განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
330100118002686988
ინსტანცია
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002686988

საქმე №1ბ/928-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ--------------–---

ადვოკატის: გ-----------------

მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ--------------–--- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-----------------–----------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-------------------------------–-------–------------–---------- შენობაში არსებული საერთო საცხოვრებელი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით, ბ--------–---------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ბ--------–----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ბ--------–----------, 2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე, იმყოფებოდა ქ. თ---–--–-----–--------------–----------------------------------------–-------–------------–- სადაც მან აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ნ-----------–---–- ყელიდან ჩამოგლიჯა ცეპი, ე.წ. „ბოლნისის ჯვარი“ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განხორციელებული ქმედების შედეგად, ნ-----------–---–- მიადგა 1000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ--------------–---- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ--------–----------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ნ-----------–---–--------------------------- ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობრივი ფაქტები არ დაფიქსირებულა და სასამართლოს მიერ არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება გამოკვლეულ ფაქტებსა და მოწმეთა ჩვენებებს. კერძოდ: ნ-----------–---–-------------------------- დამაჯერებლად დაადასტურეს ბ--------–----------ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი და ორივე მათგანმა ამოიცნო იგი, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, რაც დაადასტურეს კიდეც სასამართლო სხდომაზე. ასევე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ბ--------–----------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა არის ურთიერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ--------–----------ს ბრალეულობას.

აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ მომხდარი ძარცვის ფაქტი, რომელშიც ბრალდებულ ბ--------–----------ს მონაწილეობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ-----------–---–-- განაცხადა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, გ-–---------------------------------- იგი ფეხით გადაადგილდებოდა მეტროსადგურ „--------–------------------ მობილურ ტელეფონზე საუბრისას, დაზარალებულმა, მის წინ შეამჩნია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მის თვალწინ გაჩერდა, შემდეგ გვერდით ჩაუარა, მარცხენა მხრიდან მოუარა და ყელიდან ცეპი ჩამოგლიჯა. ნ-----------–---–-- განაცხადა, რომ იგი შეეცადა მამაკაცისთვის ხელი დაეჭირა, თუმცა ვერ მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა და კიბეებზე აირბინა. მან(დაზარალებულმა) დააგდო მობილური ტელეფონი, ჩანთა, გაეკიდა აღნიშნულ მამაკაცს კიბეებზე და მისდია 4------------------- ამასთანავე ყვიროდა, რომ გაეჩერებინათ, მაგრამ ვერ დაეწია. რაღაც მანძილის გავლის შემდეგ მას ქუდი აღარ ეხურა და როდესაც უკან მოიხედა იმის დასადგენად, კვლავ მიჰყვებოდა თუ არა ვინმე, მას სახეზე შეხედა. ნ-----------–---–-- ჩვენების თანახმად, გაქცეული პირი ავტოფარეხების უკან გადახტა და დაიკარგა. დაზარალებულმა დააზუსტა, რომ მისთვის უცნობმა პიროვნებამ ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი ბოლნისის ჯვრით. ორივე მათგანის ღირებულება დაახლოებით 1000 ლარს შეადგენდა. მისი თქმით, პიროვნებას ეცვა მოვარდისფრო-მოწითალო, საყელოიანი მაისური ღილებით, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოყავისფრო ფეხსაცმელი, თავზე კი შავი ფერის კეპი ეხურა, რომელიც თვალებს უფარავდა. იგი იყო საშუალო სიმაღლის - დაახლოებით 170 სმ, გამხდარი, მოგრძო ცხვირით, რომელსაც მუქი ფერის თმა უკეპიდან უჩანდა. მან, სირბილისას, წამიერად შეხედა სახეზე ახალგაზრდას და შეამჩნია, რომ სახეზე ლაქები ჰქონდა და ასევე წვერით იყო. ნ-----------–---–-- დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში და პირის ამოცნობაში მონაწილეობა. მისი განმარტებით, წარდგენილი სამი პიროვნებიდან, მთლიანი ვიზუალით და აღნაგობით ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება, რომელიც არის სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბ--------–----------. ამოცნობისას ბრალდებულს ლაქები და წვერი აღარ ჰქონდა, გაპარსული იყო. დაზარალებულმა ჯერ განაცხადა, რომ ბრალდებული მის წინ გაჩერდა, შემდეგ მარცხნიდან მოუარა და ჩამოწყვიტა ცეპი, მოსამართლის კითხვაზე კი განმარტა, რომ ჯერ დაეჯახა ახალგაზრდა მამაკაცი, შემდეგ შეჩერდა, გვერდი აუარა და მარცხენა მხრიდან ჩამოწყვიტა ცეპი. ასევე დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნა, რომ ბრალდებულს ამოცნობისას წვერი ჰქონდა, მაგრამ იმ სიდიდის არა, რაც შემთხვევის დროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ----------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, იმყოფებოდა ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც ქალბატონი დაინახა. ის მორბოდა, ყვიროდა „გაჩერდიო“ და შველას ითხოვდა. რ---------------- მივიდა მასთან და ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზედაც ქალბატონმა უპასუხა, რომ ძეწკვი ჩამოგლიჯეს ყელიდან. აღნიშნულმა ქალბატონმა დაურეკა საპატრულო პოლიციას, რომელიც მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება ბრალდებულს, მან გაირბინა მის წინ და კიბეებზე ავიდა. მას წითელი, ზოლიანი პერანგი და ჯინსები ეცვა, თავზე კეპი ეხურა და დაბალი წვერი ჰქონდა. მისი თვალები დაინახა, ხოლო სახეზე არანაირი ლაქები არ შეუმჩნევია. თავად რ---------------- კიბესთან ახლოს იმყოფებოდა, ხოლო დაზარალებული ქალბატონი გაქცეულ პიროვნებას კიბეებზე არ გაკიდებია, რადგან ვერ მოასწრო. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მან პირის ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა. ამოსაცნობ სამ პიროვნებას შორის იმყოფებოდა ის ახალგაზრდა, რომელმაც მის წინ გაირბინა შემთხვევის დღეს და რომელიც წარმოდგენილია სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის სახით. მოწმემ იგი ამოიცნო სახით და აღნაგობით. რ----------------- ასევე აღნიშნა, რომ ამოცნობის დაწყებამდე მას აჩვენეს მხოლოდ ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი, რის შემდეგაც დაიწყო ამოცნობა.

2018 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა სამართლდამცავებს მიუთითა, რომ ქ. თ---–--–-----–--------------–-------------------------------- დამაკავშირებელი ხიდიდან დაახლოებით 100 მეტრში ჩავიდა მეგობრის ავტომანქანიდან და ფეხით გაემართა ზემოაღნიშნული ხიდისკენ. ო------------–---–-- ქუჩის ჩასასვლელთან, დაზარალებულს მისთვის უცნობმა მამაკაცმა ყელიდან ჩამოგლიჯა ყელსაბამი და გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 მეტრში მდებარეობს ვალუტის გაცვლის პუნქტი და სახალხო აფთიაქი, რომლებზეც დამონტაჟებულია შემთხვევის ადგილისკენ მიმართული გარესათვალთვალო ვიდეოკამერები.

2018 წლის 20 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ნ-----------–---–-- მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან და მარცხნიდან მეორე პიროვნება (ბ--------–----------) სიმაღლით, სპეციფიკური აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, თვალის ფერით, ტუჩების მოყვანილობით, თმის ფერით, წვერით და ზოგადად ვიზუალით. მისივე განცხადებით, სწორედ მის მიერ ამოცნობილმა პიროვნებამ ჩამოგლიჯა მას ცეპი 2018 წლის 14 სექტემბერს.

2018 წლის 20 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე რ----------------- მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველი პიროვნება (ბ--------–----------) სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, თვალის ფერით, ტუჩების მოყვანილობით, თმის და წვერის ფერით და ზოგადი საერთო ვიზუალითა და აღნაგობით.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც აშკარად მიუთითებენ ბ--------–----------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, ისინი არ არის ერთმნეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეიცავენ არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის მაღალ სტანდარტს.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ნ-----------–---–-- მიერ მიცემული ჩვენება არ არის თანმიმდევრული და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. კერძოდ, ნ-----------–---–-- განმარტებით, მისთვის ცეპის წართმევამდე დააფიქსირა, რომ ბრალდებული მის წინ გაჩერდა, შემდეგ ჩაუარა, მარცხნიდან მიუახლოვდა და ჩამოწყვიტა ცეპი. მოგვიანებით კი დაადასტურა, რომ მას თავდაპირველად დაეჯახა ბრალდებული, რომელმაც შემდეგ გვერდი აუარა და მარცხენა მხრიდან ჩამოწყვიტა ცეპი. ასევე, დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულს ამოცნობისას წვერი გაპარსული ჰქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ და მოსამართლემ მოახდინეს აპელირება მის მიერ ბ--------–----------ს ამოცნობის ოქმზე, სადაც ერთ-ერთ ამოსაცნობ ნიშნად მითითებულია ბრალდებულის წვერი, მან განაცხადა, რომ ბრალდებულს ამოცნობისას წვერი ჰქონდა, მაგრამ არა იმ სიდიდის, რაც შემთხვევის დროს. ამასთან, მას სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია, რომ რაიმე კონკრეტული მახასიათებლებით და მათ შორის წვერით შეძლო ბრალდებულის ამოცნობა.

გარდა იმისა, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს, ასევე იგი არ არის შესაბამისობაში მოწმე რ----------------- ჩვენებასთან. ნ-----------–---–-- ორაზროვანი განმარტება ამოცნობის დროს ბრალდებულის სახეზე წვერის არსებობასთან დაკავშირებით, ეჭვის ქვეშ აყენებს მოწმე რ----------------- ჩვენებას და მის მიერ ამოცნობის ოქმში ასახულ ინფორმაციას, რომ მან ბ--------–---------- ამოიცნო წვერის ფერით. ასევე, დაზარალებულის განმარტებით, ცეპის ჩამოგლეჯის შემდეგ მან დააგდო მობილური ტელეფონი და დაედევნა ბრალდებულს, რომელიც გაიქცა კიბეებზე, იგი დაახლოებით 60-80 მეტრის მანძილზე გაჰყვა ბრალდებულს, თუმცა ვერ დაეწია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე რ---------------- მიუთითებს, რომ დაზარალებული კიბეებზე არ გაკიდებია ბრალდებულს. მოწმის განმარტებით, თვითონ იდგა კიბეებთან ახლოს, როდესაც ბრალდებულმა გაირბინა მის წინ, თუმცა დაზარალებული ქალბატონი გაჩერდა, უთხრა, რომ გაქცეულმა ახალგაზრდამ ცეპი ჩამოგლიჯა და შემდეგ საპატრულო პოლიციაში დარეკა.

გარდა ამისა, როგორც ნ-----------–---–-- განმარტა, როდესაც სახეზე შეხედა თავდამსხმელს, რაღაც ლაქები შეამჩნია. ხოლო ბრალდებულის სახეზე ლაქების არსებობა არ დაადასტურა რ----------------- და მიუთითა, რომ იმ პირს სახეზე ლაქის მსგავსი არაფერი ჰქონია. ასევე, ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის დაზარალებულისა და რ----------------- ჩვენება მათ მიერ ბრალდებულის ტანთმოსილი მაისურის აღწერის ნაწილშიც. ნ-----------–---–-- განმარტებით, დამნაშავეს ეცვა მოვარდისფრო-მოწითალო მაისური საყელოთი, ღილებით და არ უთქვამს, რომ მაისურს ჰქონდა ზოლები, რაც თავის ჩვენებაში აღნიშნა რ-----------------, რაც არსებობის შემთხვევაში ადვილად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო პირისათვის, რომელმაც გაქცეული პიროვნების წამიერად მოხედვისას, გარკვეული მანძილის მოშორებით მისი თვალის ფერიც კი დააფიქსირა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაზარალებულმა ნ-----------–---–-- და მოწმე რ----------------- ვერ შეძლეს სასამართლოს სხდომაზე მიეთითებინათ, თუ რა კონკრეტული და სხვა ამოსაცნობად წარდგენილი პირებისაგან განსხვავებული მახასიათებლებით ამოიცნეს ბ--------–----------. მათი აპელირება საერთო ვიზუალსა და აღნაგობაზე, არ არის საკმარისი პირის იდენტიფიცირებისათვის. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარმეოებას, რომ როგორც მოწმე რ----------------- განაცხადა, მას საგამოძიებო ორგანოში ჯერ წარუდგინეს ბ--------–----------ს ფოტოსურათი და ჰკითხეს: იყო თუ არა ის შემთხვევის ადგილიდან გაქცეული პიროვნება, ხოლო შემდეგ დაიწყო ამოცნობა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ამომცნობ პირს მიანიშნეს ამოსაცნობის ნიშან-თვისებებზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უარყოფილი, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ რ----------------სთან ჩატარებული ბრალდებულ ბ--------–----------ს ამოცნობა განხორციელდა საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის არსებითი დარღვევით.

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაზარალებულ ნ-----------–---–-- და მოწმე რ----------------- ჩვენებები და მათ მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმები. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამოცნობის ოქმებში ასახული ინფომაციის მომწოდებლები არიან თავად ნ-----------–---–ი და რ----------------, ასევე მათ შორის ნათლად გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები და პალატას შეექმნა საფუძვლიანი ეჭვი გამოძიების არაობიექტურად ჩატარების შესახებ, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში საეჭვოა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები დ-------------–---–------------–--------------–---–----------------------------–---–---------------------------------------------–-----------------–------ რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა. ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა წერილობით მტიცებულებებს, 2018 წლის 26 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ დ-------------–---–-- მიერ, ი/მ თ------------------- სავალუტო ჯიხურში, ნ--------–----------- ამოღებულ იქნა გარე სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული, 2018 წლის 14 სექტემბრის 17:30 საათიდან 18:20 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე.

2018 წლის 26 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ დ-------------–---–-- მიერ, სლოტკლუბ „----------–-------–-----–-–---–------ ამოღებულ იქნა გარესათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებული, 2018 წლის 14 სექტემბრის 17:30 საათიდან 18:20 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე.

2018 წლის 17 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ დ-------------–---–-- მიერ, შპს „ჯ------––----------------------- ამოღებულ იქნა აპარატში იმეიკოდით - 3--------------- 2018 წლის 14 სექტემბრის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულ G-- ნომერი და ამ ნომერზე, მითითებულ პერიოდში განხორციელებული შემავალი - გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, დაფიქსირებული ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების, ანძებისა და მათი ადგილმდებარეობის მითითებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ გარემოებებთან შესაბამისობაში ნაწილობრივ მოდის, თუმცა ჩანაწერების თანახმად, შეუძლებელია როგორც უშუალოდ ძარცვის ფაქტის, ასევე მასზე ასახული პირების იდენტიფიცირება. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ბ--------–----------ს მიერ ჩადენის დამადასტურებელი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ვერ უზრუნველყო ბრალდების მხარემ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბ--------–----------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ბ--------–----------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ--------------–--- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ბ--------–---------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ--------–----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბ--------–----------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ვიდეოჩანაწერები ჩაწერილი 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ბ--------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი შავი ფერის მობილური ტელეფონი „ნოკია“, ფულადი თანხა 37 ლარის ოდენობით, 1 (ერთი) ცალი სათვალე, 1 (ერთი) ცალი სამგზავრო ბარათი „მეტრომანი“ და პატარა ზომის მაკრატელი, ასევე, ბ--------–----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი