განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
210210017001914429
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210017001914429

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/128-19 20 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ნ-----–ა ჯ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – თ----- ბ-----–----ი

წარმომადგენელი - ს----- ო---–----ა

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე თ----- ბ-----–----ისათვის მოსარჩელე ნ-----–ა ჯ-----–---–ის სასარგებლოდ 123 120 ( ას ოცდასამი ათს ას ოცი) ლარის და 12 898 (თორმეტი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-----–ა ჯ-----–---–ის სარჩელი მოპასუხეები თ----- ბ-----–----ის მიმართ 123 ლარის და 12 898 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 626-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:

 

5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც საბოლოოდ, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. სადავო სესხის ხელშეკრულებები იყო სარგებლიანი და უვადო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსესხებელი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს დაებრუნებინა სესხი, მოთხოვნიდან 3 თვის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, მოპასუხე თ----- ბ-----–----მა მოსარჩელე ნ-----–ა ჯ-----–---–ისაგან 2----–-–-------------ს ისესხა 1300 ლარი და 200 აშშ დოლარი, 2----–-–-- პ------–-----------–ს ისესხა 600 ლარი, 2----–-–-- 0------------–ს - 200 ლარი და 100 აშშ დოლარი, სულ - 2100 ლარი და 300 აშშ დოლარი.

 

9.2. მხარეები დამატებით ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი გაცემული იყო ერთ თვემდე ვადით, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების (თანხის დაბრუნების) კონკრეტული ვადა ხელწერილში მითითებული არ იქნა. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის 1%, რაც აისახა ხელწერილებში.

 

10. მოსარჩელის განმარტებით, სესხის გაცემიდან დაახლოებით ერთი-ორი თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სესხის თანხის დაბრუნება სარგებელთან ერთად, მაგრამ მოპასუხეს არც სესხზე სარგებელი და არც ძირი თანხა არ გადაუხდია.

 

11. სასამართლოში სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 04 მაისს.

 

12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

12.2. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

12.3. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).

 

12.4. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

12.5. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის სწორად განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული. მოთხოვნის ხანდაზამულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

12.6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებს.

 

12.7. სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხე თ----- ბ-----–----მა ნ-----–ა ჯ-----–---–ისაგან პირველი სესხი 2----–-–-------------ს (1300 ლარი და 200 აშშ დოლარი), ხოლო ბოლო სესხი (200 ლარი და 100 აშშ დოლარი) 2----–-–-- 0------------–ს მიიღო. მხარეები სადავოდ არ ხდიან ასევე, იმ გარემოებას, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა სარგებელთან ერთად მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა. უფრო მეტიც, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ იგი სესხებს ხანმოკლე ვადით - 10 დღით, არაუმეტეს 1 თვით, გასცემდა ხოლმე და ასე იყო თ----- ბ-----–----ის შემთხვევაშიც. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მან მოპასუხეს თანხის გადახდა მოსთხოვა. რის შემდეგაც იგი სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან თანხის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით კი, სარჩელით სასამართლოს მიმართა. (იხ: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

12.8. ამდენად სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე სესხის გაცემისდან 10 დღის, მაქსიმუმ, 1 თვის გასვლის შემდგომ სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშვა დარჩენილი დავალიანების დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა. სააპელაციო პალატა მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომელშიც სადავო იყო მოთხოვნის განხორციელებადობა ხანდაზმულობის გამო (იხ., სუსგ №ას-1219-1160-2014, 19 თებერვალი, 2015 წელი). დასახელებულ საქმეში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლით, რომლის დანაწესით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას და განმარტა, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. სასამართლო პრაქტიკის თავლსაზრისით მოხმობილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ კრედიტორმა მოვალის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 07.11.2013წ.-ს, ხოლო 2011 წლის იანვრის თვეში მან მოვალეს მოსთხოვა როგორც ძირითადი თანხის ისე, გადაუხდელი სარგებლის უკან დაბრუნება, რაც მოვალის მხრიდან არ შესრულდა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის თარიღად სასამართლომ მიიჩნია 2011 წლის იანვარი ანუ, ის დრო, როდესაც კრედიტორმა მოსთხოვა მოვალეს ვალის უკან დაბრუნება და ამ დროიდან წარმოეშვა მას სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულებას, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების არსებობა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამიტომ 2011 წლის იანვრიდან მოვალე უკვე არ იყო ვალდებული ყოველთვიურად ეხადა სარგებელი.“

 

12.9. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ნ-----–ა ჯ-----–---–ს მოპასუხის მიმართ მოთხოვნა წარმოეშვა არაუგვიანეს 2----–-–-- მ------- თვისა, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ - 2017 წლის 4 მაისს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნა სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად, იმავდროულად, ხანდაზმულია მოთხოვნა სესხის პროცენტზე (სარგებელი), გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

14. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

15. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ-----–ა ჯ-----–---–ი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი