განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2019
საქმის ნომერი
120310018002669970
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/ 122-19, 120310018002669970

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე---------------------–ი

 

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - მ-------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე---------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი N------------- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში N------------- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ე---------------------–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ბორჯომი სოფელი ბაკურიანი (ზონა: ბორჯომი, სექტორი: დ---------------) (ტ.1.სფ.11).

 

საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 04 მაისის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ე---------------------–ის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამ მიზნით, საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 მაისს N------ წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა 2018 წლის 4 მაისის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. სფ.12).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისადმი გაგზავნილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N------ წერილის თანახმად, სსიპ „საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილ იქნა ე---------------------–ის საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6------------, მდებარე ბორჯომი დ---------------. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. აღნიშნული წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და ამ მიზნით გაეგზავნა ე---------------------–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტ.1. სფ.14).

 

მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ბორჯომი კოდი 64, სექტორი ბ----------- საკრებულო კოდი 10, კვარტალი N05, ნაკვეთი N--- წარმოადგენს ედიკა ღანდოიანცის ოჯახის საკუთრებას (ტ.1. სფ.15).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა წარმომადგენელმა ე---------------------–ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ისე უთხრა უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი, რომლითაც ე---------------------–ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ეთქვა უარი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი 6------------ სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაადგინოს 6------------ სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა ნორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვა სახის გადაწყვეტილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ე---------------------–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ბორჯომი სოფელი ბაკურიანი (ზონა: ბორჯომი, სექტორი: დ---------------). (ტ.1.სფ.11).

 

საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 04 მაისის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, ე---------------------–ის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამ მიზნით, საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 მაისს N------ წერილით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. ამავე წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე გაეგზავნა ე---------------------–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 04 მაისის N--------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებია მიღება მოხდებოდა 2018 წლის 04 მაისის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.1. სფ.12, 14).

 

მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ბორჯომი კოდი 64, სექტორი ბ----------- საკრებულო კოდი 10, კვარტალი N05, ნაკვეთი N--- წარმოადგენს ე------------------ ოჯახის საკუთრებას (ტ.1. სფ.15).

 

დადგენილია, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს წერილსა და თანდართულ ე---------------------–ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირება არ მოუხდენია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ს.კ. 6------------ სააღრიცხო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება, დაადგინოს ს/კ 6------------ წინა სააღრიცხო ბარათით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით უდავოდ დადგენილია, რომ ე---------------------–ის განცხადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დღემდე არ მიუღია.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი აწესრიგებს მავალდებულებელი სარჩელის (23-ე მუხლის) საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოსცეს მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმა უკანონოა ან თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა აქტი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, რამაც შელახა ან დაარღვია მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მითითებული ნორმის მიხედვით, სარჩელი დასაბუთებულია, თუ დადგინდება აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონშეუსაბამობა, ან მისი გამოცემის ვადების დარღვევა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით აღძრული სარჩელის დასაბუთებულობის იმ წანამძღვრებს, რაც დადგენილია აღნიშნული კოდექსის 33-ე მუხლით (აქტის გამოცემაზე უარის უკანონობა ან შეცდომა დისკრეციაში), მას ამავე მუხლის მიხედვით, შეუძლია ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებით დაავალოს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან თვითონ მოაწესრიგოს სადავო საკითხი. ამასთან, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით და არსებით გამოკვლევას. ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად განსაზღვრულია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი. აღნიშნული კანონი ასევე ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი). მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის უფლებამოსილებას მიეკუთვნება საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე უდავოა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული განხორციელება იმ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება, სადაც მითითებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ განხორციელებულა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მაისს, საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ე---------------------–ის განცხადების და საქმის მასალების ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გადაგზავნის შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით გათვალისწინებულ ვადაში არც ადმინისტრაციული წარმოება ჩაუტარებია და არც რაიმე სახის აქტი გამოუცია. შესაბამისად, სახეზეა ე---------------------–ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხზე აქტის არ გამოცემის, ე.წ. უმოქმედობით უარის თქმის ფაქტი (ვირტუალური უარი).

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას მის მიერ გადასაწყვეტი საკითხის გადაწყვეტაზე და შესაბამისი აქტის გამოცემაზე. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა სზაკ-ის მე-12 მუხლით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, მან არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც სარჩელის მიზანს წარმოადგენს ბორჯომში, დ--------------–- მდებარე 5810.50 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6------------) რეგისტრაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ვირტუალური აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გაცემულ აქტის შინაარსზე. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის განცხადებაზე უმოქმედობა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევა, უდავოა, რომ ორგანოს არ აქვს შესწავლილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი განსახილველ შემთხვევაში არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის გადასაჭრელად საჭირო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ აქტის გამოცემის დავალებას, ვინაიდან სასამართლოს ეს უფლებამოსილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემყარება, რაც გამორიცხავს მმართველობითი ფუნქციების სასამართლო ორგანოებისათვის გადაკისრების შესაძლებლობას და მოაქცევს სასამართლოს იურისდიქციული, დავის გადამწყვეტი საქმიანობის საზღვრებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ე.წ. ვირტუალური აქტის ბათილად ცნობისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში 6------------ სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის დავალების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ უზრუნველყო სასამართლოს წინაშე იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამტკიცება, რომელიც საფუძველს შექმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი