განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
080210018002480557
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002480557

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-497-2019 10 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ა----------ე, ს----------–-------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ-----

წარმომადგენელი - ბ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს მ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 61 450,24 ლარის გადახდა. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯები 1500 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2017 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროსა’’ და შპს ,,მ-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (N-----------), რაც გულისხმობდა, სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს’’ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე. 2.2. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები ამ შეთანხმების მე-4 მუხლის საფუძველზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. 2.3. პერიოდულად, მთლიანი სამუშაოს სხვადასხვა ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: 1) 27.06.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/1, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 40949.89 ლარი. 2) 13.09.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/2, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 113923,29 ლარი. 3) 06.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/3, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 147525,37 ლარი. 4) 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/4, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159694,80 ლარი. 5) 11.01.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/5, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 285660,32 ლარი. 6) 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261274,04 ლარი. 2.4. 2018 წლის 18 იანვრის წერილით შპს ,,მ-----ს“ დირექტორმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ დაამთავრეს მათ შორის 2017 წლის 17 მაისს გაფორმებული N2017/117 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოები. აცნობა, რომ წარმოუდგენდა შესრულებული სამუშაოების საბოლოო აქტს (ფ. N2). ასევე აცნობა, რომ აღნიშნული აქტები შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარდგენილია ექსპერტიზაზე საექსპერტო დასკვნის მისაღებად. 2.5. 2018 წლის 02 თებერვლის წერილით შპს ,,მ-----ს“ დირექტორმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნა. 2.6. 2018 წლის 26 თებერვალს გაფორმდა ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, რომელიც ეყრდნობა ექსპერტიზის #R-E.TP.G04.FA.31 დასკვნას. აღნიშნული მიღება- ჩაბარების აქტის თანახმად, ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261 274,04 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო ავანსად მიღებული თანხის შესაბამისი ნაწილი 77 407.72 ლარი და 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით შპს „მ-----ს“ ,,გადასახდელი’’ პირგასამტეხლო 61 450.24 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 122 416.08 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტზე N2017/117/6 შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი. 2.7. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადები და პირობები მოცემულია დანართი #2-ში. 3.2. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამ) კალენდარულ დღეში და დაასრულოს დანართი #2-ით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. 3.3. მუხლის თანახმად, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპად და უნდა იქნას წარდგენილი ეტაპის დამადასტურებელი სამუშაოები ფორმა #2. 3.4. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შემოთავაზებული და ვადებისა და შემსყიდველთან შეთანხმებული ყოველთვიური კალენდარული გეგმა გრაფიკის შესაბამისად განახორციელოს სამუშაოები სრულად. 2.8. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან და გადარიცხოს მიმწოდებლის სახელით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში. 2.9. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის 1-5 ეტაპისათვის დასრულებული სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შეუსრულებელი (სამუშაო, რომლის დასრულება დაგეგმილი იყო კონკრეტული ეტაპით) სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპის ვადაგადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. 2.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, შემსყიდველი (ანუ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოექვითა ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან და გადაერიცხა მიმწოდებლის სახელით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში. მაგრამ დადგენილია, რომ 1-5 ეტაპის დასრულებისათვის მიღება ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული არ არის რაიმე პრეტენზია სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაზე და პირგასამტეხლოს თანხების არსებობაზე. 2.11. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით; ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 78547.00 ლარით და ნაცვლად 941273.00 ლარისა, განისაზღვრა 1019820.00 ლარით. 2.12. მიმწოდებელს - შპს „მ-----ს“ 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების N2017/117/6 აქტით ეცნობა შემსყიდველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს უფლების გამოყენების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა და მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----ს’’ დირექტორი არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი. 2.13. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება განხორციელდა ბოლოს, როცა შეწყდა ხელშეკრულება. 2.14. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა პირგასამტეხლოს გაანგარიშების კანონიერების დასადასტურებლად წარმოადგინა ე.წ. ცხრილი, სადაც გაანგარიშებულია პირგასამტეხლო თითოეული ეტაპისათვის, მაგრამ გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს ცხრილი შეიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს, რის გამოც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სათანადო მტკიცებულებად. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ხელშეკრულების ღირებულება, კერძოდ ირკვევა, რომ შპს „მ-----ს“ ჯამში შეუსრულებია 1,169,749.01 ლარის სამუშაოები, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა ჯამში 1019820 ლარს, ანუ ამ გაანგარიშებას თუ დავუჯერებთ მ-----ს შეუსრულებია 149,929.01 ლარით მეტი სამუშაო, რაც არასწორია. ანუ ეს ცხრილი არ ასახავს რეალურ სურათს თუ როგორ სრულდებოდა ხელშეკრულება, ჰქონდა თუ არა ადგილი ვადების დარღვევას. 2.15. საქმეში მოთავსებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შპს „მ-----ს“ მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 1 009 027.71 ლარი. 2.16. ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2018 წლის 26 თებერვალს, შესაბამისად, სამუშაოს სრულად შესრულება დაფიქსირდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოექვითა ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, შპს „მ-----ზე“ გადასარიცხი თანხიდან, რაც არ განხორციელებულა და არანაირი პრეტენზია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არ ყოფილა. 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო ამ ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის 1-5 ეტაპისათვის დასრულებული სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებინა შპს „მ-----სთვის“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შეუსრულებელი (სამუშაო, რომლის დასრულება დაგეგმილი იყო კონკრეტული ეტაპით) სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპის ვადაგადაცილების შემთხვევაში - პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სასამართლომ აღნიშნული არ ჩათვალა მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევად, რადგან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 78547.00 ლარით და ნაცვლად 941273.00 ლარისა, განისაზღვრა 1019820.00 ლარით. სწორედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გაზრდამ გამოიწვია ახალი ვადების განსაზღვრა და არა ხელშეკრულების შეუსრულებლობამ; სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევით, რაც მიმწოდებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი და დაადასტურა სახელშეკრულებო ვადების დარღვევა. მიმწოდებელს - შპს „მ-----ს“ მხოლოდ 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების N2017/117/6 აქტით ეცნობა შემსყიდველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს უფლების გამოყენების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა და მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ პრეტენზიები ვადების დარღვევაზე იყო ზეპირი ფორმით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა. 2.18. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა,მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „მ-----მ“ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ჩააბარა სამუშაო. მოპასუხის მხრიდან მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა პრეტენზია ვადებზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულების 7.10. მუხლის დარღვევით. მოპასუხემ პირგასამტეხლოს დაანგარიშება განახორციელა ბოლოს, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, რაც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული. ამასთან დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილი შეიცავდა მნიშვნელოვან უზუსტობებს, რის გამოც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სათანადო მტკიცებულება. ეს ცხრილი არ ასახავდა რეალურ სურათს თუ როგორ სრულდებოდა ხელშეკრულება და ჰქონდა თუ არა ადგილი ვადების დარღვევას. დადგენილია, რომ ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაოს სრულად შესრულება დაფიქსირდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2018 წლის 26 თებერვალს. ამასთან, გაქვითვა არ უნდა მომხდარიყო, რადგან სადავო იყო პირგასამტეხლო და ეს ცალსახად დააფიქსირა შპს „მ-----მ“ მიღება ჩაბარების აქტში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2017 წლის 16 ნოემბრის, #2017/117 შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების ვადა, კერძოდ, სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (17/05/2017) არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა და 25 კალენდარული დღისა. შესაბამისად, სამუშაოთა სრულად შესრულების ვადად დადგინდა 2017 წლის 12 დეკემბერი, ნაცვლად 2017 წლის 16 ნოემბრისა. 3.2. 2017 წლის 16 ნოემბრის #2017/117 შეთანხმებით, სამუშაოთა სრულად შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 12 დეკემბერი, ხოლო ფაქტობრივად სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვაც სწორედ ამ თარიღამდე გაგრძელდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლოს წარმოშობა უკავშირდება ორი პირობის ერთდროულ არსებობას, კერძოდ; 1. უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება; 2. სახეზე უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. 3.4. 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.3 და 3.4 პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური კალენდარული გეგმა გრაფიკის 1-5 ეტაპისათვის დასასრულებელი სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შეუსრულებელი (სამუშაო, რომლის დასრულება დაგეგმილი იყო კონკრეტული ეტაპით) სამუშაოების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპის ვადაგადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05 %-ის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს წარმოშობისათვის პირველი აუცილებელი პირობა - მხარეთა წერილობით შეთანხმება, სახეზე იყო. 3.5. 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადები და პირობები მოცემულია დანართი #2-ში. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანხმად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამ) კალენდარულ დღეში და დაასრულოს დანართი #2-ით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (დანართი #2 თან ერთვის აღნიშნულ ხელშეკრულებას და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად). ამავე მუხლის 3.3 პუნქტის თანახმად, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპად და უნდა იქნას წარდგენილი ეტაპის დამადასტურებელი სამუშაოების ფორმა #2. ამავე მუხლის 3.4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შემოთავაზებული და ვადებისა და შემსყიდველთან შეთანხმებული ყოველთვიური კალენდარული გეგმა გრაფიკის შესაბამისად, განახორციელოს სამუშაოები სრულად. დანართი #2-ის თანახმად სამუშაოები დასრულდება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების შესასრულებლად მხარეებმა გაითვალისწინეს შესრულების ექვსი, ერთთვიანი ეტაპი. ხოლო, სამუშაოთა დასრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 17 ნოემბრისა. 3.6. პერიოდულად, მთლიანი სამუშაოს სხვადასხვა ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: 1) 27/06/2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 40 949,89 ლარი; 2) 13/09/2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 113 923,29 ლარი; 3) 06/12/2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 147 525,37 ლარი; 4) 21/12/2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159 694,80 ლარი; 5) 11/01/2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 285 660.32 ლარი; 6) 26/02/2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261 274,04 ლარი. 3.7. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება #2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, მათ შორის, შეიცვალა ხელშეკრულების დანართი #2 და სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (17/05/2017) არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა და 25 კალენდარული დღისა ანუ სამუშაოთა სრულად შესრულების ვადად განისაზღვრა ნაცვლად 2017 წლის 16 ნოემბრისა, 2017 წლის 12 დეკემბერი. 3.8. 2018 წლის 18 იანვრის წერილით შპს „მ-----მ“ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაამთავრებისა და შესრულებული სამუშაოს აქტების შესაბამის დოკუმენტებთან ერთად საექსპერტო დასკვნის მისაღებად წარდგენის თაობაზე. 3.9. საქმეში მტკიცებულებად გამოყენებული მიღება-ჩაბარების აქტები და შპს "მ-----ს" წერილი უტყუარად ადასტურებს, რომ, მიმწოდებლის მიერ დაირღვა, როგორც ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ასევე, სამუშაოთა სრულად დასრულების მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2017 წლის 17 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (აპელანტი) და შპს მ-----ს (მოსარჩელე) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა შეესრულებინა 941 273 ლარის ღირებულების სამუშაოები. 4.3. ხელშეკრულების დანართი 2-ის თანახმად (ს.ფ. 146), მოსარჩელეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 6 თვის ვადაში, ე.ი. 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. 4.4. ამასთან, ხელშეკრულების 14.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. 4.5. ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პირგასამტელო - ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო მე-6 ეტაპის, ე.ი. სამუშაოთა დასრულების ვადის დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით. 4.6. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები (ს.ფ. 24). 4.7. ამ ცვლილებათა თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 1 019 820 ლარი გახდა. 4.8. ამის გამო, 25 დღით გაიზარდა ხელშეკრულების დანართ 2-ში მითითებული სამუშაოთა დასრულების ვადაც (ს.ფ. 211). 4.9. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა. 4.10. ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 14.1. პუნქტშიც და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განისაზღვა. 4.11. მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დარჩა უცვლელი. 4.12. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს პერიოდულად ასრულებდა, რის თაობაზეც მხრეთა შორის დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. 4.12.1. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა: ა) 27.06.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 40 949,89 ლარი; 2) 13.09.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 113 923,29 ლარი; 3) 06.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად -147 525,37 ლარი; 4) 21.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 159 694,80 ლარი; 5) 11.01.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 285 660.32 ლარი, ხოლო 6) 26.02.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად - 261 274,04 ლარი. 4.13. მოსარჩელემ სამუშაოები 2018 წლის 18 იანვარს დაასრულა (ს.ფ. 30). 4.14. 2018 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ აპელანტს დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების საექპერტო დასკვნა წარუდგინა (ს.ფ. 32), რომლის თანახმადაც, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 261 274,04 ლარით განისაზღვრა. 4.15. 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით (ს.ფ. 31) აპელანტმა 261 274,04 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო მიიღო, თუმცა პირგასამტეხლოს, 61 450,24 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.16. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია. 4.16.1. პალატა არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. 4.16.2. პალატის აზრით, ვალდებულების შესრულების ვადა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთმანეთისგან განსხვავდება. 4.16.3. როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების დასრულების თარიღი... აღმკვეთი ხასიათისაა, აღმკვეთი ვადა სპობს უფლება-მოვალეობას, რადგან ამ ვადის ამოწურვასთან ერთად ილევა მხარეთა უფლება-მოვალეობის შესრულების ვადა“ – (სუსგ.№ბს-1034-992(კ-09) 5 მაისი, 2010 წ.). 4.16.4. ამის შესაბამისად, 2018 წლის 28 თებერვლის შემდეგ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სამუშაოები ამ დრომდე გაეგრძელებინა. 4.17. თუმცა, რა განსხვავებაც არ უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმდების ვადასა და ვალდებულების შესრულების ვადას შორის, უდავოა, რომ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპით გათვალისწინებული, ე.ი. სამუშაოთა საბოლოოდ დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში ეკისრებოდა. 4.17.1. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების დასრულების ვადა 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. 4.17.2. მოსარჩელემ კი სამუშაო 2018 წლის 18 იანვარს დაასრულა. 4.17.3. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით შეთანხებულ ვადას 37 დღით გადააცილა. 4.17.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 4.17.5. რადგან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო იყო გათვალისწინებული და მოსარჩელემ ეს ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი უნდა გადაიხადოს. 4.18. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.18.1. პალატის აზრით, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა და მისი ოდენობა დარღვეულ ვალდებულებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. 4.18.2. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან“ – (სუსგ - საქმე #ას-164-160-2016; 28 ივლისი, 2016 წელი, პ. 68). 4.18.3. ამავე საქმეში საკასაციო პალატამ მოვალის მიერ ყოველდღიურად გადასახდელი საურავის გონივრულ ოდენობად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,04% მიიჩნია. 4.18.3. ამ განმარტების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოც 0,04%-მდე უნდა შემცირდეს და ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან უნდა იქნას დაანგარიშებული. 4.19. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეს სამუშაოები 2017 წლის 12 დეკემბრისათვის უნდა დაესრულებინა. 4.19.1. მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც კონკრეტულად ამ თარიღისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა, საქმეში არ არის. 4.19.2. ამის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ღირებულებას პალატა განსაზღვრავს 2017 წლის 6 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის მდგომარეობით. 4.19.3. მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სულ - 40 949,89+113 923,29+147 525,37+159 694,80+285 660,32+261 274,04=1 009 027,71 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. 4.19.4. აქედან, 2017 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ შეასრულა: 40 949,89+113 923,29+147 525,37=302 398,55 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.19.5. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159 694,8 ლარი; 2018 წლის 11 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად - 285 660,32 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 იანვრის მდგომარეობით - 261 274,04 ლარი. 4.19.6. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს შეუსრულებელი ჰქონდა - 159 694,8+285 660,32+261 274,04=706 629,16 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.19.6. 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით - 285 660,32+261 274,04=546 934,36 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.19.7. ხოლო 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით - 261 274,04 ლარის ღირებულების სამუშაო. 4.20. ამირიგად, 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, ე.ი. ცხრა დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს - 706 629,16X0,04%X9=2 543,86 ლარს; 4.20.1. 2017 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ე.ი. 30 დღის ვადაგადაცილებისათვის - 546 934,36X0,04%X30=6 563,21 ლარს, 4.20.2. ხოლო 2018 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 18 იანვრამდე, ანუ 17 იანვრის ჩათვლით, ე.ი. 6 დღის ვადაგადაცილებისათვის 261 274,04X0,04%X6=627,05 ლარს. 4.21. ამის შესაბამისად, სულ პირგასამტეხლომ 2 543,86+6 563,21+627,05=9 734,12 ლარი შეადგინა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი უფლებამოსილი იყო აღნიშნული თანხა მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებაში გაექვითა. 4.22. პალატის აზრით, პირგასამტეხლოს ეს ოდენობა დარღვეული ვალდებულების მოცულობას, ხასიათსა და ვადას სავსებით შეესაბამება. 4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, შემკვეთმა მენარდეს შეთანხმებული საზღაური უნდა გადაუხადოს. 4.23.1. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ აპელანტის სასარგებლოდ, სულ 1 009 027,71 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. 4.23.2. აქედან აპელანტმა მოსარჩელეს 61 450,24 ლარი არ გადაუხადა. 4.23.3. პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა 9 734,12 ლარია. 4.23.4. ამის შესაბამისად, აპელანტს მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან 61 450,24-9 734,12=51 716,12 ლარის გაქვითვის უფლება არ ჰქონდა. 4.23.5. ამიტომ, მან მოსარჩელეს აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადოს. 4.24. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლო ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის ვადის გადაცილებისათვისაც უნდა გადაეხადა, თუმცა მხარეებს არც ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და არც მისი ვადები არ შეუთანხმებიათ. 4.25.1. ამის შესაბამისად, მოპასუხე მათ, ბუნებრივია, ვერც დაარღვევდა და არც პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა. 4.25. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად საკმარისად დასაბუთებული არ არის და, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და შპს მ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს მ-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 51 716,12 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. 6.2. ამის შესაბამისად, აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1843,51X(51 716,12/61450,24)=1 551,48 ლარის გადახდა. 6.3. გარდა ამისა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 1 500 ლარის ანაზღაურება. 6.4. ამავდროულად, მოსარჩელეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ნაწილის - 2 591,75X(100-51 716,12/61450,24X100)%=410,55 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;

3. შპს მ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 51 716,12 ლარის გადახდა;

5. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 551,48 ლარის გადახდა;

6. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა;

7. შპს მ-----ს სს აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს 410,55 ლარის გადახდა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი