განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
330210018002241867
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002241867

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5546-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს--- ე---------–- ს------- ს---------

წარმომადგენელი - მ--–---- ს------, მ------ ი-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ე--------------’’

წარმომადგენელი - გ------- გ-----–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შ-- „ე--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს--- ე---------– ს------- ს---------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს--- ე---------– ს------- ს---------ს შ-- „ე--------------ს“ სასარგებლოდ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად დაეკისრა 11593.60 ლარი;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 2 ივნისს შ-- „ე-------------სა“ და ს--- ე---------–- ს------- ს---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #82 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს--- ე---------–- ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის მძღოლთან ერთად დაქირავების მომსახურების შესყიდვა. მომსახურება ხორციელდებოდა გ------- რეგიონში - ჩ-----------ის რაიონში.

 

შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყვის ფონდის ტერიტორიაზე, ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით მომსახურების გაწევა. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 26 750.16 ლარით.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების განხორციელების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე.

 

2.2. 2015 წლის 2 ივნისს შ-- „ე-------------სა“ და ს--- ე---------–- ს------- ს---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #83 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს--- ე---------–- ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის მძღოლთან ერთად დაქირავების მომსახურების შესყიდვა. მომსახურება ხორციელდებოდა შ------------–ის რეგიონში - ხ-–----ის რაიონში.

 

გარიგების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით მომსახურების გაწევა. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 11 645.42 ლარით.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების განხორციელების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე.

 

2.3. წინამდებარე ხელშეკრულებების 10.1 პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

2.4. 11.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურების მიწოდების ვადების (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში) გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

2.5. 11.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის არაჯეროვნად შესრულებისთვის) დარღვევის შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%.

 

2.6. 11.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ 11.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს რაოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%, შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს გარდა დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 და #83 ხელშეკრულება (ს.ფ 15-20)

 

2.7. შ-- „ე--------------ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 და #83 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს ნაწილობრივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-მიღება-ჩაბარების აქტები (68-71)

 

2.8. 2016 წლის 26 იანვრის ს--- ს------- ს---------ს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის, მომთხოვნის სტრუქტურული ერთეულის ან/და მოწვეული სპეციალისტის საბოლოო-დასკვნის მიხედვით, 2015 წლის 2 ივნისის #83 ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის მითითებით სპეც-ტექნიკით მომსახურება განხორციელდა ხ-–----ის 33-ე კვარტლის ორ მონაკვეთზე.

 

ამავე დასკვნის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გზის მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით გაწეული სპეც-ტექნიკით მომსახურება ნაწილობრივ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ნაწილობრივ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ხარისხს.

 

არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ პირობებს, პროექტის გათვალისწინებულ სიგრძეს, კერძოდ ს--------სამეურნეო გზის პირველი მონაკვეთი ითვალისწინებდა 494 მეტრის გზის მოწყობას, საიდანაც მოეწყო გზის 454 მეტრი, შეუსრულებელი დარჩა 40 მეტრი. მეორე მონაკვეთზე სიგრძე შეადგენდა 571 მეტრს, საიდანაც მოეწყო გზის 320 მეტრი, შეუსრულებელი დარჩა 251 მეტრი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2016 წლის 25 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 87 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბოლოო დასკვნა #83 ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 69);

 

2.9. 2016 წლის 26 იანვრის ს--- ს------- ს---------ს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის, მომთხოვნის სტრუქტურული ერთეულის ან/და მოწვეული სპეციალისტის საბოლოო-დასკვნის მიხედვით, 2015 წლის 2 ივნისის #82 ხელშეკრულების შესაბამისად, ს--------სამეურნეო გზის მოწყობა/რეაბილიტაციის მიზნით უნდა განხორციელებულიყო სპეც-ტექნიკით მომსახურება ჩ-----------ის ს------- უბნის ზემოსურების ს-------ს მე-5, 45-ე და მე-19 კვარტალებში. მიმწოდებელმა ზემოსურების 45-ე კვარტალში გზის მოწყობა/რეაბილიტაციის მიზნით სრულად უზრუნველყო სპეც-ტექნიკით მომსახურება, მჟავეწყლის მე-19 კვარტლაში ნაწილობრივ, კერძოდ გზის რეაბილიტაციის მიზნით სპეც-ტექნიკით მომსახურება გაწეულია სრულად, ხოლო ახალი გზის მოწყობის მიზნით სპეც-ტექნიკით მომსახურება არ შეესაბამება/არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებილ პირობებს.

 

რაც შეეხება მჟავეწყლის ს-------ს მე-19 კვარტალში გზის მოწყობის დარჩენილი მონაკვეთისათვის სპეც-ტექნიკით მომსახურების გაწევას, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო, ვინაიდან ბულდოზერი იფლობოდა გრუნტში და ვერ ახერხებდა მომსახურების გაწევას. ამასთან, ზემოსურების ს-------ს მე-5 კვარტალში არსებული გზის რეაბილიტაცია მიმწოდებელმა არ განახორციელა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საბოლოო დასკვნა #82 ხელშეკრულებაზე(ს.ფ.66-67, 108);

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.10. შ-- „ე--------------ს“ მიერ #82 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს--- ე---------–მა ს------- ს---------მ 2015 წლის 18 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-11 მუხლის, 11.11, 11.2 და 11.3 პუნქტების შესაბამისად მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ჯამში 16 852.5 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 21 დეკემბრის წერილი(ს.ფ 72);

 

2.11. შ-- „ე--------------ს“ მიერ #83 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ს--- ე---------–მა ს------- ს---------მ 2016 წლის 27 იანვრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-11 მუხლის, 11.11, 11.2 და 11.3 პუნქტების შესაბამისად მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო ჯამში 22 475.66 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 27 იანვრის წერილი (ს.ფ. 73);

 

2.12. ს--- ე---------–- ს------- ს---------ს 2017 წლის 14 მარტის წერილის საფუძველზე მიმწოდებელს, შ-- „ე-------------ს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 2 ივნისის #83 ხელშეკრულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 22 475.66 ლარი დაკორექტირდა და განისაზღვრა 11 995 ლარით. ხოლო 2015 წლის 2 ივნისის #82 ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო 16852.5 ლარი. წინამდებარე ხელშეკრულებათა დარღვევის გამო, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2017 წლის 28 მარტისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 მარტის წერილები (ს.ფ. 14-15);

 

2.13. ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივნისს შ-- „ე-------------სა“ და ს--- ე---------–- ს------- ს---------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #82 და #83 ხელშეკრულებები. ორივე შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ მითითებული დავალებებით და მითითებულ დროში ბულდოზერით მომსახურების გაწევა.

 

უდავოა, რომ შ-- „ე--------------ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 და #83 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს ნაწილობრივ.

 

ასევე უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ს--- ე---------–- ს------- ს---------ს მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების დაკავება გამოწვეული იქნა შ-- „ე--------------ს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების 10.1 პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან წერილობით მიმართა მოპასუხეს და შეატყობინა შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, იმის რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), აღნიშნული განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულების შეფასებისა და წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან იკვეთება, რომ შ-- „ე--------------ს“ მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობას. კერძოდ, #82 ხელშეკრულების შესაბამისად, ჩ-----------ის ს------- უბანში, მჟავე წყლის კვარტალ 19-ში ვერ უზრუნველყო მომსახურების გაწევა სრულად, ხოლო ამავე ს------- უბნის ზემო სარების კვარტალ 5-ში მომსახურება საერთოდ არ განუხორციელებია.

 

ამასთან, მოპასუხემ არ შეასრულა #83 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ხ-–----ის ს------- უბნის 33-ე კვარტალში მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოები არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ სიგრძეს, ს--------სამეურნეო გზის პირველი მონაკვეთი ითვალისწინებდა 494 მეტრის გზის მოწყობას, საიდანაც მოეწყო გზის 454 მეტრი, შეუსრულებელი დარჩა 40 მეტრი. მეორე მონაკვეთზე სიგრძე შეადგენდა 571 მეტრს, საიდანაც მოეწყო გზის 320 მეტრი, შეუსრულებელი დარჩა 251 მეტრი.

 

შ-- „ე--------------“ წარმოდგენილი სარჩელით და საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ მოპასუხეს აცნობა ვალდებულების შეფერხების გამომწვევი მიზეზის შესახებ. ხელშეკრულებების 10.1 პუნქტის მიხედვით, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს. აღსანიშნავია, რომ შ-- „ე-------------ს“ მის მიერ დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო.

 

2.15. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლომ შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების მე-11 მუხლი წარმოადგენს პირგასამტეხლოზე შეთანხმებას და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმებისას პირგასამტეხლოს ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.

 

პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება უნდა ირღვეოდეს, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია.

 

როგორც აღინიშნა, მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულების მე-11 მუხლით განსაზღვრეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა- განმარტებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ #82 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 26 750.16 ლარის ოდენობით. წინამდებარე შეთანხმების დარღვევის გამო გარიგების 11.1 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს დაერიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%, რაც თითოეულ დღეზე შეადგენს 267.5 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებულ (2015 წლის 1 ნოემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდი) 48 დღეზე შეადგინა 12840 ლარი.

 

ამასთან, #82 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%, რაც შეადგენს 1337.5 ლარს. ხოლო ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით 10%, რაც შეადგენს 2675 ლარს.

 

აღსანიშნავია, რომ შეგებებული სარჩელში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ღირებულების 0.5%-ს, თუმცა გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ჯარიმის ოდენობა დაანგარიშებულია 5%-დან. ამასთან, შეცდომითაა მითითებული ღირებულების 1%, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა ასევე გამოთვლილია 10%-დან.

 

დადგენილია, რომ #83 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 11 645.42 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის შემსყიდველმა მიმწოდებელს 11.1 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაარიცხა 116.46 ლარი, ხოლო ვადაგადაცილებულ 2015 წლის 1 ნოემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდი) 88 დღეზე 10 247.94 ლარი. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, არაჯეროვანი შესრულების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%, რაც შეადგენს 582.27 ლარს. ხოლო 11.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების 10%, რაც შეადგენს 11645.42 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შემსყიდველის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს. კერძოდ, #82 ხელშეკრულების 11.1 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1% უნდა შემცირდეს 0.2%-მდე, რაც ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 53.50 ლარს (53.50X48 დღეზე) და ნაცვლად 12 840 ლარისა განისაზღვროს 2568.01 ლარით.

 

ხელშეკრულების 11.2 პუნქტით დასახელებული პირგასამტეხლო 5%ის ოდენობით შემცირდეს 1%-მდე და ნაცლად 1337.50 ლარისა განისაზღვროს 267.50 ლარით. დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს 11.3 პუნქტის დარღვევისთვის მიმწოდებელს დაეკისრა ხელშეკრულების ღირებულების 10%.

 

ხელშეკრულების 11.3 პუნტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ 11.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს რაოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%, შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს გარდა დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%.

 

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ხელშეკრულების 11.1 პუნქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ აღემატება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10% და შესაბამისად #82 ხელშეკრულებასთან მიმართებაში არ არსებობს შეთანხმების 11.3 პუნქტის ამოქმედების წინაპირობები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე #82 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირაგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს (2568.01+267.50) 2835.31 ლარით.

 

ასევე, უნდა შემცირდეს #83 ხელშეკრულების დარღვევისთვის შემსყიდველის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ხელშეკრულების 11.1 პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1% უნდა შემცირდეს 0.2%-მდე, რაც ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 23.29 ლარს (23.29X88 დღეზე) და ნაცვლად 10 247.97 ლარისა განისაზღვროს 2049.52 ლარით.

 

ხელშეკრულების 11.2 პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლო 5% შემცირდეს 1%-მდე და ნაცლად 582.27 ლარისა განისაზღვროს 116.45 ლარით. ხოლო ხელშეკრულების 11.3 პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლო 10% შემცირდეს 1%-მდე და ნაცვლად 1645.2 ლარისა განისაზღვროს 116.45 ლარით. აღნიშნულ ნაწილში შემსყიდველის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია დასაბუთებულად, ვინაიდან ვადაგადაცილებული დღეები აღემატება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს.

 

საქმეში წარმოდგენილია თავდაპირველი დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც შ-- „ე-------------მა“ თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი თანხა შეამცირა 1764.86 ლარით და აღნიშნულ ნაწილში გადასახდელი პირგასამტეხლო მიიჩნია გონივრულად.

 

გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის შედეგად დგინდება, რომ #82 ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 2835.31 ლარი, ხოლო #83 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2282.48 ლარი, ჯამში 5117.79 ლარი, რაც უნდა დაეკისროს შ-- „ე-------------ს“ ვალდებულების დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი არსებობს საპასუხო მოთხოვნები. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მოთხოვნა უნდა იყოს უდავო. განსახილველი ნორმის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისას უნდა არსებობდეს ორი აუცილებელი წინაპირობა: 1. ორივე პირი ერთმანეთისათვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

 

დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ #82 და #83 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, ხოლო შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავება ვალდებულების დარღვევის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შ-- „ე--------------ს“ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას - 16711.39 ლარს უნდა გამოაკლდეს მისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა - 5117.79 ლარი და ს--- ე---------– ს------- ს---------ს დაეკისროს 11 593.60 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით არ არსებობდა #82 ხელშეკრულების საფუძველზე 8 003.75 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებულად მიჩნევის საფუძველი, რადგან მითითებული ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

3.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობამდე არ უნდა შეემცირებინა. აპელანტის განმარტებით ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს ხუთჯერ შემცირება ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს არსს და მისი გამოყენების მიზანს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2015 წლის 02 ივნისს ერთი მხრივ ს--- ე---------– ს------- ს---------ს და მეორე მხრივ შ-- ,,ე-------------ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს--- ე---------– ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობა ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბულდოზერით მომსახურება სავარაუდოდ 318 საათის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო, ამასთან, სავარუდო საათების რაოდენობა შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შემცირებულიყო ფაქტიურად განხორციელებული მომსახურების შესაბამისად. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა 26 750,16 ლარით, ხოლო ერთი საათის განმავლობაში მომსახურების ღირებულება 84,12 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ბულდოზერის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით ანაზღაურდებოდა.

 

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველის უფლებამოსილებად განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. მიმწოდებლის უფლებას წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის ყოველ კონკრეტულ ფაქტზე შემსყიდველისთვის ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10 %-ს მიაღწევდა, შემსყიდველის უფლებას წარმოადგენდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს გარდა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

- 2015 წლის 02 ივნისს მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #83 ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს ისევე, როგორც ხელშეკრულება #82-ის შესაბამისად ს--- ე---------– ს------- ს---------ს ს--------სამეურნეო გზების მოწყობა ან/და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ბულდოზერის (მძღოლთან ერთად) დაქირავების მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად წარმოადგენდა. მთლიანი ხელშეკრულების ღირებულება 11 645,42 ლარს, ხოლო ერთი საათის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება 83,78 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულება #82-ის მსგავსად მოწესრიგდა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველის უფლებამოსილებად განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. მიმწოდებლის უფლებას წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის ყოველ კონკრეტულ ფაქტზე შემსყიდველისთვის ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან იმ შემთხვევაში თუ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10 %-ს მიაღწევდა, შემსყიდველის უფლებას წარმოადგენდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს გარდა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №82 ხელშეკრულების და შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ს--- ე---------–- ს------- ს---------სთვის, შემსრულებლის მიმართ, 8003.75 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ გ------- რეგიონში 8003.75 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ ნამუშევარი საათების დადგენა და შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ ს--- ს------- ს---------სთვის 8003.75 ლარის დაკისრების მოთხოვნის მართებულობის შემოწმება წარმოადგენს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი) და წესზე (სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ გაწეული მომსახურების ანაზღაურება ბულდოზერის მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით ანაზღაურდებოდა, ერთი საათის მომსახურების ღირებულება 84,12 ლარით განისაზღვრა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ს--- ე---------–- ს------- ს--------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ სამუშოების ნაწილის შესრულების ფაქტს, მაგალითად გზის მოწყობის ნაწილში 2.5 კ.მ.-ის ნაცვლად 0.5 კ.მ. გზის მოწყობის და გზის რეაბილიტაციის ნაწილში 6 კ.მ.-ს ნაცვლად 4 კ.მ.-ს რეაბილიტაციის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულების საფუძველზე არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის 8003.75 ლარის დაკისრების საფუძველი, რადგან აღნიშნული ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი ორმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტით დადასტურებული არ ყოფილა.

 

სადავო გარემოების, კერძოდ, შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8003.75 ლარის ღირებულების შესაბამისი საათების განმავლობაში სამუშაოების შესრულების ფაქტის დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 15 ნოემბრის საბოლოო დასკვნა #82-ზე (ტ.1.ს.ფ. 66), რომელიც თავის მხრივ დადასტურებულია მოპასუხე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ზ/სურების 45-ე კვარტალში გზის მოწყობის/რეაბილიტაციის მიზნით სრულად უზრუნველყო სპეც-ტექნიკით მომსახურება, რა დროსაც ნამუშევარი საათების რაოდენობამ 60 საათი შეადგინა. ამავე დასკვნით ასევე დგინდება, რომ მჟავე წლის კვარტალ #19-ში გზის რეაბილიტაციის მიზნით სპეც-ტექნიკით მომსახურება გაწეულია სრულად, ხოლო ახალი გზის მოწყობა მხოლოდ 50 მეტრი, რადგან დარჩენილი მონაკვეთისთვის მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო მომსახურება. ნამუშევარი საათების რაოდენობა ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 37 საათით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული დოკუმენტის ნამდვილობა და მასში მითითებული გარემოება - გზის მოწყობის სამუშაოების წარმოების მიზნით 60 საათიანი მუშაობის, ხოლო გზის რეაბილიტაციის მიზნით 37 საათიანი მუშაობის შესახებ, რაც #82 ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,ე-------------მა’’ მოსარჩელის სასარგებლოდ განახორციელა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელმაც დაადასტურა. (იხ. 25.06.2019წ. სხდომის ოქმი, 13:21:53-13:21:56;13:26:13-13:26:14)

 

ამრიგად, მართალია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 ხელშეკრულებით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურების გაცემის წინაპირობად გათვალისწინებული იყო შემსყიდველისთვის ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარდგენა, თუმცა იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ანაზღაურება ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით უნდა განხორციელებულიყო, რომლის ღირებულება ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით იანგარიშებოდა, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 15 ნოემბრის საბოლოო დასკვნით დასტურდება #82 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 97 საათიანი სამუშაოების შესრულების ფაქტი, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებით ანგარიშსწორებითვის გათვალისწინებული წინაპირობების დაუცველობა, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებულია 97 საათიანი მომსახურების გაწევის ფაქტი. სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მართალია #82 ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მომსახურების განხორციელების ვადები და ადგილი, რომლის მიხედვითაც შ-- ,,ე-------------ს’’ მომსახურება გ------- რეგიონში - ჩ-----------ის რაიონში უნდა განეხორციელებინა, თუმცა ხელშეკრულებიდანვე ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემები მომსახურების გაწევის ადგილის და კილომეტრაჟის შესახებ სავარაუდო მონაცემებს წარმოადგენდა, რომელიც შემსყიდველის ნების საფუძველზე შეცვლას/შემცირებას ექვემდებარებოდა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ხელშეკრულების საგანს ბულდოზერის მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა, რომელსაც ს--------სამეურნეო გზების მოწყობის ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამუშაოების სავარაუდო მონაცემები, რომლებიც შეცვლას/შემცირებას ექვემდებარებოდა, მეტიც ანაზღაურების გაცემა დაკავშირებული იყო ბულდოზერის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარ დროსთან და არა კონკრეტული სამუშაოს/პროექტის შესრულებასთან. შესაბამისად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავარაუდო სამუშაოების არასრული სახით შესრულებისა ს--- ე---------– ს------- ს---------ს შ-- ,,ე--------------ს’’ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ს--- ე---------– ს------- ს---------ს შ-- ,,ე--------------ს საფუძველზე მართებულად დაეკისრა 8003.75 ლარის გადახდა.

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი მხარეებს შორის სადავო არ არის, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული[1]. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, დარღვევის შედეგებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ქონებრივი ზიანი, არამედ კრედიტორის არაქონებრივი უფლებებისადმი მიყენებული ზიანი[2].

 

საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

 

ამრიგად მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #82 და #83 ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა საგანსაც მძღოლით უზრუნველყოფილი ბულდოზერით მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა და რომლისთვისაც ანაზღაურება ბულდოზერით ნამუშევარი საათების მიხედვით იანგარიშებოდა, მიმწოდებელმა შემსყიდველის სასარგებლოდ #82 ხელშეკრულების საფუძველზე 97 საათიანი სამუშაო, ხოლო #83 ხელშეკრულების საფუძველზე 125 საათიანი სამუშაო შეასრულა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 15 ნოემბრის საბოლოო დასკვნა #82-ით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ზ/სურების 45-ე კვარტალში გზის მოწყობა/რეაბილიტაციის მიზნით სრულად უზრუნველყო სპეც ტექნიკით მომსახურება. სრულად იქნა უზრუნველყოფილი მჟავე წყლის კვარტალ #19-ში რეაბილიტაციის მიზნით სპეც. ტექნიკით მომსახურებაც, თუმცა ნაწილობრივ შესრულდა ახალი გზის მოწყობის ვალდებულება (50 მეტრი), აღნიშნულის საფუძვლად დასკვნაში მითითებულია გრუნტში ბულდოზერის ჩაფლობა (ტ.1.ს.ფ. 66). 2016 წლის 26 იანვრის საბოლოო დასკვნა #83-ით ირკვევა, რომ გზის პირველი მონაკვეთის მოწყობისას შემსრულებელმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და 494 მეტრიანი გზის ნაცვლად 454 მეტრიანი გზა მოაწყო, ნაწილობრივ იქნა შესრულებული ვალდებულება გზის მეორე მონაკვეთის მოწყობისასაც, რა დროსაც შემსრულებელმა 571 მეტრიანი გზის ნაცვლად 320 მეტრიანი გზა მოაწყო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების ნაწილობრივ შესრულებით გამოწვეულ ზიანზე მოპასუხე აპელანტს არ მიუთითებია. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ შეუსრულებელი სამუშაოების ნაწილი, რომლის შესრულებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო შემსყიდველმა სხვას დაუკვეთა, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მომსახურების შესრულების ადგილი მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ დატოვებულ მდგომარეობაშია. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების საფუძველზე დაანგარიშებული პირგასამტეხლო შესრულების ღირებულებაზე თითქმის ორჯერ მეტია.

 

შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესების თანაზომიერად დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს ხელშეკრულების შესრულების პროვოცირება აღარ წარმოადგენს, საქმის მასალებით არც ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით გამოწვეული ზიანის დადგომის ფაქტი და არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება მოპასუხის დაკვეთით სხვა პირმა შეასრულა, შესაბამისად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნებისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.

 

------------------------------------------------------------

[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება Nას-988-1021-2011

[2] Е. Ю.,б Валявина, А.К. Губаева и дрг. 2005. Коментарий к Гражданскому Кодексу Российской Федерации. Часть II. Издательство Проспект. Москва, С:658

[3] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №ას-819-771-2012

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს--- ე---------–- ს------- ს---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი აპელანტისთვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გ-------შვილი /