განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.09.2019
საქმის ნომერი
330310017002054701
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002054701

საქმე N3ბ/1705-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

პელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ-–-----------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ნ--------------–სი“;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ამავე სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შპს ,,ნ--------------–სის’’ მიერ ა-–---------ე ტ---–--------თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა უსაფუძვლობაზე მითითებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ნ--------------–სის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ პაციენტი ა-–---------ე ტ---–-----ი შპს ,,ნ--------------–ში“ მკურნალობდა 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე. დიაგნოზის სახით დაუდგინდა: იშემიური ინსულტი თავის ტვინის მარჯვენა შუა არტერიის აუზში, მწვავე ინფარქტის კერით მარჯვნივ საფეთქლის წილში მედიალურად, ბაზალურ ბირთვებში და პერივენტრიკულურად, სემიოვალური ცენტრების დონეზე, I63.5 თავის ტვინის მარჯვენა წინა არტერიის აუზში გადატანილი იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა პოსტიშემიური ენცეფალო-მალაციურ-გლიოზური ცვლილებებით შუბლის წილში, I69.3 არტერიული ჰიპერტენზია I10, მოციმციმე არითმია (ფერმანენტული ფორმა) I48, მწვავე ფარინგიტი J02, პნევმონია გამოწვევის დაზუსტების გარეშე J18.9, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0. პაციენტი 2016 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათიდან 2016 წლის 14 ოქტომბრის 10:00 საათამდე I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის, ხოლო 2016 წლის 14 ოქტომბრის 10:00 საათიდან 2016 წლის 18 ოქტომბრის 16:00 საათამდე მკურნალობდა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში (ს.ფ. 64-92).

 

3.2.2. შპს ,,ნ--------------–სის“ მიერ ა-–---------ე ტ---–--------თვის გაწეული გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეტყობინება (შემთხვევა N3---------) ორი პროგრამული კოდით გადაეცა: 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 14 ოქტომბრამდე - I დონის მკურნალობა/მოვლა (I63.5 თავის ტვინის ინფარქტი) (კოდი: 2------), ხოლო 2016 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე - G46.8 თავის ტვინის სხვა სისხლძარღოვანი სინდრომები ცერებროვასკულური ავადმყოფობის დროს (კოდი: 9-----------) (ს.ფ. 93-94).

 

3.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ნ--------------–სის“ მიერ წარდგენილი მოთხოვნა N3--------- სამედიცინო შემთხვევაზე არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ სამედიცინო შემთხვევა, ჩარევა და დაზუსტება შეტყობინების დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში არ იყო, რაც წარმოადგენდა ანაზღაურებაზე უარის თქმის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ხარჯები მოთხოვნილი იყო დამატებითი ნოზოლოგიური კოდის დაფიქსირების ხარჯზე, რაც ხელოვნურად ზრდიდა ასანაზღაურებელ თანხას. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ძირითადი ნოზოლოგიური კოდი, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა (ს.ფ. 18).

 

3.2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილებაზე შპს ,,ნ--------------–სმა“ 2017 წლის 20 აპრილს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა (ს.ფ. 21-23).

 

3.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ნ--------------–სის“ 2017 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო შემთხვევის ანაზღაურება განხორციელდა მხოლოდ ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში (ს.ფ. 19-20).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამედიცინო შემთხვევა მისი მიმდინარეობის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ორი პროგრამული კოდით - 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 14 ოქტომბრამდე - I დონის მკურნალობა/მოვლა (I63.5 თავის ტვინის ინფარქტი) (კოდი: 2------), ხოლო 2016 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე - G46.8 თავის ტვინის სხვა სისხლძარღოვანი სინდრომები ცერებროვასკულური ავადმყოფობის დროს (კოდი: 9-----------).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ის გარემოება, რომ აღნიშნული განხორციელდა პროგრამის პირობების დარღვევით, არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა გადაცემულ ინფორმაციასა თუ კოდს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილება გამოცემულია რა კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, სათანადო შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. ხოლო სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას, აღნიშნული წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 36-ე დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისიწნებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდამ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას“.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ N36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის რედაქციასთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა და თბილისის საქალაქო სასამართლოს N3/1----17, N3/3----17, N3/1----17, N3/2----17 გადაწყვეტილებებზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს N 3ბ/1----17 საქმეზე აპელირებით ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მითითებული დადგენილების N1 დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (მე-3 და მე-4 მუხლები).

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. ამავე დადგენილების N1 დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევის დროული ანაზღაურება დადგენილი წესით.

 

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს N36 დადგენილების N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

 

განსახილველ შემთხვევაში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევა მისი მიმდინარეობის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაეცა ორი პროგრამული კოდით - 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 14 ოქტომბრამდე - I დონის მკურნალობა/მოვლა (I63.5 თავის ტვინის ინფარქტი) (კოდი: 2------), ხოლო 2016 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე - G46.8 თავის ტვინის სხვა სისხლძარღოვანი სინდრომები ცერებროვასკულური ავადმყოფობის დროს (კოდი: 9-----------). სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული განხორციელდა პროგრამის პირობების დარღვევით, თუმცა ამგვარი დასკვნა არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა გადაცემულ ინფორმაციასა თუ კოდს.

 

6.2. პალატა დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მხოლოდ სასამართლო პრაქტიკაზე აპელირებას და მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შედეგს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე და განმარტავს: ვინაიდან სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის N0------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს მასზე, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგი კანონმდებლობის დარღვევით დადგინდა, პირველი ინსტანციის სასმართლომ მართებულად მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება სადავო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -