განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3571-19 2 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ი--------------–---;
წარმომადგენელი - ბ----------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე - ე-–--------------;
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ი----- ს-------–--ის სარჩელი ე-–--------------ს მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი--------------–---ს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტი 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი შეუმცირდეს 130 (ას ოცდაათი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში ე-–--- ჭ--------ს და ი--------------–---ს შეეძინათ შვილი - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 20-21)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.04.2015 წ. ბიულოგიური (გენეტიკური) დასკვნის თანახმად, ი--------------–--- (პ/ნ 0----------) არის 2013 წლის 31 დეკემბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის (პ/ნ 01850041907) ბიოლოგიური მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
01.04.2015 წლის ბიოლოგიური (გენეტიკური) დასკვნა (ი.ხ.ს.ფ. 23-30)
2.3. ი--------------–--- (დაბადებული 1--- წლის 4 აპრილი, პ/ნ 0----------) და თ------- ც--–--ე (დაბადებული 1990 წლის 17 იანვარი, პ/ნ 2----------) დაქორწინდნენ 2017 წლის 13 აპრილს, (აქტის ჩანაწერი №01173002191)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №01173002191. (იხ.ს.ფ 32)
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი)
2.4. ი--------------–---ს (პ/ნ 0----------) და თ------- ც--–--ეს (პ/ნ 2----------) ჰყავთ სამი შვილი: 2014 წლის 11 მარტს დაბადებული ნ-----–---- ს-------–--ე (პ/ნ 0----------), 2015 წლის 17 ივნისს დაბადებული ბ-------- ს-------–--ე (პ/ნ 0----------) და 2018 წლის 08 იანვარს დაბადებული ნ---- ს-------–--ე (პ/ნ 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობის აქტის ჩანაწერი №01141005544. (იხ.ს.ფ. 33)
- დაბადების მოწმობა №01151102055. (იხ.ს.ფ. 34)
- დაბადების მოწმობა №01181000584.. (იხ.ს.ფ 35)
2.5. ი----- ს-------–--ის მამა შოთა ს-------–--ე (პ/ნ 01019010112), გარდაიცვალა 2017 წლის 25 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №01177039846 (ი.ხ.ს.ფ 36)
2.6. შპს ,,N2 მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ, 05.12.2018 წ. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის - ფორმა №IV-100/ა-ის მიხედვით, ი----- ს-------–--ის დედის - გ----–- ს-------–--ის დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, ეროზიული გასტროდუოდენტი, კოლინჯის დივერტიკულოზი აბსცესის და პერფორაციის გარეშე, დივერტიკულიტი ქოლანგიტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს“ N2 მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ გაცემული ცნობა. (იხ.ს.ფ. 37)
2.7. 2018 წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება №2018-01- 10/0015/SML/138790/007-ის მიხედვით, სს ,,ბაზისბანკს“ და შპს „ა----- პროდუქტ+“-სს (დირექტორი ი--------------–---) შორის დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, სადაც მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 106465 ლარს, ხანგრძლივობა 10.01.2018 წლიდან - 10.01.2020 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება №2018-01-10/0015/SML/138790/007 (იხ.ს.ფ 44-54)
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ი--------------–---ს ე-–--------------ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 31 მაისს დაბადებული ა--------- ს-------–--ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტი ყოველთვიურად 480 (ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით, 2014 წლის 31 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვნების მიღწევამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის
30 აპრილის, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 20 - 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
2.9. 2015 წლის 20 ივნისის, მორიგების აქტის, მიხედვით ე-–--- ჭ--------ი და ი--------------–--- მორიგდნენ შემდეგ პირობებზე: ი--------------–--- არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 31 მაისს დაბადებული ა--------- ს-------–--ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათ) ლარს გადაიხდის, არაუგვიანეს 28 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 20 ივნისის მორიგების აქტი (იხ. ს.ფ.22).
2.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.01.2019 წლის ინფორმაციით, ი--------------–---ს (პ/ნ 0----------) და ე-–--- ჭ--------ს (პ/ნ 6----------) 2018 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდებათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.01.2019 წლის გამოთხოვილი ინფორმაცია. (იხ.ს.ფ.93)
2.11. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ე-–-------------- არის დასაქმებული CIELO LOUNGE/BAR- ში და მის ხელზე ასაღებ ხელფასს წარმოადგენს 1200 ლარი. მოპასუხემ გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება, სადავოობის შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.
2.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ მოსარჩელე ი----- ს-------–--ის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილია სს ,,თიბისი ბანკის“ ამონაწერი (20.06.2015წ.-18.04.2016წ. პერიოდისათვის) ე-–--------------ს ანგარიშიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ი--------------–---ს გააჩნდა მატერიალური შესაძლებლობა და ა--------- ს-------–--ეს ურიცხავდა ყოველთვიურად 500 ლარს, ხოლო შემდეგ, 2015 წლის 20 ივნისის მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ალიმენტის
სახით ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათ) ლარის გადახდაზე, რასაც ასრულებდა.
საქმეში არსებული სს ,,ბაზისბანკს“ და შპს „ა----- პროდუქსტ +“ -სს (დირექტორი ი----- ს-------–--ე) შორის, დადებული საკრედიტო ხელშეკრულების (№2018-01- 10/0015/SML/138790/007) მიხედვით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (საქმე #2/ 23251- 14), 2018 წლის 10 იანვარს, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 106465 ლარს, ხანგრძლივობა 10.01.2018 წლიდან - 10.01.2020 წლამდე, ხოლო მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა წარმოადგენს ყოველთვიურად 5,188.07 ლარს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ შპს „ა----- პ------------ +“, რომლის დირექტორიც არის ი--------------–--- ვერ იხდის კრედიტს ან არ აქვს შემოსავალი. რაც შეეხება სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან 2019 წლის 21 იანვარს გამოთხოვილ დოკუმენტს, რომლითაც ი--------------–---ს 2018 წლიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება, ვერ იქნება მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, 2018 წლის 01 იანვრიდან გამოითხოვა ინფორმაცია არა შპს „ა----- პ------------ +“-ის შემოსავლების შესახებ, არამედ ი----- ს-------–--ის მიერ მიღებული ყველანაირი შემოსავლისა და შემოსავლის წყაროს შესახებ, როგორც ფიზიკური პირის, ასევე არსებობის შემთხვევაში როგორც ინდივიდუალური მეწარმის და როგორც მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული დივიდენდების შესახებ, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საწარმოს, რომლის დირექტორს წარმოადგენს მოსარჩელე არ აქვს შემოსავალი და ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. მოსარჩელე ი--------------–---მ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეიცვლა მისი ოჯახური მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ფინანსური სახსრების შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და
შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო- სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ა--------- ს-------–--ე წარმოადგენს არასრულწლოვანს, დადის ბაღში. იგი ცხოვრობს დედასთან, ე-–--- ჭ--------თან ერთად, რომლის დასაქმების ფაქტიც საქმის მასალებით არ დასტურდება.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე-–--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი--------------–---ს ე-–--------------ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის ოდენობით 2014 წლის 31 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში, მითითებულია, რომ მოსარჩელის განმარტებით,2015 წლისათვის ი--------------–--- იყო რამდენიმე იურიდიული პირის დამფუძნებელი და დირექტორი, ჰქონდა სოლიდური შემოსავალი.
2019 წლის 21 იანვარს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის #21-11/5570-ის მიხედვით, ი--------------–---ს და ე-–--- ჭ--------ს 2018 წლიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ.
მოსარჩელის განმარტებით მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, თითქმის ბოლო ორი წელია საგრძნობლად შემცირდა შემოსავლები, ბიზნესისთვის აიღო სესხი, მაგრამ იმის გამო, რომ იურიდიულ პირს არ ჰქონდა შემოსავალი, ბანკმა გააკეთა რესტრუქტურიზაცია, ვერც ამ შემთხვევაში იხდის სესხს და არის მძიმე მდგომარეობაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია, 2018 წლის 10 იანვრის სს ,,ბაზისბანკსა“ და შპს ,,ა----- პროდუქტ+“-სს შორის დადებული საკრედიტო ხელშკრულება, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე ი--------------–--- როგორც შპს ,,ა----- პროდუქტ+“-ის დირექტორი, შესაბამისად სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მას შემოსავალი საერთოდ არ გააჩნია. საქმის მასალებით არ დასტურდება იმ გარემოების თაობაზე, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, რის დასადასტურებლადაც მან წარმოადგინა სს ,,ბაზისბანკს“ და შპს „ა----- პროდუქტ+“-სს (დირექტორი ი--------------–---) შორის, დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 106465 ლარს, ხანგრძლივობა 2 წელი, ხოლო მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა ყოველთვიურად -
5,188.07 ლარს. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ვერ იხდის კრედიტს და არ აქვს შემოსავალი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება ალიმენტგადამხდელის ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, მოსარჩელის განმარტებით, მას ჰყავს უმუშევარი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, ჰყავს მის კმაყოფაზე დედა, რომელსაც ავადმყოფობის გამო სჭირდება მედიკამენტები.
სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ა----- პროდუქტ+“-ის მიერ, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს მოსარჩელე, საბანკო კრედიტის აღება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე გადახდისუუნაროა, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების შემდგომ წარმოიშვა ისეთი ახალი გარემოება, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს მოსარჩელის, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფი დედის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით), ხოლო მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული ვერანაირი მტკიცებულებით. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის #100/ა-ს მიხედვით, მოსარჩელის დედა - გ----–- ს-------–--ე არის პენსიონერი, შესაბამისად მას ეძლევა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის სახით.
ამდენად, სასამართლომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის კმაყოფაზე არიან ასევე არასრულწლოვანი შვილები: 2014 წლის 11 მარტს დაბადებული ნ-----–---- ს-------–--ე 2015 წლის 17 ივნისს დაბადებული ბ-------- ს-------–--ე და 2018 წლის 08 იანვარს დაბადებული ნ---- ს-------–--ე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივი შემცირება, არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მხედველობაში მიღებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. ა--------- ს-------–--ე მცირეწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, სტაბილურად მაღალი შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100 (ასი) ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც გაზრდილია 2015 წლის მონაცემთან შედარებით და საშუალო მომხმარებლისათვის 2019 წლის თებერვლის თვისათვის შეადგენს - 179.1 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი, მინიმალური პირობების შექმნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ, ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 130 (ასთი) ლარით და მისი ოდენობა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 11 დეკემბრიდან განისაზღვროს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ ი--------------–--- დღეისათვის არის უმუშევარი, იმ დროს როდესაც გადაწყვეტილება გამოვიდა ჰქონდა შემოსავალი. ამასთან, ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ე-–--- ჭ--------ს ურიცხავდა დადგენილ ოდენობაზე მეტს. მას შემდეგ კი რაც ფირმა აღარ ფუნქციონირებდა ბოლო ერთი წელი იხდიდა იმ ოდენობას რისი საშუალებაც ჰქონდა.
3.2. აპელანტის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი--------------–---ს არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ასევე ის გარემოება, რომ ი--------------–---ს გარდა ე-–--- ჭ--------თან საერთო შვილისა ჰყავს კიდევ სამი შვილი, შესაბამისად, თითოეულზე რომ ვივარაუდოთ სასამართლოს მიერ დანიშნული 350 ლარი, თვიურად გამოვა 1400 ლარი, რაც აბსურდული და წარმოუდგენელია იმ პირობებში, როდესაც ის არ მუშაობს.
სასამართლომ ასევე, არ გაიზიარა, რომ აპელანტს ჰყავს ასაკოვანი და ავადმყოფი დედა, რომლის თაობაზე ცნობა წარმოდგენილია საქმის მასალებში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ასახულია 3.1.1.-3.1.7. პუნქტებში (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.7. პუნქტები) და დამათებით მიუთითებს შემდეგზე:
მოსარჩელე ი--------------–---ს და მოპასუხე ე-–--- ჭ--------ს ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ე.
დადგენილია, რომ ი--------------–--- იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამ ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი (იხ. ტ.1, ს.ფ. 32-35);
საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული 05.12.2018წ. ირკვევა, რომ გ----–- ს-------–--ის (ი----- ს-------–--ის დედა) დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, ეროზიული გასტროდუოდენტი, კოლინჯის დივერტიკულოზი აბსცესის და პერფორაციის გარეშე, დივერტიკულიტი ქოლანგიტი (იხ. ტ.1, ს.ფ. შპს „N2 მოზრდილთა პოლიკლინიკის“ მიერ გაცემული ცნობა იხ. ტ. 1, ს.ფ. 37);
2018 წლის 10 იანვარს სს „ბაზისბანკს“ და შპს „ა----- პროდუქტ+“-ს, რომლის დირექტორია ი--------------–---, გაფორმებულია საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც თანახმად, მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა განისაზღვრა - 106 465 ლარით, ხანგრძლივობა 10.01.2018 წლიდან - 10.01.2020 წლამდე (იხ. ტ.1, ს.ფ. 44-54)
4.2. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ინფორმაცია მოსარჩელის ფინანსური შემოსავლების შესახებ (იხ. საქმის მასალები).
4.3. ი----- ს-------–--ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ე-–--------------ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - ყოველთვიურად 480 (ოთხასორმოცი) ლარი, შემცირება 100 ლარამდე (იხ. სარჩელი ტ.1, ს.ფ. 8, ასევე გადაწყვეტილება ტ.1, ს.ფ. 20-21).
დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ივნისს მხარეთა შორის შედგა მორიგების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ი--------------–--- არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 31 მაისს დაბადებული ა--------- ს-------–--ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხდის 350 (სამასორმოცდაათ) ლარს, არაუგვიანეს 28 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. 2015 წლის 20 ივნისის მორიგების აქტი, ტ.1, ს.ფ.22).
4.4. სააპელაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს გადაწყვეტილების მიღების დროს არსებულ მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით, ი----- ს-------–--ის მატერიალური შემოსავალი არ წარმოშობს მისთვის ყოველთვიურად 480 ლარის გადახდის საფუძველს. ამასთან პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი, ასევე ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. გარდა ამისა, მტკიცებულება რაიმე დამატებითი შემოსავლების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
შესაბამისად, მოსარჩელის შემოსავლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების, ასევე ზოგადი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ი--------------–---ს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
4.7. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები; კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ბავშვის ასაკის მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა–აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 300 (სამასი) ლარამდე და მითითებული თანხა უნდა ჩაითვალოს გონივრულ ოდენობად.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, ი----- ს-------–--ის მიერ, სარჩელი დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ აღძრულია 2018 წლის 11 დეკემბრიდან. ამდენად, ი--------------–---ს შემცირებული ოდენობის ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ი--------------–---ს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტი შეუმცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც.
მოსარჩელე საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო სააპელაციო საჩივრისთვის - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელის ერთობლიობით.
განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი საბოლოო ჯამში დაკმაყოფილდა 47%-ით, შესაბამისად აპელანტის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის (227 ლარი იხ. ტ.1, ს.ფ. 55-56; ტ.2) ანგარიშში ე-–--- ჭ--------ს ი----- ს-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 106 (ას ექვსი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი----- ს-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი----- ს-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. ი--------------–---ს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ა--------- ს-------–--ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე #2/23251-14), დაკისრებული ალიმენტი შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში ე-–--- ჭ--------ს ი----- ს-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 106 (ას ექვსი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გელა ქირია
დავით ახალბედაშვილი