განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002452811
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002452811

თ---–---- სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6087-18 31 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ყ-------------- - თ---–---“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ-------- ჩ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ--–---“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ზ---- ბ------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს დაზიანებული კაბელის აღდგენის ღირებულება 2066,05 ლარის, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შედეგად წარმოქმნილი მიუღებელი შემოსავალი 16,99 ლარის, ჯამში 2083.04 ლარის გადახდა.

 

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხემ დაიცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, კაბელის მდებარეობის მითითების მიზნით გამოიძახა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელმაც არასწორად მიაწოდა ინფორმაცია კაბელის მდებარეობის შესახებ. სამუშაოების მწარმოებელმა პირმა თანხმობაც განაცხადა და საკუთარი ხარჯებით აღადგინა კიდეც დაზიანებული ადგილი, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართს, მოსარჩელეს სამუშაოები არ უწარმოებია. მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.08.2018წ. გადაწყვეტილებით სს თ--–---ს სასარჩელო მოთხოვნა შპს ყ-------------- თ---–---- მიმართ დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა 2083,04 ლარი.

 

3.1. 2018 წლის 03 მარტს შედგენილი სს თ--–---ს კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის გარე ორგანიზაციის მიერ მექანიკური დაზიანების აქტის შესაბამისად შპს ყ-------------- თ---–---- თანამშრომლებმა დააზიანეს თბილისში, ლ----–-----------------ის მიმდებარედ არსებული საკაბელო ტრასა დიღომი 2 -ის ნაწილი.

 

საკაბელო ტრასა დაზიანდა შპს ყ-------------- თ---–---- წარმომადგენლების მიერ მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების პროცესში.

 

შპს ყ-------------- თ---–---- წარმომადგენელი (ვ--–---- ს---–------ე) 2018 წლის 03 მარტს აქტის შედგენის მომენტისთვის არ უარყოფდა საკაბელო ტრასის დაზიანების ფაქტს და გამოთქვამდა მზადყოფნას სრულად აენაზღაურებინა ზიანი. შპს ყ-------------- თ---–---- თანამშრომელ ვ--–---- ს---–------ის მიერ დამატებით ხელმოწერილია თანხმობის აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

3.2. სს თ--–---ს შედგენილი №26-18 გაანგარიშების შესაბამისად დაზიანებული საკაბელო ტრასის აღდგენის ღირებულება, მიუწოდებელი ენერგიით გამოწვეული მიუღებელი მოგების ჩათვლით შეადგენს 2083,04 ლარს. სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე აქტი შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც დამატებით ადასტურებენ №26-18 გაანგარიშების სისწორეს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების ალტერნატიული ღირებულება მოპასუხე მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა და სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით უნდა გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ხარჯთაღრიცხვათა შინაარსი.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლოს მოსაზრებით სახეზეა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა პირობა: სს თ--–---- მიიღო ზიანი მიუღებელი შემოსავლის და ნივთის აღსადგენად გაწეული ხარჯების სახით, ხოლო ქონება დაზიანდა შპს ყ-------------- თბილისის მიერ და მოპასუხის მოქმედება ატარებს მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ხასიათს. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

4.1. პირს ზიანი ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოპასუხე კომპანიამ სამუშაოების დაწყებამდე დაიცვა ყველა საჭირო პროცედურა.

 

4.2. მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

7. 03.03.2018წ. შედგენილი საჰაერო და საკაბელო ხაზის გარე ორგანიზაციის მიერ მექანიკურად დაზიანების აქტის შესაბამისად, შპს „ყ-------------- - თ---–----“ (შემდგომში „მოპასუხე“) თანამშრომლებმა დააზიანეს თბილისში, ლ----–-----------------ის მიმდებარედ არსებული სს „თ--–---ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) კუთვნილი საკაბელო ტრასა დიღომი 2-ის ნაწილი. საკაბელო ტრასა დაზიანდა მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების პროცესში. მოპასუხის თანამშრომელი - ვ--–---- ს---–------ე 2018 წლის 03 მარტს აქტის შედგენის მომენტისთვის არ უარყოფდა საკაბელო ტრასის დაზიანების ფაქტს და გამოთქვამდა მზადყოფნას სრულად აენაზღაურებინა ზიანი (ტ.1, ს.ფ.21). ვ--–---- ს---–------ის მიერ დამატებით ხელმოწერილია თანხმობის აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე (ტ.1, ს.ფ.22). იგივე დაადასტურა მან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვის დროს.

 

მოპასუხე სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამასთან, მიუთითებს, რომ მისი მხრიდან დაცული იყო სამუშაოების წარმართვის ყველა პროცედურა (ტ.1, ს.ფ.104-115).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ 03.03.2018წ. აქტში მითითებული დაზიანება მაშინვე აღმოიფხვრა და სამუშაოების მწარმოებელმა პირმა თავისი ძალებით შეაკეთა დაზიანება (21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 16:13:11- 16:13:25). ასევე განმარტა, რომ დაზიანებული კაბელის აღდგენა მოხდა ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე და თუ მოპასუხის ქმედებამ ასევე გამოიწვია დაზიანება სხვაგან, უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ, რაც არ დგინდება (21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 16:30:56- 16:32:29).

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხემ, მართალია, თავისივე ძალებით აღადგინა ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული დაზიანება, თუმცა დენის გამტარუნარიანობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დენი მაინც არ ჩაირთო და როგორც შემდეგ სპეციალურმა ლაბორატორიამ დაადგინა, აღნიშნულმა მექანიკურმა დაზიანებამ, მოკლე ჩართვამ, გამოიწვია 2 მეტრის მოშორებით იმავე კაბელის დაზიანება. წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ეს კაბელი იყო მუშა მდგომარეობაში, ზიანის მიყენების შემდეგ კი გამოირთო და აღარ ჩაირთო (21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 16:16:29-16:18:53).

 

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე კომპანიის საექსპლუატაციო რაიონის უფროსის, ა. ჯ----–---ს 07.03.2018წ.-ით დათარიღებული შიდა სამსახურებრივი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 03.03.2018წ. მოპასუხემ გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დააზიანა მ/ძ კაბელები დიღომი 2 (10) ფიდერი 1------ შორის. აღნიშნულ ფაქტზე გამოძახებული იყო საპატრულო ეკიპაჟი N7---, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი. კაბელი აღადგინა დამზიანებელმა თავისი ხარჯებით ლიცენზირებული ფირმის საშუალებით. აღნიშნული კაბელი არ ჩართულა, დარჩა დაზიანებები, დამზიანებელმა უარი განაცხადა დანარჩენ დაზიანებების აღდგენაზე, რის შემდგომაც მოსარჩელის ლაბორატორიის მიერ მოხდა სრულყოფილად დიღომი 2(10 კვ) ფიდერი 1------ შორის კაბელის აღდგენა (ტ.1, ს.ფ.20).

 

საქმეში წარმოდგენილია 05.03.2018წ. და 06.03.2018წ. შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სამსახურებრივი მიმოწერის ავტორი - ა. ჯ----–--ე ახორციელებდა დაზიანებული კაბელის აღდგენის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას და მიიღო შესრულებული სამუშაო (ტ.1, ს.ფ. 23, 24).

 

რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ სრულად და ჯეროვნად აღმოფხვრა მისი ჩარევის შედეგად მიყენებული ზიანი, რის შემდგომაც აღდგა მაღალი ძაბვის კაბელით დენის მიწოდება, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც მოპასუხე მიუთითებს.

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაიკითხა დიდუბის საექსპლუატაციო რაიონის ოსტატი აკაკი მეგრელიძე. მოწმის ჩვენებით დაზიანების შესახებ შეტყობინების შემოსვლის შემდეგ იგი გავიდა დაზიანების ადგილზე. კერძო ფირმამ აღადგინა დაზიანება, თუმცა დენი ვერ ჩაირთო, ვინაიდან ლაბორატორიამ აღმოაჩნია სხვა დაზიანებაც. საავადმყოფოების დენით მომარაგება იყო ამ კაბელზე, საჭირო იყო სწრაფად მომხდარიყო მისი აღდგენა და მოსარჩელემ აღადგინა. მოწმის ჩვენებით, მისი სამსახურებრივი კომპეტენცია არ არის უშუალოდ ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასახელება, მაგრამ ფაქტია, რომ კაბელი იყო ახალი, იყო ჩართული და ამ შემთხვევის შემდეგ დაზიანდა სხვა ადგილზეც (03.07.2018წ. ოქმი, 12:57:45- 13:01:08).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია 03.03.2018წ. მოპასუხე კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებისას მოსარჩელის კუთვნილი კაბელის დაზიანების ფაქტი და არ დგინდება გარემოება აღნიშნული დაზიანების სრულყოფილად აღმოფხვრის შესახებ, გასაზიარებელია მოსარჩელე კომპანიის მითითება მასზედ, რომ მიუხედავად ლიცენზირებული ფირმის საშუალებით ამ კონკრეტულ მონაკვეთზე კაბელის აღდგენისა, კაბელი არ ჩაირთო, დარჩა დაზიანებები, რომლის აღდგენაც მოუწია მოსარჩელეს თავისი ხარჯებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელისთვის მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოპასუხე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ იქნა უარყოფილი, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა.

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შესრულებული სამუშაოს აქტებზე (ტ.1, ს.ფ. 23,24) და 27.03.2018წ. №26-18 გაანგარიშებაზე (ტ.1, ს.ფ.ვ 27,28) დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2083,04 ლარს (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 99,100). მოპასუხის მიერ აღნიშნული გაანგარიშების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ზიანის ოდენობა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის (ტ.1, ს.ფ. 104-115).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

პალატას მიაჩნია, რომ თ---–---- საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს დააკისრა 2083,04 ლარის გადახდა. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 119).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ყ-------------- - თ---–----“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე