განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 330100118002646212
საქმე № 1ბ/1029-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
12 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
გ------- კ--–-----ე, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ--------------–------–-----------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------–-.
ადვოკატი: კ---- კ-----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ------- კ--–-----ეს წარედგინა შემდეგი ბრალდება: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენით გ------- კ--–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ ამავე კვალიფიკაციით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151 მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის ნასამართლევი გ------- კ--–-----ე, 2018 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე თბილისი, რ-------------------------------------------–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ---- ლ----ეს. ასევე 2018 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, გ------- კ--–-----ე მობილური ტელეფონის საშუალებით, ქათამივით თავის წათლით და მოკვლით დაემუქრა თბილისი, რ-----------------------------------------–- მყოფ მეუღლე ნ---- ლ----ეს. დაზარალებულს ორივე შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------- კ--–-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ---- კ-----–---–მა და ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ------- კ--–-----ის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას უტყუარად არ დადგინდა კ--–-----ის ბრალი. კონკრეტულად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ თვითონ დაზარალებულმა მოუწყო პროვოკაცია მსჯავრდებულს, ხოლო დაზარალებულ ნ---- ლ----ეს ჩვენების მიცემისას არ უთქვავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების, კერძოდ მისი მუქარის გამო გაუჩნდა შიშის განცდა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივას და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში, გ------- კ--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარადგინა: დაზარალებულ - ნ---- ლ----ის, მოწმეების - ზ------ ლ----ის, ნ----- ლ----ის, გ------- ქა---–---------------------–--------------–-------------–---–-- ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, დაზარალებულ ნ---- ლ----ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აუდიო ჩანაწერი, ასევე ამ ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი.
მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მათი შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნით, რომლის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. გარდა ამისა სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამავე საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მიუთითა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე და განმარტა შემტეგი: ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
იხელმძღვანელა რა კანონის დასახელებული ნორმებითა და ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის დადგენისას დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
დაზარალებულმა ნ---- ლ----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ გ------- კ--–-----ესთან ერთად, დაახლოებით 13 წლის წინ შექმნა ოჯახი. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა. 2017 წელს, ბრალდებულის აგრესიული ქმედებებისა და მუქარის გამო განცხადებით მიმართა პოლიციას. გ------- კ--–-----ე დააკავეს ოჯახური დანაშაულის ბრალდებით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მცირე დროის განმავლობაში მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბრალდებულმა გააგრძელა მარიხუანას მოწევა (სწორედ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენდა ადრე მათ შორის კონფლიქტების გამომწვევ მიზეზს) და კონფლიქტებიც გაგრძელდა. 2018 წლის 15 აგვისტოს, იმყოფებოდნენ მის საცხოვრებელ სახლში. ამ დროს, სამზარეულო ოთახში განმარტოებით საუბრისას, გ------- კ--–-----ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ დანის პირზე დადიოდა და წიწილასავით წააცლიდა თავს. იმ მომენტში, ოჯახის წევრების სახლში ყოფნის გამო შედარებით მშვიდად იყო, თუმცა მუქარამ ძალიან შეაშინა, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო როდის დაკარგავდა ბრალდებული მოთმინებას და შეასრულებდა დანაპირებს. 2018 წლის 18 აგვისტოს მობილურ ტელეფონზე დაურეკა გ------- კ--–-----ემ და შერიგება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებული დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ--–-----ე საათობით ესაუბრებოდა მობილური ტელეფონით, განაგრძობდა მუქარის შემცველი სიტყვებით საუბარსა და გინებას. ტელეფონის გათიშვას ვერ ბედავდა, რადგან გ------- კ--–-----ე დაჰპირდა, რომ თუ მასთან საუბარს შეწყვეტდა, სახლში მიაკითხავდა. მისივე განცხადებით თუ შეიტყობდა, რომ მას (ნ---- ლ----ეს) მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, ქათამივით წააცლიდა თავს. ხშირად უმეორებდა, რომ მის გამო 15 წელი ჩაჯდებოდა ციხეში. 2018 წლის 18 აგვისტოს, გ------- კ--–-----ესთან საუბრისას მობილური ტელეფონი ჩართული ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე და ბრალდებულის მუქარა მისი ოჯახის წევრებმაც გაიგონეს. გ------- კ--–-----ემ მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარა გ------- ქ----–--ესთან სატელეფონო საუბარშიც გაიმეორა. მან ბრალდებულის მუქარა ისე სერიოზულად აღიქვა, რომ ერთი კვირა სახლში ვერ მიდიოდა, რადგან ეშინოდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გამოძიებისთვის წარდგენილ აუდიოჩანაწერებში ესაუბრება გ------- კ--–-----ეს. მესამე პირი, რომელიც სატელეფონო საუბარში ჩაერთო, არის გ------- ქ----–--ე. ნ---- ლ----ემ დაადასტურა ასევე, რომ ორივე შემთხვევაში (2018 წლის 15 აგვისტოს შეხვედრისას და 2018 წლის 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას), სიტყვები „ქათამივით უნდა წაეცალოს თავი“, აღიქვა რეალურ მუქარად ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან, აგრესიულობიდან და საუბრის ტონიდან გამომდინარე. დაზარალებულის განმარტებით, გ------- კ--–-----ის თავისუფლებაში ყოფნისას მშვიდი ცხოვრება არ ჰქონდა, რადგან მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. შეშინებულმა სახლის კარს საკეტიც კი გამოუცვალა.
მოწმე ზ------ ლ----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნ---- ლ----ე მის შვილია, ხოლო გ------- კ--–-----ე არის სიძე - ნ----ს მეუღლე. ბრალდებულის მხრიდან ნ---- ლ----ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს პირადად არ შესწრებია, მაგრამ გ------- კ--–-----ე საუბარში არ უარყოფდა, რომ მეუღლეს ემუქრებოდა. ნ---- ლ----ისა და გ------- კ--–-----ის პირველ კონფლიქტში ჩაერია და შეარიგა ისინი. მოგვიანებით ურთიერთობა კვლავ აერიათ და მეუღლეებს შორის კონფლიქტები გაგრძელდა. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 15 აგვისტოს, ნ---- ლ----ე პირადად შეხვდა გ------- კ--–-----ეს და ცალკე ოთახში ესაუბრა. ამ დროს ოჯახში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. საუბრის დასრულების შემდეგ ნ---- ლ----ემ განაცხადა, რომ გ------- კ--–-----ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც არ უარყო ბრალდებულმაც, თუმცა აღნიშნა, რომ მუქარის მიუხედავად არ აპირებდა მის მოკვლას. ზ------ ლ----ემ ასევე დაადასტურა გ------- ქ----–--ის მობილური ტელეფონით საუბარი ბრალდებულთან, რა დროსაც გ------- კ--–-----ემ განაცხადა, რომ თავმოყვარეობა უნდა აღედგინა და ნ---- ლ----ე უნდა მოეკლა (წიწილივით წავაცლი თავსო). ნ---- ლ----ეს მუქარის შეეშინდა, რადგან ბრალდებული არაადეკვატური იყო. გ------- კ--–-----ესთან სატელეფონო საუბრისას, ნ---- ლ----ემ მიკროფონი ჩართო და მთელმა ოჯახმა გაიგონა ბრალდებულის მუქარა.
მოწმე ნ----- ლ----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი და (ნ---- ლ----ე) და სიძე (გ------- კ--–-----ე) დაახლოებით 12 წლის წინ შეუღლდნენ. 2017 წლის დეკემბრის თვეში, გ------- კ--–-----ე მეუღლეზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ ბრალდებული დაჟინებით მოითხოვდა შერიგებას. გ------- კ--–-----ემ არაერთხელ დადო პირობა, რომ მარიხუანას აღარ მოიხმარდა და მეუღლეს არ დაემუქრებოდა. ბრალდებულმა პირობა დაარღვია, კვლავ მოიხმარა მარიხუანა და გააგრძელა ნ---- ლ----ის მიმართ მუქარა. დაზარალებული მიხვდა, რომ მეუღლეს ვერ გამოასწორებდა და დასცილდა. 2018 წლის 15 აგვისტოს, ნ---- ლ----ე და გ------- კ--–-----ე ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს. შეხვედრისას ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. ნ---- ლ----ე და გ------- კ--–-----ე სამზარეულო ოთახში საუბრობდნენ, თუმცა მათი ხმა კარგად ესმოდა. გ------- კ--–-----ე დაჟინებით ითხოვდა შერიგებას, ამავე დროს დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ დანის პირზე დადიოდა და ყელს გამოჭრიდა. ბრალდებული დაბალი ხმით საუბრობდა, მაგრამ ვინაიდან სამზარეულოს კარი არ გააჩნია, ყველაფერი გაიგონა. გ------- კ--–-----ემ გ------- ქ----–--ესთან საუბარში აღიარა, რომ ნ---- ლ----ეს დაემუქრა. ნ---- ძალიან შეშინებული იყო, სახლში მარტო დარჩენა არ უნდოდა. 2018 წლის 18 აგვისტოს, გ------- კ--–-----ე დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ნ---- ლ----ეს. ემუქრებოდა, რომ ტელეფონს თუ გათიშავდა, მიაკითხავდა და მოკლავდა. შეშინებული ნ---- სახლში ვერ მიდიოდა. სატელეფონო საუბარში მისი მეუღლე (გ------- ქ----–--ე) ჩაერია და ბრალდებულს ჰკითხა თუ რას ედავებოდა მეუღლეს. გ------- კ--–-----ემ უპასუხა, რომ პატივმოყვარეობის აღდგენა უნდოდა და ქათამივით თავი უნდა წაეცლია ნ---- ლ----ესთვის. ამ დროს ტელეფონი მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ოჯახის ყველა წევრს ესმოდა ბრალდებულის მუქარა.
მოწმე გ------- ქ----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის ზაფხულის თვეში (რიცხვი არ ახსოვს) გ------- კ--–-----ესთან საუბრის შემდეგ ნ---- ლ----ემ უთხრა, რომ ბრალდებული მოკვლით დაემუქრა. მოწმე გ------- ქ----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულთან მობილური ტელეფონით საუბრისას, ნ---- ლ----ემ ჩართო მიკროფონი და გაიგონა გ------- კ--–-----ის მუქარა. მობილური ტელეფონი გამოართვა ნ---- ლ----ეს და თვითონაც ესაუბრა ბრალდებულს, რა დროსაც გ------- კ--–-----ემ მეუღლის მიმართ მუქარა გაიმეორა. ნ---- ლ----ე შეშინებული იყო და ხმა არ ამოუღია. ბრალდებულის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან გ------- კ--–-----ე მსგავსი ქმედებისთვის ნასამართლევი იყო წარსულში.
2018 წლის 11 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამოძიების პროცესში დათვალიერდა, დაზარალებულ ნ---- ლ----ის მიერ გამოძიებისთის მიწოდებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც ნ---- ლ----ის განმარტებით არის მისი საუბარი ყოფილ მეუღლესთან - გ------- კ--–-----ესთან. სატელეფონო საუბრისას გ------- კ--–-----ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ნ---- ლ----ეს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, უკმაყოფილებას და აგრესიას გამოხატავს იმის გამო რომ ციხეში ჩასვეს, ეუბნება დაზარალებულს, რომ ყველაფრის ღირსია, რაც გაუკეთა და ტელეფონის გათიშვის შემთხვევაში „ცხოვრებიდან გათიშვით“ ემუქრება. გ------- კ--–-----ე: „..ყ... მკიდიხარ, რა მინდა და დედას მოგ... მე გითხარი მილიონჯერ ყურმილს რო დამიკიდებ“. საუბარში ერთვება ნ---- ლ----ის სიძე გ------- ქ----–--ე, რომელსაც გ------- კ--–-----ე ეუბნება, რომ დაზარალებულს თავი უნდა წაეცალოს, რაც მის თავმოყვარეობას აღადგენს - „რა უნდა გაკეთდეს და ქათამივით თავი უნდა წაეთალოს“; „რისი ღირსი არი იმას მიიღებს და აღდგება ჩემი თავმოყვარეობა“. ბრალდებული გინებითა და უცენზურო სიტყვებით არაერთგზის მიმართავს დაზარალებულს და ასევე არაერთხელ ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დათვალიერების ოქმი და მასში მითითებული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია ნივთიერ მტკიცებულება - კომპიუტერულ დისკზე დაფიქსირებულ აუდიო ჩანაწერის შინაარსთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის #1/89-18 განაჩენით, გ------- კ--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და მიექცა აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენით დასტურდება, რომ გ------- კ--–-----ე გასამართლებულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით აქვს სრულად მოხდილი, ამავდროულად კანონის თანახმად ითვლება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად.
სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ამ მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს პირადი საუბრისას და 2018 წლის 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას, გ------- კ--–-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნ---- ლ----ეს. ამავე დროს, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერით, ბრალდებულის აგრესიული ტონით და უშუალოდ ნ---- ლ----ის განმარტებებით დაადგინა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ მოყვანილ დასკვნას და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებების, უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა სასამართლოს წარუდგინა. ამავდროულად, პალატა აფასებს რა დაზარალებულ ნ---- ლ----ის, მოწმეების - ზ------ ლ----ის, ნ----- ლ----ისა და გ------- ქ----–--ის ჩვენებებს აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და თანმიმდევრულია. ისინი იდენტურად აღწერენ გ------- კ--–-----ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებს. ნ---- ლ----ემ, ზ------, ლ----ემ, ნ----- ლ----ემ და გ------- ქ----–--ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს, გ------- კ--–-----ე და ნ---- ლ----ე საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული მთელი საუბრის განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შესახებაც შეხვედრის დასრულებისთანავე შეატყობინა ოჯახის წევრებს. მოწმე ნ----- ლ----ემ დაადასტურა, რომ გ------- კ--–-----ე და ნ---- ლ----ე სამზარეულო ოთახში, საუბრობდნენ, რომელსაც კარი არ აქვს და მკაფიოდ გაიგონა ბრალდებულის მუქარის შემცველი სიტყვები. მოწმეებმა ასევე ცალსახად მიუთითეს, რომ ბრალდებული არ მალავდა მუქარის ფაქტს ყოფილი მეუღლის მიმართ. ნ---- ლ----ის, ზ------, ლ----ის, ნ----- ლ----ისა და გ------- ქ----–--ის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს, გ------- კ--–-----ე მობილური ტელეფონით ესაუბრა ნ---- ლ----ეს, რა დროსაც გაუმეორა მუქარის შემცველი სიტყვები, რომ დაზარალებულს ქათამივით წააცლიდა თავს და ამით შელახულ რეპუტაციას აღიდგენდა. ნ---- ლ----ეს მობილური ტელეფონი ხმოვან რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და ოჯახის ყველა წევრმა გაიგონა ბრალდებულის მუქარის შემცველი სიტყვები. გ------- ქ----–--ემ დაადასტურა, რომ იგი ჩაერთო გ------- კ--–-----ისა და ნ---- ლ----ის სატელეფონო საუბარში. ჰკითხა ბრალდებულს თუ რა პრეტენზია ჰქონდა დაზარალებულთან, რაზედაც გ------- კ--–-----ემ განუცხადა, რომ ქათამივით უნდა წაეცალა თავი ნ---- ლ----ესთვის და შელახული რეპუტაცია აღედგინა.
ამავე მტკიცებულებების შინაარსის თანხვედრია აუდიოჩანაწერის გაშიფრული ტექსტი. საუბარში ბრალდებული „ცხოვრებისგან გათიშვითა“ და ქათამივით თავის წათლით ემუქრება დაზარალებულს, არაერთგზის აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებს უშვერი სიტყვებით. ანალოგიურ მუქარის შემცველ სიტყვებს იმეორებს გ------- კ--–-----ე საუბარში ჩართულ მამაკაცთანაც.
ამდენად, სააპელაციო პალატაც უტყუარად დადგენილად მიიჩნევ, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს პირადი შეხვედრისას და 18 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას გ------- კ--–-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ---- ლ----ეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო საჩივრით და სასამართლოში მისი განხილვისას პრაქტიკულად სადავოდ არც გამხდარა. დაცვა აპელირებდა, რომ ამ ხასიათის საუბარი განაპირობა დაზარალებულის პროვოკაციამ. ამავდროულად ამ უკანასკნელმა სასამართლოში არ დაადასტურა, რომ ამ საუბრის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატა აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს გ------- კ--–-----ე დაზარალებულს ემუქრებოდა სიტყვიერად, როგოც პირისპირ, ისე სატელეფონო საუბრებში. ამ ურთიერთობების ინიციატორი უმრავლეს შემთხვევებში იყო თვითონ, ანუ თვითონ ითხოვდა დაზარალებულისაგან ესაუბრა მასთან და გაერკვიათ ურთიერთობა. უფრო მეტიც, სატელეფონო საუბრისას კატეგორიულად ითხოვდა არ გაეთიშა ტელეფონი, თორემ სახლში მიადგებოდა. ამ ფონზე საფუძველს მოკლებულია მოსაზრება დანაშაულის პროვოცირების შესახებ, რამდენადაც დადგენილია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გ------- კ--–-----ემ ჩაიდინა მისივე ინიციატივით.
დაზარალებულმა ნ---- ლ----ემ, პროკურორის შეკითხვაზე რამდენად რეალური იყო ბრალდებულის მხრიდან გამოთქმული მუქარა, დაუყოვნებლივ და მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ მუქარის გამო ერთი კვირის განმავლობაში სახლში ვერ მიდიოდა და იძულებული იყო ბავშვებთან ერთად დასთან ეცხოვრა. თავის ჩვენებაში მან ახსნა კიდეც ამ გადაწყვეტილების მიზეზი. კერძოდ განაცხადა, რომ ბრალდებული სისტემატიურად მოიხმარს მარიხუანას რის გამოც ხდება აგრესიული და არაადეკვატური, ვერ აკონტროლებს ქცევას, რის გამოც მისგან ყველაფერი, მათ შორის ძალადობაც მოსალოდნელია. მაშინ, როდესაც კ--–-----ე საათობით ესაუბრებოდა მობილური ტელეფონით, განაგრძობდა მუქარის შემცველი სიტყვებით საუბარსა და გინებას, ის ტელეფონის გათიშვას ვერ ბედავდა, რადგან გ------- კ--–-----ე იმუქრებოდა, რომ თუ მასთან საუბარს შეწყვეტდა, სახლში მიაკითხავდა. სახლში მისვლა კი ნიშნავდა კარების ჩამომტვრევისა და მასზე თავდასხმის მცდელობას. ამრიგად, გამოთქმულ მუქარას ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან, აგრესიულობიდან და საუბრის ტონიდან გამომდინარე აღიქვავდა რეალურად. შეშინებულმა სახლის კარს საკეტიც კი გამოუცვალა.
მოწმე ზ------ ლ----ის ჩვენებით ნ---- ლ----ეს მუქარის ეშინოდა, რადგან გ------- კ--–-----ე არაადეკვატური იყო.
მოწმე ნ----- ლ----ემ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ გ------- კ--–-----ის მუქარის გამო ნ---- ძალიან შეშინებული იყო და სახლში მარტო დარჩენა არ უნდოდა. 2018 წლის 18 აგვისტოს, გ------- კ--–-----ე დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ნ---- ლ----ეს და ემუქრებოდა, რომ ტელეფონს თუ გათიშავდა, მიაკითხავდა და მოკლავდა. ამით შეშინებული ნ---- სახლში ვერ მიდიოდა.
მოწმე გ------- ქ----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მაშინ, როდესაც გ------- კ--–-----ე მობილური ტელეფონით საუბრისას დაემუქრა ნ---- ლ----ეს, ეს უკანასკნელი შეშინებული იყო და ხმა არ ამოუღია. მან კ--–-----ის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ის მსგავსი ქმედებისთვის ნასამართლევი იყო წარსულში.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კიდევ ერთხელ უთითებს დანაშაულის სპეციფიკაზე და განმარტავს, რომ იმ საკითხის გარკვევა გამოიწვია თუ არა მუქარამ მისი განხორციელების რეალური შიში, შესაძლებელია პირველ რიგში უშუალოდ დაზარალებულის მხრიდან მიღებული ინფორმაციით. ის ერთადერთია, ვისაც უტყუარად შეუძლია დაადასტუროს მუქარის რეალურად აღქმისა და მასში საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული არა მხოლოდ ადასტურებს ასეთი შიშის გაჩენის ფაქტს, არამედ სრულიად რეალური და დამაჯერებელი არგუმენტებით ხსნის მისი გაჩენის მიზეზს. ამავე დროს მისი ჩავენება შინაარსობრივად თანხვედრაში საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან. ამდენად პალატა არ ეთანხმება საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას და დადგენილად მიაჩნია, ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ნ---- ლ----ემ მის მიმართ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- კ--–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- კ--–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, სწორად დაასაბუთა სასჯელის გამოყენებისას გადასაწყვეტი საკითხები და მსჯავრდებულს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი გ------- კ--–-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- კ--–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ---- კ-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- კ--–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ---- კ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 მაისის განაჩენი გ------- კ--–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
გ------- კ--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- კ--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.
ცნობადაა მიღებული, რომ გ------- კ--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი