განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 090210019002714381
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-458-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ე-----ი ბ------–---ი
წარმომადგენელი - თ-----------–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ გ------
დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე-----ი ბ------–---ის სარჩელი მოპასუხე მ------ გ------ს მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაიოუნულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2014 წლის 05 მაისიდან, მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ი მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურის უფროსად, საიდანაც გათავისუფლდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანებით. 2.2. მოპასუხე მ------ გ------ 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურში სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად, 2015 წლის 12 მარტიდან – სპეციალისტად, 2016 წლის 4 იანვრიდან – მთავარ სპეციალისტად. მოპასუხემ ჯერ განცხადებით, ხოლო შემდგომ მოხსენებითი ბარათით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსარჩელის არაეთიკური ქმედების თაობაზე მის მიმართ. 2.3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანება, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოიცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი მოპასუხე მ------ გ------ს მოხსენებითი ბარათის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის ოქმის საფუძველზე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანებით ე-----ი ბ------–---ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მოპასუხე მ------ გ------ს განცხადება ე-----ი ბ------–---ის, როგორც სამსახურის უფროსის მხრივ, მის მიმართ გამოხატული არაეთიკური საქციელის გამო, რაც გასაჯაროვდა მოპასუხე მხარისაგან. აღნიშნულმა გამოიწვია ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მხარდაჭერა მოპასუხე მ------ გ------სადმი, რაც გამოიხატა მიმართვით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი და დაგვირგვინდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის დაკვეთისშემცველი ოქმით სიმართლის გარკვევამდე მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება მთლიანად აგებულია მოპასუხე მ------ გ------ს მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე საკრებულოს თანამშრომელთა მხარდამჭერ რეაქციაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხე მ------ გ------ს განცხადებასა და მოხსენებით ბარათში მითითებული მოსარჩელის არაეთიკური დამოკიდებულების სრულად გაზიარება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან. 2.4. მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ისაგან გასაჩივრდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანება, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ სამივე ინსტანციის სასამართლოში და დარჩა უცვლელი. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N3/3–17 გადაწყვეტილებით, რაც სრულიად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ „მოსარჩელის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მხრიდან მ------ გ------ს სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობა“, რაც საფუძვლად დაედო ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განმჩინებით, ე-----ი ბ------–---ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მარტის განჩინებაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამავე განჩინებაში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული ფაქტის სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საქმე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი. მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, ამდენად კანონის მიზანია, შეამციროს შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ. იხ. სუსგ, N3კ-242-01, 06.04.2001, N3-1218-01, 24.04.2002, Nას-14-466-05, 09.11.2006, Nას-1156-1176-2011, 20.01.2012. Nას–593–568–2016. 14.07.2017.) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; კონკრეტულ შემთხვევაში მართალია მოპასუხე მ------ გ------ არ წარმოადგენდა მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ის ადმინისტრაციულ საქმეზე მხარეს, მაგრამ დავა მთლიანად აგებულია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მ------ გ------ს განცხადებასა და მოხსენებით ბარათზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებაში მთლიანად არის გაზიარებული, რომ ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N096 ბრძანებას საფუძვლად დაედო იმავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის მ------ გ------ს მოხსენებით ბარათსა და განცხადებაში ასახული ფაქტი, რასაც მისი აღნიშვნით ადგილი ჰქონდა სამსახურის უფროსის კაბინეტში 2017 წლის 1 მაისს. საკასაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მაზედ, რომ არსებობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც თავისი დისკრეციის ფარგლებში სწორად შეფასდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. მითითებულიდან გამომდინარე, სამივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელისაგან მოპასუხის მიმართ განხორციელებული არაეთიკური ქმედება, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე-----ი ბ------–---მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ე-----ი ბ------–---ის მხრიდან მ------ გ------ს მიმართ ჩადენილი არაეთიკური საქციელი არ დასტურდება არც-ერთი მტკიცებულებით, პირიქით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს რომ ე-----ი ბ------–---ს მ------ გ------ს მიმართ არ განუხორციელებია არც სექსუალური ძალადობა, არც სექსუალური ექსპლუატაციის მცდელობა და არც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ახლად შეფასებული ე.წ. „არაეთიკური საქციელი“. 3.2. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N3/3-17 გადაწყვეტილებაში მითითებული და გაკეთებული დასკვნა „მ------ გ------ს სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობის სარწმუნოდ დაუდასტურებლობის“ თაობაზე არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებად და შესაბამისად მაგისტრატი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კი მტკიცებულებად. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N3/3-17 გადაწყვეტილება შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და შესაბამისად მასში არ გაკეთებულა დასკვნა მ------ გ------ს მიმართ ე-----ი ბ------–---ის მხრიდან რაიმე ე.წ. „არაეთიკური საქციელის“ ჩადენის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე მ------ გ------ს მხრიდან ასეთი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება იქნებოდა უფლებამოსილი ორგანოს (მაგ. სასამართლოს) დასკვნა ე-----ი ბ------–---ის მხრიდან განხორციელუბელ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების თაობაზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებს მ------ გ------ს მიერ გავრცელებულ ცნობების მცდარობას, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე და 413-ე მუხლები მათი პოზიტიური გამოყენების კუთხით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ე-----ი ბ------–---ი (აპელანტი) მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურის უფროსად. 4.2. მ------ გ------ (მოპასუხე) მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა--------------------------–-- სამსახურში მთავარ სპეციალისტად. 4.3. 2017 წლის 19 ივნისს მოპასუხემ ორგანიზაციის თანამშრომლებს შორის გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმავე წლის 1 მაისს, 17 საათზე აპელანტმა, სამუშაო კაბინეტში იგი სექსუალურად შეავიწროვა (ს.ფ. 22; 147-149). 4.4. 2017 წლის 21 ივნისს მოპასუხემ იმავე ფაქტთან დაკავშირებით „მოხსენებითი ბარათით“ მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აპელანტის მიმართ „სათანადო ზომების“ გატარება მოითხოვა (ს.ფ. 19-21). 4.5. იმავე დღეს ჩატარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომა, რომლებმაც მხარი მოპასუხეს დაუჭირეს და აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს. 4.6. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის ბრძანებით აპელანტი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. 4.6.1. ბრძანებას საფუძვლად მოპასუხის „მოხსენებითი ბარათი“, თანამშრომელთა მიმართვა და სხდომის დადგენილება, ე.ი. მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობა დაედო. 4.7. აპელანტმა აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა, თუმცა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.8. ეს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განჩინებით და კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინების საფუძველზე. 4.8.1. სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.9.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტის სარჩელი დაუსაბუთებელი იყო. 4.10. გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. 4.10.1. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 2017 წლის 1 მაისს, 17 საათზე, სამუშაო კაბინეტში თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, აპელანტი მისკენ გაიწია „საკოცნელად, არა გადასაკოცნად“, თუმცა მოპასუხემ ხელი აუქნია და მოიშორა. 4.11. გავრცელებული ცნობის ფორმიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოპასუხემ ზემოხსენებულში სექსუალური ხასიათის ქცევა იგულისხმა და ასევე გაიგეს მისი ნათქვამი მესამე პირებმაც. 4.12. მეტიც, მოპასუხემ შსს ლენტეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს განუმარტა, რომ აპელანტმა „მოულოდნელად, განზრახ“ აკოცა „ტუჩებში“ (ს.ფ. 147). 4.12.1. ამგვარი მოქმედება კი საქართველოში, ჩვეულებრივ, სექსუალურ ხასიათს ატარებს. 4.13. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აპელანტმა განახორცილა სექსუალური ხასიათის, მოპასუხისათვის არასასურველი ფიზიკური ქცევა, რომელმაც მოპასუხის ღირსების შელახვა გამოიწვია. 4.13.1. ამრიგად, მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, აპელანტმა იგი სექსუალურად შეავიწროვა. 4.14. დადგენილია, რომ მოპასუხემ გაავრცელა ინფორმაცია კონკრეტულად მომხდარი ფაქტის შესახებ და იმდენად დამაჯერებლად, რომ ამას შედეგად აპელანტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. 4.14.1. ამის შესაბამისად, მოპასუხე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური პრივილეგიით არ სარგებლობს. 4.15. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი... 4.15.1. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება... რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4.15.2. დადგენილია, რომ აპელანტი რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყო. 4.15.3. ამის შესაბამისად, ცნობის გავრცელების დროსათვის იგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საჯარო პირს წარმოადგენდა. 4.16. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. 4.16.1. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 4.17. ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ წარმოადგენდა, ეკისრებოდა აპელანტს. 4.18. აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 1 მაისს, 17 საათზე მოპასუხე მის სამუშაო კაბინეტში მართლაც ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ისინი სამსახურებრივ საკითხებზე საუბრობდნენ (ს.ფ. 213-214). 4.18.1. უდავოა, რომ მხარეები კაბინეტში მარტო იყვნენ, მათი საუბრის ვიდეო გადაღება ან აუდიო ჩაწერა არ მიმდინარეობდა და მას მესამე პირი არ ესწრებოდა. 4.18.2. ამ ვითარებაში, ცხადია, რომ ვერც ერთი მხარე, ახსნა-განმარტების გარდა, მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობის დამადასტურებელ ან უარმყოფელ პირდაპირ მტკიცებულებას სასამართლოს ვერ წარუდგენდა. 4.19. თუმცა, რადგან კანონის თანახმად, მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა, მას შეეძლო სასამართლოსათვის წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები მაინც, რომ ცნობების გავრცელებამდე მხარეთა შორის შორის დაძაბული ურთიერთობა ან კონფლიქტი იყო და მოპასუხე განზრახ მოქმედებდა მისთვის ზიანის მიყენების მიზნით. 4.20. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.21. მეტიც, სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა საწინააღმდეგო განმარტეს. 4.22. კერძოდ, მოწმემ, ვ--–---ი ბ------–---მა აღნიშნა, რომ განყოფილებაში ოთხი თანამშრომელი მუშაობდა და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოპასუხეს რამდენიმე დღით სამუშაოდან გათავისუფლება სურდა. ამის სათხოვნელად იგი აპელანტის კაბინეტში შევიდა. კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ იგი „შეწითლებული“ და „აფორიაქებული“ იყო. მოგვიანებით კი მოწმეს უთხრა, რომ აპელანტი „არაკაცურად“ მოიქცა და მისკენ საკოცნელად გაიწია. მეორე დილით აპელანტმა თათბირი დანიშნა, თუმცა მოპასუხემ შესვლაზე უარი განაცხადა - „გამორიცხული არის, იმის თათბირზე არ შემოვალო“. აღნიშნულის თაობაზე აპელანტს თავად მოწმეც ესაუბრა და დაემუქრა, თუ მართალი არის, რასაც მოპასუხე ამბობს, დაგსჯიო. 4.22.1. მოწმემ, ლ-----–--------მა განმარტა, რომ მოპასუხეს არ იცნობდა და კონფლიქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არაფერი იყო. 4.22.2. მოწმეებმა, მ--–-------------------მა და ხ----------–---–---მა კი აღნიშნეს, რომ მომხდარის თაობაზე სიმართლის გაგება და აპელანტთან შეხვედრა სურდათ, თუმცა აპელანტმა ამაზე უარი განაცხადა. ამასთან მას მხარი ნათესავმაც კი არ დაუჭირა. 4.23. პალატის აზრით, არსებითად, აღნიშნული ჩვენებები არა აპელანტის, არამედ მოპასუხის განმარტებას ადასტურებს. 4.23.1. აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემამდე მოწმეებმა რელიგიური შინაარსის ფიცი დადეს და მხარეთა მიერ დასმულ შეკითხვებს დამაჯერებელი პასუხები გასცეს. 4.24. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ნათელია, რომ მოწმეთა ჩვენებებით აპელანტის პოზიცია არ დასტურდება, სხვა მტკიცებულებები კი მას არ წარმოუდგენია. 4.25. და, რაც მთავარია, როგორც აღინიშნა, ის ფაქტი, რომ აპელანტმა მოპასუხე სექსუალურად შეავიწროვა, დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. 4.25.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, კი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს... არ შეუძლიათ... სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. 4.26. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე-----ი ბ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი