განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1177-19, 190310018002694216
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ-–--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
სასარჩელო მოთხოვნა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელისთვის მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ჩატარებისა და შესაბამისი ახალი აქტის გამოცემის დავალება.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ვ-–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თვმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ჩატარების თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმით, ვ-–--------------ემ კონკურსის მესამე ტური ვერ გადალახა და უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე სხვა კანდიდატებთან ერთად. 2015 წლის 06 მარტის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №-- ოქმით, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ საპრეტენზიო კომისიის სახელზე შესული საჩივრიდან არ დაკმაყოფილდა საფუძვლის არ არსებობის გამო ვ-–--------------ის განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისა და მისი კანდიდატურის ხელახლა განხილვის თაობაზე (ს. ფ. 88-108)
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის №3-60-15 გადაწყვეტილებით ვ-–--------------ის სარჩელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმი და 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა (ს. ფ. 88-108)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის №----- ბრძანება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმი, 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი, დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 68-86)
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში არ არის ვაკანტური თანამდებობა, შესაბამისად კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ღონისძიებები (ს. ფ. 2-13, 49-57, 59)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის თავმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ არ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის №3-60-15 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებები აღსრულებული არ არის.
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის №3-60-15 გადაწყვეტილებით, ვ-–--------------ის სარჩელი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმი და 2015 წლის 06 მარტის №-- ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას.
მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ, როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმები მიიჩნია ზოგადი ხასიათის ოქმებად, ვინაიდან ისინი სრულად არ ასახავს გასაუბრების მიმდინარეობას, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას შეაფასოს კონკურსი და იმ პრინციპებთან შესაბამისობა რომელსაც საქართველოს მთავრობის №412 დადგენილება ითვალისწინებს. იმ პირობებში როდესაც სხდომის ოქმი არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონკურსის ჩატარების პრინციპის გამჭირვალეობის დარღვევა, აღნიშნული კი ეჭქვეშ აყენებს ყველა დანარჩენი პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდინარეობა.
სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში კი მოპასუხის განმარტება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობის არარსებობას გამო გასაუბრების ჩაუტარებლობასათან დაკავშირებით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის მიწვევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით უზრუნველყოფილი იქნება ყველა მსურველის მიმართ და შესაბამისად მოსარჩელისთვისაც კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის სააპელაციო მოთხოვნა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს ინდივიდულური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონის შესაბამისად გამოცემა/არ გამოცემასთან დაკავშირებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში (28.06.2018წ) შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან, რაც არასწორია, რადგან განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 24 სექტემბრის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის N02/1286 წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ის არ ადგენს მკაცრად განსაზღვრულ, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ შედეგს და ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, რომელიც ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში (28.06.2018წ) შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის N-- ოქმი, 2015 წლის 06 მარტის N-- ოქმი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, რომლის აღსრულების ვალდებულებაც აკისრია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიას. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს და აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა, კომისიამ 2018 წლის 24 სექტემბრის N-------- წერილით ვ-–--------------ეს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აპელანტის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში (28.06.2018წ) შესულ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი აუცილებლად აღასრულებს შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ გასაჩივრებული - ქ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალებებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამდენადაც გასაჩივრებული წერილობითი დოკუმენტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე ჩაატაროს გასაუბრება მოსარჩელესთან იმ მოტივით, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვ-–--------------ე მონაწილეობდა რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა მან კომისიისგან მიიღო უარყოფითი შეფასება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის №3-60-15 გადაწყვეტილებით ვ-–--------------ის სარჩელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმი და 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის №----- ბრძანება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №-- ოქმი, 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი, დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების ოქმები არის ზოგადი ხასიათის და ისინი სრულად არ ასახავს გასაუბრების მიმდინარეობას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია შედგა გასაუბრების ოქმი, თუმცა აღნიშნული ატარებდა ფორმალურ ხასიათს, ოქმი არ ასახავდა გასაუბრების მსვლელობას, არ დგინდებოდა დასმული კითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსი, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ვ. ჩ------თან ჩატარებული გასაუბრების მართლზომიერების შემოწმების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონმდებლობით დადგენილია საკონკურსო კომისიის გასაუბრების ოქმის შედგენის წესი, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სათანადო წესით შედგენილი გასაუბრების ოქმის არსებობა მნიშვნელოვანია ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაუბრების წარმართვასთან და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით სასამართლომ სხვადასხვა განმარტებები მიიღო მხარეთაგან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება მიღებულია იმ საფუძვლით, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში არ არის ვაკანტური თანამდებობა, შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ღონისძიებები.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ გასაუბრების ჩატარებაზე უარის თქმა წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონდებლო ჩანაწერები ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო მოთხოვნას, რომელიც წინამდებარე საქმის შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის მიწვევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული უფლება საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსურველისათვის და ეს ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად.
სააპეალციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
პროცესის ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი