განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1055-19, 330310019002803523
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი- ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ნ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--------------–-–---–ი
წარმომადგენელი- დ-----------–----
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 დეკემბრის განკარგულება №---- ,,მიწის ნაკვეთზე მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. დაევალოს მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ------------- მიმდებარედ 2451 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე.
მოპასუხის პოზიცია
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 4 დეკემბრის განკარგულება №---- ,,მიწის ნაკვეთზე მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, დ------------- 2 მიკრო/რაიონის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე(ფართი: 2451კვ.მეტრი) მ--------------–-–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2008 წლის 19 თებერვლის დასკვნა №--------- რომლითაც დგინდება, რომ 2008 წლის 14 თებერვალს მოქალაქე მ--------------–-–---–ის მიმართვის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ბოტანიკური ექსპერტიზა. აღნიშნული დასკვნის თანახმად მისამართზე: ქ.თბილისი, დ----------, მ--------------- გზატკეცილი დ-----------------------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - გაშენებული მრავალწლოვანი ნარგავების ასაკი დაახლოებით 7-დან 10 წლამდეა (ს.ფ. 28-29).
საქმეში წარმოდგენილი ლ------------–ის, ლ---–--–---–--ის, ვ--–----------–---–ის 2016წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ მ---------------–-–---–ი 1998 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2577.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რომელიც შემოღობილია ერთიანი შემოღობვით და მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ზ--------------------------–--ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ. ასევე თანმობას აცხადებენ მ--------------–-–---–მა სრულად დაირეგისტრიროს პირად საკუთრებაში აღნიშნული უძრავი ქონება, შესაბამისად მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების დაკანონება-ლეგალიზაცია, საკუთრების უფლების აღიარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ს.ფ.27).
2016 წლის 30 აგვისტოს, მ---------------–-–---–მა №-------12 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა, მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, დასახლება დ--------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 2577.00 კვ.მეტრი, დაზუსტების შემდგომ 2451 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 ნოემბრის N--- საოქმო გადაწყვეტილებით(დღის წესრიგის მე-11 საკითხი) ირკვევა, რომ მ--------------–-–---–ის განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულებს, რის გამოც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, დ-------------ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების საკითხი გადაიდო მისი უკეთ შესწავლის მიზნით (ს.ფ. 86).
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დასახლება დ-------------ის მიმდებარედ, ნაკვეთი 03/059, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, დაზუსტებული ფართობი: 29940.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2. N3, N4, N5, N6, N7, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, დ-----------------------–-- ქუჩა N13ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-საერთო ფართობით 240,6 კვ.მეტრი (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 69.2კვ.მეტრი, სასწავლო აუდიტორიის ფართობი- 28.8 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობი- 142,6 კვ.მეტრი), საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ.124-245).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 4 დეკემბრის №---- განკარგულებით უარი ეთქვა მ--------------–-–---–ს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, დ------------- მე-2 მიკრო/რაიონის მიმდებარედ, საერთო ფართობი-2451.00კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 33-35).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე მ--------------–-–---–ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, მ--------------–-–---–ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ.თბილისში, დ-------------ი, მე-2 მიკრო/რაიონის მიმდებარედ მდებარე 2451 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებით არ დასტურდებოდა მ--------------–-–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობის არსებობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, არ დასტურდებოდა 2005 წლის ორთოფოტოზე (აეროფოტოგადაღებაზე), ხოლო 2010 წლის ორთოფოტოზე (აეროფოტოგადაღებაზე) აღნიშნული შენობა ფიქსირდებოდა როგორც მშენებარე. შესაბამისად დადგენილია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლოს მითითებით, მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, ვინაიდან მოსარჩელე მხარე სადაოდ ხდის აღნიშნულს და მიუთითებს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთს ფლობს 1998 წლიდან, მასზე განთავსებული სახლი აშენებულია მის მიერ, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის ლ------------–ის, ლ---–--–---–--ის, ვ--–----------–---–ის 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ-----------------–-–---–ი 1998 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2577.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რომელიც შემოღობილია ერთიანი შემოღობვით და მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ზ--------------------------–--ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ. ასევე თანხმობას აცხადებენ მ--------------–-–---–მა სრულად დაირეგისტრიროს პირად საკუთრებაში აღნიშნული უძრავი ქონება, შესაბამისად მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების დაკანონება-ლეგალიზაცია, საკუთრების უფლების აღიარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სს ,,თელასის’’ მიერ ჯერ კიდევ 2005 წლის 11 თებერვალს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, დ------------- მიმდებარედ) მდებარე სახლის ელექტრომომარაგების განხორციელებისათვის შემუშავებულ ტექნიკურ პირობაზე, რომლის საფუძველზეც შემდგომში მოხდა მრიცხველის დამონტაჟება, რასაც ასევე ადასტურებს სს ,,თელასის’’ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომლის მიხედვითაც მრიცხველი აღნიშნულ ფართზე დაყენებული იქნა 2006 წლის 12 სექტემბერს; ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე შეფასება არა მიუცია საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2008წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2008 წლის 14 თებერვალს მოქალაქე მ---------------–-–---–ის მიმართვის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ბოტანიკური ექსპერტიზა. აღნიშნული დასკვნის თანახმად მისამართზე: ქ.თბილისი, დ. დიღომი, მ--------------- გზატკეცილი დ-----------------------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - გაშენებული მრავალწლოვანი ნარგავების ასაკი დაახლოებით 7-დან 10 წლამდეა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიუთითა, რომ კომისიას საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მ--------------–-–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქ.თბილისში, დ-------------ი, მე-2 მიკრო/რაიონის მიმდებარედ მდებარე 2451 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტები, რომლითაც დგინდება, რომ 2005 წლის მდგომარეობით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ ყოფილა განთავსებული რაიმე სახის შენობა-ნაგებობა, ხოლო 2010 წლის ორთოფოტოთი დგინდება, რომ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეონდა მშენებლობა რაც დასრულებული სახით ჩანს 2014 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად, არ დგინდება კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, რაც წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთრების უფლების აღიარების კომისია სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 აპრილის N------------- წერილზე, რომლის თანახმად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს N---------------- და N---------------- საკადასტრო ერთეულებს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს N---------------- და N---------------- საკადასტრო ერთეულებს. აღსანიშნავია, რომ N---------------- ს.კ.- ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მსგავსად მეორე მიწის ნაკვეთისა წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებას და იგი წარმოადგენს 0--------------- საკადასტრო ერთეულის რამდენჯერმე კორექტირების შედეგად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთს. კერძოდ კი, საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ N---------------- საკადასტრო ერთეულის წინა ნომერს წარმოადგენდა N----------------, ხოლო ამ უკანასკნელისას N----------------. აღნიშნული მიწის ნაკვეთის წინა საკადასტრო კოდს კი წარმოადგენდა სწორედ N----------------. ყოველივე აღნიშნულით დგინდება, რომ ჯერ კიდევ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, (ისევე როგორც დღეის მდგომარეობით) სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბერს (საქმე N3ბ/1937-18) და 2016 წლის 16 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებებზე (საქმე N3ბ/1434-16). აპელანტის მითითებით, აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ვინაიდან მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის N2ბ/4510-16 განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ განმარტა მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების არსი და მნიშვნელობა.
აპელანტი ასევე მიუთითებს სს ,,თელასის" მიერ 2005 წლის 11 თებერვალს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, დ------------- მიმდებარედ) მდებარე სახლის ელექტრომომარაგების განხორციელებისთვის შემუშავებულ ტექნიკურ პირობაზე, რომლის საფუძველზედაც შემდგომში მოხდა მრიცხველის დამონტაჟება. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სს ,,თელასის'' მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, რომლის მიხედვითაც მრიცხველი აღნიშნულ ფართზე დაყენებული იქნა 2006 წლის 12 სექტემბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია განმარტავს, რომ მრიცხველის არსებობა არ იგივდება დასრულებული სახით შენობის არსებობასთან. აპელანტის მითითებით, თეორიულად დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ ნამდვილად მოხდა სადავო მიწის ნაკვეთზე მრიცხველის დამონტაჟება, აღნიშნული მაინც ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ 2005 ან 2006 წლებში მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობდა შენობა (აშენებული), რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია წარდგენილი მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ადასტურებს გადაწყვეტილების უკანონობას და უსაფუძვლობას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' 2008 წლის 19 თებერვლის N-------- დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისი, დ. დიღომი, მ--------------- გზატკეცილი დ-----------------------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - გაშენებული მრავალწლოვანი ნარგავების ასაკი დაახლოებით 7-დან 10 წლამდეა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულ დასკვნას საერთო არ აქვს შენობის ხანდაზმულობასთან ან მისი არსებობა/არარსებობის ფაქტთან, შესაბამისად მას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან სარჩელის წარდგენის მოტივი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 04 დეკემბრის N---- განკარგულებით მ--------------–-–---–ს უარი ეთქვა ქ. თბილისი, დ------------- მე-2 მ/რ-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2451.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი არ დასტურდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწად ფიზიკური პირის მიერ აღიარების ორ საფუძველს იცნობს. კერძოდ, პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მისი დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე და ყურადღება მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2008 წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2008 წლის 14 თებერვალს მოქალაქე მ--------------–-–---–ის მიმართვის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ბოტანიკური ექსპერტიზის დასკვნით, მისამართზე: ქ.თბილისი, დ----------, მ--------------- გზატკეცილი დ-----------------------–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - გაშენებული მრავალწლოვანი ნარგავების ასაკი დაახლოებით 7-დან 10 წლამდეა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის მეზობლების: ლ------------–ის, ლ---–--–---–--ის, ვ--–----------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დგინდება, რომ მ---------------–-–---–ი 1998 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2577.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, რომელიც შემოღობილია ერთიანი შემოღობვით და მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ზ--------------------------–--ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ. მეზობლები თანხმობას აცხადებენ მ--------------–-–---–მა სრულად დაირეგისტრიროს პირად საკუთრებაში აღნიშნული უძრავი ქონება, მოახდინოს აღნიშნული უძრავი ქონების დაკანონება-ლეგალიზაცია და საკუთრების უფლების აღიარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ წარმოდგენილ სს ,,თელასის’’ მიერ 2005 წლის 11 თებერვალს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (ქ.თბილისი, დ------------- მიმდებარედ) მდებარე სახლის ელექტრომომარაგების განხორციელებისათვის შემუშავებულ ტექნიკურ პირობაზე, რომლის საფუძველზეც შემდგომში მოხდა მრიცხველის დამონტაჟება (მრიცხველის N0002556). აღნიშნულს ასევე ადასტურებს სს ,,თელასის’’ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომლის მიხედვითაც მრიცხველი მითითებულ ფართზე დაყენებული იქნა 2006 წლის 12 სექტემბერს, ამავე პერიოდიდან მოხდა აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა (ს.ფ. 15-26).
საგულისხმოა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია 2006 წლის 06 სექტემბრის მრიცხველების ლაბორატორიისათვის (კაპიტალური რემონტი/მშენებლობის) სამუშაო განაწესი, რომლის მიხედვითაც დ------------- მიმდ. სოფ. ზ------------, N----- ნაკვეთზე, მოქალაქე ზ-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, გარეთა კედელზე უნდა მოწყობილიყო მრიცხველის ყუთი დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. მრიცხველის N0002556, დადგმის თარიღი 2006 წლის 12 სექტემბერი (ს.ფ. 169).
ქ. თბილისის არქიტექტურის გენერალური გეგმის მართვის განყოფილების სპეციალისტის 2017 წლის 01 მაისის N---------- წერილის თანახმად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა დ-------------ის მიმდებარედ 2451 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-6) ზონაში. კვეთს 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულებს (ს.ფ. 88).
საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს უფროსისადმი გაგზავნილი 2016 წლის 22 ნოემბრის N1/303970 წერილის თანახმად, კომისიის სახელზე შესულია მოქალაქე მ--------------–-–---–ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას ქ. თბილისი, დ------------- მიმდებარე 2577 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული უძრავი ქონება მოხვედრილია ქ. თბილისიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიის საზღვრებში.
აღნიშნული წერილის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა და 2016 წლის 21 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მ--------------–-–---–ის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე არსებული რეგისტრაციისაგან (ს.ფ. 170).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია. ამავე კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ მოიცავს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან ერთად, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების აღიარებასაც.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტზე (ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2016 წლის 31 ივლისიდან), რომლის თანახმადაც, ამ წესში გამოყენებულ ტერმინს - მიწის ნაკვეთი, გააჩნდა შემდეგი მნიშვნელობა: სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. როგორც აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში მ--------------–-–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადგენილი თვითმმართველი ერთეული საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რა ფართობს, კონკრეტულად რა ნაწილს ფარავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შეფასებულა ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემცირების შემთხვევაში იარსებებს თუ არა მ--------------–-–---–ის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ახნა-განმარტებაზე, რომლის შესაბამისად 2005 წლის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთზე უკვე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, ხოლო 2010 წლის მდგომარეობით მოხდა ცალ-ცალკე მდგომი ბეტონისა და ხის შენობა-ნაგებობის ერთიანი სახურავის ქვეშ გაერთიანება და არა აშენება. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი 2005 და 2010 წლის ორთოფოტოების შესწავლის შედეგად მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამ პერიოდის მდგომარეობით დაფარული იყო მრავალწლიანი ნარგავებით, ხე-მცენარეებით, ამდენად მცირე ფართობის მქონე შენობა-ნაგებობა აეროფოტოგადაღებისას შესაძლოა არ გამოჩენილიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ და რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უარყოფა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში. არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნის და ორთოფოტოზე ასახული მდგომარეობის შესწავლა-გამოკვლევა და რითია მითითებული უარყოფილი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური გაანალიზებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე უნდა დაადგინოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება თუ არა აღიარებას და შესაბამისი საფუძვლების მითითებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
პროცესის ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი