განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2019
საქმის ნომერი
080217619003039790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ
თარიღი
05.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080217619003039790

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-800-2019 3 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - გ--- ა-----ე, ი-–-- ჯ------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით სს ს----------–--------ის წარმომადგენლის ბ-–----–-–--ს განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინება (საქმე #2/880), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ა------------------ის მიერ 2014 წლის 07 მაისს გაცემული #140453775 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A-------- სააღსრულებო საქმეზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისს განცხადებით მიმართა სს ს----------–--------ის წარმომადგენელმა ბ-–-- ლ-–-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. 2.2. განმცხადებელმა განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს ა------------------ის მიერ 2014 წლის 07 მაისს გაცემული #140453775 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A-------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი: სს "ს----------–--------ი") ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება გ--- ა-----ის და ი-–-- ჯ------ის სარჩელის გამო მოპასუხე სს ს----------–--------ის მიმართ, შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად განმცხადებელი და ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს ა------------------ის მიერ 2014 წლის 07 მაისს გაცემული #140453775 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A-------- სააღსრულებო საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. განმცხადებელი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, დასაბუთებული იყო განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან დავა იქნა განხილული არსებითად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა და უნდა განახლებულიყო სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრეს გ--- ა-----ემ და ი-–-- ჯ------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შემდგომ ს----------–--------ს უფლება ექნება აღასრულოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სრულად. 3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეძლო პირდაპირ გაეგრძელებია აღსრულება. 3.3. დავის საგნის მიმართ მომჩივნებს იურიდიული ინტერესი არ დაუკარგავთ, რადგან ამ დავის გადაწყვეტაზე არის მათი ოჯახების კეთილდღეობა დამოკიდებული.

 

4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ გ--- ა-----ემ და ი-–-- ჯ------ემ სარჩელი აღძრეს სს ს----------–--------ის წინააღმდეგ ნოტარიუს ა------------------ის მიერ 07.05.2014 წ. გაცემულ N140453775 სააღსრულებო ფურცელში, აღსასრულებელ მოცულობაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. კერძოდ, მათ მოითხოვეს პროცენტის შემცირება 5630,95 ლარით, პირგასამტეხლოს შემცირება 60 000 ლარით და საბოლოოდ, აღსასრულებელი მოცულობის განსაზღვრა - პროცენტის 3455,15 ლარით, ხოლო პირგასამტელოს - 3668,09 ლარით. 4.2. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით სადავო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა. 4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ--- ა-----ისა და ი-–-- ჯ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარით. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.4. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 4.5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის-კრედიტორის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 4.6.1. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ან აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოფის ღონისძიება თავის სამართლებრივ დანიშნულებას კარგავს და უნდა გაუქმდეს. 4.7. უდავოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მომჩივანთა ვალდებულების მოცულობა მოპასუხის მიმართ. 4.7.1. ამის შესაბამისად, სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა მომჩივანთა აღიარებითი სარჩელი. 4.7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი ძირითადი პირობა ამგვარი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესია. 4.7.3. სწორედ ამ ინტერესის გათვალისწინებით იხილავს სასამართლო აღიარებით სარჩელს და იყენებს ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. 4.7.4. ამის გამო, აღიარებითი სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში რჩება ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ე.ი. იმ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის აღიარებამდე, რომლის დადასტურებასაც მოსარჩელე ითხოვს, ან - გადაწყვეტილებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომამდე. 4.8. ამ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა ის იურიდიული შედეგი, რომელიც მოსარჩელეებს სურდათ - განსაზღვრა მათი ვალდებულების ოდენობა. 4.8.1. ამით მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი რეალიზებულად, ხოლო ფაქტობრივი შედეგი დამდგარად ჩაითვალა. 4.9. ეს კი ნიშნავს, რომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სარჩელი უზრუნველყოფის აუცილებლობაც აღარ არსებობდა. 4.10. პალატა არ იზიარებს მომჩივანთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით მოპასუხეს სააღსრულებო ფურცლის სრული მოცულობით აღსრულება შეეძლება. 4.10.1. პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ექვემდებარება. 4.10.2. ამავე კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი აღსრულება შეწყდება, თუ გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია. 4.11. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება. ეს კი ნიშნავს, რომ შეცვლილ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი გაუქმებულია და ვერ აღსრულდება. 4.12. ამის გამო, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება, არსებითად, სწორად გააუქმა. 4.13. პალატის აზრით, მომჩივანთა განმარტებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის მიმართ „იურიდიული ინტერესის“ თაობაზე, დავის არსთან კავშირი არა აქვს და სასამართლო მას ვერ შეაფასებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--- ა-----ისა და ი-–-- ჯ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი