესებულების თანამშრომლებისათვის გამჟღავნების საფუძველი და მიზანი; 2) იმავე დაწესებულების ექიმი იყო თუ არა უფლებამოსილი დაემუშავებინა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლო პროცესზე დ----- ჩ-----ს გამოცხადების შესაძლებლობას.
3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრობაციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, მათ შორის №8 დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთან განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობაზე ხელმომწერ პირებს, ისინი წარმოადგენენ რა დაწესებულების თანამშრომლებს, მათი ვალდებულებაა დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვა და შეხვედრებზე, მათ შორის, სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფაა. მნიშვნელოვანია, ასევე, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ამ დოკუმენტის სასამართლოსათვის წარუდგენლობა დ----- ჩ-----ს გამოუცხადებლობის მიზეზის დასადასტურებლად. სასამართლომ ჩათვალა, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობის შედგენისას დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შინაარსის, ასევე, შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაკეთებული დასკვნების ანალიზი და მათი ფორმულირების სინამდვილისა და სიზუსტის დადგენა არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებას. სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში არ დადგინდა 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობაში ექიმის მიერ მითითებული დასკვნის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული ინფორმაციის წაშლის მოთხოვნაზე, რაც, ასევე, მართებულაა განმარტებული სადავო აქტში.
3.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დ----- ჩ-----მ 2015 წლის 30 დეკემბერს №0----- განცხადებაში განმარტა, რომ №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდა ,,პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი კანონიერი მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მისი გადაყვანის თაობაზე გამოცემული ბრძანება კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია. ამასთანავე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების მიერ დაირღვა მონაცემთა სუბიექტისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
3.6. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2012 წლის 20 დეკემბერს გამოსცა №1---- ბრძანება დ----- ჩ-----ს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული დოკუმენტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონიერების შეფასება იმავე კოდექსის 177-178 მუხლების შესაბამისად მიეკუთვნება არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, არამედ სადავო აქტის გამომცემი ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოს კომპეტენციას.
3.7. სასამართლომ განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. პირადი საქმის წარმოების წესს, საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ დ----- ჩ-----ს პირადი საქმე სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან გადაიგზავნა სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, დ----- ჩ-----ს გადაყვანისას პირად საქმეში დაცული პერსონალური მონაცემების დამუშავების/შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნის საფუძველი გათვალისწინებულია თავად პატიმრობის კოდექსით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც დ----- ჩ-----ს მიმართ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან.
3.8. სასამართლოს მითითებით, დ----- ჩ----- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 26 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული სახდელის სახით ,,გაფრთხილების'' შეფარდების ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელი არაადეკვატურია. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენაში სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში მითითებული სამართლებრივი ნორმა მონაცემთა დამმუშავებლის მიმართ სახდელის სახით ითვალისწინებს ,,გაფრთხილების“ ან ,,დაჯარიმების“ გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების პირობებში, ინსპექტორი უფლებამოსილი იყო სამართალდამარღვევის მიმართ სახდელის სახით გამოყენებინა ,,გაფრთხილება“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის თებერვლის №გ-1--------- და 2016 წლის 26 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, ამასთან ასევე არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის განცხადებების განხილვის დავალების საფუძველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ----- ჩ-----მ და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა მოიცავს, როგორც რეალურად, ასევე დამახინჯებულად გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულზე დაყრდნობით მოწინააღმდეგის სასარგებლოდ გაკეთებულ უსწორო შეფასებებს. ამასთანავე სასამართლოს მიერ შეფასების გარეშეა დატოვებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სასარჩელო მოთხოვნის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება არ მოიცავს არგუმენტაციას, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ცნობა შედგენილია მხოლოდ ექიმის მიერ, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაში ფიქსირდება ცნობაზე ხელის მომწერი კიდევ სამი პირი; გადაწყვეტილება არ მოიცავს არგუმენტაციას, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ ცნობა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტია და აპელანტის მიერ მოთხოვნილია მისი შინაარსის სინამდვილის და სიზუსტის დადგენა; მაშინ როდესაც ცნობა მოიცავს ჯანმრთელობასთან კავშირის არმქონე მონაცემსაც, კერძოდ მოსამართლესთან შეხვედრაზე უარის განცხადებას და სწორედ ამ მონაცემის წაშლა იყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი. ამდენად სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ინსპექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას აპელანტის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, მცდარი შეფასებაა.
4.2. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილება არ მოიცავს არგუმენტაციას, თუ რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ ცნობის შექმნის მიზნად მხოლოდ დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის დადგენა, მაშინ როდესაც ცნობაში ასახულია სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებაც, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ამ დოკუმენტში აღნიშნული სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ჩანაწერის დაფიქსირება არ იგივდება სასამართლოს ზემოაღნიშნულ პოზიციასთან.
4.3. სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესზე მონაწილის დასწრების შესაძლებლობის დადგენის, თუ სასამართლოზე მისი დასწრების თაობაზე დოკუმენტის შექმნის კანონიერი მიზანი კანონმდებლობით არ წესრიგდება. სასამართლომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესზე მონაწილის ავადმყოფობასთან დაკავშირებული გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ ფაქტის დადასტურების მიზნით დოკუმენტის შექმნის ვალდებულება. მოცემული ვალდებულება გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში; აღნიშნული კოდექსი იმპერატიულად ითხოვს აღნიშნული დოკუმენტის გაცემას და მის დამოწმებას სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენენ სასჯელაღსრულების დაწესებლებაში განთავსებული სამედიცინო პუნქტის შესაბამისი თანამშრომლები და არა სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე თანამშრომელი.
4.4. აპელანტის განმარტებით, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები და ისინი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილშიცაა დაფიქსირებული, რომ ცნობის შედგენის მიზნი იყო არა დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის დადგენა, არამედ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე აპელანტის უარის დადასტურება, რაზეც მეტყველებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 14/01/2016 წლის N MOC 6------------ წერილი, კერძოდ წერილის თანახმად, "ცნობა შედგა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დ----- ჩ----- უარს აცხადებდა პროცესზე მონაწილეობის მიღებაზე." სამინისტროს აღნიშნული აღიარება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია და ყოვლად უსაფუძვლოს ხდის სასამართლოს მიერ სასჯელაღსრულების სისტემის სასარგებლოდ ცნობის შედგენის მიზნის კანონიერ ჩარჩოში მოთავსების მცდელობას.
4.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე ბრალდებულის უარის შესახებ ცნობის შედგენა არ წესრიგდება არც ერთ ნორმატიული აქტით. ამ სახის განცხადების დაფიქსირება პენიტენციურ დაწესებულებაში ხდება ოქმის სახით, რისი შედგენაც წარმოადგენს ამ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და არა ექიმისა, გადაწყვეტილებაში სად-ის N 8 დაწესებულების 14/12/12 წელს ცნობასთან დაკავშირებულ სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტები და ამ აქტების არასწორ ინტერპრეტაციას დააყრდნო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
4.6. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტება უსწოროა. ის ამახინჯებს მის მიერვე გამოყენებული ნორმატიული აქტების არამც თუ დანაწესს, არამედ ამ აქტების მიზნებსაც, რადგან არც ერთი მოყვანილი დანაწესი არ გულისხმობს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოდ სად-ის დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო პუნქტს და არც ერთი ნორმით არ ითავსებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოები სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის შედგენასა, თუ მათი დამოწმების უფლებამოსილებას, ან თუნდაც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვას. არამედ აქტი ითვალისწინებს ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას, ხოლო ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს მოცემულ შემთხვევაში სად-ის დაწესებულებაში არსებული სამედიცინო სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურენი.
4.7. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოსათვის ასევე ცნობილი უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და მის განსახორციელებლად უპირატესი ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებენ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და იცავენ პაციენტთა უფლებებს, რომელთა შორისაა ბრალდებულ/მსჯავრდებული პაციენტებიც და თანაბრად უზრუნველყოფს მათ სამედიცინო მომსახურებით. აღნიშნული, ბუნებრივია, არანაირად არ გულისხმობს ჯანმრთელობის დაცვის განხორციელებას არა სამედიცინო მოსამსახურეთა მხრიდან.
4.8. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მოწინააღმდეგის მსგავსად, დაამახინჯა სასარჩელო მე-3 მოთხოვნის "დ" პუნქტი, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა არ გამოიყენა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სად-ის N 8 დაწესებულებიდან სად-ის N 15 დაწესებულებაში აპელანტის გადაყვანასთან დაკავშირებით მოპასუხისადმი მოთხოვნას სასამართლო დამახინჯებული ინტერპრეტაციით გადმოსცემს, სადაც თითქოს მოპასუხისაგან ითხოვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის 20/12/2012 წლის N 1---- ბრძანების კანონიერების შესწავლას, ამდენად სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში დააფუძნა შემდეგს: " სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონიერების შეფასება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-178 მუხლების შესაბამისად მიეკუთვნება არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, არამედ სადავო აქტის გამომცემი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, ან სასამართლოს კომპენტენციას." მოწინააღმდეგესთან ზეპირი განხილვისას აპელანტს აქვს აღნიშნული, რომ თავად ბრძანება უკანონოა, მაგრამ მისი განმარტებით, არც მოწინააღმდეგისადმი მისი 30/12/2015 წლის N 0----- განცხადებით, არც მასთან გამართული ზეპირი განხილვის დროს და არც სასამართლო განხილვისას აპელანტის მოთხოვნას არ წარმოადგენდა აღნიშნული ბრძანების კანონიერების შესწავლა და/ან სასამართლოს მიერ ინსპექტორისათვის ამის დავალება.
4.9. აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიერ მოთხოვნილია სად-ის N 8 დაწესებულებიდან სად-ის N 15 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა, რომელთა უკანონობაზე მიანიშნებდა სწორედ თავმჯდომარის ბრძანება. ის მეტყველებდა იმაზე, რომ აპელანტის შესახებ დეპარტამენტის თავჯდომარეს მიეწოდა იმგვარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც იგი დროებით უნდა გადაეყვანათ იმავე ტიპის დაწესებულებაში და არა როგორც გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ ხდება სასჯელის მოსახდელად გაგზავნა. აპელანტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ზემოაღნიშნული ვალდებულება ინსპექტორს წარმოეშვა მისი მოთხოვნისას.
4.10. აპელანტი მიიჩნევს, რომ მე-3 სასარჩელო მოთხოვნის "ა" პუნქტთან დაკავშირებით სად-ის N8 დაწესებულების 14/12/12 წლის ცნობაში ასახული მონაცემების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა მოიცავს, როგორც სარჩელში მითითებულ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, ისე სასამართლოს მიერ მათ დამახინჯებას; სასამართლომ იგნორირება გაუკეთა და მსჯელობისა თუ შეფასებების გარეშე დატოვა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს; სასამართლოს უსწორო შეფასებები აქვს გაკეთებული ფაქტობრივ გარემოებებზე და არასწორი ინტერპრეტაციით და არასწორი განმარტებით არასწორად აქვს გამოყენებული ნორმატიული აქტები.
აპელანტი მიუთითებს, რომ კრიტიკას ვერანაირად ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მე-3 სასარჩელო მოთხოვნის "ბ" და "გ" პუნქტების არამც თუ განხილვასა თუ შეფასებას, არამედ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით მათ ხსენებაც კი.
4.11. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლით.
5. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
5.5. სააპელაციო პალატა დ----- ჩ-----ს სააპელაციო საჩივრის მოტივის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
5.6. დ----- ჩ-----მ 2015 წლის 15 დეკემბერს №0----- განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში 2012 წლის 14 დეკემბერს მის მიმართ შედგენილ ცნობაზე იმავე დაწესებულების ექიმის გარდა, ხელს აწერენ უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები. განმცხადებლის განმარტებით, დოკუმენტში დამუშავებულია განსაკუთრებული კატეგორიის - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები, რომლის გამჟღავნება დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისათვის განხორციელდა კანონდარღვევით (ტ.1. ს.ფ. 230-231).
5.7. 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობით ირკვევა, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების მორიგე ექიმის ც----- ჭ----------–-- მიერ, რომელშიც შეფასებულია დ----- ჩ-----ს მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით; კერძოდ, პაციენტი უჩივის თავის ტკივილსა და აღგზნებას, რის გამოც მიეცა დამამშვიდებელი და წნევის დამწევი პრეპარატები. ასევე, მითითებულია, რომ არსებული მდგომარეობით პაციენტს შეეძლო სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა იგი უარს აცხადებდა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მყოფ მოსამართლესთან შეხვედრაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ კორპუსის მორიგე ექიმი ც. ჭ----------–-, უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი მ. გ-----, სამართლებრივი რეჟიმის უფროსი ინსპექტორი შ. ჯ--–------- და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი თ. ჭ----. (ტ. I. ს.ფ. 248).
5.8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2015 წლის 15 დეკემბრის №გ-1--------- გადაწყვეტილებით განსახილველად მიიღო დ----- ჩ-----ს №0----- განცხადება და საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით დაადგინა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან ინფორმაციის გამოთხოვა.(ტ.I, ს.ფ. 241).
5.9. დ----- ჩ-----მ 2015 წლის 2- დეკემბერს დამატებით წარადგინა განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და განმარტა, რომ მის მიმართ პენიტენციალურ დაწესებულებაში შედგენილ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში (№8-----) საერთოდ არ ფიქსირდება 2012 წლის 14 დეკემბერის ცნობაში ასახული მონაცემი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მხოლოდ მითითებულია სასჯელაღსრულების სარეჟიმო მონაცემი, რომ პაციენტი უარს აცხადებს მოსამართლესთან შეხვედრაზე, რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში. დ----- ჩ-----მ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისაგან მოითხოვა სამედიცინო ბარათში მის შესახებ მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტზე რეაგირება.
ამბოლატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში ექიმის ც. ჭ----------–-- მიერ 2012 წლის 14 დეკემბერს განახორციელებული ჩანაწერის თანახმად, დ----- ჩ----- უარს აცხადებს მოსამართლესთან შეხვედრაზე, რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ. I. ს.ფ. 245-256, 260).
5.10. პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან 2015 წლის 30 დეკემბრის წერილით საქართველოს გამოითხოვა ინფორმაცია - თუ რა მიზნით და რომელი სამართლებრივი საფუძვლით შედგა 2012 წლის 14 დეკემბრის დოკუმენტი (ცნობა); ასევე მოითხოვა განმარტება, ჰქონდათ თუ არა დოკუმენტის ხელმომწერ პირებს მასში მითითებული ინფორმაციის გაცნობის უფლება და რომელი სამართლებრივი საფუძლით. ხსენებული წერილის პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წლის 14 იანვრის წერილში განმარტა, რომ 2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო დ----- ჩ-----ს სასამართლო პროცესი, თუმცა მან პროცესზე დასწრება/გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარებულიყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში. 2012 წლის 14 დეკემბერს დაწესებულებაში გამოცხადნენ მოსამართლე, თანაშემწე და სხდომის მდივანი, პროკურორი და ადვოკატი. დ----- ჩ-----მ კვლავ უარი განაცხადა №8 დაწესებულებაში გასამართ პროცესზე გამოცხადებაზე იმ მოტივით, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და არ შეეძლო გადაადგილება. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებმა გამოიძახეს მორიგე ექიმი, მისი ზოგადი მდგომარეობის შემოწმებისათვის, რა დროსაც დადასტურდა, რომ დ----- ჩ-----ს შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება/დასწრება, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტი ცნობის სახით. სამინისტრომ სადავო დოკუმენტის შედგენის სამართლებრივ საფუძველად მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებული ,,პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების“ დანართი 1-ის მე-6 და მე-7 მუხლებზე; ხოლო უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლების ხელმოწერასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ცნობა შედგა მათი ინიციატივით, რადგან მათი სამსახურებრივი მოვალეობა იყო დ----- ჩ-----ს სარეჟიმო კორპუსიდან გადაყვანა დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, მათ მიერ (მათი ინიციატივით) შედგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი/ცნობა წარედგინა მოსამართლეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დ----- ჩ----- კვლავ უარს აცხადებდა პროცესზე მონაწილეობის მიღებაზე.(ტ. I. ს.ფ. 242, 243-244).
5.11. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ზემოაღნიშნულ საკითხზე დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა. სხდომაზე გამოცხადებულმა დ----- ჩ-----მ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ მან მოითხოვა- 2012 წლის 14 დეკემბერს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში შედგენილ დოკუმენტში (ცნობა) ასახული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების/მესამე პირებისათვის (დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისათვის) გამჟღავნების კანონიერების შესწავლა; ამ დოკუმენტში მითითებული იმ მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა და წაშლა, რომელიც არ შეეხება განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკავშირდება სასამართლო პროცესზე მისი დასწრების შესაძლებლობას. (ტ. I. ს.ფ. 35-42).
5.12. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 15 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2015 წლის 15 დეკემბრის №0----- განცხადებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა.
5.13. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება - 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობის შედგენაში მონაწილეობის მიღება და მასზე ხელმოწერის დაფიქსირება შესაბამისობაშია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. რაც შეეხება იმავე დოკუმენტში მითითებულ იმ მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას და წაშლას, რომელიც არ შეეხებოდა განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკავშირდებოდა სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას, ინსპექტორმა განმარტა, რომ დოკუმენტში მითითებული გარემოებების - ექიმის მიერ გაკეთებული დასკვნის ფორმულირების სისწორის შეფასება სცდება მის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ვინაიდან ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში არ დგინდებოდა 2012 წლის ცნობაში ექიმის მიერ მითითებული დასკვნის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეთხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა.(ტ.I. ს.ფ. 35-42).
5.14. დ----- ჩ-----მ 2015 წლის 30 დეკემბერს №0----- განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განმარტა, რომ 2012 წლის დეკემბერში N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდა ,,პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი კანონიერი მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთანავე, განცხადებაში მითითებულია, რომ 2015 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების მიერ დაირღვა მონაცემთა სუბიექტისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. კერძოდ, დაწესებულებამ არ განახორციელა რეაგირება მის 2015 წლის 28 დეკემბრის №1----- განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციას (ტ.1. ს.ფ. 285-286).
5.15. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 20 დეკემბრის №1---- ბრძანების „მსჯავრდებულების თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ“ 98-ე ნომრად მითითებულია დ----- ჩ-----, ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძვლად - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი და თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეუ (ტ.1. ს.ფ. 292).
5.16. დ----- ჩ-----მ 2015 წლის 28 დეკემბერს №1----- განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილიდან ამონაწერის ან მხოლოდ იმ ფრაგმენტის გადაცემის მოთხოვნით, რაც უშუალოდ მის პერსონალურ მონაცემებს ეხება. იმავე განცხადებით დ----- ჩ----- მოითხოვდა ინფორმაციას - 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები დამუშავდა, რა იყო ამ მონაცემთა შეგროვების/დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ასევე განმცხადებელმა მოითხოვა დამუშავებული მონაცემების ასლების გადაცემა.(ტ. I. ს.ფ. 294-295).
5.17. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 31 დეკემბრის №გ-1--------- გადაწყვეტილებით დ----- ჩ-----ს განცხადება მიღებული იქნა განსახილველად და საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით დადგინდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან ინფორმაციის გამოთხოვა. (ტ. I. ს.ფ. 296).
5.18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2016 წლის 14 იანვრის წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან გამოითხოვა ინფორმაცია - 2012 წლის დეკემბრის პერიოდში დ----- ჩ-----ს თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანისას რა სახის პერსონალური მონაცემები დამუშავდა და რომელი სამართლებრივი საფუძვლით. ამასთანავე, მოითხოვა ინფორმაცია - დ----- ჩ-----მ მიმართა თუ არა დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და ამასთან დაკავშირებით რა რეაგირება განახორციელა (ტ.1. ს.ფ. 29--298).
5.19. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2016 წლის 25 იანვრის ხსენებული წერილის პასუხად წერილში განმარტა, რომ დ----- ჩ-----ს თბილისის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი. დ----- ჩ-----ს პირადი საქმე დამუშავდა და შესაბამის დაწესებულებაში გაიგზავნა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. სამინისტრომ ასევე მიუთითა, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლის 28 დეკემბერს შესულ განცხადებაზე, დ----- ჩ-----ს მოთხოვნილი ინფორმაცია გაეგზავნა 31 დეკემბრის წერილით.(ტ. I. ს.ფ. 299).
5.20. დ----- ჩ-----მ 2016 წლის 1 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა №0---- განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა განმცხადებელსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 2-.12.2015წ. №1------ განცხადება, №8 დაწესებულების 22.12.2015წ. MOC 7-------------- წერილი, 28.12.2015წ. №1----- განცხადება, №8 დაწესებულების 31.12.2015წ. MOC 6------------- წერილი, №8 დაწესებულების 20.12.2012წ. №1------------ წერილი, 06.01.2016წ. N1----- განცხადება, 18.12.2015წ. №1----- საჩივარი (განცხადება), სამედიცინო დეპარტამენტის 18.01.16წ. MOC 1------------ წერილი. ასევე, საქმის განხილვის პროცესში განცხადებელმა დამატებით წარადგინა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 25 იანვრის MOC 5---------- წერილი (ტ.1. ს.ფ. 300-301).
5.2-. დ----- ჩ-----მ 2-.12.2015წ. განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილის ასლის გადაცემა. ხსენებული განცხადების პასუხად, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების 2015 წლის 22 დეკემბრის MOC 7---------- წერილით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ დოკუმენტი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც საჯარო დაწესებულება არ იყო უფლებამოსილი გადაეცა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (ტ.1. ს.ფ. 302-303).
5.22. 2015 წლის 28 დეკემბრის №11----- განცხადების პასუხად, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების 2015 წლის 31 დეკემბრის №MOC 6---------- წერილით დ----- ჩ-----ს გაეგზავნა 2012 წლის 20 დეკემბრის №1------------ წერილის ასლი და სიის ამონაწერი. ასევე, ეცნობა, რომ აღნიშნული წერილის დანართში მისი სახელი და გვარი მითითებული იყო 98-ე ნომრად. ხსენებულ წერილზე თანდართული №8 დაწესებულების 20.12.2012წ. №1------------ წერილით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დანართის სახით გაეგზავნა 2012 წლის 20 დეკემბერს გადასაყვან პირთა ჩამონათვალი, სადაც 98-ე ნომრად მითითებული იყო დ----- ჩ-----ს საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამასთან, დ----- ჩ-----ს 2015 წლის 28 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციაზე, კერძოდ სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების კატეგორიის, მონაცემთა შეგროვების/დამუშავების მიზნებისა და საფუძვლების თაობაზე სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას განმცხადებლისათვის პასუხი არ გაუცია (ტ.1. ს.ფ.306-307).
5.23. დ----- ჩ-----მ 06.01.2016წ. №1----- განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს და მოითხოვა 2012 წლის 20 დეკემბერს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების კანონიერების შესწავლა, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების მიერ 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების ასლების გადაცემა და ინფორმაციის მიწოდება 2012 წლის 20 დეკემბერს მისი გადაყვანისას დამუშავებული მონაცემების დამუშავების მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ამ განცხადების პასუხად, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 25 იანვრის MOC 5---------- წერილით დ----- ჩ-----ს განემარტა, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს მისი №8 დაწესებულებიდან №15 დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლი, ხოლო მონაცემთა დამუშავება განხორციელდა „პატიმრობის კოდექსის“ 36-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, წერილში განმარტებულია, რომ პირადი საქმის წარმოების წესი განსაზღვრულია „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №8- ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 18.12.2015წ. წარდგენილი №1----- საჩივრით დ----- ჩ----- მოითხოვდა 14.12.2012წ. ცნობაში მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კანონიერების შემოწმებას და შესაბამის რეაგირებას, რაზედაც საჩივრის ავტორს პასუხი გაეცა 2016 წლის 18 იანვრის MOC 1------------ წერილით.(ტ. I. ს.ფ. 315-317).
5.24. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში ზემოაღნიშნულ საკითხზე დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა. სხდომაზე გამოცხადებულმა დ----- ჩ-----მ განმარტა, 2012 წლის დეკემბერში მისი სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, მისი გადაყვანის თაობაზე გამოცემული ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდა კანონდარღვევით. ამასთან, 2015 წლის დეკემბერში არაერთი განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებას, მოითხოვდა მისი გადაყვანისას დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე განმარტებას, ასევე დაწესებულების დირექტორის იმ წერილის ასლის გადაცემას, რომელიც მისი გადაყვანის საფუძველი გახდა, თუმცა არცერთ განცხადებაზე არც სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯეროვანი პასუხი არ გაუცია.(ტ. I. ს.ფ. 96-106).
5.25. დ----- ჩ-----მ 2016 წლის 12 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დამატებით წარადგინა №01/129 განცხადება და განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 20 დეკემბრის №1---- ბრძანების სამართლებრივი დასაბუთება არ შეესაბამება სინამდვილეს, საეჭვოდ მიიჩნევდა აღნიშნული ბრძანების საშუალებით მონაცემთა დამუშავების ადეკვატურობას და სამართლებრივ მიზანს.(ტ. I. ს.ფ. 327).
5.26. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ შეადგინა №0------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლით დადგენილი მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევის ფაქტზე.(ტ. I. ს.ფ. 338).
5.27. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 26 თებერვლის №გ-1--------- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ,,გაფრთხილება“. ინსპექტორმა დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევას.
იმავე გადაწყვეტილებით დასრულდა დ----- ჩ-----ს 2015 წლის 30 დეკემბრის №0----- განცხადებასთან დაკავშირებული საქმის განხილვა; ინსპექტორმა მიუთითა, რომ 2012 წლის დეკემბერში მისი სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასებისათვის უნდა მიემართა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოსათვის. ასევე განმარტა, რომ სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პირის გადაყვანისას პირადი საქმის დამუშავება/შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნა შესაბამისობაში იყო პატიმრობის კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.(ტ. I. ს.ფ. 96-106).
5.28.სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში - მონაცემთა) დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.
მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადებები მონაცემთა დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე.
5.29. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
5.30. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქზე, რომლის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული დაგენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ხოლო „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამმუშავებელი არის საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
5.31. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის ,,გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმავე პუნქტით დადგენილ შემთხვევებში. აღნიშნული პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება დასაშვებია იმ შემთხვევებში, როცა მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის.
5.32. სააპელაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №9- ბრძანებით დამტკიცებულ ,,პატიმრობის დაწესებულების დებულებაზე“, რომლის დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ამოცანას განეკუთვნება დაწესებულებაში მართლწესრიგისა და კანონიერების, ბრალდებულთა, პერსონალის, თანამდებობის პირებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბრალდებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დაწესებულების ფუნქციას განეკუთვნება ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ითავსებენ სამედიცინო დაწესებულების ფუნქციებს, რადგან მათ უშუალო ვალდებულებას განეკუთვნება დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვა. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკის, კერძოდ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო დაცვა ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას, რაც გულისხმობს დაწესებულების შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობას სამედიცინო შემოწმების პროცესში.
იმავე კანონქვემდებარე აქტის დანართი N1-ის მე-6 მუხლის „ა“ და „ზ“ პუნქტების თანახმად, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაწესებულების მოსამსახურეების, ბრალდებულთა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა შეხვედრების, მათ მიერ დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ძირითად ამოცანას წარმოადგენს ბრალდებულის შეხვედრის დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა.
5.33. ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პრობაციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, მათ შორის №8 დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთან განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვა.
5.34. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 14 დეკემბერს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებში შედგენილი დოკუმენტი (ცნობა) მიუხედავად იმისა, რომ არ მოიცავს სამედიცინო დოკუმენტისათვის დამახასიათებელ რეკვიზიტებს, მასში ასახულია დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები, რაც წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს; შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლების მიერ განხორციელდა აპელანტის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის დამუშავება. სააპელაციო პალატა თვლის, 2012 წლის 14 დეკემბერს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შედგენილი დოკუმენტის მიზანს წარმოადგენდა დ----- ჩ-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მისი პროცესზე დასწრების შესაძლებლობის დადგენა; ხოლო რაც შეეხება 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობაზე ხელმომწერ პირებს, ისინი წარმოადგენენ რა დაწესებულების თანამშრომლებს, მათი ვალდებულებაა დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვა და შეხვედრებზე, მათ შორის, სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ 2012 წლის 14 დეკემბერს შედგენილი დოკუმენტი წარდგენილ იქნა სასამართლოსთვის, როგორც ბრალდებულ დ----- ჩ-----ს გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მესამე პირთათვის აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ გამხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის ცნობის შედგენისას დ----- ჩ-----ს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
5.35. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. იმავე ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გადატვირთულობის ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების გამო დასაშვებია მსჯავრდებულის დროებით იმავე ტიპის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (სადაც მოთავსებულია მსჯავრდებული) დირექტორის მოტივირებული წერილის საფუძველზე თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
5.36. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2012 წლის 20 დეკემბერს გამოსცა №1---- ბრძანება დ----- ჩ-----ს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ,,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების 2011 წლის 11 თებერვლის №2- ბრძანების მე-5 მუხლის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 292). მითითებული დოკუმენტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლის კანონიერების შეფასება იმავე კოდექსის 177-178 მუხლების შესაბამისად მიეკუთვნება არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, არამედ სადავო აქტის გამომცემი ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოს კომპეტენციას.
5.37. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; ხოლო პატიმრობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. პირადი საქმის წარმოების წესს, საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მოხდა დ----- ჩ-----ს პირადი საქმის სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში გადაგზავნა.
5.38. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ დ----- ჩ-----ს გადაყვანისას პირად საქმეში დაცული პერსონალური მონაცემების დამუშავების/შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნის საფუძველი გათვალისწინებულია თავად კანონით - პატიმრობის კოდექსით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ამ შემთხვევაშიც, დ----- ჩ-----ს მიმართ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან.
5.39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ----- ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
გიორგი გოგიაშვილი