განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210117001777504
საქმე № 2ბ/2737-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები – თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს ,,ბ-----ი“
წარმომადგენელი - დ-------- ღ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,უ–--“, შპს ,,ქ--------–---------------ი“
წარმომადგენელი - ნ------- ზ------ა, ბ--- ვ----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ბ-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–----------------ს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ,,საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულების“ ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ბ-----ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს შპს ,,ბ-----ის“ და ა-–---------- ნ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----იმ“ ა-–---------- ნ-----ს სესხის სახით გადასცა 40 000 აშშ დოლარი, 2016 წლის აპრილის თვის ბოლოს დაბრუნების პირობით, რომელსაც თავდებში ჩაუდგა ი-----–- ნ-----.
2015 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ბ-----ის“ და ა-–---------- ნ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----იმ“ ა-–---------- ნ-----ს სესხის სახით გადასცა 20 000 აშშ დოლარი, 2015 წლის დეკემბრის თვის ბოლოს დაბრუნების პირობით, რომელსაც თავდებში ჩაუდგა ი-----–- ნ-----.
2015 წლის 19 დეკემბერს შპს ,,ბ-----ის“ და ა-–---------- ნ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----იმ“ ა-–---------- ნ-----ს სესხის სახით გადასცა 30 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 19 მარტს დაბრუნების პირობით, რომელსაც თავდებში ჩაუდგა ი-----–- ნ-----.
2016 წლის 29 თებერვალს შპს ,,ბ-----ის“ და ა-–---------- ნ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ბ-----იმ“ ა-–---------- ნ-----ს სესხის სახით გადასცა 19 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 29 აპრილს დაბრუნების პირობით, რომელსაც თავდებში ჩაუდგა ი-----–- ნ----- (იხ. ტომი I, ს.ფ. 23-34);
6. უდავოა, რომ 2016 წლის 29 თებერვლის N160185117 სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა, 2016 წლის 10 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #160483839.
2015 წლის 6 ნოემბრის N151223040 სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა, 2016 წლის 10 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #160483964.
2015 წლის 1 დეკემბრის N151307004 სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა, 2016 წლის 10 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #160483777.
2015 წლის 19 დეკემბრის N151370711 სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსმა, 2016 წლის 10 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #160483914.
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებით დადგენილია, რომ მოვალე ა-–---------- ნ-----ს კრედიტორის შპს ,,ბ-----ი“-ს მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები ზემოაღნიშნული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებლო ფურცლების მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამში შეადგენდა: ძირითად თანხას - 105 000 აშშ დოლარს (იხ. ტომი I, ს.ფ. 35-46);
7. 2016 წლის 10 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები წარედგინა აღსასრულებლად კერძო აღმასრულებელს - ვ----– ო---------ეს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებლმა ყადაღა დაადო შპს ,,უ–--ში“ მოვალე ა-–---------- ნ-----ს 30%-იან წილს (იხ. ტომი I, ს.ფ. 47);
8. უდავოა, რომ 2016 წლის 7 მაისს გარდაიცვალა მოვალე ა-–---------- ნ----- და 2016 წლის 28 დეკემბერს ი---- ხ-------ის, ლ---- ნ-----ს, ი-----–- ნ-----სა და ლ--–-- ნ-----ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლ--–- ა-–---------- ნ-----ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
2016 წლის 28 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ, თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს შემდეგი სამკვიდრო ქონება: სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები (ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება), წილების სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე (ანგარიშზე) თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში), რომელიც მას გააჩნდა გარდაცვაკლების მომენტისათვის.
სამკვიდრო ქონებაში შევიდა შპს ,,უ–--ში“ გარდაცვლილ ა-–---------- ნ-----ს კუთვნილი 30%-იანი წილი, რაც ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 28 დეკემბერს აღირიცხა მემკვიდრეების ი---- ხ-------ის, ლ---- ნ-----ს, ი-----–- ნ-----სა და ლ--–- ნ-----ს სახელზე თანაბარწილად, თითოეულზე 7,5%-ის ოდენობით.
შესაბამისად დღეის მდგომარეობით შპს ,,უ–--“-ს პარტნიორებს წარმოადგენენ - ა---------– ხ-------ი 60% წილის ოდენობით, ა------ი ხ-------ი 5% წილის ოდენობით, გ------- ნ-----–--–---–ი 5% წილის ოდენობით, ი---- ხ-------ი 7,5 % წილის ოდენობით, ლ---- ნ----- 7.5% წილის ოდენობით, ი-----–- ნ----- 7,5% წილის ოდენობით და ლ--–- ნ----- ასევე 7,5% წილის ოდენობით (იხ. ტომი I. ს.ფ. 53-62);
9. 2016 წლის 29 დეკემბერს შპს ,,უ–--ს“ პარტნიორთა კრებამ ხმათა სრული უმრავლესობით (100%) მიიღო საწარმოს აქტივების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება, კერძოდ: პარტნიორთა კრებაზე დაადგინეს, რომ შპს ,,უ–--“-ს მიერ შპს ,,ქ--------–---------------ი“-ზე 900 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გასხვისებულ იქნას შპს ,,უ–--ს“ საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი. ხოლო ნასყიდობის ფასი მიმართულ იქნას სს ,,ბ----------ი“-ს მიმართ არსებული კომპანიის დავალიანების დასაფარავად. ამავე დღეს შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–---------------ი“-ს შორის გაფორმდა საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 900 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მყიდველმა უნდა გადაუხადოს სს ,,ბ----------ს“ ,,ბ----------ის'' ვალის დასაფარავად სს ,,ბ----------თან“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,უ–--“-ს ყველა აქტივი, ყველა მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები, მათი არსებითი შემადგენელი ნაწილები და საკუთვნებელი), ასევე მოძრავი ქონება, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) ტექნიკა, მოწყობილობები, ნედლეული მასალები, ლიცენზიები და ნებართვები.
აღნიშნული ხელშეკრულებით შპს ,,უ–--“-მ შპს ,,ქ--------–--------------ს“ გადასცა მის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება:
ა) მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი, დაზუსტებული ფართობი - 2650.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------;
ბ) მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი N14, დაზუსტებული ფართობი - 1942,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------;
გ) მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი N14, დაზუსტებული ფართობი - 239 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------; (იხ. ტომი I, ს.ფ. 64-80);
10. 2016 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს ,,ქ--------–----------------ი“-ს წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთებზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი N11/ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჭ--------–ის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ. 1-----)/ქალაქი თბილისი, დ/მ ჭ--------–ის N11-დ და ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი. საკადასტრო კოდები N0--------------- და N0---------------;
სარეგისტრაციო წარმოების დროს დადგინდა, რომ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში სარეგისტრაციო ქონებაზე N1----------- განცხადებით მოთხოვნილი იყო ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები (იხ. ტომი ს.ფ. 57; 88-89);
11. დღეის მდგომარეობით შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–---------------“-ს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ქ--------–---------------ის“ სახელზე ირიცხება ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჭ--------–ი, N14, ს/კ 0---------------;
12. სს ,,ბ----------ი“-ს მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს გაცემული ცნობა ადასტურებს, რომ 2016 წლის 30 დეკემბრიდან ცნობის გაცემის თარიღამდე თავდებობის საფუძველზე შპს ,,ქ--------–---------------ის“ ანგარიშიდან ჩამოიჭრა ჯამში 213 780,76 აშშ დოლარი და 88 997 ლარი, რაც მიმართულ იქნა შპს ,,უ–--ს“, შპს ,,ი-------–-------ს“ და ა-–---------- ნ-----ს სესხების დასაფარად (იხ. ტომი I, ს.ფ. 198);
13. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-921-861-2017).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვერ ადასტურებს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველებს.
16. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა მიზანი მიიღწევა და რა შედეგი დადგება, შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–----------------ს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ,,საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულების“ ბათილად ცნობით.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
17. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
18. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
19. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
23. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
24. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
26. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იურიდიულ ინტერესთან მიმართებით არასწორი სამართლებრივი მსჯელობა ჩამოაყალიბა.
27. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის ამ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2 აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება.
28. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება. თუმცა, მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის პირობებში აღიარებითი სარჩელის დაუშვებლობის განმაპირობებელი ძირითადი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო შედეგისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა სამომავლო სასარჩელო წარმოებისათვის საფუძვლის შექმნისაკენ, რაც, სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს ან არა, ანუ მხარემ სამომავლოდ მიკუთვნების მოთხოვნა შეიძლება შეინარჩუნოს ან არა, რამაც შედეგობრივად შეიძლება იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ისეთი აღიარებითი მოთხოვნა, რომლის განხორციელების (მიკუთვნების) ინტერესი მხარეს აღარ ჰქონდეს.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინება, საქმეზე Nას-937-887-2015).
31. განსახილველ შემთხვევაში, პალატა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესის დასაბუთების მიზნებისათვის, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, მოსარჩელე შპს ,,ბ-----ის“ მოთხოვნაა შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–----------------ს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ,,საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულების“ ბათილად ცნობა. აპელანტი იურიდიულ ინტერესად სარჩელში მიუთითებს, რომ შპს ,,უ–--“-მ მოჩვენებითად არ გაასხვისოს მისი აქტივი შპს ,,ქართულ რესტორნებზე“. ხელშეკრულების ბათილად ცნობით დაცული იქნება შპს ,,ბ-----ი“-ს, როგორც შპს ,,უ–--ს“ მოწილე პარტნიორის (ა-–---------- ნ-----ს სამართალმემკვიდრეების) კრედიტორის ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს ,,ბ-----ის“ ინტერესები იქნება დარღვეული, ვინაიდან, თუ შპს ,,უ–--“ მოახდენს მოჩვენებითად აღსრულების ეტაპზე მისი ქონების გასხვისებას, შპს ,,უ–--ს“ წილის ღირებულება იქნება ნოლი და შპს ,,ბ-----ის“ მოთხოვნა დარჩება იძულებითი წესით აღსრულების შემთხვევაში ამოუღებელი, ხოლო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მიღწეული იქნება ის ინტერესი, რომ შპს ,,უ–--“-ს აქტივში დარჩება უძრავი ქონებები რაც უქმნის მის წილს ღირებულებას. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ, კერძოდ, თუ რა შედეგს მიაღწევს მოსარჩელე შპს ,,უ–--“-სა და შპს ,,ქ--------–----------------ს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ,,საწარმოს ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულების“ ბათილად ცნობით. ვინაიდან ამგვარი მტკიცება მოსარჩელის მიერ განხორციელებული არ არის და არც მიკუთვნებითი სარჩელია წარმოდგენილი იმის დასადგენად, თუ რისი მიღების უფლება აქვს მხარეს, ამიტომ მხოლოდ აღიარებითი სარჩელი შესაბამის იურიდიულ დასაბუთებას მოკლებულია.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აწ/გარდაცვლილ ა-–---------- ნ-----ს შპს ,,უ–--ში“ გააჩნდა 30%-იანი წილი, რომელიც თანაბარწილად მიიღეს მისმა მემკვიდრეებმა. საწარმოს აქტივების გასხვისების გადაწყვეტილება სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს არამარტო მოვალის მემკვიდრეებმა არამედ საწარმოს დანარჩენმა 70%-იანი წილის მქონე დამფუძნებელმა წევრებმაც. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46.1 მუხლი). შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში საწარმოს აქტივები დაბრუნდება შპს ,,უ–--ს“ სახელზე, რაც (საზოგადოების კაპიტალი) შპს-ს მესამე პირებთან ურთიერთობაში გარანტიების შექმნას ემსახურება და არა შპს-ს პარტნიორის მესამე პირებთან ურთიერთობას. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ბ-----ი“-სა და ა-–---------- ნ-----ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ვერ მოხდება შპს ,,უ–--ს“-ს კაპიტალის რეალიზაცია.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ბ-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა