განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002924446
საქმე №1ბ/960-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-----------------ის,მსჯავრდებულ: ა-------------ის,ადვოკატ: ბ-----------------ს,თარჯიმნების: ას--------–--------ის, ზ---------------ას
მონაწილეობით,ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ბ---–-------------–----–----ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით ა-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ა-------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა-------------მა ბ---–----------------------–----–----–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკართან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ-------–-----------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი ოჯახიდან წასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ჯერ ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის გამოც ტ-------–-----------ა წაიქცა და ხელები დაარტყა მოხრეშილ მიწას, ხოლო შემდეგ კი ითრია თმით, რის გამოც ტ-------–-----------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა, ა-------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დამნაშავის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიც დაენიშნა ა-------------ს, შესაძლოა მას ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის, ვინაიდან, ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან და ჩადენის ხერხიდან გამომდინარე არის საფრთხის შემცველი და არ არის დანიშნული სასჯელის შესაბამისი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - ტ-------–-----------ას, მოწმე მ---–-----------------ის, გ--------------------ს, ხ--------------ს, ნ---–----------ს, ლ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულ ა-------------ის (აღიარებითი) გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედებები და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა-------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ა-------------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
მსჯავრდებულ ა-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ა-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი