განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100118002574391
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002574391

საქმე №1ბ/1027-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ს----------------ის,ადვოკატ - ლ-------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ - ი-------–----ას (მონაწილეობის გარეშე),თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-------–----ას მიმართ - დაბადებული 1-----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–------------. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით:

 

ი-------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ი-------–----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი-------–----ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 1 აპრილის N1 ბრძანებით ი-------–----ა მუშაობდა ქ-------–--–---–-------–-------------------–------------–----------------------“ კუთვნილ კაზინო ,,ს-------ს“ დარბაზის მენეჯერად. 2018 წლის 25-26 მაისს, როდესაც ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ამავე ორგანიზაციის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ისარგებლა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კაზინოს დირექტორებისათვის - გო---–------------ა და ვ------------------------ის ვითომდა გადასაცემად, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, კაზინოს მორიგე მოლარეს - ს-----------------ეს მოტყუებით გამოართვა 30 000 ლარი, ხოლო 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ამავე კაზინოს მორიგე მოლარეს - თ------------------ას, ამავე საფუძვლით - ვითომდა ხელმძღვანელი პირებისათვის გადასაცემად გამოართვა 5 000 ლარი. ი-------–----ამ მოტყუებით დაუფლებული შპს ,,ი---------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა ჯამში - 35000 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და განკარგა შეხედულებისამებრ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს----------------ემ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, ვინაიდან განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ს----------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ი-------–----ამ და მისმა ადვოკატმა ლ-------------ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს----------------ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ი-------–----ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გო---–------------, ვ----------------------------–--–------------------------–-----------------------------------------------–---------–---–---------------------------------–-–---–------–--------–------ას გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მიღებული ინფორმაციით; ვიდეო-ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმით; 2017 წლის 1 აპრილის N1 ბრძანებით; წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-------–----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ი-------–----ას მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მისი ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ი-------–----ას მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ი-------–----ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ; ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს; არ არის ნასამართლევი; არის მარტოხელა დედა და ყავს არასრულწლოვანი შვილი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ი-------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

 

ი-------–----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ი-------–----ას მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

შპს „მაგთიკომიდან“ გადმოგზავნილი CD-R დისკი, მასში მოთავსებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

კაზინო „ს-------დან“ განჩინების საფუძველზე გადმოგზავნილი 5 (ხუთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე