განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001924061
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6606-18 18 ივნისი, 2019 წელი
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ი---- ტ--–----ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ---–- მ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ჩ------–-----ჩ-------ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - დ-------- ტ------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება რ----- ჩ------–-----ჩ-------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს გ------- ა-------–სა და რ----- ჩ------–-----ჩ-------ს ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 48 000 ლარისა და აღსრულების ხარჯის 962.98 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
- 03.12.2015წ. ნოტარიუს რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------თან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნოტარიუსთან მსესხებელი გამოცხადდა პირადობის მოწმობით და განაცხადა, რომ იყო ნ---- ა-------–ი და სურდა ხელშეკრულების დადება.
- მოსარჩელისათვის აღსრულების დაწყებისას ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა არა ნ---- ა-------–მა, არამედ მისი სახელით სხვა პ----- - გ------- ა-------–მა.
- 28.03.2017წ. განაჩენით გ------- ა-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ.
- ნოტარიუსმა არ მოახდინა პიროვნების იდენტიფიცირება და მისი სამსახურებრივი გულგრილობის გამო მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ------- ა-------–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
2.2. მოპასუხე რ----- ჩ------–-----ჩ-------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
- მის მიერ კანონმდებლობითა და ინსტრუქციათა სრული დაცვით გადამოწმებულ იქნა ნოტარიუსთან გამოცხადებული ორივე მხარე და ნოტარიუსს რომელიმე მათგანის პიროვნების იდენტიფიცირებისას ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა.
- ნოტარიუსის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას ადგილი არ ჰქონდა. აღნიშნულ გარემოებას ამტკიცებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ნოტარიუსის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადგენილა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე ი---- ტ--–----ის სარჩელი მოპასუხეების გ------- ა-------–ისა და რ----- ჩ------–-----ჩ-------ის მიმართ 48000 ლარის და აღსრულების ხარჯის 962.98 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე გ------- ა-------–ს მოსარჩლე ი---- ტ--–----ის სასარგებლოდ დაეკისრა 48000 ლარის და აღსრულების ხარჯის 962.98 ლარის გადახდა.
1.2. ი---- ტ--–----ის სარჩელი რ----- ჩ------–-----ჩ-------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3.1. 2015 წლის 03 დეკემბერს ნოტარიუს რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------ის მიერ დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 20000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით სესხად გადასცა ნ---- ა-------–ს, სარგებლის გარეშე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა-------–ის კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N0----------------------).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით (საქმე N1/4137-16), რომელიც შესულია კანონიერ ძალაში გ------- ა-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ. განაჩენით დგინდება, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------ის სანოტარო ბიუროში ძმის კუთვნილი პირადობის მოწმობის გამოყენებით, ი---- ტ--–----ესთან, რომელსაც გაეცნო ნ---- ა-------–ის სახელით, გ------- ა-------–მა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზეც ი---- ტ--–----ემ მსესხებელს სესხის სახით, სარგებლის გარეშე, გადასცა 20 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა-------–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–---, I მ/რ, კორპუსი 14, ბ------. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გ------- ა-------–მა გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი ი---- ტ--–----ესთან და მიიმალა.
3.3. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის N6------ დასკვნით დადგინდა, რომ ნ---- ა-------–სა და ი---- ტ--–----ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ნ---- ა-------–ის გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ნ---- ა-------–ის, არამედ მისი ძმის გ------- ა-------–ის მიერ.
3.4. უდავო გარემოებაა, რომ გ------- ა-------–ს 2015 წლის 3 დეკემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული 20000 აშშ დოლარი ი---- ტ--–----ისთვის არ დაუბრუნებია.
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, გ------- ა-------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ი---- ტ--–----ისათვის 48000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე გ------- ა-------–ის განმარტება, რომ მან მოსარჩელისაგან რეალურად სესხად მიიღო მხოლოდ თანხის ნაწილი.
3.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია ნოტარიუსის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების გამო მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის 48 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება გამოწვეულია უშუალოდ გ------- ა-------–ის დანაშაულებრივი ქმედებით. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ნოტარიუსის მიერ მართლსაწინააღმდეგო გაუფრთხილებელი ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადგენილა.
სასამართლო მიუთითებს ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულაციაზე, რომლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ამდენად, ნოტარიუსი პირის იდენტიფიკაციისთვის იყენებს პირადობის მოწმობას და ვიზუალურად აკვირდება მას, რის შემდეგაც ადგენს იმ პირის იდენტურობას, რომელსაც სურს სანოტარო მოქმედების შესრულება. თავის მხრივ, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შედგება რეკვიზიტისაგან (სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სხვ.), რომლის შემოწმება წარმოდგენილი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით წარმოადგენს მოთხოვნილი სანოტარო მოქმედების შესრულების წინაპირობას და მიზანმიმართულია სანოტარო მოქმედების მონაწილის იდენტიფიცირებისაკენ.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების მე- 8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია, არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს ანდა საჯარო წესრიგს. ამავე ბრძანების 19-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ რ----- ჩ------–-----ჩ-------მა წარდგენილი დოკუმენტის ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობის საფუძველზე მოახდინა მსესხებლის (გ------- ა-------–ის) იდენტიფიცირება. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ ნოტარიუსთან წარდგენილ პირადობის მოწმობა ზუსტად ვერ ასახავდა პირადობის მოწმობის წარმომდგენის გარეგნობას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის აღნიშნული პრეტენზია გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იგი გამყარებული იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით, როგორიც არის თუნდაც ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობაში არსებულ ფოტო გამოსახულების გ------- ა-------–ის გარეგნულ მონაცემებთან შედარება, მათ შორის აშკარა და თვალსაჩინო განსხვავების დადგენის მიზნით;
სასამართლო ითვალისწინებს ნ---- ა-------–ს (05.07.1990წ) და გ------- ა-------–ს (08.02.1989წ) შორის არსებულ უმნიშვნელო ასაკობრივ სხვაობას, მათ ახლო ნათესაურ კავშირს და საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მიიჩნევს, რომ გ------- ა-------–ი, რომელიც წინასწარ განზრახულად და გამიზნულად მოქმედებდა ძმის სახელით, სავარაუდოდ სამ სხვადასხვა ნოტარიუსთან, გამსესხებელთა თანდასწრებით, ვერ წარადგენდა ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობას, თუკი მისი გარეგნობა აშკარად შეუსაბამო იქნებოდა ძმის პირადობის მოწმობაში ასახულ ფოტოგამოსახულებასთან. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განაჩენით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------ის სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, გ------- ა-------–მა ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით, ორ სხვადასხვა სანოტარო ბიუროში ასევე განახორციელა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება/გაუქმება, რა დროსაც, არცერთს ამ ნოტარიუსთაგან (რ----- ნ---------ს, ე-–---- შ----–---–ს) არ შეჰპარვიათ ეჭვი მსესხებლის პიროვნებაში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ გონიერი და ობიექტური დამკვირვებლისათვის ის სხვაობა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, ადვილად შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მართლია, ნოტარიუსმა დაუშვა შეცდომა, სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირებაში, რამაც გამოიწვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და სანოტარო წესით დადასტურება არა იმ პირის მიერ ვინც გარიგების მხარე უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს შეცდომა განპირობებული არ ყოფილა ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (არასწორი სანოტარო მოქმედების განხორციელებით), არამედ შედეგია გ------- ა-------–ის წინასწარ გამიზნული დანაშაულებრივი ქმედებისა.
3.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხე გ------- ა-------–ის დელიქტური ქმედებით მისთვის 48 962.98 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა გ------- ა-------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას გ------- ა-------–თან ერთად ნოტარიუს რ----- ჩ------–-----ჩ-------ისათვის მატერიალური ზიანის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. უდავოა რომ ნოტარიუსმა რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------მა სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირებისას დაუშვა შეცდომა, თუმცა ვინაიდან ეს შეცდომა განაპირობა არა ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ (სანოტარო მოქმედების არასწორმა ან/და არაჯეროვანმა განხორციელებამ), არამედ უშუალოდ გ------- ა-------–ის მიზანმიმართულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- ტ--–----ისათვის ზიანის მიყენებაში არ იკვეთება რ----- ჩ------–-----ჩ-------ის ქმედების მართლწინააღმდეგობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ნოტარიუსისათვის დელიქტური ზიანის ანაზღურების შესახებ პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ შესაძლებლობას.
აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა რომ ადგილი ქონდა ნოტარიუსის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტს, შეუძლებელია დასაბუთდეს ნოტარიუსის ინდივიდუალურ- სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ნოტარიუსი მოქმედებდა მისატევებელი შეცდომის ფარგლებში (გ------- ა-------–ის მიზანმიმართულმა და დანაშაულებრივმა ქმედებებმა შეცდომაში შეიყვანა არა მხოლოდ კონკრეტული ნოტარიუსი, არამედ ინტელექტუალური და თანამდებობრივი მონაცემებით მისი მსგავსი, სხვა ნოტარიუსები და სანოტარო მოქმედების მონაწილე პირები), რაც გაუფრთხილებელი ბრალისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებაა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და ი---- ტ--–----ისათვის მიყენებულ დელიქტურ ზიანზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხეთაგან მხოლოდ გ------- ა-------–ი, რომელსაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 48962.98 ლარის ანაზღაურება.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
4.1. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.2017წ. განაჩენით დასტურდება ი---- ტ--–-----სათვის ზიანის უშუალოდ გ------- ა-------–ის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენების ფაქტი და არ დადგენილა ნოტარიუსის მიერ მართლსაწინააღმდეგო გაუფრთხილებელი ქმედების ჩადენის ფაქტი. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსის ქმედების მართლზომიერებისა და ბრალეულობის შემოწმება წარმოადგენს სარჩელის ფარგლებში დასადგენ სადავო გარემოებას.
სასამართლო მიუთითებს მხოლოდ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულაციაზე, როლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N71 ბრძანების მე- 8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა.
ამავე ბრძანების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადასტურებულად განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობის წარმომდგენისათვის კუთვნილება ნოტარიუსის თანაშემწის მიერ ეჭქვეშ დადგა და ნოტარიუსი ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
4.2. კანონმდებლობა ნოტარიუსისგან ითხოვს პირის იდენტიფიკაციის უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარიგების სანოტარო წესით დამოწმება აზრს დაკარგავდა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის ერთ-ერთი დამოუკიდებელი სანოტარო მოქმედებაა მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში ნოტარიუსის მხრიდან პირის იდენტიფიკაციისას მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად არ იქნა გათვალისწინებული ნორმატიული აქტების სავალდებულო მოთხოვნები, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას აპელანტმა მომართა შუამდგომლობთ და ითხოვა ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულების სახით მიღება მასზედ, რომ განსხვავება ნ---- ა-------–ს და გ------- ა-------–ს შორის შეადგენს 35%-ს. პალატის 18.06.2019წ. საოქმო განჩინებით აპელანტი მხარის შუამდგომლობა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----- ივლისის დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.07.2018წ. სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. 03.12.2015წ. ნოტარიუს რ----- ჩ------–--ნ-ჩ-------ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიერ დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ი---- ტ--–----ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) ნ---- ა-------–ს სესხად გადასცა 20 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, სარგებლის გარეშე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა-------–ის კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N0----------------------) (ტ.1, ს.ფ. 18-22).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით გ------- ა-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენის თანახმად:
- გ------- ა-------–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იცოდა რა ის გარემოება, რომ მყარი გარანტიის გარეშე მას ფულად თანხას არავინ მისცემდა, 2015 წლის ივნისის თვეში ფარულად დაეუფლა თავისი ძმის ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობას, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ---- ა-------–ის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება;
- 2015 წლის ივნისის თვეში რ----- ნ---------ის სანოტარო ბიუროში ნ---- ა-------–ი ნოტარიუსს გაეცნო როგორც ნ---- ა-------–ი და წარუდგინა ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობა. მხარეები დათანხმდნენ ხელშეკრულების შინაარსს და პირობებს, სანოტარო აქტი დაადასტურეს ხელისმოწერით, რაც დამოწმებული იქნა ნოტარიუს რ----- ნ---------ის მიერ. აღნიშნულის საფუძველზე თ-- ო–------–მა ნ---- ა-------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით ხუთი თვის ვადით, ყოველთვიური 2.5 % სარგებლით სესხის სახით გადასცა 5 000 აშშ დოლარი;
- 2015 წლის 22 ივლისს მოპასუხე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში, გ------- ა-------–მა ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა გ------- ბ----–-–---–თან 10 000 აშშ დოლარზე;
- 2015 წლის 25 აგვისტოს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის სანოტარო ბიუროში გ------- ა-------–მა ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობის გამოყენებით გააუქმა გ------- ბ----–-–---–თან არსებული იპოთეკის ხელშეკრულება და გააფორმა სესხის ხელშეკრულებას მანანა მონადირიშვილთან და გ------- ბ----–-–---–თან, რომელთაგანაც მიიღო 15 000 აშშ დოლარი. უძრავი ქონება კვლავ დაიტვირთა იპოთეკით;
- 2015 წლის 3 დეკემბერს, ქ. თბილისი, თ------------ გამზირი N14-ში განთავსებულ მოპასუხის სანოტარო ბიუროში მოსარჩელესთან, რომელსაც გაეცნო ნ---- ა-------–ის სახელით, გ------- ა-------–მა გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზეც მოსარჩელემ მსესხებელს სესხის სახით, სარგებლის გარეშე გადასცა 20 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა-------–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–---, I მ/რ, კორპუსი 14, ბ------. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გ------- ა-------–მა გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი მოსარჩელესთან და მიიმალა. სწორედ ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა იგი 20 000 აშშ დოლარს, რითაც მოსარჩელეს მიადგა 48 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი (ტ.1, ს.ფ. 23-57).
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე გ------- ა-------–ს ზიანის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 48 000 ლარის და აღსრულების ხარჯის 962.98 ლარის გადახდა. სარჩელი მოპასუხე ნოტარიუსის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსი წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად ვალდებულ პირს.
9. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.
ნოტარიუსის გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმა). ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს, აღნიშნული გათვალისწინებულია ამავე მუხლის დისპოზიციით, რომელიც შემდეგი კომპონენტების ერთობლიობას გულისხმობს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის.
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, გულისხმიერების სტანდარტის დარღვევისა და სავალდებულო ქცევის წესიდან გადახვევის საფუძველზე ქმედება შესაძლოა მართლსაწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული.
გაუფრთხილებლად იქცევა ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ გულისხმიერებას. გაუფრთხილებლობა, როგორც დელიქტი, არის სამართლით დაკისრებული გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა, რომლის შედეგად დაზარალებულს წარმოეშვა ზიანი და იგი ობიექტური მასშტაბებით განისაზღვრება. თითოეული პროფესიის, სოციალური წრის წარმომადგენელს მოეთხოვება ყურადღებისა და სხვისი ინტერესების ისე გათვალისწინება, რაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია ამ პროფესიისა თუ სოციალური წრის ადამიანებისათვის. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, არის თუ არა მოპასუხის ქმედება, ზოგადად, ნოტარიუსისათვის დადგენილი ქცევის სტანდარტიდან გადახვევა, ამასთან, გამოიჩინა თუ არა მან ის წინდახედულება და გულისხმიერება, რაც ევალებოდა სანოტარო მოქმედების შესრულებისას (სუსგ. Nას-1037-995-2014, 19.06.2015წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის ნოტარიუსის მიერ დადგენილი წესებისა თუ წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფით სანოტარო მოქმედების განხორციელების ფაქტი.
- სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში „ინსტრუქცია“), რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
- ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ.
- ინსტრუქციის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს.
- ამავე ბრძანების 19-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან ეჭვს იწვევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა, ანდა ეჭვს იწვევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების შესაბამისობა იმ პირთან, რომლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურებაც უნდა მოხდეს ნოტარიუსის მიერ, ანდა არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რომელიც ნოტარიუსს ხელს უშლის პირის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
სადავო არაა, რომ ნოტარიუსმა არასწორად დაადგინა სანოტარო მოქმედების შესასრულებლად მასთან გამოცხადებული პირის ვინაობა და მსესხებლის იდენტიფიცირება მოახდინა მისი ძმის, ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობის საფუძველზე. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის განმარტებული, სასამართლო ითვალისწინებს ნ---- ა-------–ის (05.07.1990 წ.) და გ------- ა-------–ის (08.02.1989 წ.) შორის არსებულ უმნიშვნელო ასაკობრივ სხვაობას (ტ.1, ს.ფ. 23, 19), მათ ახლო ნათესაურ კავშირს და საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მიიჩნევს, რომ გ------- ა-------–ი, რომელიც წინასწარ განზრახულად და გამიზნულად მოქმედებდა ძმის სახელით, სავარაუდოდ სამ სხვადასხვა ნოტარიუსთან, გამსესხებელთა თანდასწრებით, ვერ წარადგენდა ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობას, თუკი მისი გარეგნობა აშკარად შეუსაბამო იქნებოდა ძმის პირადობის მოწმობაში ასახულ ფოტოგამოსახულებასთან.
პალატა ყურადღებას ამახვილებს განაჩენით დადგენილ იმ ფაქტობრივი გარემოებებზე, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს მოპასუხის სანოტარო ბიუროში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, გ------- ა-------–მა ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით ორ სხვადასხვა სანოტარო ბიუროში ასევე განახორციელა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება/გაუქმება, რა დროსაც, არცერთს ამ ნოტარიუსთაგან (რ----- ნ---------ს, ე-–---- შ----–---–ს) არ შეპარვიათ ეჭვი მსესხებლის პიროვნებაში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ გონიერი და ობიექტური დამკვირვებლისათვის ის სხვაობა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, ადვილად შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო.
შესაბამისად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ ნოტარიუსის შეცდომა განაპირობა ნოტარიუსთან გამოცხადებული პირისა და პირადობის მოწმობაში ფოტოსურათზე გამოსახული პირის გარეგნულმა მსგავსებამ.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განაჩენით, რომლითაც გ------- ა-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, ნოტარიუსის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ნოტარიუსის თანაშემწის მიერ ეჭქვეშ დადგა მსესხებლის ვინაობა და ნოტარიუსი ვალდებული იყო უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (ტ.1, ს.ფ.181), პალატა განმარტავს, რომ, მართალია, 28.03.2017წ. განაჩენი შეიცავს მოწმედ დაკითხული ყიდვა-გაყიდვის ოფისის თანამშრომლის, ნ---- რ-----–-–---–-ს ჩვენებას, რომ მოსარჩელესთან სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსის თანაშემწე დაეჭვდა აიდი ბარათზე არსებული ნ---- ა-------–ის ფოტოს იდენტურობაში (ტ.1, ს.ფ. 29,30), თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პირის იდენტიფიცირებისას არსებობდა საეჭვოობის ისეთი ხარისხი, რაც წარმოადგენდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც მოწმე მიუთითებს. თავად მოწმე განმარტავს, რომ თანაშემწე აღნიშნულის თაობაზე დაეკითხა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირს და მისი კომენტარის შემდგომ გააფორმა ხელშეკრულების შაბლონი (ტ.1, ს.ფ.30). საყურადღებოა თავად მოსარჩელის (დაზარალებულის) ჩვენება ამავე საკითხზე, რომ აიდი ბარათის წარდგენისას ნოტარიუსის თანაშემწეს თითქოს ეჭვი შეეპარა და ათვალიერებდა მას, რაზეც ა-------–მა განუცხადა, რომ „თვითონ იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა“ , რასაც დაეთანხმა ნოტარიუსი და განაცხადა, რომ იცნობდა ნ---- ა-------–ს და საეჭვო არაფერი იყო (ტ.1, ს.ფ.32). ნოტარიუსის პოზიციასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც ამავე განაჩენით დგინდება, მოპასუხე ნოტარიუსს რამდენიმე თვით ადრე - 22.07.2015წ. დამოწმებული ჰქონდა გ------- ბ----–-–---–თან 10 000 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც გ------- ა-------–მა გააფორმა ასევე ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით (ტ.1, ს.ფ.24). ამდენად, ლოგიკურია, რომ 2015 წლის დეკემბერში მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმების დროს პირის იდენტიფიცირებაში ეჭვი არ შეპარვია ნოტარიუსს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისიდან იცნობდა გამოცხადებულ პირს როგორც ნ---- ა-------–ს და საწინააღმდეგო ინფორმაცია მას არ მიწოდებია.
გასათვალისწინებელია, რომ განაჩენში გადმოცემულია მოწმედ დაკითხული ნოტარიუსის თანაშემწის, ნ----------------ს ჩვენება, რომელიც არ მიუთითებს სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს პირთა იდენტიფიცირებისას რაიმე ეჭვის არსებობაზე (ტ.1, ს.ფ. 33).
რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ნ---- ა-------–ის პირადობის მოწმობაში არსებულ ფოტო გამოსახულების და გ------- ა-------–ის გარეგნულ მონაცემებს შორის აშკარა და თვალსაჩინო განსხვავების არსებობის თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა დამატებითი წინდახედულება უნდა გამოეჩინა ნოტარიუსს და ობიექტურად რა შესაძლებლობა არსებობდა პირის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც ნოტარიუსმა არ გამოიყენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში არ იკვეთება ნოტარიუსის ქმედების მართლწინააღმდეგობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ნოტარიუსისათვის ზიანის ანაზღურების შესახებ პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 7).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- ტ--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი