განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002836182
საქმე №1ბ/755-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - თე--------ის
ადვოკატ - მა--------ის
მსჯავრდებულ - თე---------------ის
მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თე---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 5----------), რეგისტრირებულის ხაშური, ლ----–-------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ხაშურის რაიონი, დ---------------------------–-----–----------–-- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენით თე---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2019 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა. დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თე---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, თე---------------ემ, დ-----------–----------------–-----–--------------–-- საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - შო-------------ის მიმართ. კერძოდ, თმაში ხელის ჩავლებით, ძირს წაქცევით, თმით თრევით და თავისა და კისრის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შო-------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და თე---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. თე---------------ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მის მეუღლეს აქვს რთული ხასიათი და ხშირად ახორციელებს მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და ძალადობის განხორციელებისას ბრალდებულის დამოკიდებულება მეუღლის მიმართ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან, მსჯავრდებულ თე---------------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ თე---------------ის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თე---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას თე---------------ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხარისხი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, თე---------------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა თე---------------ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მსჯავრდებულისაგან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, თე---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ შეურიგდა დაზარალებულს, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენი თე---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თე---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2019 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა. დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.
თე---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, გაუქმებულია; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე