განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/830-19, 330310017001994198
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-
აპელანტი (მოსარჩელე) - ხ----------------–-–---–ი
წარმომადგენელი - თ---------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №----- ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნას სამსახურში. მოპასუხეს დაევალოს ხ----------------–-–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ასევე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა.
მოპასუხის პოზიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ხ----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დანართი №2-ის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება სულ ითვალისწინებდა 10 საშტატო ერთეულს. მათ შორის, განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; განყოფილების უფროსის მოადგილე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3 ერთეული; წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) - 5 ერთეული (ს.ფ. 27, 53).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №------- ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. საფუძველი: ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 29 დეკემბრის №------- პატაკი. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, შემცირდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 1 საშტატო ერთეული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით. კერძოდ: განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; განყოფილების უფროსის მოადგილე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3 ერთეული; წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) - 4 ერთეული (ს.ფ. 28-30).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №----- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეცილისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი), პოლიციის კაპიტანი - ხ----------------–-–---–ი (პ/ნ 2----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანეს შსს კადრების განკარგულებაში. საფუძველი: შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება (ს.ფ. 31).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (გათავისუფლება კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეცილისტი (ბუღალტერ - ხაზინდარი), პოლიციის კაპიტანი ხ----------------–-–---–ი (პ/ნ 2----------) დაითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (ს.ფ. 32).
შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 22 მაისის №M---------------- წერილით დგინდება, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 3 იანვრის №----- ბრძანებით, 2017 წლის 1 იანვრიდან კადრების განკარგულებაში აიყვანეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათ შორის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ყველა თანამშრომელი, ხოლო 2017 წლის 6 იანვრის №----- ბრძანებით, 2017 წლის 1 იანვრიდან შსს ქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 05.01.2017 წლის №----- პატაკის საფუძველზე (რომელშიც არ იყო წარდგენილი ხ----------------–-–---–ი) მოხდა რიგი თანამშრომლების შს კადრების განკარგულებიდან დანიშვნა.
საქმეში წარმოდგენილი შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 ივნისის №-------------------- წერილში მითითებულია, რომ კრიტერიუმები, რისი გათვალისწინებითაც მოხდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) ხათუნა დურგლიშვილის გათავისუფლება, აღნიშნულზე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას (ს.ფ. 78-79).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საჯარო მოსამსახურეს სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვერტიკალური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია რეორგანიზაციის შედეგად პირის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის ვაკანტურ საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო- სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობა შემცირდა 1 ერთეულით (5 ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 4 საშტატო ერთეულით). ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 22 მაისის №M------------------- წერილზე (ს.ფ. 79) და მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობაზე მყოფი ხუთივე მოხელე გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, თუმცა მათი მხრიდან ვერ ხორციელდება იმის დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა მათი გადარჩევა და მხოლოდ მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არც შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ფლობს (შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 ივნისის №M---------------- წერილი - ს.ფ. 78).
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შტატების შემცირების მოტივით ხ----------------–-–---–ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ და ზემოთ მითითებული მონაცემის ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა სამსახურში დატოვებასთან თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით და რა კრიტერიუმის გათვალისწინებით იქნა გათავისუფლებული მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან და რატომ მიენიჭა უპირატესობა სამინისტროს სხვა თანამშრომელს მოსარჩელესთან მიმართებაში.
ხ----------------–-–---–ის სააპელაციო მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება სრულად.
ხ----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის შეტანა მიზნად ისახავდა იმას, რომ მომხდარიყო საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააჭიანურა დრო, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრის ბრძანება გამოიცემა იმავე შინაარსით, რაც გასაჩივრებული იყო. შედეგად დავა უსასრულოდ გრძელდება და ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ხ----------------–-–---–ი მუშაობდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში, წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ - ხაზინადარი) თანამდებობაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3------ ბრძანების საფუძველზე, შევიდა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო საორგანიზაციო ნუსხაში, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი. აღნიშნული ბრძანების მიხედვით შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში საშტატო განრიგი შეიცვალა, კერძოდ კი წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ-ხაზინადარი) პოზიციაზე, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა არსებობდა ხუთი შტატი, ხოლო ახალი ბრძანების მიხედვით კი შემცირდა შტატების ოდენობა ოთხამდე, რის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. შემდგომ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა. აპლანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ეყრდნობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს პოზიციით, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატების გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. - სასამართლო მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას, იშველიებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ მითითებული ნორმების განმარტებებს. აღსანიშნავია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით“. პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების წესი რეგულირდება საქართველოს შს მინისტრის 995-ე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესით“. შესაბამისად, ვინაიდან ხ----------------–-–---–ი მსახურობდა შს სამინისტროში და იყო პოლიციელი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“ და არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
ხ----------------–-–---–ი კადრების განკარგულებაში აყვანისას მოქმედი საქართველოს შს მინისტრის 995-ე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისი ნორმები, წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული სამსახურებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმატიულ აქტს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს“. ამავე წესის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილი აყალიბებს კადრების განკარგულებაში აყვანის დეფინიციას: „კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას“. - აღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს პირის კადრების განკარგულებაში აყვანის წინაპირობებს: 1. პირი უნდა განთავისუფლდეს თანამდებობიდან და 2. მათი საშტატო ერთეული უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უდაო ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული, რომ: I - ხ----------------–-–---–ი მუშაობდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში, წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ-ხაზინადარი) თანამდებობაზე. II- რეორგანიზაციის განხორციელებამდე, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში იყო წამყვანი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული III - რეორგანიზაციის შემდგომ, ახლად შექმნილსაფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში გათვალისწინებული იყო წამყვანი სპეციალისტის 4 საშტატო ერთეული, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე გაერთიანებულ განყოფილებებში ჯამში დასაქმებული იყო 10 ადამიანი, რეორგანიზაციის შემდგომ კი ახლადშექმნილ განყოფილებაში დასაქმდა 9 ადამიანი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი, უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. ამავე ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. 37-ე მუხლის მიხედვით კი, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხ----------------–-–---–ის კადრებში აყვანა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით - შემცირდა საშტატო ერთეული რომელზეც იყო ის დასაქმებული და განთავისუფლდა თანამდებობიდან. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შს მინისტრის 2017 წლის 2 მაისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე, სახელმწიფო თავდაცვას.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.
აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხ----------------–-–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ- ხაზინდარი) თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამავე ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან, ხოლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №----- ბრძანებიდან ამონაწერით, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეცილისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი), პოლიციის კაპიტანი ხ-------------------–-–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანებიდან ამონაწერით შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეცილისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი), პოლიციის კაპიტანი ხათუნა დურგლიშვილი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს.
ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დანართი №2-ით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება სულ ითვალისწინებდა 10 საშტატო ერთეულს. მათ შორის, განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; განყოფილების უფროსის მოადგილე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3 ერთეული; წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) - 5 ერთეული.
რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ მიღებულ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებას, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №------- ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, შემცირდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში საფინანსო- სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) 1 საშტატო ერთეული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით. კერძოდ: განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; განყოფილების უფროსის მოადგილე (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1 ერთეული; მთავარი სპეციალისტი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3 ერთეული; წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) - 4 ერთეული.
ამდენად, რეორგანიზაციის განხორციელებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში გათვალისწინებული იყო წამყვანი სპეციალისტის (ბუღალტერ- ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობა - 5 ერთეულით, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი აღნიშნული თანამდებობა შემცირდა 1 ერთეულით და განისაზღვრა წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობა - 4 ერთეულით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხათუნა დურგლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია: შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება. ამდენად, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურში განხორციელებული ცვლილებები - რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საჯარო მოსამსახურეს სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვერტიკალური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულია რეორგანიზაციის შედეგად პირის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან. ამიტომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო- სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობა შემცირდა 1 ერთეულით (5 ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 4 საშტატო ერთეულით). ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 22 მაისის №M------------------- წერილზე (ს.ფ. 79) და მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში წამყვანი სპეცილისტის (ბუღალტერ-ხაზინდარი) (პოლიციის კაპიტანი ს/მ) თანამდებობაზე მყოფი ხუთივე მოხელე გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, თუმცა მათი მხრიდან ვერ ხორციელდება იმის დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა მათი გადარჩევა და მხოლოდ მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არც შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ფლობს (შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 ივნისის №M---------------- წერილი - ს.ფ. 78).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის კანდიდატურას და რატომ მიენიჭა უპირატესობა სხვა კანდიდატს. გამოსარკვევია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად რა კრიტერიუმები გახდა განმსაზღვრელი. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა გარემოება, რა კრიტერიუმი გახდა გადამწყვეტი კონკრეტული კანდიდატის წარსადგენად ვაკანტურ თანამდებობაზე. როდესაც საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია, კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ტოვებდეს.
ამასთან, თავად ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად კანდიდატის შერჩევა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ადმინისტრაციული ორგანო უნდა ქმნიდეს ჯანსაღი კონკურენციის რეალურ პირობებს.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით და რა კრიტერიუმის გათვალისწინებით იქნა გათავისუფლებული მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან და რატომ მიენიჭა უპირატესობა სამინისტროს სხვა თანამშრომელს მოსარჩელესთან მიმართებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანება მოსარჩელის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №------- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ არსებობს ხ----------------–-–---–ის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
პროცესის ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ----------------–-–---–ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცველელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი