განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002621960
საქმე N3/ბ-164-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ-----–-–--–-–---–-----–---–--------------–--------------------------------------
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება
2018 წლის 07 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, ხოლო შემდგომ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს: ბათილად ყოფილიყო ცნობილი თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 06 აგვისტოს წერილი №--------------; მოსარჩელებმა ასევე მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------- სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 02 აპრილს გამართულ სხდომაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინებით, ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------- სარჩელი ცნობილი იქნა დაუშვებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 06 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს ზემდგომმა, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ზემდგომმა პირმა (მინისტრი; მოადგილე), შემდგომ განსჯადმა სასამართლომ.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. განსახილველი ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს არ მიუმართავთ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსათვის, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. გასაჩივრების აღნიშნული წესი ნიშნავს, რომ ორმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან მოსარჩელეებმა არ გამოიყენეს ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება, ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------- სარჩელი იყო დაუშვებელი და უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს მიმართვით, მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათი განცხადება, რომლითაც ისინი ითხოვდნენ ბინის პრივატიზაცისათვის საჭირო ცნობის გაცემას არ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 06 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების პირველი მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. ბრძანების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და სხვა მოძრავი (მათ შორის იარაღის) ქონების აღრიცხვა, მათ მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ხოლო ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად სარდალი კომპეტენციის ფარგლებში სარდლობას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სარდალი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.
მოსარჩელეების ინტერესი მიმართული იყო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორთა აზრით არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი; კერძოდ, მოსარჩელეებს სარჩელის მიხედვით მოპასუხედ მითითებული ჰყავს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო პასუხი მომზადდა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრონველყოფის სარდლობის მიერ, რომელიც მხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფია და არა ზემდგომი. მოსარჩელეთა მიერ საჩივარი შეტანილი იქნა თავდაცვის სამინისტროში, პასუხი კი მიიღეს მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან, რომლის პასუხიც დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებით ნ-----–-–--–-–---–-, ერეკლე რუხაძეს, ალექსანდრე რუხაძესა და გიორგი რუხაძეს კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, რაც მათ მიერ აღმოფხვრილი იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით ნ-----–-–--–-–---–----------–---------------–-------------------------------------------- კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების
გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას; კერძოდ, ქუთაისის საქალაქი სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით ამ განჩინების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ი” პუნქტით ადმინისტრაციული საჩივარი ესაა დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს დავის საგანს, რათა შეაფასოს არსებობს თუ არა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის წესი ყოველთვის (ერთმნიშვნელოვნად) არ შეიძლება იყოს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი მიუთითებს საგამონაკლისო შემთხვევას - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთჯერადად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების გარეშე სარჩელით სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოქალაქე ნინო წიწილაშვილმა 2017 წლის 25 ივლისს M-------------- განხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა (თანხმობის გაცემა ქ. ქუთაისში, ნ-----------------------, ოთახი N41-ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე). აღნიშნულ განცხადებაზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- წერილით ნ-----–-–--–-–---–- ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ იყო გაცემული ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს N 603 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
ნინო წიწილაშვილმა 2017 წლის 8 სექტემბერს M--------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა, რაც თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულებაზე დაყრდნობით (ძალადაკარგულია 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან), 2018 წლის 06 აგვისტოს მიღებული იქნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმცხადებლის მოთხოვნის უარყოფის შესახებ, რაც მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.
პალატის მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე ნ-----–-–--–-–---–------–---–---------------–-------------------------------------------- მიერ სასამართლოში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ-----–-–--–-–---–- ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ გაცემული თავდაპირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ერთჯერადად გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 06 აგვისტოს №-------------- სადავო წერილი საერთოდ არ შეიცავს გასაჩივრების უფლებაზე მითითებას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დარღვევაა, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობდა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-–--–-–---–------–---–---------------–-------------------------------------------- კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივარის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ნანა კალანდაძე