განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.05.2019
საქმის ნომერი
330310018002497973
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/08-19, 330310018002497973

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ო-–-------------ე

წარმომადგენელი - ბ--------–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №--- განკარგულება

 

დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ო-–------------ისთვის ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით, ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობების მოსარჩელის მიერ აშენების ფაქტი, ასევე არ დასტურდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ასევე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის N-------------- წერილის თანახმად, ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო-–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტებრივი გარემოებები

 

2017 წლის 05 ოქტომბერს, ო-–------------ემ N------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, შესწავლის მიზნით გადაგზავნილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. განცხადებას ერთვოდა: ო-–------------ის პირადობის მოწმობის ასლი, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (განცხადება), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, შენობის აზომვითი ნახაზები, ფოტოსურათები.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 20 იანვრის N----- მიმართვით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ, საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა ო-–------------ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და აგრეთვე ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68 (ს.ფ. 11, 105).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N-------------09 გადაწყვეტილებით, ო-–------------ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე (ს.ფ. 16-17).

 

ფიზიკური პირები - დავით რთველიაშვილი და შოთა რთველიაშვილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ადასტურებენ, რომ ო-–------------ე 1999 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებოებით, აღნიშნული პირები აცხადებენ თანხმობას, რომ ო-–------------ის სახელზე მოხდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ლეგალიზაცია/დაკანონება (ს.ფ. N92-95).

 

სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის N-------------- წერილის თანახმად, ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2) (ს.ფ. 67-68).

 

შპს „ე---------------–----------“ 2018 წლის 18 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ზაჰესი, ავ---–-----------–--–ი N68-ში განთავსებულია ერთსართულიანი კომერციული ტიპის შენობა-ნაგებობები. აღნიშნული შენობა-ნაგებობები აშენებულია კომბინირებული მასალით, გამოყენებულია ანაკრები რკინა-ბეტონის პანელოვანი ფილები, სიმკარები, სილიკატური აგური, წითელი აგური, სამშენებლო წვრილმარცვლოვანი ბლოკი, ხის კოჭები და ბუტა-ბეტონის კედლები. აღნიშნული შენობა-ნაგებობების მოძიებული მასალებისა და ადგილზე ჩატარებული კვლევის შედეგად წარმოადგენს საკმაოდ ხანდაზმულ ნაგებობებს. შენობები აშენებულია გასული საუკუნის 80-იანი წლებში. შენობებზე ნალექების შედეგად აღინიშნება შესაბამისი შეფერილობის კვალი, რაც დროთა განმავლობაში გადახურვის ელემენტებზე და კედლებზე იქნა გაჯერებული. აეროგადაფრენით ფოტოზე ფიქსირდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. არსებულ ტერიტორიაზე კვლევის შედეგად არ იქნა აღმოჩენილი ახალი ნაგებობა. შესაბამისად, ყველა შენობა-ნაგებობა აშენებულია გასული საუკუნის პერიოდში და განეკუთვნება ხანდაზმულ ნაგებობებს. კონსტრუქციული თვალსაზრისით ამჟამინდელი მდგომარეობით არ იქნა აღმოჩენილი ისეთი სახის რღვევის ნიშნები, რაც არსებულ შენობა-ნაგებობებს ეჭვქვეშ დააყენებდა (ს.ფ. 215-234).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №--- განკარგულებით ო-–------------ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე) საკუთრების უფლების აღიარებაზე (ს.ფ. 16-17).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო- სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. ამავე კანონის მე-51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა (რზ) - მოიცავას თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის კი ადგენს, რომ სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთით და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით იმ პირობებში, როდესაც რომ ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში. (რზ-2), მასზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება, რის გამოც არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

ო-–------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასმართლოში მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა სასაზღვრო მიჯნის არსებობა, ასევე 2007 წლამდე ო-–------------ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული გარემოება ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომაც. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ უფლებაასაღიარებელი ტერიტორია მდებარეობდა სარეკრეაციო ზონაში. აპელანტის მითითებით, ტერიტორიისათვის რეკრეაციო ზონის მინიჭების შესახებ მოსარჩელე მხარისათვის არ ყოფილა ცნობილი. ამაჟამად კი, ქ. თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მოცემული ტერიტორიისათვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

დავის ძირითად საგანს წარმოადგენს ო-–------------ის საკუთრების უფლების აღიარება სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ზაჰესი, ავ---–-----------–--–ი N68, საერთო ფართობი - 5693.00 კვ.მ.). მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო ურავ ქონებაზე ო-–------------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არ დგინდებოდა უშუალოდ მის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით. ასევე საქმის მასალებით არ დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები აშენებულია უშუალოდ გამცხადებლის მიერ. ამასთან, საქმეში წარდგენილი მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები ადასტურებენ განმცხადებლის მიერ არა მოთხოვნილ 5693.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს, არამედ 3060.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დადგინდეს აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკჯუთრების უფლების აღიარებას. ხსენებული საკანონმდებლო აქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების (მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტი).

 

ამავე კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა (მე-2 მუხლის ,,დ“ პუნქტი).

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, უფლებამოსილი პირის მიერ, საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ საფუძველს წარმოდგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე. კანონის ამოქმედა მოხდა 2007 წლის ივლისში. ამასთან, ხსენებული ფაქტობრივი გარემოება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს მაშინ, როდესაც აღნიშნულთან ერთად, კუმულატიური წესით, სახეზეა 1) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) განთავსება ან/და 2) უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრების ობიექტის მომიჯნავე ტერიტორიას და მისი ფართობი არ აღემატება საკუთრების ობიექტის ფართობს. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს ო-–------------ის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა დადგინდეს საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრა ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ო-–------------ემ 2017 წლის 05 ოქტომბერს, N------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ. განცხადებას ერთვოდა: ო-–------------ის პირადობის მოწმობის ასლი, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (განცხადება), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, შენობის აზომვითი ნახაზები, ფოტოსურათები. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, შესწავლის მიზნით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მაისის N-------------09 გადაწყვეტილებით, ო-–------------ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №--- განკარგულებით ო-–------------ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ზაჰესი, ა---–-----------–--–ი N68-ში მდებარე) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისა და სადავო აქტების კანონიერების დადგენის მიზნით სააპელაციო პალატა უპირველესად შეაფასებს ო-–------------ის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობისა და სარგებლობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ე---------------–----------“ 2018 წლის 18 აგვისტოს დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, ზაჰესი, ავ---–-----------–--–ი N68-ში განთავსებულია ერთსართულიანი კომერციული ტიპის შენობა-ნაგებობები. აღნიშნული შენობა-ნაგებობები აშენებულია კომბინირებული მასალით, გამოყენებულია ანაკრები რკინა-ბეტონის პანელოვანი ფილები, სინკარები, სილიკატური აგური, წითელი აგური, სამშენებლო წვრილმარცვლოვანი ბლოკი, ხის კოჭები და ბუტა-ბეტონის კედლები. აღნიშნული შენობა-ნაგებობების მოძიებული მასალებისა და ადგილზე ჩატარებული კვლევის შედეგად წარმოადგენს საკმაოდ ხანდაზმულ ნაგებობებს. შენობები აშენებულია გასული საუკუნის 80-იანი წლებში. შენობებზე ნალექების შედეგად აღინიშნება შესაბამისი შეფერილობის კვალი, რაც დროთა განმავლობაში გადახურვის ელემენტებზე და კედლებზე იქნა გაჯერებული. აეროგადაფრენით ფოტოზე ფიქსირდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. არსებულ ტერიტორიაზე კვლევის შედეგად არ იქნა აღმოჩენილი ახალი ნაგებობა. შესაბამისად, ყველა შენობა-ნაგებობა აშენებულია გასული საუკუნის პერიოდში და განეკუთვნება ხანდაზმულ ნაგებობებს. კონსტრუქციული თვალსაზრისით ამჟამინდელი მდგომარეობით არ იქნა აღმოჩენილი ისეთი სახის რღვევის ნიშნები, რაც არსებულ შენობა-ნაგებობებს ეჭვქვეშ დააყენებდა (ს.ფ. 215-234).

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტერიტორია ირგვლივ შემოფარგლულია ღობით, რომელსაც გააჩნია ცენტრალური შესასვლელი. აღნიშნული ღობის კონსტრუქცია შედგება კომბინირებული ელემენტებისაგან. კერძოდ, გამოყენებულია ლითონის ბადის ღობე ჩარჩოვანი ტიპის და ბლოკის წყობით ნაშენი კედლებით. წარმოდგენილი ღობე საკმარისად ხანდაზმულია, რასაც ადასტურებს ლითონის საყრდენი ძელების, ჩარჩოების კოროზიულობას და სიძველე. ხანდაზმულობის შედეგად აღენიშნება დეფორმაციების კვალი, განსაკუთრებით გზის მხრიდან, სადაც მრავალწლიანი ხის გაყოლებაზე ლითონის ღობე დეფორმირებულია და მოყოლილია ხის მერქანში. ასევე ტერიტორიის შემომფარგვლელ ღობეზე ჯდენითი პროცესებისა და ნალექების გაჯერების შედეგად აღენიშნება როგორც შეფერილობა, ისე ხანდაზმულობის შედეგად გამოწვეული ნიშნები და დეფორმაციების კვალი (ს.ფ. 219).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ფიზიკური პირების - დავით რთველიაშვილის და შოთა რთველიაშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ ო-–------------ე 1999 წლიდან ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ზაჰესი, ავ---–-----------–--–ი N68-ში მდებარე, 5693 კვ/მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული პირები აცხადებენ თანხმობას, რომ ო-–------------ის სახელზე მოხდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ლეგალიზაცია/დაკანონება (ს.ფ. N92-95).

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებს, რითაც უდავოდ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთს ჰყავს მოსარგებლე, თუმცა, რა პერიოდიდან - საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. საქმის მასალებით ასევე ვერ დგინდება, თუ ვის მიერ არის შემოღობილი მიწის ნაკვეთი და ვის მიერ არის აშენებული ამ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე - 2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი პროცედურით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, ო-–------------ესთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 19 აპრილის N553 განკარგულებით, ო-–------------ეს უარი უთხრა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარებაზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოვლევის ფაქტს, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის - ო-–------------ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული მტკიცებულებების, მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული განმარტება არ შეიცავს დათქმას, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობა აშენებული უნდა იყოს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელიც ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს და განსაზღვრავს იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. აპელანტის განმარტებით, უფლებაასაღიარებელ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები მის მიერ იქნა აშენებული საიჯარო საწარმო ავტოზაზსერვისის დაშლის შემდგომ. ასევე მის მიერ არის შემოღობილი აღნიშნული ნაკვეთი. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს თუ ვის მიერ არის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები აშენებული და უნდა გამოიკვლიოს მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობებზე ვრცელდება თუ არა ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი შეზღუდვები.

 

გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 20 მაისის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, უფლებაასაღიარებლად წარდგენილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი N72.12.02.362-ის მიმდებარედ) მდებარეობს სამრეწველო ზონა 1 (ს-1) და სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2).

 

ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის ქვითრებზე, რომლითაც დადგენილია, რომ ო-–------------ეს 2000 და 2002 წლებში გადახდილი აქვს დ. ზაჰესში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით სარგებლობის გადასახადი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული მსჯელობა კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური გაანალიზებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან დადასტურებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის N553 განკარგულება და უნდა დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან მიმართებით.

 

პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში ო-–------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია (100+150) 250 ლარი, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს ადმინისტრაციულ ორგანოს ო-–------------ის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ო-–------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ო-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 აპრილის №--- განკარგულება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ზაჰესი, ავ---–-----------–--–ი N68-ში მდებარე 5693 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო-–------------ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით;

 

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს 250 ლარის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის) გადახდა ო-–------------ის (პ/ნ0----------) სასარგებლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი