განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003017574
საქმე №1ბ/1238-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------------–--ს,მსჯავრდებულ: კ----------------ის,მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------–-----------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით კ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
კ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ----------------ი 2017 წლიდან ბიძაშვილთან დ---------------ან და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–----–------------------------------------------------ში. ორივე ოჯახი ეწევა ერთიან ოჯახურ მეურნეობას. 2019 წლის 02 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბიძაშვილს დ-------------ს, ქ.------–--–----–----------------------------------- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ სკვერში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ----------------ის ქმედებით დ-------------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და კ----------------ისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც თავის მხრივ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: გ-------------------–------------ს და დაზარალებულ დ-------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ის რომ მსჯავრდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ კ----------------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კ----------------ი ერთ თვეზე მეტი იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ კ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 03 მაისიდან - 2019 წლის 12 ივნისი ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ კ----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი