განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/ 1562-18, 330310015001034684
განჩინება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ------ კ--------ა (ფ------–ი ბ---------ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავარი პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. თ------ კ--------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------ კ--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ფ------–ი ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებითა და 228-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა უ------------------–--------------. ყაჩაღობის ჩადენის ნაწილში კი სასამართლომ საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
2.2. გარდაბნის რაიონის პროკურატურაში ჩატარებული დამატებითი გამოძიების შემდგომ ფ------–ი ბ---------ის მიმართ ყაჩაღობის ჩადენის ბრალდებით საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში.
2.3. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით ფ------–ი ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა 9-–-–---------------–-------------- მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
2.4. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.
2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე შეტანილი საზედამხედველო საჩივარი და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე შეტანილი საკასაციო საჩივარი.
2.6. ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, 2003 წლის 7 მაისს, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, საკასაციო პალატამ მიიღო განჩინება საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ.
2.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 16 ივნისის განჩინებით (საქმე №---------------) გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ფ------–ი ბ---------ის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში; ასევე გაუქმდა მის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ხულიგნობის ბრალდების ნაწილში ფ------–ი ბ---------ის მიმართ დარჩა უცვლელად. იმის გამო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხულიგნობა) მისჯილი სასჯელი - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მოხდილი ჰქონდა, ფ------–ი ბ---------ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.8. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე ფ------–ი ბ---------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, გამოიტანა 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან გასული იყო მისი ბრალდებულად პასუხისგებაში ყოფნის 24-თვიანი ვადა (ს.ფ. 135-138).
2.9. ფ------–ი ბ---------ი 2----–-–---------------- გარდაიცვალა რომლის უფლებამონაცვლედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, ცნობილ იქნა თ------ კ--------ა (ს.ფ. 83-85, 95-101).
3. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 42-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 1005-ე, 1008-ე მუხლებით.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება სამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, პირმა სწორედ კანონით დადგენილ ვადაში უნდა განახორციელოს საკუთარი უფლების დაცვა და რეალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებული ხდება მხოლოდ მეორე მხარის კეთილ ნებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ ართმევს პირს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
4.2. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ------–ი ბ---------ის მიმართ უკანონოდ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში, თუმცა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს და
რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, გამოტანილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2003 წლის 16 ივნისს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული პერიოდიდან პირისათვის უკვე ცნობილი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის, პატიმრობაში უკანონოდ ყოფნისა და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე; სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 2015 წლის 13 ივლისს, საერთო 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ------–ი ბ----------ს უფლებამონაცვლემ თ------ კ--------ას წარმომადგენელმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ფ------–ი ბ---------ის მიმართ მიღებული აქტი არ არის გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნული განაჩენით გაუქმდა ფ------–ი ბ---------ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა გენერალურ პროკურატურას. შესაბამისად, ფ------–ი ბ---------ის მიმართ არ დამდგარა მისი უდანაშაულობის ფაქტი მკვლელობისა და ყაჩაღობის ნაწილში.
5.2. აპელანტი მიუთითებს, რომ რუსთავის საოლქო პროკურატურის 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება ფ------–ი ბ---------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, იგი წარმოადგენს იურიდიულ აქტს, რითაც დადასტურდა ბ---------ის უდანაშაულობა მკვლელობისა და ყაჩაღობის ნაწილში. ამდენად, აპელანტის მითითებით სწორედ 2006 წლის 26 ივლისიდან უნდა აითვალოს სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის 10 წლიანი ვადა.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ფ------–ი ბ---------ის უფლებამონაცვლის თ------ კ--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ფ------–ი ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებითა და 228-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა უ------------------–--------------. ყაჩაღობის ჩადენის ნაწილში კი სასამართლომ საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
7.2. გარდაბნის რაიონის პროკურატურაში ჩატარებული დამატებითი გამოძიების შემდგომ ფ------–ი ბ---------ის მიმართ ყაჩაღობის ჩადენის ბრალდებით საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში.
7.3. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის განაჩენით ფ------–ი ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა 9-–-–---------------–-------------- მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
7.4. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.
7.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე შეტანილი საზედამხედველო საჩივარი და საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე შეტანილი საკასაციო საჩივარი.
7.6. ზემოაღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, 2003 წლის 7 მაისს, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, საკასაციო პალატამ მიიღო განჩინება საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ.
7.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 16 ივნისის განჩინებით (საქმე №---------------) გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ფ------–ი ბ---------ის მიმართ განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში; ასევე გაუქმდა მის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 16 სექტემბრის განაჩენი ხულიგნობის ბრალდების ნაწილში ფ------–ი ბ---------ის მიმართ დარჩა უცვლელად. იმის გამო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხულიგნობა) მისჯილი სასჯელი - ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მოხდილი ჰქონდა, ფ------–ი ბ---------ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
7.8. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ------–ი ბ---------ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, გამოიტანა 2006 წლის 26 ივლისის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან გასული იყო მისი ბრალდებულად პასუხისგებაში ყოფნის 24-თვიანი ვადა (ს.ფ. 135-138).
7.9. ფ------–ი ბ---------ი 2----–-–---------------- გარდაიცვალა რომლის უფლებამონაცვლედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, ცნობილ იქნა თ------ კ--------ა (ს.ფ. 83-85, 95-101).
8.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
8.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
8.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობისა, ხანდაზმული მოთხოვნა სასამართლოს მიერ არ დაექვემდებარება დაკმაყოფილებას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
8.4. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადა უკავშირდება სამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, პირმა სწორედ კანონით დადგენილ ვადაში უნდა განახორციელოს საკუთარი უფლების დაცვა და რეალიზება, წინაღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელება დამოკიდებული ხდება მხოლოდ მეორე მხარის კეთილ ნებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა არ ართმევს პირს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
8.5. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, გამამართლებელი განაჩენი რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე და რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს, გამოტანილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2003 წლის 16 ივნისს; შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან პირისათვის უკვე ცნობილი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის, პატიმრობაში უკანონოდ ყოფნისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე; აღნიშნული სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2015 წლის 13 ივლისს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს ფ------–ი ბ---------ის უფლებამონაცვლე თ------ კ--------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს თ------ კ--------ას (ფ------–ი ბ---------ის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე