განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002800745
საქმე №1ბ/1249-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ--–----–---–--------–-----------ის მიმართ, პ-------------- დაბადებულის 1----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–----------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ--–------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------–-----------–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ლ--–------------მ იმის გამო, რომ მისი თანხმობის გარეშე უღებდა ვიდეოს ტელეფონით, თ--------------ეს ხელი ორჯერ გაარტყა სახეში, რითაც თ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ლ--–------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----------–---–მა რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რის საფუძველზეც ლ--–------------ ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის გადაწყვეტისას და განაჩენის გამოტანისას სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და გამოიტანა დაუსაბუთებელი განაჩენი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ--–-----------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
დაზარალებულმა თ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ტელეკომპანია ,--------–--–-------------------------------–----- ჟურნალისტად. 2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის დღეს, გამოვიდა სახლიდან და სანამ სამსახურში წავიდოდა, წავიდა გლ---------------------–-------- საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად. წინა დღეს ცესკო-მ მას მისცა ბეიჯი, რომლის საშუალებითაც შეეძლო ემუშავა, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გადაეღო ტელეფონით და მიემართა ცესკო-სთვის. სახლიდან გამოსვლისას მან ა-------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ წარწერიანი მაისურებით ,,არა ნაციზმს“. იგი მივიდა მათთან, გადაიღო ისინი ტელეფონით და ვიდეო ატვირთა ფეისბუქ-გვერდზე. ამ დროს რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგ წავიდა ხმის მისაცემად. როდესაც დაბრუნდა, ის ადამიანები აღარ იყვნენ იმ მაისურებში, თუმცა სხვა ხალხი იყო, რომლებიც ჯგუფურად დადიოდნენ და ეჭირათ ფურცლები. როგორც წესი, საარჩევნო უბანთან 100 მეტრის რადიუსის სიახლოვეს არ უნდა იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და არ უნდა აკვირდებოდნენ ხალხის ნაკადს, თუ ვინ აძლევს ხმას. ეს ადამიანები ძალიან დიდხანს იდგნენ და ელოდებოდნენ თუ ვინ მივიდოდა და ვინ წავიდოდა. ისინი დაახლოებით 50-60 მეტრში იდგნენ საარჩევნო უბანთან. იგი მივიდა მათთან, რა დროსაც ბეიჯი ხელში ეჭირა (მკერდზე არ არ ჰქონდა დაკიდებული), გაეცნო მათ და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყო. რამდენიმე მათგანმა მას უთხრა, რომ შეკრებილები იყვნენ ,,ნაციონალების ამოსაძირკვად“. იქვე იყო ერთი ქალბატონი, რომელიც მანამდეც შენიშნა, რომ იქ იდგა. ამ ფაქტმა იგი დააეჭვა და ჰკითხა, თუ რატომ იდგა იქ, რაზეც თავიდან უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ ,,ნაციონალების ამოსაძირკვად“ იყო მისული. მოწმე პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ჩაეკითხა, თუ ვისი დავალებით იყო მისული, რაზეც ქალბატონმა უპასუხა, რომ ტელეფონს წაართმევდა, ან შემოუტრიალებდა კამერას. ამ დროს მეორე ქალბატონი - ლ--–------------ მივიდა მასთან და აგრესიულად ჰკითხა თუ ვინ იყო და რა უფლებით უღებდა მათ ვიდეოს, ასევე უზრდელი უწოდა და უთხრა, რომ წაართმევდა ტელეფონს, შემდეგ კი მარცხენა ხელი ძლიერად ორჯერ ჩაარტყა სახის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი ლოყისა და თვალის არეში. თ--------------ემ ვიდეო გათიშა, რადგან ფაქტობრივად მას ცემა დაუწყო შუა ქუჩაში და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. ინციდენტის დასრულებისთანავე მან დარეკა პოლიციაში, ასევე შეატყობინა თავის პროდიუსერებს. მან პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა მომხდარ ინციდენტზე, შემდეგ კი გამომძიებლებთან წავიდა პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე, სადაც წარადგინა გადაღებული ვიდეოები. მეორე დღეს მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, რა დროსაც მარტივად ამოიცნო ლ--–------------. სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე თავად განაცხადა უარი, რადგან დარტყმიდან 30-40 წუთში ტკივილს აღარ გრძნობდა, თუმცა სიწითლე ეტყობოდა.
მოწმე დ--–---–---–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა ა-------–------------ს წინ შვილთან - თ-----------------–-–---–--ან, სიძესთან - შ-----------------თან, დასთან - ლ--–------------სთან და დისშვილთან - ლ-–-----------ესთან ერთად. ისინი ადიგენის რაიონში ბრუნდებოდნენ და წასვლამდე გაჩერდნენ გლდანში, რომ მარკეტში ეყიდათ პროდუქტები. მარკეტ ,,-----------–-“ შევიდნენ მისი სიძე, შვილი და დისშვილი. ცოტა რომ დააგვიანდათ, გადაწყვიტა თვითონაც წასულიყო მათთან. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მასთან მივიდა უცნობი ქალი, რომელიც წინ გადაუდგა და ჰკითხა, თუ რატომ იყო იქ და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყო. მან ორჯერ გაუმეორა, რომ ბავშვს ელოდებოდა და წასვლას აპირებდა. მას არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი უკითხავს. თქვა, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ ბეიჯი არ კეთებია და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. მოწმემ ვერ აღიქვა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. შემდეგ მანქანას დაუწყო ტელეფონით ვიდეოს გადაღება. ლ--–------------, რომელიც ავტომანქანაში მარტო იჯდა, გადმოვიდა და მას მოუწოდა, არ გადაეღო მათთვის და ხელით ტელეფონი გააწევინა. ამ დროს ქალბატონს ტელეფონი მოხვდა თუ არა სადმე, არ დაუნახავს. ამ მოქმედებით მას არაფერი არ ეტკინებოდა. ხსენებულ ქალბატონს ლ--–-----------ისთვის არ განუმარტავს, რომ ჟურნალისტი იყო. იგი მის დას დაემუქრა, ,,შენ რას გიზამ, მოიცადეო!“. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ რაიონისკენ. გზაში მათ დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს პოლიციაში გამოცხადებულიყვნენ. ისინი პოლიციაში მეორე დღეს გამოცხადდნენ.
მოწმე თ-----------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ლ--–------------ არის დეიდამისი. იგი 2018 წლის 28 ნოემბერს თბილისიდან ადიგენში უნდა დაბრუნებულიყო დედასთან - დ--–---–---–----ესთან, დეიდასთან - ლ--–------------სთან, დეიდის მეუღლე -შ-----------------თან და დეიდაშვილ - ლ-–-----------ესთან ერთად. დილის საათებში, გამგზავრებამდე გლდანის ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიდა, ხოლო ბიძამისის ავტომანქანაში დარჩნენ დედამისი და დეიდამისი. დაახლოებით 20-30 წუთში იგი დაბრუნდა, ავტომანქანაში ჩაალაგა ნაყიდი პროდუქტები და წავიდნენ ადიგენში. გზაში დედამისს და დეიდამისს არაფერი უხსენებიათ მანქანის გაჩერებისას მომხდარ რაიმე ინციდენტთან დაკავშირებით. შემდეგ პოლიციამ დაურეკა ლ--–-----------ის მეუღლეს და უთხრა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. ისინი გამოცხადდნენ პოლიციაში. მან ამის შემდეგ გაიგო, რომ გლდანში, სანამ მაღაზიაში იყო გადასული, მაგ დროს დეიდამისმა ერთ პიროვნებას მობილურის ეკრანზე ააფარა ხელი, რადგან იგი არ ეშვებიდა და ვიდეოს უღებდა.
მოწმე შ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ლ--–-----------ის მეუღლე. 2018 წლის 28 ნოემბერს, თავისი მანქანით თბილისიდან ბრუნდებოდა ადიგენში თავის მეუღლესთან, მეუღლის დასთან - დ--–---–---–----ესთან, მეუღლის დისშვილთან - თ-----------------–-–---–--ან და თავის ვაჟთან ლ-–-----------ესთან ერთად. წასვლამდე, გლდანში, მაღაზია ,-------------–-- შევიდა პროდუქტების საყიდლად, სადაც დაახლოებით 15-20 წუთი დაჰყო. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ ადიგენში. ახალციხეში შესვლისას მას დაურეკეს გლდანის პოლიციიდან და უთხრეს, რომ ,,ა-------–------------ს“ მეტროსთან მისი მანქანა იყო დაფიქსირებული და იბარებდნენ პოლიციის განყოფილებაში. მან თავის მგზავრებს ჰკითხა, რამე საეჭვო ხომ არ დაუნახავთ და რაში იყო საქმე. მათ უპასუხეს, რომ მათთან ვიღაც გოგო იყო მისული, რომელიც კამერით იღებდა მათ და ეკითხებოდა, თუ ვინ იყვნენ, რატომ იდგნენ და რას აკეთებდნენ. ამ დროს ლ--–------------ გადავიდა მანქანიდან და უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის და ნუ უღებდა, რის შემდეგაც ხელით გააწევინა ტელეფონი. ხსენებული გოგო წავიდა მუქარით, რომ პოლიციაში იჩივლებდა. მოწმემ პოლიციის დარეკვამდე არ იცოდა მომხდარი ინციდენტის შესახებ.
გამომძიებლებმა გ--------–-----–--მ და რ-------–----მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.
შეტყობინების #------- ოქმის მიხედვით, 2018 წლის 28 ნოემბერს, 10:35 საათზე თ---------------მ 112-ს შეატყობინა, რომ მას გლდანში, ა-------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 29 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ--------------ემ ამოიცნო ლ--–------------.
სასამართლო სხდომაზე ასევე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა დაზარალებულ თ--------------ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს, რომ ვიდეოს გადამღები ქუჩაში მყოფ პიროვნებებს ეკითხება თუ რატომ და ვისი დავალებით არიან შეკრებილები. მათგან ერთ-ერთი, დ--–------------ძე მას პასუხობს, ,,აგერ ველოდები, მანქანით მივდივარ... რომ ამოვძირკო ნაციონალები“. ,,ნაციონალების ამოსაძირკვად დგახართ აქ?“ - ეკითხება თ--------------ე. ,,დიახ, დიახ“, - პასუხობს დ--–------------ძე და ზურგშექცევით მიდის იქვე მდგარ ავტომანქანისკენ. ,,ვინ დაგავალათ?“ - ეკითხება ჩ-------ე და უკან მიჰყვება მას. დ--–------------ძე ტრიალდება ჩ-------ისკენ, მის ტელეფონს ხელით ეხება და ეუბნება, ,,ეხლა ამ ტელეფონს ავიღებ და ასე მოგიბრუნებ კარგად“. შემდეგ ხსენებულ ავტომანქანასთან მყოფი ლ--–------------- მოდის ვიდეოს გადამღებისკენ და იძახის, ,,რატომ იღებ? რატომ იღებ? უზრდელი ხარ! გაუზრდელი ხარ! სად გაიზარდე! რატომ იღებ? ნუ იღებ!“ - რა დროსაც იწევს ჩ-------ისკენ და მის ტელეფონს მარცხენა ხელს ურტყამს ორჯერ. ტელეფონზე ხელის მოხვედრის ფაქტი ასევე დასტურდება ტელეფონის მიკროფონზე ხელის მოხვედრით. ამ დროს თ--------------ე მას პასუხობს, ,,ხელი ქალბატონო! ხელი! მე ჟურნალისტი ვარ. რატომ მეჩხუბებით?! ეხლა პოლიციას გამოვიძახებ და...“
ლ--–------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 28 ნოემბერს, დილით გამოვიდა სახლიდან და მიდიოდა ადიგენში, თავის მეუღლესთან - შ-----------------თან, შვილთან ლ-–-----------ესთან, დასთან - დ--–------------ძესთან და დისშვილთან - თ-------------------–---–თან ერთად. მან მეუღლეს სთხოვა, რომ საჭმელი ეყიდათ გზაში. მათ მანქანა გააჩერეს გლდანში, ახმეტელის თეატრთან. მანქანიდან გადმოვიდნენ მისი მეუღლე, შვილი და დისშვილი და წავიდნენ მაღაზია ,,-----------–-“, რომელიც იყო გზის მეორე მხარეს. თვითონ და მისი და დარჩნენ მანქანაში. ცოტა ხანში დ--–------------ძე გადავიდა მანქანიდან და წავიდა მაღაზიისკენ, შვილს ვეტყვი, რომ თანხა ჩამირიცხოსო. მან დ--–-ს უთხრა, რომ მალე დაბრუნებულიყო. ცოტა ხანში დაინახა, რომ ჩ-------ე გადაუდგა მის დას და ტელეფონით უღებდა ვიდეოს და ეკითხებოდა, აქ რატომ დგახართო. დ--–------------ძე მას პასუხობდა, რომ სიძეს ელოდებოდა. მან თავის დას დაუძახა, რომ მალე დაბრუნებულიყო მანქანაში. მისი ხმის გაგონებაზე ჩ-------ე მას მიუტრიალდა და დაუწყო გადაღება. თავიდან იფიქრა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო, რადგან მის მეუღლეს ცუდად ჰყავდა მანქანა გაჩერებული. დ--–- რომ წამოვიდა, ჩ-------ე გამოეკიდა ვიდეოს გადაღებით. ამ დროს გადმოვიდა თვითონ მანქანიდან და ჩ-------ეს ჰკითხა, რა უნდოდა და რატომ უღებდა ვიდეოს. ჩ-------ემ მასაც დაუწყო ტელეფონით გადაღება, კამერა სახესთან ახლოს მიუტანა და რამდენჯერმე ჰკითხა, ვის ელოდებოდა და რატომ იდგა იქ. მ--------ემ უთხრა, რომ გაეწია ტელეფონი, შემდეგ ორი თითი შეახო მის ტელეფონს და უთხრა გაეწია ტელეფონი, მაგრამ დაზარალებულმა კვლავ გააგრძელა ვიდეოს და სურათების გადაღება. ამის გამო მ--------ემ მას უზრდელი და თავხედი უწოდა და მარცხენა ხელით გააწევინა ტელეფონი. მან დაზარალებულის ტელეფონს მიარტყა ხელი, ხოლო უშუალოდ დაზარალებულისთვის სახეში არ დაურტყამს. ჩ-------ემ ტელეფონი ყურთან მიიდო და ირონიული სიცილით დაემუქრა, ,,ახლა შენ ნახე რას გიზამ, პატრულში დავრეკავო“. შემდეგ მ--------ე თავის ახლობლებთან ერთად წავიდა ადიგენში, სადაც იგი არჩევნებზეც უნდა წასულიყო. გზაში მის მეუღლეს დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. ისინი იმავე საღამოს დაბრუნდნენ თბილისში და გამოცხადდნენ პოლიციაში.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმის გადაწყვეტისას და განაჩენის გამოტანისას სრულყოფილად არ იქნა შეფასებული სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ლ--–-----------ის მხრიდან თ--------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ლ--–------------მ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ლ--–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ლ--–-----------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ლ--–-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ--–------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ლ--–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ლ--–------------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ორი ცალი კომპაქტ-დისკი (რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი