განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.09.2019
საქმის ნომერი
330310018002773011
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002773011

საქმე N3ბ/1905-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

წარმომადგენლები - თ-----------–---–ი - ო------–---–ი; თ----- მ------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------ მ---------ე;

წარმომადგენელი - დ----------–---ძე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ზ------ მ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ზ------ მ---------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ------ მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის ES 9------------ ბრძანება, ზ------ მ---------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. დაევალა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ზ------ მ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

დაევალა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ზ------ მ---------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. მოთხოვნა, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის №-- ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით; ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის №- ბრძანება (ს.ფ. 85-86).

 

4.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №E----------------- წერილით ზ------ მ---------ეს ეცნობა, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეეთავაზა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ს--------- - ს---–---–ო ძალების დეპარტამენტის კ------ს მთავარი სამმართველოს გ---------ის ს--------- - ს---–---–ო სამმართველოს ა------ს ს----------ს---–---–ო განყოფილების მ-------------–---–-ს პოზიციაზე დანიშნვა. ზ------ მ---------ეს, 2018 წლის 2 აგვისტომდე მიეცა ვადა თანხმობის წარსადგენად, ხოლო მითითებულ ვადაში თანხმობის წარუდგენლობისას მოხდებოდა მისი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კადრების განკარგულებაში გადაყვანა (ს.ფ. 53-54).

 

4.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №E--------------- ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული იქნა ა------ს ს----------ს---–---–ო განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული (ს.ფ. 97-99).

 

4.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №5---- ბრძანებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2018 წლის პირველ აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, 2018 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს----------ს---–---–ო განყოფილების უფროსი (ს.ფ. 37).

 

4.5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანებით დამტკიცებული წესის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2018 წლის 2 დეკემბრიდან (ს.ფ. 14).

 

4.6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ს--------- - ს---–---–ო ძალების დეპარტამენტის კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის - გ------------------ს მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსისადმი გაგზავნილ, 2018 წლის 19 სექტემბრის №E--------------- წერილში მითითებული იქნა, რომ - ზ------ მ---------ე, მისი დაკვირვებით წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უაღრესად ამბიციურ ადამიანს, მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი იყო ხელმძღვანელი პირისათვის სრულიად შეუფერებელი ოპერატიულობის დაბალი დონე, რაც გამოიხატებოდა დროის არასწორ განაწილებაში, მიცემული დავალებების დაგვიანებით არაჯეროვნად შესრულებაში, არ იყო ენერგიული, პროფესიული კუთხით გააჩნდა სერიოზული ხარვეზი, რაც კონკრეტულად გამოიხატებოდა მასზე დაკისრებული ფუნქცია - მოვალეობებში სრულყოფილად ვერ გარკვევაში, რაც პირდაპირპროპორციულად აზიანებდა სამსახურის ინტერესებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ბაზის ზედაპირულ ცოდნაში, ძალიან უჭირდა საკუთარი შეცდომის აღიარება, ყოველთვის ცდილობდა სამსახურებრივი ჩავარდნის სხვაზე გადაბრალებას, 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში მას, როგორც უშუალო ხელმძღვანელს, არაერთხელ მიუცია შენიშვნა მისი მხრიდან ხელმძღვანელი პირისათვის შეუფერებელი უტაქტო გამონათქვამების გამოც. ყოფილა მისი მხრიდან რელიგიური და ეთნიკური ნიშნით თანამშრომელთა დაცინვის შემთხვევაც, რაზეც ასევე მის მიერ მოხდა რეაგირება, შემჩნეული ჰყავდა ტყუილის თქმაში. მშვიდ გარემოში ქონიათ საუბარი იმის თაობაზე, რომ მას და მოსარჩელეს უჭირდათ სხვადასხვა მიზეზით ერთად მუშაობა და მოსარჩელეს დაუფიქსირებია მზაობა საერთოდ წასულიყო სამსახურიდან, რაზეც იგი არ დათანხმდა და მოუწოდა, რომ მეტი ენთუზიაზმით და შემართებით გაეგრძელებინა მუშაობა და ყველანაირად დაუდგებოდნენ გვერდით.

 

მიუხედავად მის მიერ ზემოთქმული გარემოებისა, არასდროს მიაჩნდა მას საკუთარი თავი ამ უკანასკნელზე უკეთეს არც თანამშრომლად და არც მოქალაქედ. იგი მუდმივად ცდილობდა საკუთარი შეცდომებისა და ჩავარდნების აღიარებით, გაანალიზებით, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, კონსტრუქციული საუბრის და დიალოგის გზით, სამსახურში არსებული სუბორდინაციის პრინციპების დაცვითა და კანონმდებლობათა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით წინ წაეწია საქმე, ჰქონდა როგორც ძალიან კარგი კოლეგიური, აგრეთვე კარგი, მეგობრული ურთიერთობა, რაც დარწმუნებულია, რომ გააუმჯობესებდა სამსახურის ატმოსფეროს, თუმცა მთავარ წყალგამყოფად და ხელისშემშლელად დარჩა რიგი ფაქტორები, კერძოდ: იგი მუდმივად საკუთარი თავით და ნამუშევრით თვითკმაყოფილი იყო, ვერ ხედავდა სამსახურებრივ თუ ადამიანურ შეცდომებს და ხარვეზებს, რაზეც მიუთითებდა იგი, როგორც უშუალო ხელმძღვანელი პირი, რომელთა გამოსწორებაც საერთო სამსახურებრივ მაღალი ინტერესს წარმოადგენდა. დარწმუნებული იყო, რომ ეკუთვნოდა დაკავებული პოზიცია სამსახურში და რომ შეუცვლელი იყო, არ იყო საკმარისად მოტივირებული თანამშრომელი და მისი რწმენით, არც სასურველი შესაფერისი რესურსი გააჩნდა პროფესიული მომატების, სწორედ ამიტომ დააყენა ხელმძღვანელებთან საკითხი მისი დაქვეითების შესახებ (ს.ფ. 14).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ზ------ მ---------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს--------- -ს---–---–ო განყოფილების უფროსის თანამდებობა, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი - ზ------ მ---------ე დათხოვნილი იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2018 წლის 2 დეკემბრიდან. შესაბამისად, კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი გახდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, ხოლო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ შესაბამის ბრძანებაში შესაძლო გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო სამსახურის ლიკვიდაცია და არა თანამდებობის შემცირება, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა მოსარჩელის მიმართ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ იყო დაცული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სრული ლიკვიდაცია არ განხორციელებულა.

 

სასამართლომ საკითხზე მსჯელობის დროს განიხილა ის შესაძლო შემთხვევაც, რომ თუ მიჩნეული იქნება, მოსარჩელის განთავისუფლება და შემდეგ სისტემიდან დათხოვნა მოხდა რეორგანიზაციის გამო, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, დადგენილად მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის დროს არ მომხდარა ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის შტატის შემცირება და ასევე ამ განყოფილების გაერთიანება სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან, რითაც მოხდებოდა ორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან ერთ - ერთის თანამდებობაზე დანიშვნა, ხოლო მეორის მიმართ სხვადასხვა შეთავაზებების განხორციელება, ხოლო მისი დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში კადრების განკარგულებიდან მისი სისტემიდან დათხოვნა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისათვის შეერჩია და დაედგინა შესაბამისი თანამდებობის არსებობა - არარსებობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეეთავაზებინა შესაბამისი თანამდებობა. საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შერჩევის პროცედურა არ უწარმოებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის №E--------------- წერილით ზ------ მ---------ეს შეეთავაზა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ს--------- - ს---–---–ო ძალების დეპარტამენტის კ------ს მთავარი სამმართველოს გ---------ის ს--------- - ს---–---–ო სამმართველოს ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების მ-------------–---–-ს პოზიციაზე დანიშნვა. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია რეორგანიზაცია - ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე, კერძოდ 2018 წლის 30 ივლისს, მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება, რომლითაც ხდებოდა მოსარჩელის თანამდებობრივი დაქვეითება. სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 19 სექტემბრის №E--------------- წერილში მითითებული გარემოებები, კერძოდ ის, რომ თითქოს ზ------ მ---------ე არ იყო საკმარისად მოტივირებული თანამშრომელი და რაც ყველაზე მთავარია, მისთვის არ იყო კომფორტული ზ------ მ---------ესთან ერთად მუშაობა, რაც გახდა მიზეზი ხელმძღვანელობასთან მისი დაქვეითების საკითხის დაყენების და იმის წინაპირობა, რომ ზ------ მ---------ეს, ახლად შექმნილ კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილებაში უფროსის პოზიციაზე დასანიშნად შეთავაზება არ მიუვიდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ წერილში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია რეორგანიზაცია - ლიკვიდაციის დროს თანამშრომლის განთავისუფლების საკითხის განხილვისას. სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ლიკვიდაცია - რეორგანიზაციის დროს ადგილი ჰქონდეს ერთ შემთხვევაში იმ ფუნქციის განხორცილებაზე სრულიად უარის თქმას, რასაც ახორცილებდა ლიკვიდაციამდე დაწესებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში შტატების შემცირებას, ანუ იმ საშტატო ერთეულის გაუქმებას, რომელზეც იყო დასაქმებული მოსამსახურე. ხოლო რაც შეეხება წერილში მითითებულ გარემოებებს, საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები უნდა განხილულიყო შესაბამისი პროცედურების დაცვით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი და განმარტა, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.

 

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე. აპელანტის გამარტებით, სამსახურში მომხდარი რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლებით არის დარეგულირებული. სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული კანონის შესაბამისად, სადაც პირდაპირაა მითითებული სამსახურის მიერ განსახორციელებელი ქმედებები, კერძოდ, 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და აღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

ადმინისტაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული რეორგანიზაცია - ლიკვიდაციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა), მათ შორის მოსარჩელეც, აყვანილი იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტზე აპელირებით, წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია, მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. აპელანტის განმარტებით, სწორედ ეს უკანასკნელი დათქმა არეგულირებს რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დროს კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურეთათვის სამსახურის შეთავაზების საკითს. მისივე განმარტებით, კანონი იმპერატიულად უთითებს, რომ კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია (და არა სავალდებულო) დაინიშნოს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამსახურის მიერ დაცული და შესრულებულია აღნიშნული ნორმა და ზ. მ---------ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის N E--------------- წერილით გაეგზავნა შეთავაზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მ-------------–---–-ს პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეს განესაზღვრა ვადა შეთავაზებაზე წერილობითი ფორმით თანხმობის წარდგენისათვის და გაფრთხილებული იქნა მისი წარუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგზე.

 

წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ზ------ მ---------ეს დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 2 აგვისტომდე შეთავაზებაზე წერილობითი ფორმით თანხმობა არ განუცხადებია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი დატოვებული იქნა კადრების განკარგულებაში.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ზ------ მ---------ე სამსახურიდან გათავისუფლებამდე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. აპელანტის განმარტებით, სამსახურზე ამ პერიოდში ვრცელდებოდა სპეციალური კანონმდებლობა, კერძოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პირველყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, გასაჩივრდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში. რაც შეეხება მოთხოვნას, საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარზე.

 

შედეგობრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით მსჯელობს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ საკითხებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (2018 წლის 13 დეკემბრის რედაქცით) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე.“ 2018 წლის 22 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებული იქნა კანონიდან. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მეორე პუნქტის თანახმად, მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონი და ასევე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ერთნაირ რეგულირებას შეიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ გავრცელდება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ასევე, "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ №8 ბრძანების 39-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე აპელირებით, პალატა მიუთითებს, რომ მოსამსახურე (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელის, კონკრეტულ შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებისას აუცილებელია, ამ რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლება ჩაითვლება უკანონოდ.

 

პალატა მიუთითებს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამსახურეს, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტს გამოსცემს სამსახურის უფროსი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სრული ლიკვიდაცია არ განხორციელებულა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №E--------------- ბრძანებით, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა. აღნიშნული საშტატო ნუსხით კი ისევ იქნა გათვალისწინებული ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული, იგივე ფუნქცია - მოვალეობებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ლიკვიდაციისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები - სამსახურის ფუნქციონირების სრული შეწყვეტა, სალიკვიდაციო საქმიანობის განხორციელება და ქონების გადაცემა.

 

ამავდროულად, აღსანიშნავია რომ ლიკვიდაციის თუ რეორგანიზაციის დროს არ მომხდარა ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის შტატის შემცირება და ასევე ამ განყოფილების გაერთიანება სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან, რითაც მოხდებოდა ორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიდან ერთ - ერთის თანამდებობაზე დანიშვნა, ხოლო მეორის მიმართ სხვადასხვა შეთავაზებების განხორციელება, ხოლო მისი დასაქმების შეუძლებლობის შემთხვევაში კადრების განკარგულებიდან მისი სისტემიდან დათხოვნა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტებით, პალატას ცალსახად დადგენილად მიაჩნია სადავო აქტის უკანონობა, რადგან ადგილი არ ჰქონია ფაქტობრივად დაწესებულების ლიკვიდაციას, ხოლო რეორგანიზაციას არ მოყოლია იმ თანამდებობის არც გაუქმება და არც სხვა სტრუქტურულ ერთეულთან გაერთიანება, რაც შეუძლებელს გახდიდა მოსარჩელის, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნას. აღნიშნული გარემოება კი, პალატის მოსაზრებით, მართებულად გახდა სადავო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 ნოემბრის №ES 9------------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე - ზ------ მ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე. მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღდგენილ სამინისტროს მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" N8 ბრძანების 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის, აგრეთვე, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური.

 

ამდენად, კანონმდებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსამსახურის აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და განაცდური პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ცალსახად ჰქონდა ადგილი. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ------ მ---------ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება (ბრძანება) ცნო ბათილად, რაც ასევე გაზიარებულია სააპელაციო პალატის მიერ, პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კ------ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ა------ს ს--------- - ს---–---–ო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილშიც და განმარტავს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულდა.

 

7.4. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ ცალსახად არსებობს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №-ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -