განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002833475
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/1251-19 1 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ვ------- ა---------ი (პირადი № 0----------) დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–---------------–------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ვ------- ა---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ------- ა---------ის პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ვ------- ა---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–------მ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 07 იანვარს, ღამის საათებში თ---–--–-------------–--------------------------------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ვ------- ა---------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა------ ა---------ს, კერძოდ, განუცხადა რომ დაწვავდა ცოცხლად, რა დროსაც ა------ ა---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ------- ა---------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა------ ა---------ის ჩვენებით, მოწმეების - ი--- ა---------ის, ჟ-------------ას, დ-------------------ის, მ--------------ის და ო--------------ის ჩვენებებით, ასევე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. მსჯავრდებულ ვ------- ა---------ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე ნათელა ბერიძის გამოკითხვის ოქმით, ასევე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------- ა---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------- ა---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ------- ა---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლი---დ განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, გათვალისიწნებული უნდა იქნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატის აზრით, ვ------- ა---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ ვ------- ა---------ი ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ არაა წინააღმდეგი, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩაეთვალა სასჯელის ვადაში, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზეც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ვ------- ა---------ისთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და განაჩენი უსამართლო, რომ თითქოს ამგვარი სასჯელი მსჯავრდებულს ჩამოუყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ იმოქმედებს იმდაგვარად, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და არ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რის გამოც უგულველყოფილი იქნება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისიწნებული სასჯელის მიზნები.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და დამნაშავის პიროვნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ------- ა---------ი და ა------ ა---------ი 37 წელი იმყოფებიან ქორწინებაში, განაჩენით დადგენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა მის მიმართ გამოყენებული შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, აღიარა და მოინანია დანაშაული, თვით დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დააფიქსირა, რომ არ არის წინააღმდეგი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
პალატა განმარტავს, რომ ვ------- ა---------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ------- ა---------ს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი -საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი და წამახალისებელი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს და მისი მოსაზრება, რომ ვ------- ა---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ვერ მოახდენს და თავიდან ვერ ავიცილებთ ახალი დანაშაულის ჩადენას, საფუძველს მოკლებულია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ვ------- ა---------მა დანაშაული ჩაიდინა პირველად. დანაშაული ჩაიდინა სიმთვრალის გამო. დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებული მასთან ამიტომ სახეზე არ არის მომეტებული საფრთხე ინკრიმინირებული ქმედების მომავალშიც განმეორებისა და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის უფრო მძიმე სასჯელის გამოყენება - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიჩნეული უნდა იქნას ჩადენილი დანაშაულის ქმედების პროპორციულად.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ვ------- ა---------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ------- ა---------ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლი---დ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ვ------- ა---------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი ვ------- ა---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პრუკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მ--------–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი ვ------- ა---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ------- ა---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 07 იანვრიდან 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით ვ------- ა---------ის პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ------- ა---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
1 (ერთი) ცალლი დისკი შენახულ იქნას სისხლის სამარათლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე