განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.09.2019
საქმის ნომერი
330310018002692148
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1429-19

N330310018002692148

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ს---–---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ს---–---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელე ს---–---------------ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 2005 წელს სტიქიური მოვლენის, კერძოდ, მეწყერის შედეგად და მას დღემდე არ მიუღია რაიმე სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 30 ნოემბრის N37/8196 წერილით ირკვევა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ს--------------------------–----------------------აში მცხოვრები ს---–---------------ის საცხოვრებელი სახლი მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს განვითარებული სტიქიური (მეწყერი) პროცესების ზემოქმედების შედეგად მკვეთრად დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია. ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით საჭიროა მისი ოჯახი გადაყვანილი იქნას გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე. აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლმა 2018 წლის 21 იანვარს შეადგინა გადამოწმების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ს---–---------------ის სახლს აღენიშნება ბზარები განვითარებული მეწყერით. მეწყრული პროცესები დაწყებულია 1970 წლებიდან და დღემდე აქტიურია. ს---–---------------ის განმარტებით, იგი უარს აცხადებს 25000 ლარით დაკმაყოფილებაზე და ითხოვს სრულ კომპენსაციას.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა----------------–------ი“-ს 2018 წლის 26 მარტის ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ს---–---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ს------------------------------------------აში, მიწის ნაკვეთებით და მრავალწლიანი ნარგავებით შეფასებულ იქნა 125580 ლარით (საბაზრო საორიენტაციო ღირებულება).

 

ს---–---------------ემ 2018 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა დასკვნა და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში განესაზღვრათ სარეიტინგო ქულა და დაფიქსირებულიყო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის N0-------ს წერილით არ დაკმაყოფილდა ს---–---------------ის 2018 წლის 18 სექტემბრის N9---- მოთხოვნა. ამასთან, მას განემარტა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის კანონით განსაზღვრული პროცედურები და მათი დაცვით განცხადების წარდგენის აუცილებლობა.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-32 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას.

 

მითითებული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. მე-2 მუხლის, მე-5 პუქნტის თანახმად, დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს---–---------------ემ 2018 წლის 18 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მის მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა დასკვნა და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების ფარგლებში - 125580 ლარის ოდენობით, განესაზღვრათ სარეიტინგო ქულა და დაფიქსირებულიყო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას არ შეუვსია ზემოთ მითითებული ბრძანებით დადგენილი წესების დაცვით განცხადება, შესაბამისად ის არ არის შეყვანილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა. როგორც საქმეში წარმოდგენილი გადამოწმების ოქმით და მხარის ახსნა-განმარტებით ირკვევა, იგი უარს აცხადებს 25000 ლარით დაკმაყოფილებაზე და ითხოვს სრულ კომპენსაციას, რაც მის მიერ წარდგენილი დასკვნით არის განსაზღვრული.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხის განსახილველად ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და პირობა, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვაა. მითითებულმა კანონმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის უფლება იმპერატიულად დაუკავშირა უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი განცხადებით მიმართვის ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. შესაბამისად, პირის საკუთრების უფლება სახელმწიფო დახმარებაზე წარმოიშობა, პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან და სწორედ ამ პერიოდიდან არის პირის მოთხოვნის უფლება ლეგიტიმური - კანონიერი, რომელიც საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ს---–---------------ეს მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის მიზნით დღემდე არ მიუმართავს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ბრძანებით დადგენილი წესების დაცვით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და, შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას. შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულ თანხაზე მეტი ოდენობით დააკმაყოფილოს მოსარჩელე.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს---–---------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ აქვს ზემოთ აღნიშნული კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ასკ-ის 331 მუხლზე და გადაწყვიტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის სახით კომპენსაციის - 125580 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაასაბუთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლები. მას წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები საცხოვრებელ სახლში ცხოვრებით გამოწვეული ზიანის საშიშროების თაობაზე, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ უნდა შეფასდეს, გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს 22.04.2019წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ (დანართი №1). აღნიშნული ნორმატიული აქტის 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. 1.3 მუხლის თანახმად კი, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

 

ზემოაღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით. 2.2 მუხლის თანახმად კი, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. 2.8. მუხლის თანახმად, დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად, ხოლო 2.10 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

მითითებული “წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

 

პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 4.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 4.3 მუხლის თანახმად კი, კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 18.09.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განმცხადებელმა, სამინისტროში წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების - 125580 ლარის ფარგლებში, მოითხოვა სარეიტინგო ქულის განსაზღვრა, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად დაფიქსირება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. სამინისტროს 21.09.2018წ. N0-------ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა ს---–---------------ის მოთხოვნა. მხარეს განემარტა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის კანონით განსაზღვრული პროცედურები და მათი დაცვით განცხადების წარდგენის აუცილებლობა.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხის განხილვის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებით და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვა. ამდენად, ეკომიგრანტის განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის უფლება იმპერატიულად უკავშირდება უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი განცხადებით მიმართვის ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. პირის უფლება სახელმწიფო დახმარებაზე, წარმოიშობა, მის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დღიდან და სწორედ ამ პერიოდიდან არის პირის მოთხოვნის უფლება ლეგიტიმური, რაც საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია.

 

საქმის მასალებით და თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით დადასტურებულია, რომ ს---–---------------ეს დადგენილი წესის დაცვით სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის არ შეუვსია შესაბამისი განცხადება, ამდენად, იგი არ იყო შეყვანილი ეკომიგრანტთა ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და არ ჰქონდა მინიჭებული სარეიტინგო ქულა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით შეთავაზებული თანხით - 25 000 ლარით დაკმაყოფილებაზე და იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესათავაზებელი თანხის ოდენობის მაქსიმუმს, მოსარჩელე კომპენსაციას ითხოვს წარდგენილ დასკვნაში მითითებული ოდენობით (შპს ,,ა----------------–------ის“ 26.03.2018წ. ექსპერტიზის დასკვნით, ს---–---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეფასებულია 125 580 ლარით).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ს---–---------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ზიანის სახით 125 580 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს---–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი