განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002318589
საქმე № 2ბ/5168-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - შპს ,,ბ----- ჯ-----ი“
წარმომადგენელი - ო---- ო-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ---- D--”
წარმომადგენელი - ა------ გ-----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ----- ჯ-----ის“ სარჩელი, შპს „დ---- D--”-სთვის 5 335 ლარის გადახდისა და ასევე, პირგასამტეხლოს შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის (5 335 ლარი) 0.1%-ის ოდენობით დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 02 ნოემბერს შპს „ბ----- ჯ-----ს“ და შპს „დ---- D--”-ს შორის დაიდო ხელშეკრულება N02/11/2017-1, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ ქ.თბილისში, ყ-------- გამზირი N2-ში მდებარე ობიექტის იატაკის მოჭიმვა შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მასალებით გამამყარებელი ფხვნილით MT300 გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრიული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით საორიენტაციოდ 100 კვ.მ-ზე. „სამუშაო“ ითვლება შესრულებულად სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტზე „დამკვეთის“ ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელის მოწერის შემდეგ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 5 500 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. 1 კვ.მ სამუშაოების ღირებულება 55 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დამკვეთი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს ღირებულების 50% ავანსად, 45% სამუშაოს დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ხოლო დარჩენილი თანხის 5% თერმოღარების შევსების შემდეგ.
ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს გარანტიები, კერძოდ, ვინაიდან, გამამყარებელი ფხვნილი ერევა ახლად დასხმული ბეტონის ზედა ფენაში შეფერილი ზედაპირის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ბეტონის შემადგენლობაზე, შესაბამისად, სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ბეტონში გამოიყენება სხვადასხვა წარმომავლობის ინერტული მასალა და ცემენტი, რაც აისახება საბოლოო ზედაპირზე და ფერზე. ქარხნიდან მიწოდებული ბეტონის უხარისხობის, ბეტონის ტუმბოს გაუმართაობის და ბეტონის ობიექტზე დაგვიანებით მიწოდების გამო გამოწვეული შეფერხების მიუხედავად სპეციალისტები ეცდებიან ბეტონის ზედაპირი მიიყვანონ მაქსიმალურ კონდინციამდე. აგრეთვე, თუ შესასრულებელ ობიექტზე მოსაწყობი ბეტონის იატაკის ქანობი 1%-ზე ნაკლებია (სიტუაციიდან გამომდინარე), შემსრულებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ბეტონის ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის გუბეები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამკვეთმა უნდა დაიცვას ბეტონის მოვლის წესები, გადააფაროს პოლიეთილენი და მუყაო, ხოლო ლაქები აწმინდოს და მორეცხოს კერხერით ან შესაბამისი მახასიათებელი დანადგარის გამოყენებით.
2.2. 2017 წლის 19 დეკემბერს შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტით „შემსრულებელმა“ შეასრულა შემდეგი სამუშაო, ქ. თბილისში, ყ-------- გამზირი N2, „შემსრულებლის“ მასალებით იატაკის მოჭიმვა გამამყარებელი ფხვნილით MT300, გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრიული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით 97 კვ.მ-ზე. გადაცემული მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 335 ლარს.
აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა მოპასუხე მხარემ.
2.3. შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს გაფრთხილების წერილით მოპასუხეს ეცნობა დავალიანების 5 335 ლარის დაფარვის შესახებ, რაზეც უარი განაცხადა შპს „დ---- D--”-ის წარმო- მადგენლობამ.
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის დასკვნით, შპს „დ---- D--“-ს მიმართვის შესაბამისად, შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ჩატარებული მოჭიმული იატაკის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ იატაკი არ არის გლუვი. იატაკს ემჩნევა ნაფეხურები და ნიჟარები, ზედაპირი არის დაკაწრული, მოჭიმული იატაკის ზედაპირი არ არის ერთი ფერის, თერმოღარები არ არის შევსებული. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს.
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 ნოემბრის დასკვნით, ქ. თბილისში, ალექსანდრე ყ-------- გამზირი N2-ში მდებარე კაფე „ფ-------–-“-ში, შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის N02/11/2017-1 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული იატაკის მოჭიმვის სამუშაოები აკმაყოფილებს DIN18202 გერმანული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მოჭიმული იატაკი დაფარულია გამჭირვალე ლაქით; შეუძლებელია კონკრეტული პასუხის გაცემა პასუხობს თუ არა 2017 წლის 02 ნოემბრის N02/11/2017-1 ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოები ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრულ სპეფიციკაციას.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. შპს „ბ----- ჯ-----ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს;
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლომ უმთავრესად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით საქმეზე დაკითხულ იქნა ორივე ექსპერტიზის დასკვნის ავტორი.
ექსპერტ ლ------- ო--------ს განმარტებით, რომელმაც უარყოფითად შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი, სამუშაო შესრულებული იყო უხარისხოდ, არ იყო ერთი ფერის იატაკი, იყო დაკაწრული, ემჩნეოდა ხაზები, ღარები არ იყო შევსებული, იყო უსწორმასწორო. ექსპერტის განმარტებით, ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, განსახილველ ადგილს კი ეტყობოდა ნაფეხურები, ნაკაწრები და იყო ჭრელი. მისი ვიზიტის დროს ფართი ლაქით არ იყო დაფარული.
კითხვაზე, ექსპერტმა განმარტა, რომ არსებული მდგო----ეობის საექსპლუატაციო მდგო----ეობამდე მიყვანა შესაძლებელი იყო, შესაბამისი დანახარჯების გაწევით. საჭირო იყო ფენის დამატება ან მოხსნა და ახლის გაკეთება, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ექსპერტის განმარტებით, ეს ნაკლოვანება გამოწვეულია არაკვალიფიციური მუშა-ხელის გამოყენებით. მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით ფართი შესაძლოა გამოყენებული იქნეს საამქროსთვის, რაც შეეხება კაფეს სადაც ესთეტიკაზეა საუბარი მის სტანდატებს არ შეესაბამება.
ექსპერტმა როგორც აღნიშნა, ახალდაგებული ფართი უნდა იყოს დაცული რომ არ მოხდეს მასზე ფეხით გავლა, ეს შეიძლება იყოს შეფუთვით დაცული ან შესაძლებელია შეფუთვის გარეშე შემოსაზღვრო დაგებული ფართი. თუ ფართის დაკეტვა შეუძლებელია, უნდა დაფარო რომ არ მოხდეს ნაფეხურების დამჩნევა. კითხვაზე, ექსპერტმა მიუთითა, რომ ბეტონი ზოგადად ჭრელი არ არის და ერთი ფერისაა, ასევე, შეიძლება თეთრი იყოს და შავში გადადიოდეს, ამ შემთხვევაში კი არსებობდა რადიკალური სხვაობა რამაც მიიქცია ყურადღება და ეს განპირობებულია ზედაპირის არათანაბარი დამუშავებით.
ზედაპირის დამუშავებაზე ფერის ცვლილება რამდენად არის დამოკიდებული, ექსპერტმა მიუთითა, რომ თუ არის გამხსნელი ფერი რომელიც ეყრება ბეტონს და მერე ხდება განაწილება, თუ ზედაპირზე გადის ერთი ფენა გამოდის ერთი ფერი, მაგრამ როცა ხდება დამუშავება და არათანაბარი განაწილება ზოგ ადგილებში მეტია დაგროვილი და ფერი მუქი გამოდის და ზოგ ადგილში უფრო თხელია და ღია ფერის გამოდის. ამ შემთხვევაში, ბეტონის ზედა ფენაზე საუბარი. ასევეა, ზუსტად ამ შემთხვევაშიც, გამოყენებული ნარევი არათანაბრად არის გადანაწილებული და იწვევს ფერის სხვაობას.
ექსპერტმა განმარტა, რომ ლაქის წასმის შემდგომ არ უნახავს ობიექტი, თუმცა მისი თქმით, ლაქის გადასმამ შეიძლება არამარტო ვიზუალური ხედვა შეცვალოს, არამედ შეიძლება გამოასწოროს დეფექტიც. ნაფეხურის არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ლაქის გადასმა არ უშველის სიღრმავის ამოვსებას. კოსმეტიკური მარტივი საშუალებით ამ ხარვეზის აღმოფხვრა ექსპერტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და განმარტა, რომ საჭირო იყო შპაკლი, ზედაპირის გასწორება, თუმცა, სრულად აყრა შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო.
ექსპერტი კ------- კ----–ის განმარტებით, რომელმაც დადებითად შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები სასამართლომ სხდომაზე განმარტა შემდეგი:
მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ნამუშევრის მაქსიმალურ კონდიციამდე მიყვანას. თუმცა, კონდიქცია არ არის კონკრეტიზირებული განმარტება, შეიძლება სხვადასხვა თვალის მიერ სხვანაირად იქნეს აღქმული. დამკვეთის მიერ მოთხოვნილი იყო გერმანული სტანდარტით ჩატარებული სამუშაოების შეფასება.
სასამართლოს მითითებით, სასამართლოს კვლევის საგანი იყო რამდენად შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ არცერთ ექპსერტიზის დასკვნაში არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა, მნიშვნელოვანია განიმარტოს თავად ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების საფუძველი, უდავოა, რომ ორივე მხარემ მიმართა მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ ექსპერტებისათვის დასმულ კითხვებზე.
სადავო გარემოების დამადასტურებელ კითხვაზე ექსპერტმა კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებლად მიიჩნია, ხოლო დარჩენილ ნაწილში კი მოსარჩელემ ითხოვა კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა. მოპასუხემ კი წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უზრუნველყო ჩატარებული სამუშაოების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის დადგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ კი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველესყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან უზრუნველყო 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე, დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოებით ფართი გამოყენებადი იყოს შესაძლოა საამქროსთვის, თუმცა, კაფესთვის, რომელიც ესთეტიკის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს, შესრულებული სამუშაო უხარისხოა.
ამდენად, სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები, რაც მოპასუხე მხარესაც არ გაუხდია სადავო, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რამაც სასამართლოს არ მისცა შესაძლებლობა ემსჯელა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება- მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ არის ჯეროვნად შესრულებული, რაც მოპასუხეს ათავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 02 ნოემბერს აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, ყ-------- გამზ. N2 - ში მდებარე ობიექტზე იატაკის მოჭიმვა. მოჭიმვა ხდებოდა მოსარჩელის მასალებით გამამყარებელი მფხვნილით ე.წ. მტ 300-ით, გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრიული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით საორიენტაციოდ 100 კვ. მ- ზე.
ხელშეკრულებით მხარეთა შორის განისაზღვრა ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება, კერძოდ 5 500 ლარი, ხოლო 1კვ.მ სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 55 ლარს. 5500 ლარი ხელშეკრულების 3.3.-ე პუნქტის მიხედვით უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად, კერძოდ სამუშაოს დაწყებამდე მოპასუხეს უნდა გადაეხადა 50 პროცენტი ( 2750 ლარი) ავანსის სახით, სამუშაოს დასრულების შემდეგ 45 პროცენტი (2 400.75 ლარი) 5 დღის ვადაში და დანარჩენი 5 პროცენტი ( 266.75 ლარი) კი თერმოღარების შევსების შემდეგ.
აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა და სამუშაო ჩააბარა მოპასუხეს 2017 წლის 19 დეკემბერს. მხარეებს შორის 2017 წლის 19 დეკემბერსვე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა შეადგენდა 97 კვ. მ. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტისადმი გადასახდელი ჰქონდა 5335 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფს და ეთანხმება, რომ შპს „ბ----- ჯ-----ის“ მიერ ნამდვილად განხორციელდა სამუშაოები და მოწინააღმდეგე მხარე აპელანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს არ უხდის იმის გამო, რომ აპელანტმა ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. (და არა შეუსრულებლობის გამო). საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2017 წლის 19 დეკემბრის მიღება - ჩაბარებაზე ხელის არ მოწერის მიუხედავად, მის მიერ მაინც მოხდა სამუშაოების კონკლუდენტურად მიღება. იატაკი ექსპლუატაციაშია შესული და დღემდე სარგებლობს აპელანტის მიერ გადაცემული სამუშაოს შედეგით. ზ/ა უდავო ფაქტობრივი გარემოება სასმართლოს მიერ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ორივე დაკითხული ექსპერტის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ მომხდარა მათ მიერ ნაკლოვან შესრულებულად დასახელებული არცერთი ხარვეზის გამოსწორება და სარგებლობს აპელანტის მიერ გადაცემული სამუშაო შედეგით. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა მხოლოდ უფერო ლაკის გადასხმა, რაც მხოლოდ ცვლის იატაკის ვიზუალურ მხარეს, კერძოდ ზედაპირს უფრო პრიალას ხდის. (იხ. გადაწყვეტილების 6, 7, 8 გვერდები). შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა მხოლოდ ზედაპირის ვიზუალური მხარის შეცვლა და არ მომხდარა იატაკის მათ მიერ რაიმე სახით გამოსწორება და დეფექტების აღმოფხვრა. ამდენად, მის მიერ მოხდა იატაკის იმ კონდიციაში მიღება, რა კონდიციაშიც აპელანტმა გადასცა სამუშაო შედეგი.
შესაბამისად, საერთოდ გაუგებარია სასამართლოს პოზიცია: ,,ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა გარკვეული სამუშაოები, რაც მოპასუხე მხარესაც არ გაუხდია, სადავო, თუმცა საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რამაც სასამრთლოს არ მისცა შესაძლებლობა ემსჯელა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით". უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივმა მოცულობამ შეადგინა 97 კვ.მ, 1კვ.მ სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 55 ლარს და შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 5335 ლარი დღგ-ს ჩათვლით. (იხ. 2017 წლის 19 დეკემბრის მიღება ჩაბარების აქტი და გადაწყვეტილების 3 გვერდი). მოწინააღმდეგე მხარის მიერ არც შესაგებლით და არც სასამართლოს მიმდინაროებისას არ გამხდარა სადავო აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და გადასახდელი თანხის რაოდენობა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ აპელნატის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სახეზეა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ, რის საფუძველზეც გამოიტანა არაობიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილება.
3.2. მოწინააღმდეგე მხარის აპელირება მის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოუწერლობაზე არ იძლევა აპელანტის მიერ სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველს. ფაქტია მხარისათვის მოხდა სამუშაო შედეგის გადაცემა და დღემდე სარგებლობს სამუშაოს შედეგით იმ ხარისხით, რა კონდიციაშიც აპელანტმა გადასცა სამუშაო შედეგი. საიდანაც გამომდინარეობს, რომ კონკლუდენტური მოქმედებით მოხდა მისი მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (№ას-306-293 2015) მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას (სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება, საქმეზე Nას-323-307-2011). შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით მოხდა სამუშაოების მიღება.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა, ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დღემდე აქვს შესრულებული სამუშაოს მიმართ ინტერესი. აღნიშნული გარემოება კი მოწინააღმდეგე მხარეს ავალდებულებს გადაუხადოს აპელანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური. აპელანტი მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე Nას-889-1175-09 განმარტავს: ,,მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს მომსახურებისათვის გათვალისწინებული გასამრჯელო, თუკი შემკვეთს გაწეული მომსახურების მიმართ კვლავ გააჩნია რაიმე ინტერესი. შემკვეთს მხოლოდ შესრულების ნაკლის მის მიერ გამოსწორების შედეგად წარმოშობილი ღირებულების მოთხოვნის უფლება აქვს". თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რამდენით შეიძლებოდა შემცირებულიყო სარჩელის მოთხოვნის ღირებულება. ამასთანავე, ორივე დაკითხული ექსპერტის მიერ აღინიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ მომხდარა მათ მიერ ნაკლოვან შესრულებად დასახელებული არცერთი ხარვეზის გამოსწორება და სარგებლობს აპელანტის მიერ გადაცემული სამუშაო შედეგით. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა მხოლოდ უფერო ლაკის გადასხმა, რაც მხოლოდ ცვლის იატაკის ვიზუალურ მხარეს, კერძოდ ზედაპირს უფრო პრიალას ხდის. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა მხოლოდ ზედაპირის ვიზუალური მხარის შეცვლა და არ მომხდარა იატაკის მათ მიერ რაიმე სახით გამოსწორება და დეფექტების აღმოფხვრა. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა იატაკის იმ კონდიციაში მიღება, რა კონდიციაშიც აპელანტმა გადასცა სამუშაო შედეგი.
3.4. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. მართალია, სამუშაოს აღენიშნებოდა გარკვეული დეფექტები, მაგრამ ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარეს მასზე უარი არ განუცხადებია და შესაბამისად წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს დეფექტის გამო საზღაურის შემცირების უფლება. თუმცა, ის თუ რა თანხით შეამცირა ნაკლმა სამუშაოს ღირებულება, უნდა დაემტკიცებინა სწორედ მოწინააღმდეგე მხარეს, ამასთანავე აპელანტის მიერ ობიექტურად შეუძლებელი იყო იმის მტკიცება თუ რა თანხა დახარჯა მოწინააღმდეგე მხარემ ლაკის გადასხმისთვის, რამაც მხოლოდ იატაკის ვიზუალური მხარე გააუმჯობესა და მათ მიერ მითითებული არცერთი დეფექტის გამოსწორება არ მოუხდენია.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მენარდის ინტერესები და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, უნდა დაეკისრებინა მხარისათვის ის რაც ფაქტობრივად შესრულდა. უდავო ფაქტია, რომ სამუშაოების ფაქტობრივმა მოცულობამ შეადგინა 97 კვ. მ და გადასახდელი ღირებულება იყო 5335 ლარი. რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა უარყოფილი. აპელანტმა ფაქტია გაწია დანახარჯები და ადამიანური რესურსი.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სერიოზული თავისებურება ის არის, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული. მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის. მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ასევე 361-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. 361-ე მუხლი იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა. შესაბამისად, 361-ე მუხლი აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა.
აპელანტის შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარის ქმედება კი მიმართულია არა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ამოსავალ ვალდებულების შესრულების პრინციპზე, არამედ მის თავის არიდებაზე. აღნიშნული პირდაპირ არღვევს გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების, ურთიერთთანამშრომლობისა და მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებს, რაც დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას იწვევს.
3.5. შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 14 მაისის N2/5727-18 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში არასრულად და არაობიექტურად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცა მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს აპელანტის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი კი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ (Bombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993 v. Finland, 27.06.2008; Peric v. Croatia, 27.06.2008).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
ამავე კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
აღნიშნული ნორმების სისტემური შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. მას შეუძლია მხოლოდ ნაკლის გამო შეამციროს ანაზღაურება ან მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე უნდა გადანაწილდეს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის.
სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი ადგენს პრეზუმფციას, რომ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება და მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პრეზუმფცია არ არის შეუქცევადი და მისი შებრუნება შეიძლება 3 გზით: ა)დამკვეთმა უნდა მოითხოვოს გონივრულ ვადაში ნაკლოვანების აღმოფხვრა მენარდის ხარჯზე; ბ)ნაკლოვანების შეფასების პროპორციულად შეამციროს გადასახდელი თანხა; გ)თავად გამოასწოროს ნაკლი და მოითხოვოს ხარჯის ანაზღაურება. შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო სრულიად უხარისხო და გამოუსადეგარია. ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ, არ წარმოადგენს შესრულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ შემთხვევაში მტკიცების საგნად იქცა ის გარემოება, ზოგადად შესრულება შეესაბამება თუ არა შეთანხმებულ ხარისხს. სასამართლომ დაადგინა შესრულების უხარისხობა, მაგრამ არ მომხდარა გამოქვითვა რომელსაც კანონმდებლობა ადგენს.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას დაშვებული უზუსტობის გამოსწორება სამართლებრივი შეფასების ხარჯზე შეუძლებელია. თუ გადაწყვეტილებას საქმის არასწორი ფაქტობრივი გარემოებები უდევს საფუძვლად, მაშინ მოსამართლის მიერ მომზადებული სამართლებრივი შეფასება არ დაემთხვევა მხარეთა მიერ მოხსენებულ შემთხვევას. (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (№ას-306-293 2015) მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური არ გადაუხადა იმის გამო, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. ამდენად, შემკვეთი თავადვე ადსტურებს მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სამუშაოები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შესრულდა. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ მენარდის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად (ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) შესრულების ფაქტი. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას (სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება, საქმეზე Nას-323-307-2011). შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით მოხდა სამუშაოების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე Nას-889-1175-09 განმარტავს: ,,მენარდეს შეუძლია მოსთხოვოს შემკვეთს მომსახურებისათვის გათვალისწინებული გასამრჯელო, თუკი შემკვეთს გაწეული მომსახურების მიმართ კვლავ გააჩნია რაიმე ინტერესი. შემკვეთს მხოლოდ შესრულების ნაკლის მის მიერ გამოსწორების შედეგად წარმოშობილი ღირებულების მოთხოვნის უფლება აქვს".
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ არის ჯეროვნად შესრულებული რაც მოპასუხეს ათავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წუნდების აქტზე ხელმოწერა ფორმალური პროცედურაა. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების არსებობა ნაკლიანი შესრულების დადასტურებას, მით უფრო, ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობის დაკარგვას არ ნიშნავს და შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის არსებობა შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლების, ან/და მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
4.2. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია რა, გარემოება მასზედ, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ასევე, არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს მიმართა, არამედ - ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, მიიჩნევს რომ აპელანტის ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
4.3. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ყურადღება უნდა მიექცეს პრეზუმფციის დანიშნულებასაც. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო, დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო, ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება წარმოადგენს არა მიზეზს, არამედ ამ ტვირთის განაწილების შედეგს, ანუ პრეზუმფციების მეშვეობით კანონმდებელი ანაწილებს დამტკიცების ტვირთს მხარეთა შორის და მტკიცების ტვირთის გამოხატვის სხვა ფორმებს შორის, რომელსაც იცნობს მატერიალური სამართალი, პრეზუმფციები ყველაზე სრულყოფილი და პრაქტიკულად ხელმისაწვდომი ფორმაა (თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 230). თუ რომელი მხარისათვის უფრო ადვილია დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი, აგრეთვე რომელი ფაქტების დამტკიცების საფუძველზე წარმოიშობა ვარაუდი (პრეზუმფცია) გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის შესახებ, განსაზღვრულია კანონით, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევებში კი, სასამართლო პრაქტიკით.
4.4. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეს აბრუნებს ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში, რათა მოხდეს პირველ ინსტანციაში მტკიცების ტვირთის შესაბამისად გადანაწილება და მტკიცების პროცესის შესაბამისად წარმართვა. სააპელაციო სასამართლო ვერ მიიღებს მოცემულ საქმეზე ახალ გადწყვეტილებას, რათა პროცესი არ დამთავრდეს მხარეთათვის მოულოდნელი შედეგებით, ისე რომ მათ არ ჰქონდეთ თავიანთი მტკიცების ტვირთის გაწევის შესაძლებლობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ----- ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეჯამებული სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბ----- ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი