განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
330310018002605803
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/540-19, 330310018002605803

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ო-–---------------ე

წარმომადგენელი - რ-----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - დ---------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №1------ ბრძანება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ო-–---------------ესთან დაკავშირებით;

 

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო. მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო-–---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

მოსარჩელე ო-–---------------ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის მთავარი სამმართველოს აჭარის ოპერატიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შინაგან მინისტრის 2017 წლის 30 მაისის ბრძანებით მოსარჩელე ო-–---------------ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

 

აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება, დაცვა, ასევე პოლიციის კანონიერად და ეთიკურად ფუნქციონირება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების - პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებობდა დადასტურებული ობიექტური საფუძველი იმის მიჩნევისათვის, რომ მოსარჩელე ო-–---------------ის მიერ ჩადენილი იქნა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. პირის სამსახურიდან დათხოვნით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, რის გამოც აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №1------ ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებით.

 

აპელანტ ო-–---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე ო-–---------------ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ხოლო აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა (მსგავსი მტკიცებულება მოსარჩელე ო-–---------------ისათვის დღემდე უცნობია და იგი უშედეგოდ ცდილობს გაეცნოს ამ მასალებს). აპელანტის მითითებით, ამის საპასუხოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ განმარტა, თუ რატომ არ შეიცავდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის ბრძანება "დისციპლინური წესით დასჯისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ" შესაბამის დასაბუთებას ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლზე, რომლიც ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ: სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს სამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე 4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ: მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე 4 ნაწილის თანახმად, "თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას", ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით "ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს". ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებას და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტის მითითებით, აშკარად სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აშკარა სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოლეგი ფუტკარაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1------ ბრძანებით, შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის მთავარი სამმართველოს აჭარის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ო-–----------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 25 მაისის N9-ს დასკვნა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 732-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო დაეცვა ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხებოდა. საჯარო მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ო-–---------------ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი იქნა აპელანტ ო-–---------------ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი მასალები (საიდუმლო).გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მასალები შესწავლის შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1------ ბრძანების გამოცემისას, ო-–---------------ის მიერ ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოსცა აქტი მოსარჩელესთან/აპელანტთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-161-158 (კ-15), რომლის თანახმად, „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით... სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა (საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი)...მოხელე შეიძლება გათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი), თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ“...

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ოლეგი ფუტკარაძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ ასევე კანონიერია და გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო-–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი