განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001783898
საქმე N3ბ/1743-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ზ-------------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი-----–- კ----ე;
მესამე პირი (16.1) - დ----- მ---------–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–- კ----ე აღდგენილი იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
1.4. მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისროს ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი-----–- კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის
№2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. დაევალა მოპასუხეს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ი-----–- კ----ე აღდგენილ იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრა ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
2013 წლის 1 აგვისტოს №2---- ბრძანებით, ი-----–- კ----ე დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, 2013 წლის 1 აგვისტოდან 3 თვის გამოსაცდელი ვადით (ტ. I, ს.ფ. 45).
4.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 3 აპრილის №4---- ბრძანებით, ცვლილება განხორციელდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის N---- ბრძანებაში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად, რომლის თანახმად დგინდება, რომ სამინისტროში გათვალისწინებული იყო სულ 151 საშტატო ერთეული, კერძოდ, იურიდიულ დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 8 საშტატო ერთეული, მათ შორის დეპარტამენტის უფროსის 1 საშტატო ერთეული (ტ. I, ს.ფ. 53-56).
4.3. 2016 წლის 28 ივლისს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (გრანტის გამცემი) და ი-----–- კ----ეს (გრანტის მიმღები) შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გრანტის გამცემი უსასყიდლოდ გადაცემდა მიზნობრივ ფულად სახსრებს გრანტის მიმღებს, უცხო ქვეყ,ნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურთან დაკავშირებული ხარჯების ან/და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი - 58 00) გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს, სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017“ ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, გრანტის გამცემმა გრანტის მიმღებს გრანტის სახით 2016-2017 სასწავლო წლისათვის გადასცა 20 000 ევროს ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში (ტ. I, ს.ფ. 57-62).
4.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 48-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული სახელმწიფო სტიპენდიით (გრანტით), პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანია), საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ი-----–- კ----ეს მიეცა შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (ერთი წელი), აქედან: ა) სასწავლო შვებულება - 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე (3 თვე); ბ) შვებულება პროფესიული განვითარებისათვის, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე (9 თვე). ამავე ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული იქნა, რომ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 63-ე მუხლის ძალაში შესვლის დღიდან, ანუ - 2017 წლის 1 იანვრიდან (ტ. I, ს.ფ. 67).
4.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ნოემბრის №4---- ბრძანებით დ----- მ---------–ი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად, 2016 წლის 28 ნოემბრიდან, მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე (ტ. I, ს.ფ. 75).
4.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №111/ო ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცხადდა სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სამინისტროში შტატების შემცირება ა (ტ. I, ს.ფ. 68).
4.7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და
63-ე მუხლის შესაბამისად, „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში შევიდა შემდეგი სახის ცვლილება: ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ი-----–- კ----ის სასწავლო შვებულების შესახებ“; ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად“; გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, ი-----–- კ----ეს მიეცეს სასწავლო შვებულება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (სამი თვე)“; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი, 2017 წლის 1 იანვრიდან. საფუძველი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი (21.12.2016წ.) (ტ. I, ს.ფ. 69).
4.8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №1----- ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვრა მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები დანართის შესაბამისად. დანართის თანახმად, დგინდება, რომ სამინისტროში კვლავ გათვალისწინებული იქნა 151 საშტატო ერთეული, თუმცა იურიდიული დეპარტამენტის ნაცვლად განისაზღვრა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში გათვალისწინებული იქნა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის - განყოფილების უფროსის საშტატო ერთეულები, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი 3 განყოფილება (სამმართველო) სულ 15 საშტატო ერთეულით (ტ. I, ს.ფ. 71-74).
4.9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით, ი-----–- კ----ე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2017 წლის 3 იანვრიდან (ტ. I, ს.ფ. 41).
4.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №----- ბრძანებით, დ----- მ---------–ი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად, 2017 წლის 3 იანვრიდან, კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე არაუმეტეს ერთი წლისა (ტ. I, ს.ფ. 76).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილება, ხოლო დებულებასთან შედარების მიზნით ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაზე“, კერძოდ მე-18 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და განმარტა, რომ დეპარტამენტების უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარება ნათლად მეტყველებს, რომ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტი“ და ახლად შექმნილი „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის“ ამოცანების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთმანეთის იდენტურია; მათ შორის რამდენიმე განსხვავება ძირითადად ტექნიკურ, გრამატიკულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, ახლად შექმნილი სამსახური ძველი, გაუქმებული დეპარტამენტის იდენტურია ფუნქციური თვალსაზრისით.
რაც შეეხება უშუალოდ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტის“ უფროსისა და ახლად შექმნილი „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის“ უფროსის ფუნქციათა ურთიერთშედარებას, აღნიშნულზე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის №10/ნ ბრძანებაზე, ხოლო შედარების მიზნით, მიუთითა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №44/ნ ბრძანება და მიუთითა, რომ დეპარტამენტების უფროსების უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარება ნათლად მეტყველებს, რომ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტის“ უფროსისა და ახლად შექმნილი „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის“ უფროსის უფლებამოსილებანი იდენტურია. გასათვალისიწნებლად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროს საერთო საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა და იგი კვლავ 151-ს შეადგენს.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახეცვლილ, ახალ სამსახურში, რომლის წინამორბედის ხელმძღვანელსაც წარმოადგენდა მოსარჩელე, სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ორი სამმართველოს საშტატო ერთეული მთლიანობაში გაზრდილია. კერძოდ, ძველ დეპარტამენტში იყო 8 საშტატო ერთეული, ხოლო ახლად შექმნილ სამსახურში გათვალისწინებულია 15 საშტატო ერთეული. ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის - დეპარტამენტის დასახელების ცვლილებას, თავად დეპარტამენტის ფუნქციების, მიზნებისა და დანიშნულების თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, ცვლილებები შეეხო დეპარტამენტის სახელწოდებას, მაგრამ დეპარტამენტის და შესაბამისად, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქციები, მოვალეობები, კომპეტენცია და მიზნები, უმრავლეს შემთხვევაში, იდენტურია მანამდე არსებული დეპარტამენტისა, რიგ შემთხვევებში კი დეპარტამენტში განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები შეიცავს მხოლოდ ლექსიკურ ცვლილებას, რომელიც დეპარტამენტის საქმიანობის მიზნობრიობასა და შინაარსს უცვლელს ტოვებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნდა იმავე ფუნქციის, მიზნისა და დატვირთვის დეპარტამენტი და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსის თანამდებობაც, ამასთან დეპარტამენტის (სამსახურის) დაქვემდებარებაში შექმნილი სამი განყოფილება (სამმართველო) კი მთლიანობაში მეტი საშტატო ერთეულის შემცველია.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და დასაბუთებულად მიიჩნია მოთხოვნა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (რეორგანიზაციამდე არსებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა) აღდგენის თაობაზე. ასევე დასაბუთებულად მიიჩნია მოთხოვნა მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში) ნაწილში.
სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მხარის მოთხოვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანების (ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა შვებულება, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული აქტის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი) ძალადაკარგულად გამოცხადება 2017 წლის 1 იანვრიდან სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
6. აპელანტ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
6.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედგეს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა და იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
აპელანტი არ იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მითითებას, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხელეთა რაოდენობა სამინისტროში არ შეცვლილა და კვლავ 151 ერთეულს შეადგენს და ამგვარი მსჯელობა მიაჩნია უსაფუძვლოდ. განმარტავს, რომ შტატების შემცირება არ შეიძლება განხილულ იქნას საშტატო ერთეულთა რიცხობრივ ოდენობაზე მიბმულად და მხოლოდ ჯამური ოდენობების შედარებით არ ფასდება შტატების შემცირების საკითხი, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შესაძლოა სტრუქტურული ქვედანაყოფი გაუქმდეს და მასთან ერთად შესაბამისი ერთეულიც და შეიქმნას ახალი ფუნქციების მქონე ახალი სტრუქტურული ერთეული.
წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ საშტატო ერთეულთა რაოდენობა მოსარჩელე ი-----–- კ----ის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულში გაიზარდა, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ახალ სტრუქტურულ ერთეულს - სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს არსებითად გაეზარდა ფუნქციები, რომელთა განხორციელებისათვისაც საჭიროა ადეკვატური რაოდენობის ადამიანური რესურსი. აპელანტის განმარტებით, იურიდიული დეპარტამენტი, რომლის უფროსის თანამდებობასაც იკავებდა მოსარჩელე, გაუქმდა, ხოლო ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს განესაზღვრა სხვა უფლება - მოვალეობები და მისი ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად განისაზღვრა შესაბამისი კრიტერიუმები. აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა არა საშტატო ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდების ცვლილება, არამედ არსებითად ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდილია და გააჩნია განსხვავებული ფუნქციები.
აპელანტი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქმის განმხილველი სასამართლოს მითითებას იურიდიული დეპარტამენტის უფროსის საშტატო ერთეულის რეალურად არ გაუქმებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფისა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობის იდენტურობის თაობაზე და მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ და 2016 წლის 30 დეკემბრის №51/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნები იქნა დაწესებული, ახალი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკისა და ფუნქციების გათვალისწინებით. თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლას არ აქვს კავშირი მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანებასთან.
წარმომადგენლის განმარტებით, გაუქმებული იურიდიული დეპარტამანტის თანამშრომელთა გადაყვანა ახალ სტრუქტურულ ქვედანაყოფში განხორციელდა იმ პოზიციებზე და იმ უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რომლებსაც ისინი ძველი სტრუქტურის ფარგლებშიც ახორციელებდნენ. მისივე განმარტებით, ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დაემატა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც აღარ წარმოადგენდა იმ სტრუქტურული ქვედანაყოფს, რომელიც რეორგანიზაციამდე სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შედიოდა და ფაქტიურად მხოლოდ თანამშრომელთა სამსახურში მიღება - გაშვების საკანცელარიო ფუნქციებით იყო დაკავებული.
სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული სამმართველო, საჯარო სამსახურის განვითარების ახალი კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ასახულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში, დაკავებულია თანამშრომელთა მრავალმხრივი განვითარების პროექტებით და შესაბამისად, მისი მნიშვნელობა სამინისტროს მასშტაბით ერთიორად გაზრდილია. ამიტომ, ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად განსხვავებულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას მოითხოვს. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დ----- მ---------–ი არ იქნა გადაყვანილი იურიდიული დეპარტამენტის დროებით არმყოფი უფროსის მოვალეობის შემსრულებლიდან, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არამედ დაინიშნა უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, რადგან აკმაყოფილებდა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და თანამდებობაზე დანიშვნამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასავლელი ჰქონდა კონკურსი, რომლის გავლის შემდეგაც იგი დაინიშნა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სამინისტროს წამომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა (გრანტის გამცემი) და ი-----–- კ----ეს (გრანტის მიმღები) შორის დადებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უნდა გაეთვალისწინებინა გარემოებების შესაძლო შეცვლის ალბათობა და შესაბამისად, მხოლოდ კანონიერი ნდობის არსებობის საფუძველზე არ გაეფორმებინა საგრანტო ხელშეკრულება. ასევე მიუთითა, რომ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება არ არის სამინისტროს ვალდებულება. მოსარჩელის მიერ მითითებული ვალდებულება, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება და შესაბამის სფეროსა და დაწესებულებაში მუშაობა წარმოადგენს მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. ეს ვალდებულება წარმოიშვება სწავლის დასრულების შემდეგ და მნიშვნელობა არ აქვს დამსაქმებელს. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტროდან გათავისუფლება არ უზღუდავს მას შესაძლებლობას, შეასრულოს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - დაბრუნდეს საქართველოში და იმუშაოს შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ერთი წელი უნდა გამოეყენებინა თავისი პირადი და პროფესიული განვითარებისათვის და მიუთითებს, რომ დროის ამ საკმაოდ ხანგრძილვი პერიოდის განმავლობაში, სამინისტრო რჩებოდა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი ნათლად მეტყველებს მისი მხრიდან სამსახურისადმის დამოკიდებულებაზე.
აპელანტი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტა, რომ თანამდებობაზე აღდგენა ვერ განხორციელდება შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების გამო. საჩივრის ავტორი გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარება საკონკურსო წესით დანიშვნას.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, წარმომადგენელმა განმარტა, რომ ი-----–- კ----ისათვის დანამატი არ ყოფილა დაწესებული 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში, შესაბამისად მიაჩნია, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელის მიმართ არ არსებობს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობები, დანამატის ნაწილში განაცდურის ანაზღაურებაზე მსჯელობა აზრს მოკლებულია.
სამინისტრომ ასევე ყურადღება გაამახვილა სასწავლო შვებულების დასრულების პერიოდის შემდგომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ვადის ცვლილებაზე და პროფესიული განვითარების მიზნით, ი-----–- კ----ისთვის დაწესებული შვებულების ძალადაკარგულად გამოცახდებაზე, რაც აპელანტის განმარტებით, გულისხმობდა მოსარჩელის ვალდებულებას, გამოცხადებულიყო სამსახურში. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული აქტის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება არ მოხდებოდა, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ი-----–- კ----ე იქნებოდა ანაზღაურების გარეშე შესაბამის შვებულებაში, რაც თავისთავად გამორიცხავდა რაიმე სახის ანაზღაურების მიცემას.
აპელანტი ასევე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანების (ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანის და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტავს, რომ გასჩივრებული ბრძანება წარმოადგენს სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კონრეტულ შემთხვევაში, საქმის განხილვის ეტაპზე თანამდებობის დასახელების სახეცვლილება, პალატის მოსაზრებით გადაწვეტილების აღსრულების თვალსაზრისით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას და სწორედ აღნიშნული გახდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
7.2. პირველყოვლისა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ი-----–- კ----ემ დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი ფორმულირებით - დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს აქტი, რომლის შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–- კ----ე აღდგენილი იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
აღნიშნულის საჭიროება მხარის მიერ დასაბუთდა იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" N385 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის N594 დადგენილება. მთავრობის ახალი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სახელწოდება კვლავ შეიცვალა და განისაზღვრა - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სახელწოდებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა ცვლილება დასახელებაში, რაც სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერაც.
ამდენად, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს თანამდებობის დასახელების იმ ფორმულირებით, როგორითაც იგი არსებობს დღეის მდგომარეობით - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა.
7.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს და მასში მითითებულ არგუმენტებს, პალატა დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, განხორციელდა თუ არა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაცია, მოჰყვა თუ არა შტატების შემცირება, ხომ არ ისახავდა რეორგანიზაცია რაიმე არაკანონიერ მიზანს, ასევე, შედარებული უნდა იქნეს რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ შექმნილი დეპარტამენტის/სამსახურის და მისი ხელმძღვანელის/უფროსის უფლებამოსილებები და ფუნქციები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №111/ო ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდა სამინისტროს რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სამინისტროში შტატების შემცირება. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანებით ი-----–- კ----ე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2017 წლის 3 იანვრიდან.
დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა ახალი - სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ იყო თუ არა გაუქმებული და ახლად შექმნილი სამსახური ერთმანეთის იდენტური ფუნქციური თვალსაზრისით, რაც სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა უფლებამოსილებების შედარების გზით.
პალატა მიუთითებს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაზე, რომლის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია, კერძოდ: სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და ამ გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში, შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა; კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება ან/და ვიზირება; საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მინისტრის დავალებით სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ხოლო სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმართვის შემთხვევაში, სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
აღნიშნულ დებულებასთან შედარების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაზე“, რომლის მე-18 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები, კერძოდ: ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია; ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა; ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების: ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ი) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; მ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული დეპარტამენტების უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტი“ და ახლად შექმნილი „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის“ ამოცანების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთმანეთის იდენტურია; მათ შორის რამდენიმე განსხვავება ძირითადად ტექნიკურ, გრამატიკულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს. სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება და იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომ ახლად შექმნილი სამსახური ძველი, გაუქმებული დეპარტამენტის იდენტურია ფუნქციური თვალსაზრისითაც.
პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს განესაზღვრა სხვა უფლება - მოვალეობები და მისი ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად განისაზღვრა შესაბამისი კრიტერიუმები. ასევე ვერ გაიზიარებს წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ სახეზეა არა საშტატო ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდების ცვლილება, არამედ არსებითად ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდილია და გააჩნია განსხვავებული ფუნქციები.
აღნიშნული პოზიციის საწინაღმდეგოდ, პალატა განმარტავს: დეპარტამენტების უფროსების უფლებამოსილებებისა და ამოცანების ურთიერთშედარებითაც პალატამ დადასტურებულად მიიჩნია და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტის“ უფროსისა და ახლად შექმნილი „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის“ უფროსის უფლებამოსილებანი იდენტურია. მას დამატებული ჰქონდა ისეთი ხასიათის (ადამიანური რესურსების მართვის) ამოცანები, რომელიც არსებითად არ ცვლის გაუქმებული დეპარტამენტის საქმიანობის არსს და ფუნქციას და უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით მას ეს ფუნქციაც აღარ აქვს.
7.4. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება და ვერ გაზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან, აღნიშნული სამმართველო, საჯარო სამსახურის განვითარების ახალი კონცეფციის შესაბამისად, დაკავებულია თანამშრომელთა მრავალმხრივი განვითარების პროექტებით და მისი მნიშვნელობა სამინისტროს მასშტაბით ერთიორად არის გაზრდილი, ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად განსხვავებულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას მოითხოვს.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა ყურადღებას ამახვილებს საკვალიფიკაციო მონაცემებზე და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №51/ნ ბრძანების შედარების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მიმართ დადგენილია ერთნაირი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №1----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვრა მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები დანართის შესაბამისად. აღსანიშნავია ის, რომ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროს საერთო საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა და იგი კვლავ 151-ს შეადგენს, თუმცა იურიდიული დეპარტამენტის ნაცვლად განისაზღვრა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. აღნიშნულ სამსახურში გათვალისწინებული იქნა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის - განყოფილების უფროსის საშტატო ერთეულები, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი 3 განყოფილება (სამმართველო) სულ 15 საშტატო ერთეულით. ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე, პალატა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მართალია შეიცვალა იურიდიული დეპარტამენტის და შესაბამისად, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის სახელწოდება (სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური) და მას დაემატა ახალი, თუმცა არაარსებითი და ძირითადი ფუნქციის არაგანმაპიროებებელი ამოცანები, ასევე, ამ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება.
პალატა ეთანხმება და იზიარებს გადაწყვეტილებაში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებული იქნა იმავე ფუნქციის, მიზნისა და დატვირთვის დეპარტამენტი და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკავებული დეპარტამენტის (სამსახურის) უფროსის თანამდებობაც, ამასთან დეპარტამენტის (სამსახურის) დაქვემდებარებაში შექმნილი სამი განყოფილება (სამმართველო) კი მთლიანობაში მეტი საშტატო ერთეულის შემცველია. საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449- 442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე და მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით მართებულად განმარტა, რომ რეორგანიზაციით, რომელიც განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ძირეულ, ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დეპარტამენტის უფროსის) საშტატო ერთეული არ გაუქმებულა, რაც ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი არ ჰქონდა ახალი საშტატო ერთეულის შექმნას თვისობრივად ახალი ფუნქცია - მოვალეობებით.
პალატის მოსაზრებით, ცალსახაა სადავო აქტის უკანონობა რადგან დასტურდება, რომ კონკრეტულ დეპარტამენტში (სამსახურში), რეალურად არ მომხდარა შტატების შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებული „იურიდიული დეპარტამენტის“ ნაცვლად შეიქმნა იგივე ფუნქციური დატვირთვის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური“, სამსახურის უფროსი ფუნქციებით უცვლელია, რაც ნიშნავს იმას, რომ შტატების შემცირების საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება სამსახურიდან უკანონოა და შესაბამისად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
7.5. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას რომ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის გავლის შემდგომ დაინიშნა დ----- მ---------–ი, პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს მოხელის დაცვას და მე-3 პუნქტით პირდაპირ ადგენს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებამ მოხელე დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. გასათვალიწინებელია, რომ მითითებული ჩანაწერი ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას არ აძლევს, მოხელე იმავე თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგინოს, თუ ასეთი თანამდებობა თავისუფალი სახით იარსებებს. ამასთან, პირის იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეიძლება გულისხმობდეს ამ თანამდებობაზე უკვე დანიშნული სხვა მოხელის სამსახურებრივ გადაადგილებას ტოლფას ან სხვა თანამდებობაზე.
პალატა განმარტავს, რომ თუ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სახვა პირია დასაქმებული, გამოიწვევს ამ პირის განთავისუფლებას და ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა, ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე და ვინც უკანონოდ იქნა განთავისუფლებული და შემდგომში კანონიერად აღდგენილი. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაშია როგორც სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებულ პრინციპთან - დროში პირველი, უფლებაშიც პირველია (ე.წ. first come principle), ასევე ეხმიანება ჩვეულებით სამართალს და სამართლიანობის გაგებას. აქვე, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა უფლებას არ ართმევს მოხელის აღდგენის მოტივით სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა, სხვა საშტატო ერთეულზე გადაყვანა, ფულადი ანაზღაურება და სხვა, თუმცა სასურველია, რომ ამგვარი საკითხი კანონმდებლობით პირდაპირ იყოს მოწესრიგებული.
7.6. რაც შეეხება მოთხოვნას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნის დაზუსტება/დაკონკრეტებაზე, რომლითაც სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სახელწოდება განისაზღვრა - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სახელწოდებით, ამდენად, პალატა აღდგენის საკითხზე მსჯელობს თანამდებობის დასახელების იმ ფორმულირებით, როგორითაც იგი არსებობს დღეის მდგომარეობით - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო შედეგობრივი თვალსაზრისით პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც, მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
აქვე, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოხდეს შედარება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ №385 დადგენილების (რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ №594 დადგენილება), რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა გათავისუფლებამდე არსებული იურიდიული დეპარტამენტისა და დღეს არსებული - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციათა მსგავსება ან განსხვავება და რამდენადაა შესაძლებელი, უკანონოდ გათავისუფლებული პირი - ი-----–- კ----ე აღდგეს ახლად შექმნილ - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ №385 დადგენილების მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია; ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა; ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების: ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
განთავისუფლების უკანონოდ ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში აღნიშნული გარემოება - ცვლილება დასახელებაში არ ქმნის სამართლებრივ პრობლემას/აღდგენის შეუძლებლობას, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ იურიდიული დეპარტამენტისა და ახლად შექმნილ - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანები, საქმიანობის სფერო და ფუნქციები არის იდენტური ხასიათის, რაც ქმნის საფუძველს უკანონოდ განთავისუფლებული ი-----–- კ----ე აღგენილ იქნეს დღევანდელი სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მეტი სიცხადისთვის პალატა განმარტავს, რომ ტოლფასი თანამდებობა გულისხმობს როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურებისა და რანგობრივი იერარქიით არა ზუსტად იგივე, არამედ მსგავს თანამდებობებს. ცალსახაა, რომ ი-----–- კ----ე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა სხვა დასახელებით და დღესაც არსებობს.
7.7. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაავალა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
7.8. რაც შეეხება მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა შვებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული აქტის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანების მე-2 პუნქტი) ძალადაკარგულად გამოცხადება 2017 წლის 1 იანვრიდან უკანონოა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო ბრძანება.
8 პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი-----–- კ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4---- ბრძანება ი-----–- კ----ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №2---- ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----–- კ----ე აღდგენილ იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
7. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისროს ი-----–- კ----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
8. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -