განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.09.2019
საქმის ნომერი
330310019002872702
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1851-19

N330310019002872702

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ----------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----------–--ე

 

მესამე პირი - შპს „მ----–---ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის №SP1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მ----------–--ის დავალიანების - 4150.08 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, პირგასამტეხლო - 3790.08 ლარი.

 

შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადასახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ამონაწები სამეწარმეო რეესტრიდან, რწმუნებულება

 

1.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 24 აპრილს დაიწყო №SP1-------- გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასათან დაკავშირებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 26 ივნისს წერილობითი №SP1--------------- შეტყობინება გაუგზავნა მ----------–--ეს (მისამართზე - ქ. თბილისი, ნ-----–----------), რომლითაც აღნიშნულ პირს ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განესაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 21 სექტემბერს ჩაიბარა მ----------–--ის მეუღლემ - თ------–---–---–მა. მ----------–--ეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა არაერთხელ, თუმცა შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა 2018 წლის 28 ივნისსა და 06 სექტემბერს. ამდენად, კორესპონდენცია კურიერის მიერ უკან იქნა დაბრუნებული ჩაუბარებლობის გამო.

 

1.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №SP1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მ----------–--ეს დაეკისრა 4250,08 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.

 

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV -100/ა) მ----------–--ის მეუღლის - თ------–---–---–ის მიმართ დადგენილია შემდეგი დიაგნოზი: დ----–----------------------. ამავე დოკუმენტში განმარტებულია, რომ პაციენტი (თ------–---–---–ი) უჩივის არტერიული წნევის მერყეობას, მახსოვრობის მკვეთრად დაქვეითებას, უძილობას.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 03 აგვისტოს №229/ო ბრძანებით დამტკიცებული გაიდლაინის თანახმად დადგენილია, რომ დემენცია წარმოადგენს თავის ტვინის ტრამვის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული. კოგნიტური ფუნქციის მოშლა ხშირად თან სდევს ან, დროდადრო, წინ უსწრებს ემოციური კონტროლის, სოციალური ქცევისა და მოტივაციის დაქვეითებას.

 

1.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 17 იანვარს მ----------–--ეს გაუგზავნა A1--------------- შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება მ----------–--ეს ჩაბარდა 2019 წლის 30 იანვარს.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტს წარმოადგენს შპს „მ----–---ი”, ხოლო რესპოდენტს - მ----------–--ე.

 

აღნიშნული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მ----------–--ის დავალიანების - 41150,08 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი -60 ლარი, პირგასამტეხლო - 3790.08 ლარი. შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, ამონაწები სამეწარმეო რეესტრიდან, რწმუნებულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

სასამართლოს განმარტებით, შეტყობინებისა და დაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად, აუცილებელია, რომ უწყება მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა (უწყების მიმღებმა) ჩაიბაროს უწყება და უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და ეს ხელმოწერით დაადასტუროს. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გზავნილი ჩაბარდა პირს, რომელსაც რომელსაც შესაძლებელია მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეცნობებინა მ----------–--ისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე. შესაბამისად, გზავნილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად, რომელსაც შეიძლებოდა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის თაობაზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების უნარით ემოქმედა.

 

მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შპს ,,მ----–---თან’’ სესხის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია, ვინაიდან სესხის აღება მოხდა ონლაინ რეჟიმში, სხვა პიროვნების მიერ და მისი პირადი მონაცემების გამოყენებით. საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული ინფორმაციის გამომრიცხავი ან დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილის მიმღები პირის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არსებობს, აღნიშნული გზავნილი მ----------–--ეს ჩაბარებულად ვერ ჩაეთვლება. ამდენად, მ----------–--ისათვის ჩაბარებული კორესპონდენცია ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის ჩაბარებულად, რაც უდავოდ წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას.

 

1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. ამავე კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ----------–--ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, ამ დარღვევების გათვალისწინებით მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც უდავოდ წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის № SP1--------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა, მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323.2 მუხლის "ა"-"გ" ქვეპუნქტები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. საქმის მასალებით დგინდება, რომ რესპოდენტისათვის გაგზავნილი შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე ჩაბარდა მ----------–--ის მეუღლეს - თ------–---–---–ს. სასამართლომ სადავო ბრძანების გაუქმების სააფუძვლად მიიჩნია თ------–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები და თ------–---–---–ი არ მიიჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ სუბიექტად, რომელსაც შეიძლებოდა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის თაობაზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების უნარით ემოქმედა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპოდენტის ინფორმირება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე ხორციელდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ამ კანონის 917.10 მუხლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპოდენტს ჩაჰბარდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აპელანტი სსკ-ის 71-74-ე მუხლებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვლის მიზნით, უნდა არსებობდეს მისი შესაბამის მისამართზე მიტანისა და ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების პირობები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დარღვეულად ჩათვალა მეორე პირობა - მ----------–--ის მეუღლე თ------–---–---–ი არ მიიჩნია ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტად. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლოს მიერ თ------–---–---–ის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობის ფაქტი, სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, შეტყობინების მიმღების ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რაც არ არის დადგენილი და განმტკიცებულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლომ არ გამოიკვლია თ------–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების კუთხით, არ მოიწვია სპეციალისტი თ------–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.12.2018წ. №SP1--------------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც რესპოდენტ მ----------–--ეს აპლიკანტ შპს „მ----–---ის“ მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა, 4250.08 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის საფუძველზეც აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღნიშნული კანონის 914.1 მუხლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამავე კანონის 917.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არცერთ მოქმედებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

დადგენილია, რომ შპს „მ----–---ის“ განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით. 26.06.2018წ. მ----------–--ეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, გამარტივებული წარმოების დაწყებისა და სათანადო რეაგირების მიზნით, ადრესატისათვის 10 კალენდარული დღის განსაზღვრის შესახებ. შეტყობინება, რომელიც გაგზავნილი იყო მისამართზე: თბილისი, ნ------–-----------, 21.09.2018წ. ჩაბარდა მ----------–--ის მეუღლეს - თ------–---–---–ს. აღნიშნულის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მ----------–--ეს, თუმცა მათი ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა. 26.122018წ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება №SP1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც მ----------–--ეს დაეკისრა 4250,08 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917.10 მუხლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებულად ჩათვლა, უპირველესად, გულისხმობს გზავნილის მიტანას ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე აუცილებელ პირობას წარმოადგენს გზავნილის ჩაბარება ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის, რომელიც მეორე ეგზემპლარზე აღნიშნავს თავის სახელს, გვარს, ადრესატთან დამოკიდებულებას და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა პირს, რომელსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა ვერ ეცნობებინა მ----------–--ისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე. ამდენად, გზავნილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად, რომელსაც შეიძლებოდა ადრესატისათვის გზავნილის გადაცემის თაობაზე ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერების უნარით ემოქმედა. ამრიგად, ვერ ჩაითვლება დადგენილად, რომ შესაბამისი გზავნილი მ----------–--ეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და სახეზეა გამარტივებული წარმოების პროცედურის დარღვევა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები თ------–---–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სადავო აქტის ჩამბარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავისი შინაარსით, სპეციალისტის დაკითხვის გარეშე იძლევა შესაბამისი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. ამ პირობებში, მოპასუხე მახრემ ვერ მიუთითა იმგვარ საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს შეეძლო სხვაგვარი დასკვნის გაკეთება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.12.2018წ. №SP1--------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მ----------–--ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი