განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210018002275049
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N2ბ/1476-18 3 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად;

 

აპელანტი – შ--------------------“;

წარმომადგენელი – ა---------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე – შ-----------------“;

წარმომადგენელი - რ-------–-----, გ----------–------;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შ--------------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 15 ივნისს, შ---------------“-მა შ--------------------“-საგან შეიძინა - 11 370 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

2.2. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური - 11 370 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

2.3. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა - 2017 წლის 16 ივნისს, ხოლო 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე განსჯადობის მოტივით. შემდგომ მოსარჩელემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა - 2017 წლის 13 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინება (ს.ფ. 19-22);

- სარჩელი (ს.ფ. 1).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს სადავო საკითხი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით საჭიროა დადგინდეს თუ რა შემთხვევაში და როგორ ხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერა და როდის ითვლება მოძრავი ნივთი გადაცემულად.

 

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ''ვ'' ქვეპუნქტის ''ვ.ბ'' – ''ვ.დ'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 478-ე მუხლის შესაბამისად, გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები - მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც 11370.40 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთების გადაცემის ფაქტს ადასტურებს არის „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“. წარმოდგენილი „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“ შედგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251-ე მუხლის შესაბამისად და მასში აღნიშნულია, რომ გამყიდველმა „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“ გამოწერა - 2014 წლის 15 ივნისს, 15:16:53 საათზე. ზედნადებში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ. თბილისი, ა--–--ის N32, მითითებულია ასევე, რომ ხდება ტვირთის ტრანსპორტირება და მითითებულია სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც წარმოადგენს მყიდველის (მოპასუხის) საკუთრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის საფასური ქონების გადაცემისთანავე, საქმეში არსებული „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“ დგინდება, რომ გამყიდველმა მყიდველს ნივთი გადასცა - 2014 წლის 15 ივნისს, კერძოდ, მოძრავი ნივთები დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაზე. საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა შორის ნასყიდობის საფასურის გადახდაზე სხვაგვარი შეთანხმების არსებობის ფაქტი, ამიტომ ივარაუდება, რომ მყიდველს ნივთის გადაცემისთანავე უნდა გადაეხადა იგი. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოძრავი ნივთები მოპასუხეს გადასცა - 2014 წლის 15 ივნისს და სწორედ 2014 წლის 15 ივნისს უნდა გადაეხადა მოპასუხეს ნასყიდობის საფასური.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

''ხანდაზმულობა'' სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოძრავი ნივთები მოპასუხეს გადასცა - 2014 წლის 15 ივნისს და სწორედ 2014 წლის 15 ივნისს უნდა გადაეხადა მოპასუხეს ნასყიდობის საფასური. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2014 წლის 15 ივნისის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და მოსარჩელეს გაშვებული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზეა იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრედიტორისათვის 2014 წლის 15 ივნისს როდესაც უკვე მოახდინა მოძრავი ნივთების მყიდველისათვის გადაცემა ცნობილი იყო დავალიანების შესახებ, მაგრამ რაიმე სახის ღონისძიება დავალიანების ამოღების მიზნით 2017 წლის 16 ივნისამდე არ განუხორციელებია, ამასთან, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში არც მოვალეს უღიარებია რაიმე წესით დავალიანების არსებობა და არ გამოუთქვამს მზადყოფნა მისი დაფარვის თაობაზე.

 

მოთხოვნის აღიარებად ითვლება მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ვალდებული პირის მიერ მოვალეობის აღიარებაში იგულისხმება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებები, რითაც გამოხატულია მისი ნება ვალდებულების შესრულების შესახებ, მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ თანხის ნაწილის გადახდას ან ვალდებული პირის მოთხოვნას მომავალში თავისი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ან ამ ვალდებულებების სხვადასხვა პირობებით შესრულების შემოთავაზება. ყველა სხვა

 

მისი მოქმედება, კერძოდ კი უმოქმედობა არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. ვალის აღიარებად მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება. თუ წერილობითი დოკუმენტებიდან ან მისი მოქმედებებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ვალის აღიარებად არ ჩაითვლება მოლაპარაკებები საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, თუ ასეთი მოლაპარაკებების დროს მოვალემ სრულიად ნათლად არ აღიარა ვალის არსებობა. მოპასუხის მხრიდან მსგავსი სახით მოთხოვნის (მოვალეობის) აღიარება არ მომხდარა, რაც გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად პირს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ გვაქვს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ მოძრავი ნივთები მოპასუხეს გადასცა - 2014 წლის 15 ივნისს და სწორედ 2014 წლის 15 ივნისს უნდა გადაეხადა მოპასუხეს ნასყიდობის საფასური. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ შეძენილი საქონელის ღირებულება შპს „ტ--------- მ“-ს უნდა გადეხადა მიწოდებული საქონლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილი 15.06.2017 წლის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად მოპასუხემ მოძრავი ნივთები მიიღო (ჩაიბარა) 01.07.2014 წელს, ანუ მათი შეძენიდან 15 დღის შემდეგ.

 

შპს „ბ--------------ი“-ს მიერ 2014 წლის 01 ივლისს, ანუ იმ დღეს, როდესაც შპს „ტ--------- მ“-მა ჩაიბარა შეძენილი საქონელი, გამოწერილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა-068441695. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას, რომ თანხის ანაზღაურება არა საქონლის შეძენისას, არამედ შემძენის მიერ მისი მიღების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლები, კერძოდ დადგენილია, რომ შპს „ტ--------- მ“-მა მოძრავი ნივთები (გარე ფასადის პენოპლასტი) შეიძინა 15.06.2014 წელს, მაგრამ აღნიშნული საქონელი მიიღო (ჩაიბარა) 01.07.2014 წელს, ანუ შეძენიდან 15 დღის შემდეგ.

 

ასევე დადგენილია, რომ შპს „ტ--------- მ“-ს შეძენილი საქონლის ღირებულება შეძენის დღეს არ გადაუხდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის იყო დათქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე შემძენს მოსთხოვდა შეძენილი საქონლის ღირებულების წინასწარ გადახდას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა საქონლის შეძენის დღიდან (15.06.2014), არამედ საქონლის შემძენის მიერ მისი მიღების დღიდან(01.07.2014), როდესაც შემძენს წარმოეშვა შეძენილი საქონლის თანხის გადახდის ვალდებულება

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

კერძოდ, დადგენილია რომ მხარეებს მოსარჩელე - შ--------------------“-ს და მოპასუხე შ---------------“-ს შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს შეძენილი საქონლის ღირებულება - 11 370 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 15 ივნისს, შ-----------------“-მა მისგან შეიძინა 11 370 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა მიწოდებული საქონლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა შ-----------------“-ს მიწოდებული საქონლის ღირებულება შ--------------------“ სათვის არ გადაუხდია (იხ. საქმის მასალები)

 

მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითებს, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ზედნადების ამოწერის დღიდან და არა საქონლის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია და იგი სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე უარს აცხადებს მოქმედების შესრულებაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 36-40)

 

4.2. მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა - 2017 წლის 16 ივნისს, ხოლო 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე განსჯადობის მოტივით.

 

განსახილველი სარჩელით შ--------------------“-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა - 2017 წლის 13 ივლისს (იხ. საქმის მასალები, ასევე განჩინება ტ.1, ს.ფ. 19-22 )

 

4.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ, რაიმე წერილობითი დოკუმენტი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ნასყიდობის საგნის გადაცემის ფაქტს ადასტურებს „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“, რომლის თანახმად, ზედნადები გამოწერილია 2014 წლის 15 ივნისს, ტრანსპორტირების დაწყების ადგილია - ქ. თბილისი, ა--–--ის N32, ზედნადებში ასევე მითითებულია, რომ ხდება ტვირთის ტრანსპორტირება, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც წარმოადგენს მყიდველის (მოპასუხის) საკუთრებას (იხ. ტ.1, ს.ფ. 18).

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ რაიმე არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ღირებულება უნდა გადაეხადა საქონლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო წარმოდგენილი სასაქონლო ელექტრონული ზედნადების პირობებში და ზოგადად ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2014 წლის 15 ივნისს, რა დროსაც შედგენილ იქნა „სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------“.

 

4.4. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის საგანი მოპასუხეს გადასცა 2014 წლის 15 ივნისს, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა ასევე უნდა მომხდარიყო 2014 წლის 15 ივნისს (იხ. 4.3. პუნქტი), მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 16 ივნისს (იხ. 4.2. პუნქტი), შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სარჩელი აღძრულია სამწლიანი ვადის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარს აცხადებს თანხის გადახდაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შ-----------------“-სა და გ----------–------ს შორის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 25.03.2019წ. ხელშეკრულება. ასევე 04.04.2019წ. საგადახდო დავალება N464, რომლითაც დასტურდება, რომ შ-----------------“-ის მიერ, გენადი მალაყმაძისათვის გადახდილია ადვოკატის ჰონორარის თანხა 1470 ლარის ოდენობით (იხ. ტ.2). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე, კერძოდ, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული შეფასების შედეგად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 454 ლარის ოდენობით (11 370-ის 4%) გადახდა.

 

6.2. სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ--------------------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. მოსარჩელე შ--------------------“-ის შ-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 454 ლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან გვარამია