განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/2767-15 28 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – მ-------------–--ე;
წარმომადგენელი – ლ---–--------------–ი;
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ------------–---–ი, ი-------------–---–ი;
წარმომადგენელი - მ------------–---–-;
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ-------------–--ეს ნ------------–---–ის და ი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 ლარის გადახდა, საიდანაც 10 000 ლარი ძირი თანხაა, 3000 ლარი პირგასამტეხლო.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 22 სექტემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ბ-----–------------ის’’ დამფუძნებელმა პარტნიორებმა ნ------------–---–მა და ი-------------–---–მა მ-------------–--ესთან დადეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ------------–---–მა და ი-------------–---–მა იკისრეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში არსებული მთლიანი წილების 50%-ს გადასცეს საკუთრებაში სრულად მამუკა გრძელიძეს, ხოლო წილის მყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს წილი და გადაიხადოს მისი ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2012 წლის 22 სექტემბრის სანოტარო აქტი წილის გასხვისების შესახებ - ს.ფ.18-20;
2. 2012 წლის 22 სექტემბრის შპს ,,ბ-----–------------ის’’ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 21-24
3. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
2.2. 2012 წლის 22 სექტემბერის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება ჯამურად შეადგენს 47 500 ლარს. აქედან ნ------------–---–ის კუთვნილი წილის (25%) ღირებულებაა 23 750 ლარი, ხოლო ი-------------–---–ის კუთვნილი წილის (25%) ღირებულებაა 23 750 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის წესი. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 3 ეტაპად. პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2012 წლის 22 სექტემბრისა, მეორე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 30000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს 2012 წლის 24 სექტემბრისა, ხოლო მესამე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 11 500 ლარის ოდენობით არაუგვიანეს
2012 წლის 30 ნოემბრისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2012 წლის 22 სექტემბრის შპს ,,ბ-----–------------ის’’ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 21-24
2. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
2.3. მხარეთა შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ წილის მყიდველი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის ვადას (ნასყიდობის ფასის გადახდის ვადა), წილის მყიდველს წილის გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - გადასახდელი თანხის 0,2%-ს ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ წილის მყიდველი ვალდებულებას არ ასრულებს წილის გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. 2012 წლის 22 სექტემბრის შპს ,,ბ-----–------------ის’’ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 21-24;
2.4. მხარეთა შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ გადახდილ იქნა 37 500 ლარი, გადასახდელი თანხა კი შეადგენს 10 000 ლარს. შპს ,,ბ-----–------------ის’’ 5-%-იოანი წილი რეგისტრირებულია მ-------------–--ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ს.ფ 14
2. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სხდომის ოქმები;
2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 19 აგვისტოს №14075741/62135 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპოდენტის (მ-------------–--ე) წინააღმდეგ აპლიკანტების (ნ------------–---–ი და ი-------------–---–ი) განცხადების საფუძველზე განახორციელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება №14075741.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, რესპოდენტის მიერ მოხდა მოთხოვნაზე პროტესტის წარდგენა, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის საფუძველს წარმოადგენს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპლიკანტებს უარი ეთქვათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპლიკანტების მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების საფასურის სახით აპლიკანტების მიერ გადახდილ იქნა 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 25;
2. 2014 წლის 29 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი - ს.ფ. 40;
3. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
2.6. საქმის მასალებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ 2012 წლის 30 ივლისის და 2012 წლის 14 აგვისტოს ანგარიშფაქტურების საფუძველზე შპს ,,ბ-----–------------ს’’ შპს ,,გ---------’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება საერთო ჯამში 54 752 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. საგადასახადო ანგარიშფაქტურები - ს.ფ.
2. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას ნასყიდობის საგნის ნაკლის თაობაზე, თითქოსდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის უცნობი იყო შპს ,,გ--------’’-ს მიმართ შპს ბ-----–------------ის’’ დავალიანების არსებობის თაობაზე, რის გამოც მას არ წარმოეშობა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელი ნაწილისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქრწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებლს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2012 წლის 22 სექტემბერს, ხოლო შპს ,,ბ-----–------------ის’’ დავალიანება წარმოიშვა 2012 წლის 30 ივლისისა და 2012 წლის 14 აგვისტოს შემდგომ. ამდენად, ნათელია რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის აღნიშნული დავალიანება შპს ,,გ--------’’-ს მიმართ უკვე არსებობდა.
გარდა აღნიშნულისა, 2012 წლის 22 სექტემბრის წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, წილის მყიდველი, ანუ მ-------------–--ე ადასტურებს, რომ ჯეროვნად არის გაცნობილი შპს-ს ძირითადი საქმიანობის ხასიათს და ძირითად მიმართულებებს, ასევე საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის.
აღნიშნული ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტით მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მან ყველა ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაცია გამყიდველისაგან მიიღო და ამის შესაბამისად წილის ნასყიდობის ფასი განსაზღვრულ იქნა 47 500 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მითითება ნასყიდობის საგნის ნაკლის თაობაზე.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ გამხდარა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
აღნიშნული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანხმად, მოსარჩელე მხარის მხრიდან ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ ფაქტის არსებობა არ დგინდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის - გამყიდველის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება - გადაიხადოს ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად არსებული მომენტისათვის შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად, მყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგანი, კერძოდ შპს ,,ბ-----–------------ის’’ 50%-იანი წილი. ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა რომ მოპასუხემ მიიღო უნაკლო ნივთი და ეს დაადასტურა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, რომლის 1.3. პუნქტის თანახმად, წილის მყიდველი, ანუ მ-------------–--ე ადასტურებს, რომ ჯეროვნად არის გაცნობილი შპს-ს ძირითადი საქმიანობის ხასიათს და ძირითად მიმართულებებს, ასევე საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის, ხოლო მოპასუხე მხარეს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულის გამო მოსარჩელის მოთხოვნა წილის დარჩენილი ღირებულების გადახდის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 12 000 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2 % შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე, რაც თანხობრივად შეადგენს 3000 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანი იყო მ-------------–--ისათვის ისეთი ქონების შეძენა, რაც მას მოუტანდა სარგებელს. შპს „ბ-----–------------ს“ ჰქონდა ლიცენზია ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ, რაც მისი საქმიანობის ერთადაერთი მიზანი იყო. ლიცენზიას ახლავს დანართი, რომლის არსებობის შესახებ მოპასუხე მხარისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ნასყიდობის ძირითადი თანხის გადახდის შემდეგ. აღნიშნულს არ უარყოფს მოსარჩელე მხარე.
3.2. აპელანტის მითითებით, ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლის მქონე, კერძდ:
1. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, როდესაც მ-------------–--ემ გადაიხადა ნასყიდობის ფასის ძირითადი ნაწილი, აღმოჩნდა, რომ კომპანიას ჰქონდა შპს „გ--------“-ის ვალი, რაც ნასყიდობის ფასს აღემატებოდა და რაც უცნობი იყო მყიდველისათვის. ასეთი ინფორმაციის ცოდნის შემთხვევაში მყიდველს არანაირი სურვილი არ ექნებოდა შეეძინა ვალის მქონე კომპანიის წილი;
2. ნასყიდობის ღირებულების ძირითადი ნაწილის გადახდის შემდეგ მ-------------–--ისათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ლიცენზია არ ითვალისწინებდა ბუნებრივი რესურსის ამოღების უფლებას, არამედ კომპანიას ჰქონდა ამ რესურსის მხოლოდ ზედაპირიდან მოხოჭვის უფლება.
გამყიდველმა მყიდველს აჩვენა მხოლოდ ლიცენზიის ნაწილი, სადაც მითითებული იყო ბუნებრივი რესურსების ამოღების უფლების შესახებ, თუმცა დამალა ლიცენზიის დანართი, სადაც კონკრეტულად იყო განმარტებული თუ რას ნიშნავდა ეს უფლება. მოსარჩელე მხარე აცხადებს რომ კომპანიას ჰქონდა რესურსების სიღრმიდან ამოღების უფლება, ამ ფაქტთან დაკავშირებით კი აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. კომპანიას დღეს არ აქვს ბუნებრივი რესურსების ამოღების უფლება, აქვს მხოლოდ ზედაპირიდან ბაზალტის ქვის აღების უფლება, ვინაიდან რესურსი ზედაპირზე არ არის. შესაბამისად, მყიდველი დაზარალდა, მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს რაიმე ფინანსური სარგებელი ნაყიდი ქონებიდან, კარიერი უსარგებლოა.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა მოპასუხის პოზიცია და არ იმსჯელა იმ დოკუმენტებზე (ლიცენზია და დანართი), რომელიც დაურთო საქმეს, როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, თუმცა შემდგომ არანაირი შეფასება არ მისცა მათ.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ სადავო ფაქტობრივ გარმეოებებს (3.1. პუნქტი).
მოპასუხე აპელირებდა სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიას ჰქონდა დავალიანება საკმაოდ სოლიდური, რომლის შესახებაც ინფორმაცია გამყიდველმა მყიდველს არ შეატყობინა, რისი დადასტურებაც მოწმის სახით დაკითხვისას შეეძლო კომპანიის დირექტორს.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1. პუნქტში განმარტა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების განაწილების სტანდარტი, თუმცა თავად დაარღვია ყველა ზემოანიშნული მუხლები.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა მოპასუხის პოზიციის ძირითადი ნაწილი, შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული მტკიცებულებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველი სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ბ-----–------------ის“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდის დაკისრება. მოსარჩელეთა მითითებით, 2012 წლის 22 სექტემბერს, კუთვნილი 25%-იანი წილები შპს „ბ-----–------------ში“ გაასხვისეს მოპასუხე მ-------------–--ეზე. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად. მოპასუხის მიერ კი, გადახდილი იქნა მხოლოდ ნასყიდობის თანხის ნაწილი. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლის მქონე, ვინაიდან, წილის შეძენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს „ბ-----–------------ს“ გააჩნდა დავალიანება სხვა კომპანიის მიმართ, რომლის შესახებაც უცნობი იყო მყიდველისათვის, ამ ფაქტის ცოდნის შემთხვევაში კი, იგი არ დადებდა ამ გარიგებას, ვინაიდან მისი მითითებით, კომპანიის დავალიანება აღემატება წილის ნასყიდობის ღირებულებას (იხ. სარჩელი, შესაგებელი)
4.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 22 სექტემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ბ-----–------------ის’’ დამფუძნებელ პარტნიორებს - ნ------------–---–ს, ი-------------–---–სა და მ-------------–--ეს შორის დაიდო შპს „ბ-----–------------ის“ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ------------–---–მა და ი-------------–---–მა იკისრეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში არსებული მთლიანი წილების 50%-ს სრულად გადასცენ საკუთრებაში მამუკა გრძელიძეს, ხოლო წილის მყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეღო წილი და გადაეხადა მისი ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. (იხ. ტ.1, ს.ფ. 17-24).
წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება ჯამურად შეადგენს 47 500 ლარს. აქედან ნ------------–---–ის კუთვნილი წილის (25%) ღირებულებაა 23 750 ლარი, ხოლო ი-------------–---–ის კუთვნილი წილის (25%) ღირებულებაა 23 750 ლარი.
ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის წესი. კერძოდ, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 3 ეტაპად. - პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს - 2012 წლის 22 სექტემბრისა, - მეორე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 30000 ლარის ოდენობით არაუგვიანეს - 2012 წლის 24 სექტემბრისა, რის შემდეგაც წილის გამყიდველმა საკუთრების უფლება წილზე დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ წილის მყიდველს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სათანადო ფორმის დაცვით და აღნიშნული დაარეგისტრირობნ სამეწარმეო რეესტრში.
- მესამე გადახდა უნდა განხორციელებულიყო 11 500 ლარის ოდენობით, არაუგვიანეს -2012 წლის 30 ნოემბრისა;
ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის ვადის დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
4.3. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნასყიდობის თანხა - 37 500 ლარის ოდენობით;
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე დარეგისტრირდა შპს „ბ-----–------------ის“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ (იხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).
მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი ნასყიდობის ღირებულების ნაწილი - 10 000 ლარის ოდენობით.
4.4. სადავოდ არ ხდება ასევე, ის გარემოება, რომ შპს „ბ-----–------------ს“ ერიცხება 54 752 ლარის ოდენობით დავალიანება შპს „გ--------“-ის მიმართ (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები ტ.1, ს.ფ. 88-89)
4.5. აპელანტის ის პოზიცია, რომ მისთვის უცნობი იყო შპს „ბ-----–------------ის“ შპს „გ--------“-ის მიმართ არსებული ვალდებულების არსებობის შესახებ, რის გამოც მისი შეფასებით, საფუძველს მოკლებულია ნასყიდობის თანხის სრულად გადახდის შესახებ მოსარჩელეების მოთხოვნა, პალატის შეფასებით მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის უცნობი იყო კომპანიის დავალიანების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძენდა წილს შპს „ბ-----–------------ში“. ამ მოცემულობის პირობებში კი, როდესაც კომპანიის დავალიანება სხვა კომპანიის მიმართ, აღემატება წილის ნასყიდობის საფასურს, მყიდველისათვის დადებული გარიგება წამგებიანია და შესაბამისად აზრს კარგავს. მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოპასუხემ (მყიდველმა) შეთანხმებისამებრ განახორციელა ნასყიდობის საფასურის ეტაპობრივი გადახდა, კერძოდ, გადასახდელი 47 500 ლარიდან, რომლის ბოლო ნაწილი 11 500 ლარის ოდენობით გადახდილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის 30 ნოემბერს, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა მხოლოდ 10 000 ლარი, შესაბამისად, საფასურის ძირითადი ნაწილი 37 500 ლარის ოდენობით მყიდველმა ისე დაფარა, რომ გამყიდველისათვის რაიმე პრეტენზია არ წაუყენებია. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ თანხის ეტაპობრივი გადახდის პერიოდი მცირე დროს მოიცავდა და ინფორმაცია დავალიანების შესახებ ცნობილი არ გამხდარა მოპასუხისათვის, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მოპასუხეს (მყიდველი) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებლობა ჰქონდა, გამოეჩინა გონივრული წინდახედულობა და მიეღო ინფორმაცია კომპანიის ფინანსური ვალდებულების შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა შპს-ს დავალიანების წარმოშობის პერიოდზე, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ შპს „ბ-----–------------ს“ შპს „გ--------“-ის მიმართ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა ხელშეკრულების გაფორმებამდე (22.09.2012წ.) 30.07.2012წ. და 14.08.2012წ. 2012 წლის 22 სექტემბრის წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, კი, წილის მყიდველი, ანუ მ-------------–--ე ადასტურებს, რომ ჯეროვნად არის გაცნობილი შპს-ს ძირითადი საქმიანობის ხასიათს და ძირითად მიმართულებებს, ასევე საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის. ამდენად, ზემოაღნიშნული პუნქტით მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მან ყველა ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაცია გამყიდველისაგან მიიღო და ამის შესაბამისად წილის ნასყიდობის ფასი განსაზღვრულ იქნა 47 500 ლარით.
აპელანტმა ასევე, მიუთითა შპს „ბ-----–------------ის“ სახელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ ლიცენზიაზე და აღნიშნა, რომ უშუალოდ ლიცენზიაში მითითებული არ არის თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად წიაღისეულის მოპოვება, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია კომპანიის სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 85-87), აღნიშნულის შესახებ განმარტებას შეიცავს მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომლის 7.2. პუნქტის თანახმად, საბადოს (მადანგამოვლინების) დამუშავების მეთოდია - ბაზალტის ლოდების ზედაპირიდან აკრეფვა (იხ. ტ.1, ს.ფ. 115-119). აპელანტის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო ამ შინაარსის განმარტების შესახებ და მოცემული დოკუმენტი გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის არ გადაუცია.
პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ და პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, გამყიდველის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ ვალდებულება წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს გამყიდველის პასუხისმგებლობას მყიდველის მიმართ ნაკლიანი ნივთის გადაცემის შემთხვევებში, რაც ასახულია სამოქალაქო კოდექსის 487–ე, 491–ე, 492–ე მუხლებში.
ამასთან, კანონმდებელი ნივთის ნივთობრივი ნაკლის არსებობას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც იგი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, ან თუ უვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 22 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე არ დგინდება, რომ რესურსების სიღრმიდან ამოღების უფლების ნებართვის არსებობა წარმოადგენდა მოცემული გარიგების დადების საფუძველს.
ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემის ფაქტი.
პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ - მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი (იხ. სუსგ №ას-486-467-2016, 8 ივნისი, 2017 წელი).
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სსკ-ის 495-ე მუხლი „შემძენ მეწარმეს კანონის ძალით წარმოუშობდა ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას. ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს მეწარმეს სახელშეკრულებო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გამყიდველს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება“ (იხ. სუსგ # ას-560-519-2017, 16.06.2017წ.). მეწარმე სუბიექტის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში გამყიდველისთვის პრეტენზიის წარუდგენლობა ართმევს მას ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა (იხ. სუსგ №ას-486-467-2016, 8 ივნისი, 2017 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტმა გონივრულ ვადაში წარუდგინა პრეტენზია გამყიდველებს. ნაკლის შედავების პროცედურული წესების განუხორციელებლობით, კი, მან დაკარგა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
ამასთან, საქმის მასალებით არც სსკ-ის 495-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხველი წინაპირობა დგინდება - ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე. საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ აპელანტი დაინტერესდა ზემოაღნიშნული საკითხით, შეეცადა ინფორმაციის მოპოვებას მოსარჩელეებისაგან და მოსარჩელეემბა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ან მას შემდეგ შეგნებულად არ მიაწოდეს ან/და დაუმალეს ინფორმაცია შესაბამისი ნებართვის არ არსებობის შესახებ. სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი იყო აპელანტის მხარეზე, რომლის რეალიზება მან ვერ განახორციელა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ (აპელანტი) ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2012 წლის 22 სექტემბრის შპს „ბ-----–------------ის“ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, მას გადაეცა ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი (შპს-ს 50%-იანი წილი).
ამასთან, ვინაიდან მოპასუხე მხარეს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულის გამო მოსარჩელის მოთხოვნა წილის დარჩენილი ღირებულების გადახდის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
4.7. 2012 წლის 22 სექტემბრის შპს „ბ-----–------------ის“ დამფუძნებლების მიერ წილის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები, რომლის 5.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ წილის მყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის ვადას (ნასყიდობის ფასის გადახდის ვადა) წილის მყიდველს წილის გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 22)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებული იქნა გონივრულ ოდენობამდე - გადასახდელი თანხის 0.05%-მდე. რაც შეეხება, აპელანტის პრეტენზიას მისი დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო, დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სრულად არ იქნა გადახდილი ნასყიდობის ღირებულება, შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დასაბუთებულია.
პალატის შეფასებით, მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე მართებულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ანაზღაურება მოსარჩელეებისათვის. ამ მხრივ სააპელაციო საჩივარი რაიმე დასაბუთებულ არგუმენტებს არ შეიცავს.
4.8. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია