განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002562449
საქმე N3ბ/1348-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
წარმომადგენელი - თ-----------–---–------------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს------- კ------ე;
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი;
დავის საგანი - ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს------- კ------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.2. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ს------- კ------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ს------- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ს------- კ------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ს------- კ------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან, მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ს------- კ------ე, 2015 წლის 29 იანვრიდან მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
4.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო განრიგის მიხედვით, განსაზღვრული იყო ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი.
4.3. დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით, ს------- კ------ე დაინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა.
4.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 იანვრის N-- ბრძანებით, 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია და ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე ს------- კ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
4.5. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა საინფორმაციო -ანალიტიკური სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო - ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა.
4.6. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის E--------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ს------- კ------ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა. მოსარჩელე ს------- კ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
4.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე ს------- კ------ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე ს------- კ------ეს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით.
4.8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - პოლკოვნიკი.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე არგუმენტირებით მიუთითა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ს------- კ------ე, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, სხვა დასახელებით, ამასთან, მას სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი. თუმცა, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხეადავდ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს------- კ------ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის უფლებამონაცვლედ, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სასამართლომ მიუთითა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - პოლკოვნიკი.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი არ გამოუცია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობა და უარი უთხრა შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რაც სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და განმარტა, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით ფაქტობრივად აქვს ადგილი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად საფუძვლიანად მიიჩნია მხარის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე მიღებული ორი თვის ხელფასის გამოკლებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, განმარტავს, რომ 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე სამსახურში არ არსებობდა საშტატო ერთეული, რომლის ფუნქციადაც განისაზღვრებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობა და განახორციელებდა შესაბამის ფუნქცია - მოვალეობებს. აპელანტი არ იზიარებს საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ ფუნქცია - მოვალეობები აბსოლუტურად განსხვავებულია.
აპელანტის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული თანამდებობის ფუნქციები, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მოცემული თანანმდებობა ვერ იქნება განხილული საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის იდენტურ თანამდებობად. მიუთითებს, რომ აღნიშნული ორი სამმართველო, ერთის მხრივ, საინფორმაციო - ანალიტიკური და მეორეს მხრივ, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ასრულებდა სრულიად განსხვავებულ საქმიანობას. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კონკრეტულად არ იხელმძღვანელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-13 მუხლით, სადაც გაწერილია საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციები.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება და არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პირის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურებთან დაკავშირებით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის № 1 ბრძანების 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ასევე 41-ე მუხლზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ სამსახურს არ ევალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ მოსარჩელე ს------- კ------ეს გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი, ამიტომ სამსახურს არ ჰქონდა მისი განთავისუფლების უფლება, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ შემთხვევაშიც არასწორად განმარტა "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანების 41-ე მუხლის მეხუთე პუნქტი, რომელიც აპელანტის განმარტებით, ნათლად აწესებს იმ შეზღუდვას, როდესაც მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნული არის შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომის უუნარობის ან ჯანმრთელობის გამო. ასევე მიუთითებს, რომ სადაო შემთხვევაში მოსამსახურის განთავისუფლება მოხდა მისი საშტატო ერთეულის ლიკვიდაციის გამო, ანუ აღნიშნული თანანმდებობა სამსახურის სისტემაში საერთოდ არ არსებობდა 2018 წლის 01 აგვისტომდე (თითქმის ექვსი თვე).
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
შედეგობრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით მსჯელობს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ ზოგიერთ საკითხზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ) გამოცემისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგენდეს, ს------- კ------ის დათხოვნის/გათავისუფლების კანონშესაბამისობა.
7.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ს------- კ------ე 2015 წლიდან მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით, იგი დაინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭებოდა.
დავის საგნიდან გამომდინარე, პალატა მნიშვნელოვანდ მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს „საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში სამსახურის უფროსის ბრძანებით არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ასევე სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დროს. მითითებული წესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმაზე არგუმენტირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე (საქმე Nბს-449-442 (კ-15)), სადაც პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება - მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება - მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება.
7.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, 2018 წლის 15 იანვრიდან განხორციელდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და საშტატო ერთეულის გაუქმების (შემცირების) საფუძვლით, ს------- კ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ს------- კ------ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 მაისს ამოიწურა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა, თუმცა მოსარჩელე ს------- კ------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, არ გამოცემულა. შესაბამისად, მოსარჩელესთან შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა სათანადო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით არ გაფორმებულა და არც მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გამოიცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო განრიგის მიხედვით, განსაზღვრული იყო ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, ხოლო მოსარჩელე ს------- კ------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული სამმართველოს კომპეტენციად განისაზღვრა სამსახურის სისტემის საინფორმაციო - ანალიტიკური უზრუნველყოფა და სხვა.
7.4. პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაფიქსირებულ იმ პოზიციაზე, რომ 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე სამსახურში არ არსებობდა საშტატო ერთეული, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა საზოგადოებასთნ ურთიერთობის საქმიანობა და განახორციელებდა შესაბამისი ფუნქცია - მოვალეობებს. აპელანტის განმარტებით, არ ხდებოდა კონკრეტული ფუნქცია მოვალეობების ვინმეზე დაკისრება და საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობა, როგორც ფუნქცია-მოვალეობებით და სპეციფიკით, ისე რანგობრივად, განსხვავდებოდა ს------- კ------ის მიერ დაკავებული თანამდებობისაგან.
პალატა ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ პოზიციას ვერ მიიჩნევს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და განმარტავს: ის გარემოება, რომ 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე სამსახურში არ არსებობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის შტატი, განთავისუფლების უკანონოდ ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში არ ქმნის სამართლებრივ პრობლემას/აღდგენის შეუძლებლობას, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დგინდება და მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (28.03.2019 წელი) მიღების დროს, უკვე არსებობდა და დღეის მდგომარეობითაც არსებობს აღნიშნული შტატი. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე ს------- კ------ე, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, სხვა დასახელებით და დღესაც არსებობს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას ტოლფასი თანამდებობის არსებობა/არარსებობის საკითხზე, პალატა ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებაზე, რომლის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია ტოლფასი თანამდებობა. კერძოდ, თანამდებობა ტოლფასია, თუ დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის მსგავს ფუნქციას ან/და იმავე თანამდებობრივ რანგს. პალატის მოსაზრებით, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური და საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველო არის ფუნქციურად ერთი და იგივე, არსებითად იგივე ფუნქციის მატარებელი შტატი, შესაძლოა გარკვეული სახის, მცირედი და არა არსებითი განსხვავებით. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის N24 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების მე-17 მუხლით გაწერილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დამყარება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები ს განხორციელება.
ზემოთმითითებულის გათვალისწინებით პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტოლფასი თანამდებობა გულისხმობს როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურებისა და რანგობრივი იერარქიით არა ზუსტად იგივე, არამედ მსგავს თანამდებობებს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლადშექმნილი საინფორმაციო - ანალიტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობა თავისი ფუნქციებით მსგავსია ს------- კ------ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ - ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობისა, პალატის შეფასებით, აღნიშნული თანამდებობები წარმოადგენს ერთმანეთის ტოლფას თანამდებობებს. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული N4 ბრძანების მე-14.1 მუხლი, პალატის მოსაზრებით, შესაბამისობაშია საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკასთან და ზემოაღნიშნულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან.
7.5. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებულ იმ არგუმენტზე, რომ მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, აღარ არსებობს სამოქალაქო შტატი და რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და მისი უფროსის 1 საშტატო ერთეული განისაზღვრა წოდებით - პოლკოვნიკი. აპელანტის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N126620 ბრძანებაში სპეციალური წოდება რანგი/იერარქიის გრაფაში მითითებული წოდება გულისხმობს, რომ სამსახურის სისტემაში მოქმედი საშტატო ნუსხა ითვალისწინებს მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამდებობებს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, მხოლოდ სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად შესაძლებელია დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო სპეციალური წოდებაც ენიჭება მხოლოდ სპეციალური კონკურსის გავლის შემდეგ. რაც შეეხება საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვრულ წოდებას - სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი, აპელანტის განმარტებით გულისხმობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს, მაქსიმალური ზღვრული წოდება რაც შეიძლება ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიენიჭოს, არის სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არც აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და პირის თანამდებობაზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე და 73-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
პალატა ყურადღებას ამახვილებს "სამოქალაქო უსაფრთხეობის შესახებ" საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც, მართალია, ცალსახად არის მითითებული, რომ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეულია უკანონოდ და ასევე სასამართლოს ძალით პირი აღდგენილია თანამდებობაზე, მასზე არ უნდა გავრცელდეს სადავო შემთხვევის შემდგომ (01.01.2019 წელი) განხორციელებული, მხარისათვის საუარესო ცვლილება (სპეციალური კონკურსის გავლის გზით პირის დანიშვნის შესახებ). ამდენად, პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ეტაპის - სპეციალირი კონკურსის გავლა შესაძლებელია გვარცელდეს პირის სამსახურში მიღების, პოზიციაზე გადაადგილების და არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალით თანამდებობაზე აღდგენილ პირზე, რომელიც თავის დროზე, სპეციალური კონკურსის გარეშე იყო თანამდებობაზე დანიშნული. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელი და უარგუმენტოა აპელანტის პოზიცია ზემოთმითითებული საფუძვლით სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
7.6. რაც შეეხება აპელანტის იმ განმარტებას, რომ ზემოაღნიშნულ საშტატო ერთეულზე უკვე დანიშნულია სხვა პირი - მიხელ ფეიქრიშვილი, პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს მოხელის დაცვას და მე-3 პუნქტით პირდაპირ ადგენს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებამ მოხელე დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. გასათვალიწინებელია, რომ მითითებული ჩანაწერი ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას არ აძლევს, მოხელე იმავე თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგინოს, თუ ასეთი თანამდებობა თავისუფალი სახით იარსებებს. ამასთან, პირის იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეიძლება გულისხმობდეს ამ თანამდებობაზე უკვე დანიშნული სხვა მოხელის სამსახურებრივ გადაადგილებას ტოლფას ან სხვა თანამდებობაზე.
პალატა განმარტავს, რომ თუ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სახვა პირია დასაქმებული, გამოიწვევს ამ პირის განთავისუფლებას და ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა, ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე და ვინც უკანონოდ იქნა განთავისუფლებული და შემდგომში კანონიერად აღდგენილი. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაშია როგორც სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებულ პრინციპთან - დროში პირველი, უფლებაშიც პირველია (ე.წ. first come principle), ასევე ეხმიანება ჩვეულებით სამართალს და სამართლიანობის გაგებას. აქვე, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა უფლებას არ ართმევს მოხელის აღდგენის მოტივით სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა, სხვა საშტატო ერთეულზე გადაყვანა, ფულადი ანაზღაურება და სხვა, თუმცა სასურველია, რომ ამგვარი საკითხი კანონმდებლობით პირდაპირ იყოს მოწესრიგებული.
7.7. აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ს------- კ------ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით. პალატა მიუთითებს „საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიულ დანაწესზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დაეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნულ სადავო საკითხზე საქმის განმილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა წესის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც აპელანტის განმარტებით, ნათლად აწესებს იმ შეზღუდვას, როდესაც მოსამსახურე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში და რომ აღნიშნული არის შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომის უუნარობის ან ჯანმრთელობის გამო.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელე ს------- კ------ე, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, სხვა დასახელებით, ამასთან, მას სამსახურიდან გათავისუფლების დროს ჰყავდა 3 წლამდე შვილი. თუმცა, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოსცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ს------- კ------ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
7.8. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ გამოუცია მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობა და უარი უთხრა შესაბამისი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რაც პალატის მოსაზრებით მართებულად იქნა ცნობილი კანონშეუსაბამოდ.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობას განაცდური ხელფასი ანაზღაურდების ნაწილში და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნა საფუძვლიანია გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი - სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, რაც გაზიარებული იქნა პალატის მიერ, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისიწინებით, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე ს------- კ------ეს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო (2018 წლის 15 მარტის ჩათვლით), პალატის მოსაზრებით არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს ს------- კ------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მიღებული ორი თვის ხელფასის გამოკლებით. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინტანციის შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -