განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002892717
საქმე N3ბ/2054-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ო-------------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---- ჩ-------ე;
წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 0------------ ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - ზ---- ჩ-------ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი---------, რ--- - ლ--------ა და ქ--------------ს პოლიციის დეპარტამენტის ტ------–-ს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა, განმარტა, რომ მოსარჩელე ზ---- ჩ-------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე. მისივე განმარტებით, ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ზ---- ჩ-------ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად არაერთხელ დაარღვია პოლიციის ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზ---- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 0------------ ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ---- ჩ-------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი---------, რ--- - ლ--------ა და ქ--------------ს პოლიციის დეპარტამენტის ტ------–-ს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით, მოსარჩელე ზ---- ჩ-------ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი---------, რ--- - ლ--------ა და ქ--------------ს პოლიციის დეპარტამენტის ტ------–-ს რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 4 ივნისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
4.2. კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 04 ივნისის N1------ ბრძანება ზ---- ჩ-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
4.3. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოკითხული იქნა სპეციალისტი - მძღოლ - პოლიციელი ზ-----------–-–---–ი, რომელმაც 2019 წლის 10 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა განმარტებას. მისი თქმით, ის მაქსიმალურად შეეცადა შექმნილი ვითარება არ გადაზრდილიყო სერიოზულ უთანხმოებაში. ზ---- ჩ-------ე მანამდეც გამოხატავდა გარკვეულ წყენას, უკმაყოფილებას და აგრესიას ამჟამინდელი ხელმძღვანელებისადმი.
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის მიერ, ასევე გამოკითხული იქნა ვიცე - პოლკოვნიკი გ------------------ე, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა - განმარტებას. მისი თქმით, კონფლიქტი საიდან წარმოიშვა არ გაუგია, ვინაიდან იმ მომენტში იყო ოდნავ მოშორებით. ზ---- ჩ-------ისა და პ---–---------–-–---–ის საუბრიდან გაიგო, რომ ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ზ---- ჩ-------ემ დაიგინა დამსწრეების მისამართით, რადგან მის სადღეგრძელოს არ უსმენდნენ. ვინაიდან, შემთხვევიდან გასულია დიდი დრო, სიტყვებს ვერ იხსენებს დეტალურად. ახსოვს, რომ მოუწოდა მშვიდად დაეტოვებინათ ტერიტორია, თვითონ კი კონფლიქტის გაგრძელების შესახებ იმ დღეს არაფერი გაუგია.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, ასევე გამოიკითხა პოლიციის პოლკოვნიკი ვ-------------------–ი, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ 2016 წლის 7 მაისს იქეიფეს ქ. ო-–ი. სუფრის წევრებმა მიიღეს ალკოჰოლი. სუფრის მსვლელობისას მოხდა ინციდენტი, კერძოდ, ზ---- ჩ-------ემ შეიგინა სუფრის წევრების მიმართ, რადგან მის სადღეგრძელოს არ მოუსმინეს. აღნიშნულზე პრეტენზია გამოთქვა პ---–---------–-–---–მა. დასახელებულ პირებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. ამ დროს ზ---- ჩ-------ე უცენზუროდ თუ საუბრობდა ზუსტად ვერ იხსენებს. კონფლიქტის გაგრძელებას ან სხვა რამეს არ შესწრებია.
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 0------------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი---------, რ----ლ--------ა და ქ--------------ს პოლიციის დეპარტამენტის ტ------–-ს რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ზ---- დ-------ს ძე ჩ-------ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016 წლის 04 ივნისიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე ((ს.ფ. 37-76, 113-116, 83-84), მხარეთა ახსნა - განმარტებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ზ---- ჩ-------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხელახლა დაიწყო კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. წარმოების ფარგლებში გამოკითხულ იქნენ პირები, რომელთაც შეიძლებოდა კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით ჰქონოდათ ინფორმაცია, კერძოდ, ზ-----------–-–---–ი, გ----------------ძე და ვ-------------------–ი, რომლებიც იმყოფებოდნენ უთანხმოების ადგილას. მიღებული ახსნა - განმარტებების, აგრეთვე, მოპოვებული ვიდეომასალის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ ზ---- ჩ-------ემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია კანონით დადგენილი კრიტერიუმებით. ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ მოწმეთა ახსნა - განმარტებებზე და მიუთითა, რომ სასამართლო არ უარყოფს, რომ პოლიციელის მხრიდან დაცული უნდა იყოს ზნეობრივი და ეთიკური ნორმები, მან არ უნდა ჩაიდინოს მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, პოლიციელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ფორმით კონფლიქტებისგან. აღნიშნა, რომ საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა ზ-----------–-–---–მა დაადასტურა მოსარჩელე ზ---- ჩ-------ის მიერ ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი, რაც პოლიციელის მხრიდან შეუფერებელ საქციელს წარმოადგენს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე 1989 წლიდან მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე და მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად არ მიიჩნია, რომ მის არაეთიკურ ქცევას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და განმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფრო მსუბუქი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების გზით არ იყო გამორიცხული მისი ქცევის დაკორექტირება და გაუმჯობესება. ყველაზე მკაცრი, უკიდურესი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სასამართლომ არაპროპორციულ ზომად მიიჩნია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად დაუსაბუთებულად მიიჩნია, თუ რატომ არის მოსარჩელე ზ---- ჩ-------ის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი და რატომ დაიცავს პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ პერიოდში ზ---- ჩ-------ე იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობას, პოზიტიური მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო სხვა თანამშრომლებისთვის. წარმომადგენლის განმარტებით, ზ---- ჩ-------ის საქციელი მიუთითებს კონფლიქტის მაღალ ხარისხზე. მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 3.4 პუნქტის მოთხოვნები და ჩადენილი იქნა დისციპლინური გადაცდომა. ასევე მიუთითებს, რომ ზ---- ჩ-------ემ, ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევით ასევე საფრთხე შეუქმნა როგორც საკუთარ, ისე სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და რეალური საშიშროება შექმნა ფაქტის მძიმე შედეგით დასრულებისთვის.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წელს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩამორთმეული, ზოგიერთი პოლიციელის ახსნა - განმარტებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიწვეული პირების განმარტებების შესწავლისას ადმინისტრაციულ ორგანოს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გამოკითხული პირების ნაწილი ზუსტად და სრულად არ გადმოსცემდა მომხდარი ფაქტის დეტალებს, ასევე ურთიერთშეუსაბამობა აღინიშნებოდა ზოგიერთი მათგანის მიერ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიცემულ ახსნა - განმარტებებსა და სასამართლოში გაკეთებულ განმარტებებს შორისაც.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს შს სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანო (დაწესებულებათა სისტემა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების მქონე ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, რომელთა დაცვასაც სამინისტროს სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებს, მათ შორის იმ ადამიანური რესურსით, რომელიც დასაქმებულია სამინისტროში. აღნიშნული უდიდესი საჯარო ინტერესის განხორციელებისას სამინისტრო დიდ ყურადღებას ამახვილებს თავის თანამშრომელთა კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა თავსდებოდეს ზნეობრივ ჩარჩოებში და არ უნდა ლახავდეს სამინისტროს ავტორიტეტს. წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ზ---- ჩ-------ის ქმედებები შეუფერებელი იყო შს სამინიტროს მოსამსახურისთვის და მის მიერ დაირღვა არაერთი სამართლებრივი ნორმა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მსგავს ქმედებებზე მკაცრი რეაგირების არქონა საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას შს სამინისტროს და ზოგადად, სახელმწიფოს სამართალდამცავი სისტემის მიმართ. აპელანტის განმარტებით, პოლიციელის მიმართ მოქმედებს ქცევის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი და მაღალი სადისციპლინო - საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც შს სამინისტროს მოსამსახურეების ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტ უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისგან. ზ---- ჩ-------ეს კი, ამასთან, ეკავა რა ხელმძღვანელი თანამდებობა, მისი ქმედებები სამაგალითო უნდა ყოფილიყო თანამშრომლებისთვისაც. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზ---- ჩ-------ემ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 პუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ხორციელდება მისი შრომის და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, ვინაიდან მოსარჩელე ზ---- ჩ-------ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურეთათვის - პოლიციელთათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. შესაბამისად, აპელანტის აზრით, აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალიწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა და დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალიწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილებების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
შედეგობრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით მსჯელობს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ ზოგიერთ საკითხზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 0------------ ბრძანება. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგენდეს, ზ---- ჩ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.
7.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით“.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, „სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო - საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო - უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო“.
განსახილველ შემთხვევაში ზ---- დ-------ს ძე ჩ-------ე, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 თებერვლის №MIA 0------------ ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 04 ივნისიდან. ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის პირველი თავის 1.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ხოლო 1.8. პუნქტის შესაბამისად, პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ სამართლიანად და მიუკერძოებლად მიუხედავად პირთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სექსისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა ან/და სექსუალური ორიენტაციისა.
იმავე კოდექსის მე-3 თავის 3.3. და 3.4. პუნქტების თანახმად, პოლიციელი თავისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისაგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი; ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა. პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება; ზემო აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა).
ინსტრუქციის მე-8 თავის თანახმად, „ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“.
პალატა აქვე ყურადღება ამახვილებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომლის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
რაც შეეხება 57-ე მუხლს, მითითებულია, რომ პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სამართლებრივი ნორმების მითითებასთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ფაქტობრივ გარემობებზე და ასევე მტკიცებულებებზე, მათ ერთობლიობაზე, თუ რამდენად დასტურდება სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული გარემოება - გადაცდომა და რაში გამოიხატა იგი.
პირველყოვლისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ზ---- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 04 ივნისის N1------ ბრძანება ზ---- ჩ-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. ზ---- ჩ-------ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლომ დადგენილ გარემოებებად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2016 წლის 04 ივნისის MIA 3 16 01360786 დასკვნის ცალსახად გაზიარებისა და დამატებითი დასაბუთების გარეშე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 04 ივნისის N1------ ბრძანებით ამავე სამინისტროს ი---------, რ--- - ლ--------ა და ქ--------------ს პოლიციის დეპარტამენტის ტ------–-ს რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ზ---- დ-------ს ძე ჩ-------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუფასებია დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ საქმეში წარდგენილი ვიდეო მასალითა და კონკრეტულ პირთა გამოკითხვის შედეგად, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე, მათი ახსნა - განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად ცალსახად არ დგინდება რეალურად ადგილი ჰქონდა თუ არა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დაუცველობას, ზ---- ჩ-------ესა და პ---–---------–-–---–ს შორის კონფლიქტს, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო კოლეგის დაბადების დღის აღსანიშნავად შენობაში შეკრებისას ან მის გარეთ. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გამოკითხულ პირთა გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ადასტურებს რაიმე კონფლიქტური სიტუაციის, ფიზიკური ანდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას კონკრეტულ პირებს შორის, ხოლო ნაწილი აღწერს სიტუაციას მცირედი ცვლილებებით ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში. მითუფრო, როდესაც გამოკითხული პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ ყველა მამაკაცი ნასვამი იყო, რამდენად ობიექტურად აღიქვამდნენ ისინი არსებულ ვითარებას. ამდენად, საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ უტყუარად ვერ მიიჩნია დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებები, რამდენადაც არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ცნობილი იქნა დაუშვებლად.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული მოკვლევის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის მიერ გამოკითხული იქნა სპეციალისტი - მძღოლ - პოლიციელი ზ-----------–-–---–ი, რომელმაც 2019 წლის 10 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა განმარტებას. მისი თქმით, ის მაქსიმალურად შეეცადა შექმნილი ვითარება არ გადაზრდილიყო სერიოზულ უთანხმოებაში. ზ---- ჩ-------ე მანამდეც გამოხატავდა გარკვეულ წყენას, უკმაყოფილებას და აგრესიას ამჟამინდელი ხელმძღვანელებისადმი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის მიერ, ასევე გამოკითხული იქნა ვიცე - პოლკოვნიკი გ------------------ე, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ ეთანხმებოდა მის მიერ 2016 წლის 1 ივნისს შსს სამინისტროში მიცემულ ახსნა - განმარტებას. მისი თქმით, კონფლიქტი საიდან წარმოიშვა არ გაუგია, ვინაიდან იმ მომენტში იყო ოდნავ მოშორებით. ზ---- ჩ-------ისა და პ---–---------–-–---–ის საუბრიდან გაიგო, რომ ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ზ---- ჩ-------ემ დაიგინა დამსწრეების მისამართით, რადგან მის სადღეგრძელოს არ უსმენდნენ. ვინაიდან, შემთხვევიდან გასულია დიდი დრო, სიტყვებს ვერ იხსენებს დეტალურად. ახსოვს, რომ მოუწოდა მშვიდად დაეტოვებინათ ტერიტორია, თვითონ კი კონფლიქტის გაგრძელების შესახებ იმ დღეს არაფერი გაუგია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, ასევე გამოიკითხა პოლიციის პოლკოვნიკი ვ-------------------–ი, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის ახსნა - განმარტებაში მიუთითა, რომ 2016 წლის 7 მაისს იქეიფეს ქ. ო-–ი. სუფრის წევრებმა მიიღეს ალკოჰოლი. სუფრის მსვლელობისას მოხდა ინციდენტი, კერძოდ, ზ---- ჩ-------ემ შეიგინა სუფრის წევრების მიმართ, რადგან მის სადღეგრძელოს არ მოუსმინეს. აღნიშნულზე პრეტენზია გამოთქვა პ---–---------–-–---–მა. დასახელებულ პირებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. ამ დროს ზ---- ჩ-------ე უცენზუროდ თუ საუბრობდა ზუსტად ვერ იხსენებს. კონფლიქტის გაგრძელებას ან სხვა რამეს არ შესწრებია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა მხოლოდ სამი პირის გამოკითხვა და მათი ახსნა - განმარტების მოსმენა (ზ-----------–-–---–ი, გ----------------ძე, ვ-------------------–ი). აღსანიშნავია, რომ მითითებული პირების გარდა, ხელმეორედ, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის წარმოების დროს არ მომხდარა სხვა, აღნიშნული ფაქტის შემსწრე მყოფი/მონაწილე პირების გამოკითხვა.
ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ ზემოთმითითებული სამი პირის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მიცემული ახსნა - განმარტება და 2019 წლის 13 თებერვლის ბრძანების კანონიერების შეფასების დროს, პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გაჟღერებული განმარტებები სადავო გარემოებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით გამოძახებულმა პავლე ბაბულაშვილმა განმარტა, რომ მოსარჩელე ზ---- ჩ-------ესთან კონფლიქტის მიზეზი არ ჰქონია, არც ის ახსოვს, რომ მოსარჩელე ვინმესთან კონფლიქტში შესულიყო.
ასევე მოწმის სახით გამოძახებულმა ვიქტორ მეტრეველმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ---- ჩ-------ესთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ არაფერი იცის, არც უნახავს იქ რა ხდებოდა, გადმოცემით ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს. როგორც იცის, გინებას ადგილი არ ჰქონია, მართალია მის მიერ უკვე მიცემულ ახსნა-განმარტებაში სხვა რამე წერია, თუმცა შეიძლება სათვალე არ ჰქონდა და არც ახსოვს იქ რა ეწერა, სხდომაზე კი ადასტურებს, რომ ზ---- ჩ-------ეს არავისთვის უგინებია.
მოწმის სახით გამოძახებულმა ზ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ზ---- ჩ-------ეს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცჰყოფა არ მიუყენებია არავისთვის.
მოწმეებმა მიუთითეს ისიც, რომ გენერალურ ინსპექციაში ჩ-------ის მამხილებელი ჩვენებები კარნახით დააწერენიეს.
აღნიშნულით პალატა მიიჩნევს, რომ ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე ზ---- ჩ-------ის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, უარყვეს იმ პირებმა, რომელთა ახსნა - განმარტებების საფუძველზეც დადგინდა ისინი.
პოზიციათა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსიდან გამომდინარე კი პალატა უფრო სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნევს საქმის განხილვის დროს, სასამართლო დარბაზში, ნეიტრალურ გარემოში მიცემულ ახსნა - განმარტებას. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კი ცალსახაა, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---- ჩ-------ის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დისციპლინური გადაცდომის (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრეციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად, რამდენადაც ვერ მტკიცდება ზ---- ჩ-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, აზრს მოკლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გამოყენებული დისციპლინურ სახდელის დისციპლინურ გადაცდომასთან პროპორციულობის შეფასება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ხორციელდება მისი შრომის და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ ვინაიდან ზ---- ჩ-------ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურეთათვის - პოლიციელთათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დაუდასტურებლობის გამო, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალიწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა და დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალიწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.
სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -