განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002898234
საქმე №1ბ/806-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ლე------------ის
მსჯავრდებულ - გო----------------ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გო----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ო------------------–------------------------------------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით გო----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გო----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 31 იანვარს ღამის საათებში ქ. თბილისში ო---------------–-----------------------------–-- ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გო----------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მა----------------ეს, კერძოდ, ჯერ ჩაამტვრია ოთახში არსებული ფანჯრის მინა, რა დროსაც მინის ნამსხვრევით მა----------------ეს დაუზიანდა სახე, ამის შემდეგ კი გო----------------ემ ჯერ სახეში გაარტყა ხელი მა----------------ეს, შემდეგ კი ყელში წაუჭირა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ გო----------------ისთვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გო----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი, ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი. განხორციელებული ქმედების ხასიათთან შეუსაბამობა გამოიხატა იმაში, რომ უგულვებელყოფილ იქნა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. აპელანტის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი დანაშაული, მით უფრო, რომ ამის საფრთხე, ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს. მსჯავრდებულს, შესაძლებელია, გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მის მიმართ დანიშნული იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რათა დაცულ იქნეს დაზარალებული და თავიდან იქნეს აცილებული გო----------------ის მხრიდან მომავალი საფრთხეები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ გო----------------ის აღიარებით, დაზარალებულ მა----------------ისა და მოწმე გი-------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გო----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას გო----------------ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიუთითა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხარისხი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და გო----------------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გო----------------ეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, გო----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ის შეურიგდა დაზარალებულს, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა გო----------------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მსჯავრდებულისაგან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი გო----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გო----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ გო----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 თებერვლიდან - 2019 წლის 07 თებერვლის ჩათვლით.
გო----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ გო----------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
-მა----------------ისაგან ამოღებული მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
-მოწითალო ფერის ანაწმენდები, მინის ნატეხები, სისხლის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე