განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003092065
საქმე №1ბ/1324-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–-------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 0----------- დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ. თბილისი, მ----------------–--------------------------------------------------------------–-------------------------------------–---------–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ნ-----–-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნ-----–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 ივნისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 51 (ორმოცდათერთმეტი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 255 (ორას ორმოცდა თხუთმეტი) საათი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
ნ-----–-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, შუადღის საათებში, გ------------------------–--------–------–----------------------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ-----–-------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ჩ---------------ეს და დედას - დ--–----------ეს. კერძოდ, ჩ---------------ეს კისერში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, ხელი ჰკრა მას და წააქცია. დაცემის შედეგად ჩ---------------ემ ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მეუღლის დასახმარებლად მისულ დ--–----------ეს ნ-----–-------------ემ ხელი ჰკრა და წააქცია ძირს, რის შედეგადაც დ--–----------ემ ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–----ემ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენში ცვლილებების შეტანა და ნ-----–-------------ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ შერჩეული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ არის საკმარისად მკაცრი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-----–-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-----–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ფოტოცხრილით, ჩ---------------ის შეტყობინებით, გ---------–----–---–ის შეტყობინებით, მოწმეების - ზ-------------------------------ს, გ---------–----–---–ის, ბ----------–---–----------–----------ის, ჩ---------------ის, დ--–----------ის და ნ-----–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მსჯავრდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, მან ბრალად შერაცხული დანაშაული მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ-----–-------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ნ-----–-------------ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ იგი ერთ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენი ნ-----–-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ-----–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნ-----–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 ივნისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 51 (ორმოცდათერთმეტი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 255 (ორას ორმოცდა თხუთმეტი) საათი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულის მიერ მის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
ნ-----–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნ-----–-------------ის მიმართ დაწესებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებულები - ჩ----ო და დ--–----------ები იმყოფებიან, გაუქმებულია.
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები და პოლიეთილენის სამლიტრიანი ბოცა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, განადგურდეს;
საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი, საინფორმაციო ცენტრ „112“- დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი „სდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი