განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2019
საქმის ნომერი
330210019002818886
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019002818886

საქმე №2ბ/5892-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - მ--- მ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- მ------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, მ--- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ------- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით (საიდანაც მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, წინა მარცხენა ფრთის - 100 ლარი, ხოლო აღნიშნული ნივთების შეკეთების საფასური 200 ლარის ოდენობით). მოპასუხე გ------- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება 2016 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 07 აპრილის ჩათლით პერიოდზე სულ 146 ლარის ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება, თუმცა მოგვიანებით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. ამავე ფაქტთან დაკავშირებით, მოპასუხე გ------- მ------–---–ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კი სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადაგენილია, რომ მოტოციკლ Honda VT750 SADOW’’ CC3---- ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა-შეჯახება. სწორედ აღნიშნული შეჯახების შედეგად დაზიანდა მ--- მ------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა. მოცემულ საქმეზე აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის #2---/ს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, წინა მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი. არც მოცემულ შემთხვევაში საწინააღმდეგო ან/და ალტერნატიული მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ზიანი (მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი და 200 ლარი დაზიანების აღდგენის საფასური) მიაყენა მოპასუხემ მოსარჩელეს.

 

მართალია საქმეზე წარმოდგენილია ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ოქმი და კიდევ სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაზიანებების არსებობა, თუმცა ამავე მტკიცებულებებით ისიც მტკიცდება, რომ ყოველ ახალ მტკიცებულებაზე დამატებით არის მითითებული ა/მანქანის დაზიანებული დეტალები.

სასამართლო მიუთითებს, რომ ა/მანქანის დათვალიერების ოქმი არის ის პირველადი დათვალიერების მტკიცებულება, რომელიც ჩატარდა გამომძიებლის მიერ თავად მოსარჩელის დასწრებით. სწორედ ამ ოქმში მიეთითა, რომ მოსარჩელის ა/მანქანს დაზიანებული ჰქონდა წინა მარცხენა კარები და ფრთა. აღნიშნულის შემდეგ შედგენილ ოქმში, რომელიც შედგა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, დაზიანებად მითითებულია წინა მარცხენა ფრთა, კარები და ბუფერი. ამდენად, მეორე მტკიცეულებაში დამატებით დაზიანებულია ბუფერი, ხოლო სხვა მტკიცებულებებით კი არ დასტურდება შეჯახების შედეგად მისი დაზიანების ფაქტი.

 

2016 წლის 15 ნოემბრის N3102/სტ დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ ავტომობილ „ფოლკსვაგენს“ დაზიანებული აქვს წინა მარცხენა კარი, მარცხენა ფრთა, მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა დისკი, მოტეხილია მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკე. აღნიშნული დაზიანებები მანამდე შედგენილ არცერთ მტკიცებულებაში არ ფიგურირებს, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მათი წარმომავლობა და კავშირი 2016 წლის 11 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან.

 

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა ის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული ნივთები სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მიღებული, რის გამოც სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, წინა მარცხენა კარის ღირებულება 100 ლარი და წინა მარცხენა ფრთის ღირებულება 100 ლარი, ხელოსნის მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით, სულ 400 ლარი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე გ------- მ------–---–ს მოსარჩელე მ--- მ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ხარჯების ანაზღაურება,სასამართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 13 ნოემბრიდან ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანის ნებართვის მიღების დღემდე არსებული თანხის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გრემოებათა გამო:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება იმავე დღესვე ანუ 2016 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ნაპოვნი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2016 წლის 13 ნოემბერს იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, სწორედ მითითებული თარიღიდან უნდა მოხდეს საჯარიმო ავტოსადგომზე დღეების რაოდენობა დაანგარიშებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაწყებული გამოძიება პირველად შეწყდა 2017 წლის 07 აპრილს. აღნიშნული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში პროკურორის მიერ გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთმტკიცების - მოსარჩელის ა/მანქანის ბედი და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტად მიეთითა, რომ ავტომობილი „ფოლკსვაგენი“, რომელიც მოთავსებულია სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, მდებარე ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს მ--- მ------–---–ს. მნიშვნელოვანია სსიპ 112 წერილები (ს.ფ. 20-21), სადაც მითითებულია, რომ ნივთმტკიცებისთვის 5 დღე-ღამის შემდგომ პერიოდზე დარიცხვა შეადგენს 1 ლარს თოთოეული დღე-ღამე. ასევე, წერილითვე განიმარტა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს მ--- მ------–---–ის მიმართვის შედეგად ა/მანქანის გაყვანა არ მომხდარა, რადგან მოსარჩელეს არ ჰქონია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ნებართვის ფურცელი და გადახდის ქვითარი. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2017 წლის 07 აპრილიდან ანუ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დროს შეეძლო გაეტანა თავის სახელზე რიცხული ავტომობილი, თუმცა აღნიშნული მას არ განუხორციელებია. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა იმ ობიექტური მიზეზის არსებობა, რაც გამორიცხავდა მის მიერ მანქანის გაყვანას საჯარიმო ავტოსადგომიდან. ამავე წერილით დგინდება, რომ მ--- მ------–---–ი ავტოსადგომზე 2018 წლის 21 ნოემბერს მივიდა ანუ იმ დროს, როდესაც სასამართლოში უკვე მიმდინარეობდა მხარეთა შორის დავა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კუმულატიურად უნდა ყოფილიყო ორი პირობა ნებართვის ფურცელი „და“ გადახდის ქვითარი. ერთ-ერთის არ ქონა გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ ავტოსადგომიდან მანქანის გაყვანის შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მოსარჩელის ქმედებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ამჟამად ისევ საჯარიმო ავტოსადგომზეა მოთავსებული ა/მანქანა და მან არ გამოიყენა მისთვის დადგენილებით მინიჭებული უფლება გამოძიების შეწყვეტის შემდეგ გამოეყვანა საჯარიმო ავტოსადგომიდან თავის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა, რითაც რეალურად ხელი შეუწყო საჯარიმო დავალიანების წარმოშობას.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს ა/მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის მხოლოდ იმ დღეების საფასურის გადახდის ვალდებულება, სანამ მიღებული იქნებოდა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რითაც გადაწყდა ა/მანქანების ბედი, კერძოდ, რადგან მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე განთავსდა 2016 წლის 13 ნოემბერს და ამჟამადაც საჯარიმო ავტოსადგომზეა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს გამოძიების შეწყვეტამდე ანუ 2017 წლის 07 აპრილის ჩათლით პერიოდზე უნდა დაეკისროს საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება, ე.ი. 2016 წლის ნოემბერი-18 დღე, 2016 წლის - 31 დღე, 2017 წლის იანვარი - 31 დღე, 2017 წლის თებერვალი-28 დღე, 2017 წლის მარტი-31 დღე და 2017 წლის აპრილი 7 დღე, სულ 146 დღე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 146 დღის საფასური სულ ჯამურად 146 ლარის ოდენობით, რადგან როგორც ნივთმტკიცებას, მასზე ვრცელდებოდა დღე-ღამის განმავლობაში 1 ლარის დარიცხვის წესი. აღნიშნული ა/მანქანა, რომ ნივთმტკიცება იყო დასტურდება იმითაც, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში პროკურორის მიერ არის გადაწყვეტილი ნივთის დაბრუნება მოსარჩელეზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება გამოტანილია, სასამართლოს მიერ საექსპერტო დასკვნების (#3102 და #2---) მხედველობაში მიღების და მათი სწორი შეფასების გარეშე. ამასთან სასამართლომ არასწორად განსაზღვრა შეკეთების თანხები და ასევე, 2 წლის წინ ექსპერტიზის მიერ დათვლილ ზარალს 1100 ლარს ჩამოაკლო 700 ლარი, მაშინ როცა ავტომობილი საჯარიმოზე დგას 2 წელი და 9 თვეა, არის დაჟანგული, დამპალი და შესაცვლელი აქვს უკვე ზეთები, ფილტრები, სავარძლები რადგან წყალი ჩადის, აკუმულატორი და სხვა უამრავი. მოსამართლის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საპროცესო კანონმდებლობასთან, რადგან მოსამართლეს არ გააჩნია სპეციალური ცოდნა და მან მხედველობაში არ მიიღო ორჯერ ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის პასუხები.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, რომელთა მხედველობაში მიღებით გამოტანილ იქნებოდა სულ სხვა გადაწყვეტილება. მოსამართლე სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლს უთითებს სრულიად შეუსაბამოდ, სადაც აღნიშნავს მის უმოქმედობას, რომ არ გამოიყვანა საჯარიმოდან მისი კუთვნილი მანქანა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და საპირისპირო დასტურდება საქმეში არსებული შსს ცნობით. საქმე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გადაეცა პროკურატურიდან 2019 წლის მარტში, რასაც ადასტურებს სამართალდარღვევის ოქმი. იქამდე აღნიშნული შეჯახების შესახებ საპატრულო პოლიციის სისტემაში ინფორმაცია არ იძებნებოდა შესაბამისად, ვერ მისცეს სპეციალური ნებართვა, რომ შსს 12-ე ოთახიდან შეეძლო ავტომობილის გაყვანა.

 

3.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო კოდექსის მთელი რიგი ნორმები უხეშად, კერძოდ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-105 მუხლები, ასევე, დარღვეულია 162 მუხლის მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ მატერიალური ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.1.1. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მოპასუხე გ------- მ------–---–ი (იხ. ტომი I, ს.ფ. 171).

 

4.1.2. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს დაახლოებით 21:25 საათზე ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მ--- მ------–---–ი დაახლოებით 20 კმ.სთ სიჩქარით მართავდა მის კუთვნილ ავტომანქანა ,,ფოლცვაგენს’’, სახელწიფო ნომრით UUV7--, ხუდადოვის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “ქარვასლას“ მიმართულებით. მსვლელობისას მ--- მ------–---–ი აღნიშნული ავტომანქანით გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევის მიზნით გაჩერდა, რა დროსაც მის ავტომანქანას მარცხენა მხრიდან შეეჯახა „ჰონდას“ მარკის მოტოციკლი სახელმწიფო ნომრით CC3---, რომელსაც მართავდა გ------- მ------–---–ი.

 

4.1.3. ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მოტოციკლთან შეჯახების) თავიდან აცილება ავტომობილ ,,ფოლცვაგენის’’ სახელმწიფო ნომრით UUV7-- მძღოლზე დამოკიდებული არ იყო და მის ქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოტოციკლ “Honda VT750 sadow’’ CC3----ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანპორტო შემთხვევა-შეჯახება.

 

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ გ------- მ------–---–მა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო მის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.

 

4.1.4. დადგენილია, რომ გ------- მ------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

 

4.1.5. უდავოა, რომ პროკურატურის 2017 წლის 07 აპრილის დადგენილებით ავტომობილი Folkswagen Polo. 4 სახელმწიფო ნომრით UUV7--, რომელიც მოთავსებულია სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე მდებარე ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო სახდელი მეურნეობა, დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს მ--- მ------–---–ს, ხოლო მოტოციკლი Honda VT750 SHADOW სახელმწიფო ნომრით CC3---, რომელიც მოთავსებული იყო სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, მდებარე თბილისში, გახოკიძის ქუჩა, დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს გ------- მ------–---–ს (იხ. ტომი I. ს.ფ. 18; 44-47; 54-58);

 

4.1.6. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება VOLKSWAGEN, სახელმწიფო ნომრით UUV7-- სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე შეყვანილია 2016 წლის 13 ნოემბერს და 2018 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით სსიპ 112-ის მომსახურეობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადენს 2277 ლარს, რომელიც მოიცავს: ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას - 30 ლარი, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილება (1 კმ-ზე)-3 ლარი, ამასთან დარიცხული მომსახურების საფასურის აღნიშნულ ოდენობას სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან სატრანსპორტო საშულების გაყვანამდე ყოველდღიურად ემატება თანხა (დგომის საფასური) შემდეგი პრინციპით: 1-5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში 8 ლარი თითოეული დღე-ღამე, 5 დღე- ღამის შემდგომ დგომის პერიოდი-1 ლარი თითოეული დღე-ღამე (ნივთმტკიცება), 5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი 4 ლარი თითოეული დღე-ღამე (იხ. ტომი I, ს.ფ.21).

 

4.1.7. დადგენილია, რომ შავი ფერის ავტომანქანა „ფოლცვაგენ პოლოს“ აღენიშნება დაზიანება: წინა მარცხენა კარი და მარცხენა ფრთა: 2016 წლის 13 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შავი ფერის ავტომანქანა „ფოლცვაგენ პოლოს“ აღენიშნება დაზიანება: წინა მარცხენა კარი და მარცხენა ფრთა.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით:

 

მართალია, საქმეზე წარმოდგენილია ა/მანქანის დათვალიერების ოქმი, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ოქმი და კიდევ სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაზიანებების არსებობა, თუმცა ამავე მტკიცებულებებით ისიც მტკიცდება, რომ ყოველ ახალ მტკიცებულებაზე დამატებით არის მითითებული ა/მანქანის დაზიანებული დეტალები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ა/მანქანის დათვალიერების ოქმი არის ის პირველადი დათვალიერების მტკიცებულება, რომელიც ჩატარდა გამომძიებლის მიერ თავად მოსარჩელის დასწრებით. სწორედ ამ ოქმში მიეთითა, რომ მოსარჩელის ა/მანქანს დაზიანებული ჰქონდა წინა მარცხენა კარები და ფრთა. აღნიშნულის შემდეგ შედგენილ ოქმში, რომელიც შედგა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, დაზიანებად მითითებულია წინა მარცხენა ფრთა, კარები და ბუფერი. ამდენად, მეორე მტკიცეულებით დამატებით დაზიანებულია ბუფერი, ხოლო სხვა მტკიცებულებებით კი არ დასტურდება შეჯახების შედეგად მისი დაზიანების ფაქტი.

 

2016 წლის 15 ნოემბრის N3102/სტ დასკვნის აღწერილობით ნაწილში კი მითითებულია, რომ ავტომობილ „ფოლკსვაგენს“ დაზიანებული აქვს წინა მარცხენა კარი, მარცხენა ფრთა, მარცხენა კარნიზი, წინა მარცხენა დისკი, მოტეხილია მარცხენა გვერდითა უკანა ხედვის სარკე, ხოლო ბუფერი ამ დასკვნაში არ ფიგურირებს. აღნიშნული დაზიანებები მანამდე შედგენილ არცერთ მტკიცებულებაში არ ფიგურირებს, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მათი წარმომავლობა და კავშირი 2016 წლის 11 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან.

 

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა ის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული ნივთები სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მიღებული, რის გამოც სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, წინა მარცხენა კარის ღირებულება 100 ლარი და წინა მარცხენა ფრთის ღირებულება 100 ლარი, ხელოსნის მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით, სულ 400 ლარი.

 

4.1.8. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის #2---/ს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ წინა მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 135-137).

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაიშვება, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და პირის ქმედებას შორის.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი;

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც გ------- მ------–---–ს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა. წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის #2---/ს ექსპერტიზის დასკვნა რომლის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის ფოლცვაგენის“ წინა მარცხენა კარის შესაკეთებელი ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო წინა მარცხენა ფრთის 100 ლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 2016 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ნაპოვნი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2016 წლის 13 ნოემბერს იქნა გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაწყებული გამოძიება პირველად შეწყდა 2017 წლის 07 აპრილს. აღნიშნული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში პროკურორის მიერ გადაწყდა საქმეზე არსებული ნივთმტკიცების - მოსარჩელის ა/მანქანის ბედი და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტად მიეთითა, რომ ავტომობილი „ფოლკსვაგენი“, რომელიც მოთავსებულია სსიპ 112-ის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე, მდებარე ქ.თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს მ--- მ------–---–ს. სსიპ 112 წერილებით (ს.ფ.20-21), დგინდება, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს მ--- მ------–---–ის მიმართვის შედეგად ა/მანქანის გაყვანა არ მომხდარა, რადგან მოსარჩელეს არ ჰქონია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ნებართვის ფურცელი და გადახდის ქვითარი. ანუ მოსარჩელეს შეეძლო 2017 წლის 07 აპრილიდან თავის სახელზე რიცხული ავტომობილის გაყვანა, თუმცა აღნიშნული მას არ განუხორციელებია.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არამართებული იყო. მოპასუხემ პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იმ ზიანისათვის, რაც უშუალოდ მისი მოქმედებით იყო გამოწვეული. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 146 ლარის ანაზღაურება, 146 დღის საფასური 2016 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით, მართებულად დაეკისრა. იმ პერიოდზე, როდესაც მოსარჩელეს შეეძლო თავისი ავტომანქანის გაყვანა და მან თავისი ბრალით არ მიიღო საჭირო ზომები, მოპასუხე ვერ იქნება პასუხისმგებელი. მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2017 წლის 07 აპრილიდან ანუ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დროს შეეძლო გაეყვანა თავის სახელზე რიცხული ავტომობილი, თუმცა აღნიშნული მას არ განუხორციელებია. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა იმ ობიექტური მიზეზის არსებობა, რაც გამორიცხავდა მის მიერ მანქანის გაყვანას საჯარიმო ავტოსადგომიდან.

 

მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მხარემ ვერ გასწია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, რის მიხედვითაც ჩამოყალიბებულია სასამართლოს შინაგანი რწმენა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი