განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210119003094029
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-882-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა
ზეპირი მოსმენის გარეშე
მომჩივანი - შპს ბ----------------
წარმომადგენელი - გ---–-------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს მ------------–-------------
წარმომადგენელი - გ------------------------
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება
1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელე - სს მ------------–-------------ს წარმომადგენლების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ბ----------------ს (ს/კ 2--------) აეკრძალა გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა შემდეგი უძრავ ქონებების, მდებარე: - ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0----------------------; სართული-15, სადარბაზო C, ბინა NC 1405 - ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-15, სადარბაზო C, ბინა C 1406 - ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-13, სადარბაზო B, ბინა NB 1201 - ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-13, ბინა NB 1207 მოსარჩელე - სს მ------------–-------------ს წარმომადგენლის გ----------სა და მ----------ის განცხადება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2019 წლის 11 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს მ------------–-------------ს წარმომადგენელმა მოპასუხე შპს ბ----------------ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. 2.2. ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგი ღონისძიების გატარება, კერძოდ ყადაღა დაედოს მოპასუხე შპს "ბ----------------ს" (ს/კ 2--------) შემდეგ უძრავ ქონებებს, მდებარე: 1) ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0----------------------; სართული- 15, სადარბაზო C, ბინა NC 1405 2) ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-15, სადარბაზო C, ბინა C 1406 3) ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-13, სადარბაზო B, ბინა NB 1201 4) ქ. ბათუმი, ლ------------------------ს ქუჩა N1ა ს/კ 0---------------------- სართული-13, ბინა NB 1207. 2.3. მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, მოსალოდნელია ქონების გასხვისება და თუ არ იარსება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებამ, მაშინ მისი აღსრულება დამოკიდებული იქნება მოპასუხის ნებაზე, ხოლო მოპასუხეს ამის ნება არ გააჩნია, რის გამოც უზრუნველყოფის გამოუეყენლობით მოსალოდნელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდეს ან შეუძლებელი დარჩეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების შინაარსზე. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც მოსარჩელის დროებითი (შუალედური) დაცვის საპროცესო საშუალების, არსს, ფუნქციას და მისი გამოყენების პირობებს, კერძოდ: ამ ღონისძიების მიზანია - თავიდან იქნეს აცილებული ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება დააბრკოლოს ან შეუძლებელი გახადოს საქმეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. მისი გამოყენებისათვის აუცილებელია: ა) მოსარჩელემ მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა დააბრკოლებს ან გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას; ბ) მოსარჩელემ დაასაბუთოს, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მას აუცილებლად; გ) სასამართლოს გაუჩნდეს ვარაუდი, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს; დ) ასევე - გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა დააბრკოლებს ან გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას. 2.5. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე. კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მოსარჩელემ უნდა მიუთითოს შესაბამის გარემოებებზე, რომელთა გარეშეც მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება და, შესაბამისად, რაც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. 2.6. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ. 2.7. აღძრულია სარჩელი თანხის დაკისრების (ჯამურად 31 222,01 ლარის) მოთხოვნით. აღძრული სარჩელის გათვალისწინებით, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, ასევე ქონების ლიკვიდურობის და მასზე საკუთრების უფლების შენარჩუნებაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია უძრავ ქონებაზე შენარჩუნებული იყოს საკუთრების უფლება, რადგან არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან მნიშვნელოვანია ქონება იყოს შემდგომი სანივთო უფლებებისაგან თავისუფალი, რაც შეუნარჩუნებს მას ლიკვიდურობას. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემობებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.
3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა შპს ბ----------------მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების შინაარსი სრულად ემთხვევა სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს და ფაქტობრივ გარემოებებს. განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არის ზოგადი, აბსტრაქტული და არანაირ სამართლებრივ შემხებლობაში არ არის მომჩივანთან. 3.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მომჩივანს ეკისრება, ეგრეთ წოდებული, „მომსახურების საფასურის“ გადახდა, ისე, რომ არ წარმოუდგენია შეთანხმება მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ საფასურის გადახდის შესახებ. ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ისე, რომ არ წარმოუდგენია წერილობითი ხელშეკრულება, რაც წარმოშობდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და ვერ უთითებს ზიანის ფაქტს. 3.2. მომჩივანმა ბინები შეიძინა იძულებით აუქციონზე, ყოველგვარი სანივთო თუ ვალდებულებითი სამართლებრივი უფლებისაგან თავისუფალი. 3.3. მომჩივანი ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა და მის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. 3.4. მომჩივანის ქსელში დასაქმებულია 3000 ადამიანზე მეტი, კომპანიის მიმართ რაიმე შეზღუდვის გამოყენება აფერხებს მის საქმიანობას და საფრთხეს უქმნის არაერთ ოჯახს.
4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სს მ------------–-------------მ სარჩელი აღძრა შპს ბ----------------ს წინააღმდეგ „საექსპლუატაციო მომსახურების დავალიანების“, 31 222, ლარის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. 4.2. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად, გასაჩივრებული განჩინებით, მომჩივანს კუთვნილი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. 4.3.1. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ამ საპროცესო ეტაპზე სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაბუთებულობა; 4.3.2. თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო, არა მარტო, უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა იმსჯელოს იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი. 4.3.3. ამის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუ დაადგენს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, მისი სარჩელი, სავარაუდოდ, დაკმაყოფილდება. 4.4. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ საჯარო აუქციონზე შეიძინა შპს კ------------ის კუთვნილი რამდენიმე ბინა. 4.4.1. მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი კორპუსში დადგენილი საექსპლუატაციო მომსახურების პირობებითა და დადგენილი ქცევის წესების თანახად, ყოველი ბინათმესაკუთრე, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა, ვალდებულია განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადაიხადოს საექსპლუატაციო მომსხურების საფასური და დაიცვას დადგენილი ქცევის წესები. საექსპლუატაციო მომსახურების პირობების 5.1. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაარღვევს „მომსახურების ფასის“ გადახდის ვადას, მაშინ „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო, „მომსახურების ფასის“ 6%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.4.2. მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურების საფასურის გადახდა წერილობით მოსთხოვა, თუმცა მოპასუხემ მის გადახდაზე უარი განაცხადა. 4.4.3. 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება, 31 222,01 ლარი. 4.4.4. გარდა ამისა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო და აუნაზღაუროს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მინიმალური ზიანი, წლიური 10,5%-ის ოდენობით. 4.5. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მოპასუხეს არ აუღია და რომლის პირობებიც თავად მოსარჩელემ განსაზღვრა. 4.5.1. როგორც ჩანს, მოსარჩელის პოზიციით, მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მხოლოდ იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მან საცხოვრებელ სახლში ბინები შეიძინა. 4.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 4.6.1. ე.წ. საექსპლუატაციო მომსახურების ფასის გადახდის კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. 4.6.2. ე.ი. სარჩელში მითითებული ფაქტებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას ითხოვს. 4.7. ამის შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეიძლება, მხოლოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდეს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.8.1. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. 4.9. მოსარჩელეს არ მიუთითებია, რომ მოპასუხესთან „საექსპლუატაციო მომსახურების“ ხელშეკრულების პირობები შეათანხმა და ეს ხელშეკრულება მასთან დადო. 4.9.1. პირიქით, თავად მოსარჩელის მიერ მითითებული მე-7 ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მომსახურების პირობები და ქცევის წესები თავად მანვე დაადგინა. 4.10. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების ამგვარ წესს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. 4.10.1. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ვალდებულების შესრულების პირობები, შესაძლებელია ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემაც განსაზღვროს, თუმცა ამ უფლების წარმოშობისთვის მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებაა აუცილებელი. 4.10.2. თავად მოსარჩელის განმარტებით, კი მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული არ არის. 4.10.3. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხეს მისი შესრულების ვალდებულება არ წარმოშობია. 4.11. სარჩელის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელიც მხარეებს არ დაუდიათ. 4.11.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვერც პირგასამტეხლოს გადახდასა და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 4.12. ამიტომ, პალატას არ ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში, მისი სარჩელი დაკმაყოფილდება. 4.12.1. ამგვარი სარჩელის უზრუნველყოფა კი დაუშვებელია. 4.13. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა. 4.14. პალატა, დამატებით, აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ზემოხსენებული მსჯელობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას არ ახდენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ბ----------------ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სს მ------------–-------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ბ----------------ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. სს მ------------–-------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა