განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/445-19, 330310018002629507
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–-
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი-----–--------–------
წარმომადგენელი - ი-----–--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტთა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიხღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი-----–--------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №------- ბრძანება, არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №------ ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----–--------–------ აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №------ - თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის’’ 74-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, პოლიციის მაიორი - ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური გათავისუფლდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილედ. საფუძველი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის განკარგულება (ს. ფ. 15).
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბრის №------- პატაკის შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა მინისტრის განკარგულება, რათა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2014 წლის 17 სექტემბრიდან გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნან შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური (ს. ფ. 43).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №------- - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების თანახმად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ , ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. საფუძველი: სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს პატაკი (ს. ფ. 16).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №------ ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 იანვრის №120913 ბრძანების შესაბამისად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი - ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 20 იანვრიდან (ს.ფ. 17).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ირაკლი ქეთელაურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
სასამართლომ მიუთითა ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
იმავე ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ამავე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებითმ აღნიშნული ბრძანება განსხვავებულად აწესრიგებს სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის თუ თანამდებობიდან გათავისუფლების წესს. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
რაც შეეხება სსიპ-ის მოსამსახურეს, აღნიშნული ბრძანების 74-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.
სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №------ ბრძანებით, პოლიციის მაიორი - ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური გათავისუფლდა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილედ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტი (სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება). შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებებს, აღნიშნული აქტები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სსიპ მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, თუმცა მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ- ის ხელმძღვანელს, შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–--------–------ს თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულ უნდა იქნეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე. ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №------- ბრძანება ი-----–--------–------ს „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №------ ბრძანება მოსარჩელის „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია აღმოსავლეთის სამმართველო, რომლის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია ამავე დებულების მე-8 მუხლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----–--------–------ აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე მიანიჭა სსიპ -ის ხელმძღვანელსაც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების 74-ე მუხლით, რაც მისივე მოსაზრებით არ ნიშნავს, რომ მინისტრს არ გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
წარმომადგენელი ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით, რასაც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი”. აღნიშნული წესის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ისევე როგორც კადრების განკარგულებაში აყვანა, პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი წარმოადგენს კანონშესაბამისს და არ არსებობს სადავო აქტების არარად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
წარმომადგენელს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ არარა ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი იმთავითვე, გამოცემისთანავე ითვლება არარად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რა დროსაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს გონივრულობის, შესაბამისობის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, რომ სახელმწიფოს სახსრებიდან არ გაიცეს დაუსაბუთებელი ხარჯი და არ შეილახოს საჯარო ინტერესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკითვნებულ საკითხებს, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. დასაშინად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემს ბრძანებებს.
წარმომადგენელი აპელირებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე და მიაჩნია, რომ მინისტრი უფლებამოსილი იყო ხელი მოეწერა სადავო ბრძანებაზე.
აპელანტის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში -სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის ფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამსახურის გავლის წესს და პირობებს, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დასანიშნად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობს სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს.
აპელანტი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესი არის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც წესრიგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, იგი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართვლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. განმარტავს, რომ პოლიციის სამსახურების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აპელანტის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა წარმომადგენლის მოსაზრებით, თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რადგანაც ვერ დგინდება სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტი. ერთის მხრივ რატომ გამორიცხავს მინისტრის უფლებამოსილებას გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან და მეორეს მხრივ, თუ აღნიშნული ნორმა სასამართლოს მიაჩნია მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვად სსიპ-ის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, რატომ ვრცელდება იგი კადრების განკარგულებაში აყვანაზე. კერძოდ, კადრების განკარგულებაში პირის აყვანის საკითხს განსაზღვრავს საქართველოს საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლი, ხოლო სამსახურიდან დათხოვნას 35-ე მუხლი და აღნიშნული ურთიერთობები არ არის გაიგივებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, განაცდურის ანაზღაურების მითითებული საფუძვლით მიღება დაკავშირებულია აქტის უკანონოდ (ბათილად) ცნობასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს. კერძოდ, არარა აქტის შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოხელე არც გათავისუფლებულა თანამდებობიდან და ამ აქტს არ წარმოუშვია რაიმე სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, როდესაც სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილია აქტის არარად აღიარება, მოხელის მხრიდან არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს თანმდევი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ დადგინდა, რომ აქტი ნამდვილად არის არარა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს პირის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და საფრთხე შეექმნება სახელმწიფოს ბიუჯეტის სტაბილურობას, რადგან როგორც ცნობილია აქტის არარად აღიარებისათვის კანონმდებელი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–--------–------ სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების უფროსის მოადგილის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებს იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს, სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ირაკლი ნოდარის ძე ქეთელაური დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს. შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების იმ პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე ი-----–--------–------ს თანამდებობიდან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ი-----–--------–------ს თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების არარად აღიარების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ი-----–--------–------ს თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურის დანიშვნის საკითხი. ამასთან, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ი-----–--------–------ს სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, სრული მოცულობით, კერძოდ, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდისათვის.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი