განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100119002965729
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002965729

საქმე N1ბ/1427-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: დ----- მ---------–---–ი

 

დაცვის მხარე: ნ------- ც--–---

 

მსჯავრდებული: კ------------- ა----ს ძე ხ-----------–ი - დაბადებული 1--- წლის 27 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.კ----, სოფელი ნ------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:

 

კ------------- ხ-----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

კ------------- ხ-----------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 აპრილიდან.

 

კ------------- ხ-----------–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ც--–---მ, აპელანტი ითხოვს პირველი ინტანციის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების ნაწილში.

 

აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გრემოებები - გულწრფელი აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა რითაც კ------------- ხ-----------–მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან აპელანტი უთითებს იმ გარემოებათა შესახებ, რომ კ------------- ხ-----------–ი არ არის კრიმინალისკენ მიდრეკილი პირი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას. აპელანტს მიაჩნია, რომ კონტანტინე ხ-----------–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ¼ ჩაეთვალოს პირობათ რადგან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ფაქტზე წასწრების შემთხვევას.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კ------------- ხ-----------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

კ------------- ხ-----------–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,2207 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 2019 წლის 13 აპრილს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, მეფე მირიანის ქუჩა N37ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კ------------- ხ-----------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------- ცინცაძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

პალატა, აანალიზებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს (ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები და სხვ.) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით კ------------- ხ-----------–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს კ------------- ხ-----------–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 13 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N1876/სქ-1864/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი 28 ცალი კონვალუტის თითო ბუდიან ნაჭერზე განთავსებული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 28 (ოცდარვა) ცალი ტაბლეტი ლოგოთი „N8“, საერთო წონით - 11,0384 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის საერთო შემცველობა - 0,2207 გრამია.

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;

 

ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I I, №10 რეგისტრაციით.

 

ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 29-ე ნომრად რეგისტრირებულია -“ბუპრენორფინი“ და 0,12 გრამი და ზემოთ ოდენობით მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

დადგენილია, რომ კ------------- ხ-----------–ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შეძენა შენახვის არ გააჩნია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ კ------------- ხ-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი უნდა შემცირდეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ------------- ხ-----------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ------------- ხ-----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშომლობა, საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის უდაოდ ცნობა.

 

კ------------- ხ-----------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ნაწილობრივ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ითანამშრომლობა გამოძიებასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნო უდაოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სახელწიფო რესურსის დაზოგვას. ამასთან პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება სახეზე არ არის, კ------------- ხ-----------–ი არ არის ნასამართლობის მქონე, ასევე მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისიწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი უნდა შემცირდეს 1 (ერთი) წლით და განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზღვარი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია კ------------- ხ-----------–ისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ¼ პირობითად ჩათვალა, შესაბამისად ამ ნაწილში დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს არ გაიზიარებს. მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - (თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით) მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი კ------------- ხ-----------–ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, მისი შესაფუთი მასალა და კ.ხ-----------–ის ნერწყვის ნიმუში (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ------------- ხ-----------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------- ცინცაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

კ------------- ხ-----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

კ------------- ხ-----------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 აპრილიდან.

 

კ------------- ხ-----------–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

კ------------- ხ-----------–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, მისი შესაფუთი მასალა და კ.ხ-----------–ის ნერწყვის ნიმუში (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი