განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002805076
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/1444-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
გამართლებული: გ------- ა-----------ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–----------------------–-------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:
გ------- ა-----------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ბ---------–---–მა და მოითხოვა გ------- ა-----------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავდება.
გამართლებულ გ------- ა-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ------------–-–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გ------- ა-----------ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ა-----------ი 2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე თ--–----------------------–-----------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ე--------–----–---–ს და მამას დ----- ა-----------ს, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:
გ------- ა-----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მულის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ გ------- ა-----------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. გონივრულ ეჭვს მიღმა ერთმანეთთან შეთანხებული მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ------- ა-----------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულებმა დ----- ა-----------მა და ეთერ ალექსიშვილმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურთ ჩვენების მიცემა მათი ოჯახის წევრის - გ------- ა-----------ის წინააღმდეგ.
სასამართლო აღნიშნავს რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება : ”სიცოცხლის მოსპობის ან ჯამრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”. ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯამრთელობის დაზიანების ან ქონების განდგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: ბრალდებულის სახით გ------- ა-----------ის გამოკითხვის ოქმი, გამომძიებლების ი-----–-------–-–---–ის, გ------- ჭ----–-–---–ის, ი-----–--------–---–ის, ჯ----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცების ამოღების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს და გარემოებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით, არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მსგავს დანაშაულებში მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გ------- ა-----------მა განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. მოცემული გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებს, (საქმის მწარმოებელი გამომძიებლების) რომლებიც თავისი შინაარსით ირიბ ჩვენებებს წარმოადგენენ, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის განმარტებებს ეფუძნება. შესაბამისად, აღნიშნული ირიბი ჩვენებები ამ ნაწილში სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გ------- ა-----------ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მათგანი შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ------- ა-----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ------- ა-----------მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი დაფუძნებულია მხოლოდ ირიბ ჩვენებებზე, რაც არ შეიძლება, საფუძვალდ დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასმართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ გ------- ა-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ გ------- ა-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ------- ა-----------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- ა-----------ს განემარტოს, რომ აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
გ------- ა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით 2000 (ორი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ დ----- ა-----------ის (პირადი № 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: №5-----------.
ნივთმტკიცება:
ამოღებული დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილბის მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე