განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010142219700087039-1აგ/90-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მ----------------
დაცვის მხარე:
სასჯელმოხდილი: ა-----–-------–---–------------------------------–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------–---------------------------------------------------–--
ადვოკატები: ა-----–---------–---–--------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის N1/126-05 განაჩენით:
ა-----–-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 60-ე მუხლის გათვალისწინებით, ახლად დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის N1/ბ-80-06 განაჩენით სასჯელმოხდილი ა-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის N138აპ განჩინებით, სასჯელმოხდილი ა-----–-------–---–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ--------------------- საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა და მომჩივანს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3,500 ევრო მიაკუთვნა.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ა-----–-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის N1/126-05 განაჩენის გადასინჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
შუამდგომლობისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, საქართველოს სსსკ–ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, გაეცნო რა მსჯავრდებულების ადვოკატის შუამდგომლობას, შეისწავლა საქმის მასალები, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ დ---------------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენები ა-----–-------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება და გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა წარიმართა 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულაციათა საფუძველზე, ამიტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოცემული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს, აგრეთვე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავს და შეაფასებს 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 14 მარტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ხოლო სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში, რაც მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების გზებს, სამართლიანი. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მომჩივანს მტკიცებულების გასაჩივრების შესაძლებლობა და დაცული იყო თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N4378/02, §§88-90, 10 მარტი 2009, და როვე და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28901/95, §60, ECHR 2000-II). იმ საკითხის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მტკიცებულებათა ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ სანდოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა მათი მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის საკითხი აუცილებლად არ წარმოიშობა თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მტკიცებულება საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება (იხ. ბიკოვი, §90, ასევე იხ. პრადე გერმანიის წინააღმდეგ, N7215/10, §34, 3 მარტი 2016).
სასამართლო მიუთითა, რომ მართალია, კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, იგი არ ადგენს მტკიცებულების დასაშვებობის რაიმე წესს, რაც, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს (იხ. სჩენკი შვეიცარიის წინააღმდეგ, 12 ივლისი 1988, §45, სერია A N140; ტეიქსერია დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 9 ივნისი 1998, §34, ანგარიშები 1998- IV; და ჯალოჰი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N54810/00, §§ 94-96, ECHR 2006-IX).
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას, პრინციპულად, არ წარმოადგენს იმის განსაზღვრა, კონკრეტული სახის მტკიცებულება - მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, იყო თუ არა დასაშვები ან იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, რაც ასევე მოიცავს მტკიცებულებების მოპოვების წესს. ეს გულისხმობს „უკანონობის“ გამოკვლევასა და კონვენციის სხვა მუხლის შესაძლო დარღვევის დადგენას (იხ. ბიკოვი, §89, და პრადე §33)“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში მომჩივანი აცხადებდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც სავარაუდოდ აღმოუჩინეს, მას არ ეკუთვნოდა. მან ასევე განაცხადა, რომ არ მისცემია ადეკვატური შესაძლებლობა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა პირადი ჩხრეკის კანონიერება; აგრეთვე, ეროვნულმა სასამართლოებმა დასაშვებად ცნეს უკანონო მტკიცებულებები, შესაბამისად, სამართალწარმოება მომჩივნის საქმესთან დაკავშირებით, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, არ იყო სამართლიანი. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის სადავო პირადი ჩხრეკა წარმოადგენდა მთავარი ინტერესის საგანს, რომელმაც გამოიწვია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება. მომჩივნის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო პოლიციის შესაბამისი ოქმი ჩხრეკის თაობაზე, პოლიციის იმ ორი ოფიცრის ჩვენება, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და ორი თვითმხილველის ჩვენება, რომლებიც სავარაუდოდ შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს. შესაბამისად, პირადი ჩხრეკა წარმოადგენდა იმ საგამოძიებო ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფდა მტკიცებულებას, რომელსაც ეფუძნებოდა მსჯავრდება. ჩხრეკის განხორციელების სადავო მეთოდმა და მომჩივნის წინააღმდეგ მისი შედეგების გამოყენების გზებმა, მთლიანობაში გავლენა იქონია სამართალწარმოების პროცედურულ სამართლიანობაზე (იხ. ლისიკა ხორვატიის წინააღმდეგ N20100/06, §§ 60-61, 25 თებერვალი 2010; ლაიჯოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ N22062/07, §§ 66-67, 10 აპრილი 2014; და საკით ზაჰიდოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ N51164/07, §§ 51-52, 12 ნოემბერი 2015; შედარებისთვის იხ. სვეტინა სლოვენიის წინააღმდეგ N38059/13, § 50, 22 მაისი 2018). ამ კუთხით განიხილა სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში, პოლიციის განყოფილების უფროსის 2004 წლის 4 ივლისის დადგენილების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მომჩივანს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. რაც წარმოადგენდა შესაბამის პროცედურას სსსკ-ის 290 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის უფროსის დადგენილება, რომელიც არ უთითებს არცერთ შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას, წარმოადგენდა შაბლონურ ტექსტს, რომელშიც ხელით იყო ჩამატებული მომჩივნის სრული სახელი და აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ მომჩივანი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ფლობაში. დადგენილება პირდაპირ ახდენდა მომჩივნის იდენტიფიკაციას მისი სახელისა და საცხოვრებელი მისამართის მეშვეობით, ხოლო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძელზე ჩატარებულ ჩხრეკაში, ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში თანმიმდევრულად აცხადებდნენ, რომ ჩხრეკის ჩატარებამდე მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გაურკვეველი პიროვნება განსაზღვრულ მისამართზე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. უფრო მეტიც, დადგენილება არ იყო დასაბუთებული, რადგან იგი არ უთითებდა იმ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელს ხდიდნენ გადაუდებელი ჩხრეკის ჩატარებას, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. როგორც ჩანს, მომჩივნის მიმართ გადაუდებელი ჩხრეკის ჩატარების განმაპირობებელი კონკრეტული გარემოებების იდენტიფიკაცია არც მოგვიანებით ეტაპზე მომხდარა, რადგან მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალები არ მოიცავდა შესაბამის საგამოძიებო მასალებს ან/და ოპერატიულ ინფორმაციას. ასევე, ზემოაღნიშნულმა პოლიციის თანამშრომლებმაც ვერ შეძლეს ნათელი მოეფინათ ამ საკითხისთვის. შესაბამისად, წინასწარი ჩხრეკის ჩატარების გარემოებები გაურკვეველი დარჩა.
სტრასბურგის სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ჩხრეკის ჩატარების არსებული გარემოებები იყო საეჭვო და ასეთად დარჩა მთლიანი სამართალწარმოების განმავლობაში. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას არ ეკუთვნოდა. ასევე, მომჩივნის მეგობრები, რომლებიც შეესწრნენ მის დაკავებას, დავობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის ჩხრეკა არ ჩატარებულა მისი დაკავებისთანავე. ამის საპასუხოდ, სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ჩხრეკას ესწრებოდა ორი მიუკერძოებელი მოწმე, რომლებიც იმ დროისთვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენდნენ საგამოძიებო ღონისძიების დამოუკიდებელ დამკვირვებლებს და გარანტიას, პოლიციის მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ (იხ. ვოლკოვა რუსეთის წინააღმდეგ [კომიტეტი], N56360/07, §40, 13 ივნილი 2017). ორივე მოწმე დაიკითხა სასამართლოში წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც მთავრობის განცხადებით ხელს უწყობდა იმას, რომ ეროვნულ სასამართლოებს გამოეკვლიათ მომჩივნის საქმეში არსებული გარემოებები. სტრასბურგის სასამართლო, აღნიშნავს, რომ „როდესაც ბ-ნი უ.კ. დაიკითხა სასამართლოში, მან შეცვალა წინასასამართლო ჩვენება, და აცხადებდა რომ იგი არ ესწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას და მას აიძულეს ყალბი ჩვენების მიცემა. ამის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა, დაასკვნეს, რომ ბ-ნი უ.კ-ს მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებები არ იყო სანდო და „ალოგიკური“იყო“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, „რაც შეეხება მეორე მოწმეს, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას, ბ-ნ ლ.ტს -ს, მან უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე გამოცდახებაზე, თუმცა ის გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაადასტურა თავისი პირველადი განცხადებები. იმ დროისთვის, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ლ.ტ. იყო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა მისი ჩვენების სანდოობას და აცხადებდა, რომ იგი ჩხრეკისას მოქმედებდა როგორც პოლიციის აგენტი და, რომ იგი ასევე სხვა მრავალ სისხლის სამართლის საქმეზე იყო მოწმე სამართლებრივი დოკუმენტის შედგენისას. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა ამ მტკიცებულებას და პასუხი არ გაუცია ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით წამოჭრილი არგუმენტისთვის“.
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის პირად ჩხრეკაზე ორი მოწმის დასწრება და სასამართლოს მიერ მათი მომდევნო დაკითხვა, ადეკვატურად არ უწყობდა ხელს ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენას.
შეჯამების სახით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასამართლო ნებართვის გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის წინააღმდეგ საგამოძიებო მასალა ან/და ოპერატიული ინფორმაცია, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია ჩხრეკის ჩატარება, არ იყო მოცემული საქმის მასალებში, აგრეთვე, პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ ჩხრეკის ჩატარების მეთოდი, ეჭვქვეშ აყენებდა მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობასა და სიზუსტეს (იხ. ლისიკა, § 60, და ზაჰიდოვი,§ 55; შედარებისთვის იხ. დრაგოს იოან რუსუ რუმინეთის წინააღმდეგ, N22767/08, § 54, 31 ოქტომბერი 2017, და პრადე, §39, სადაც მომჩივნები არ დავობდნენ მტკიცებულების საიმედოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით)“.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე მთავრობის არგუმენტზე, რომლის მიხედვით ჩხრეკის ჩატარების გარემოებები და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობა სასამართლო ხელისუფლებამ ორჯერ განიხილა: პირველად, ჩხრეკის კანონიერების სასამართლოს მიერ განხილვის კონტექსტში და მეორედ, მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დროს.
ეროვნული სასამართლოს მიერ ჩხრეკის კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი არ იყო მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი, ვინაიდან არ იყო შეჯიბრებითი ხასიათის და, განსახილველ დროს, არ არსებობდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს დადგენილების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების პროცედურა არსობრივად არ იყო ეფექტური. მომჩივნის წინააღმდეგ ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების post-factum შეფასების დროს, მოსამართლის ხელთ არსებული მასალები მოიცავდა ერთ-ერთი პოლიციის ოფიცრის ხელნაწერ ოქმსა და ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლოს განსახილველად არ წარედგინა არც გადაუდებელი აუცილებლობის გამო მომჩივნის პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება და არც ჩხრეკის შედეგად შედგენილი ოქმი. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ სასამართლომ ჩხრეკა კანონიერად ცნო და დაადგინა, რომ ნამდვილად არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ დარღვეულა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ იყო გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჩხრეკის კანონიერების განმხილველ მოსამართლეს არ გადაეცა მომჩივანთან დაკავშირებული საგამოძიებო დოკუმენტი, რომელიც მოხსენიებული იყო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაში, აგრეთვე ,,ოპერატიული ინფორმაცია’’, რამაც განაპირობა მომჩივნის პირადი ჩხრეკა. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის პირობებში, მოსამართლე არ იმყოფებოდა პოზიციაში, რათა შეეფასებინა, ჩხრეკის განხორციელებამდე მომჩივნის წინააღმდეგ არსებული გონივრული ეჭვის ხარისხი და გადაუდებელი აუცილებლობის რეალური არსებობა, რაც გაამართლებდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩხრეკის ჩატარებას.
რაც შეეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩხრეკის ოქმის ბათილად ცნობა თხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. სააპელაციო სამართალწარმოებისას, მან ცალსახად მოითხოვა პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, ვინაიდან ის შეიცავდა პროცედურულ დარღვევებს და აგრეთვე ადგილი ჰქონდა ფაქტობრივ შეუსაბამობას. მომჩივნის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ჩხრეკის განხორციელება სათანადოდ იყო ხელმოწერილი პოლიციის ზემდგომი ოფიცრის მიერ და შესაბამისად დასაშვები იყო. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო დოკუმენტები, ისევე როგორც ოპერატიული ინფორმაცია, რაც საფუძვლად დაედო ჩხრეკის განხორციელებას, არ ყოფილა საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი ინსტანციის სასამართლოს წინაშე.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების მნიშვნელობის, უ.კ-ს წინააღმდეგობრივი ჩვენენებისა და ამასთან დაკავშირებით მის მიერ პოლიციის მხრიდან ზეწოლის გაჟღერების, აგრეთვე პოლიციასთან კავშირების გამო ლ.ტ-ს ჩვენების სანდოობის ნაკლებობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული ფაქტორები საკმარისი ხარისხით არ განიხილეს. ყველა ზემოხსენებული პროცედურული და მატერიალურსამართლებრივი ხარვეზები ვერ იქნებოდა დაბალანსებული იმ უბრალო ფაქტით, რომ პოლიციის ოფიცრები სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის თანდასწრებით დაიკითხნენ.
აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ მიეცა ეფექტური შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა ჩხრეკის ჩატარების გარემოებები და ეროვნულ დონეზე შეწინააღმდეგებოდა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას.
როდესაც გარკვეული მტკიცებულების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები წარმოიშობა, შესაბამისად იზრდება სხვა მტკიცებულებებით მისი გამყარების საჭიროება. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში, მომჩივნის პირადი ჩხრეკის ოქმის არარსებობის პირობებში, სხვა მტკიცებულებები არ იყო საკმარისად მყარი. თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები არ იყო გადამწყვეტი, ვინაიდან პირველი მოწმის ჩვენება წინააღმდეგობრივი ხასიათის იყო, ხოლო მეორე მოწმის ჩვენება ნაკლებად სანდო იყო; მართალია, ეს საკითხები ეროვნული სამართალწარმოებისას სათანადოდ წამოიჭრა, თუმცა არ მომხდარა მათი გამოკვლევა. რაც შეეხება პოლიციის ოფიცრებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელმაც დაიწყო მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ამგვარად ისინი დაინტერესებულები იყვნენ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდებით, მათ ნარკოტიკები ჩაუდეს მას. მიუხედავად ამისა, პოლიციის ოფიცრების ჩვენებები ავტომატურად ობიექტურად მიიჩნიეს განსხვავებით, მაგალითად, მომჩივნის მეგობრების მიერ მიცემული ჩვენებებისგან, რომლებიც არ გაითვალისწინეს, როგორც სუბიექტური და არასანდო. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცერთა ჩვენებები არ შეესაბამებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მომჩივნის ჩხრეკის თაობაზე დადგენილებას. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული ხარვეზი უბრალოდ დააიგნორეს.
საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა წარმოშობს ეჭვებს მის სარწმუნოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მკტიცებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ, კუმულატიურად, მომჩივნის პირადი ჩხრეკის პროცედურული ხარვეზები, ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით არსებული წინააღმდეგობრივი ჩვენებები, არაადეკვატური სასამართლო განხილვა საქმის განხილვის ეტაპზე და მანამდე, რაც მოიცავდა ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის ბრალდებების არასაკმარისად გამოკვლევას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა, მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოებას მთლიანობაში უსამართლოდ აქცევდა. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია: ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება; დ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
ხოლო, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საქართველოს კონსტიტუციითა და „??????????? ???????????? ??????????????? ???????“ ??????????? ??????? დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხული იქნა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების ხელმომწერი, იმჟამინდელი პოლიციის უფროსი ნი----–-----------–-–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია ნარკოტიკული საშულების ფლობასთან დაკავშირებით, თუმცა ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია ვერ გაიხსენა, შესაბამისად გასცა დადგენილება, რომელიც იყო ბლანკეტური ხასიათის და გაიცემოდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობის დროს. ვინაიდან, ეჭვმიტანილის მონაცემები შევსებული ჰქონდა ხელით, შესაბამისად მისთვის იმ დროისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ინფორმაციის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132–ე მუხლის თანახმად, „თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ხოლო 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით“. მე–3 ნაწილის თანახმად, „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496–ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა-----–-------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ ასევე, თბილისის სააპელაციო სსამართლომ სათანადოდ არ შეაფასეს დაცვის მხარის მტკიცებულებები, განაჩენი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, იგი არ არის გამყარებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი აშკარა ეჭვი არ გადაწყვიტა ა-----–-------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის 132–ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა-----–-------–---–-- ჩაიდინა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებები. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ ა-----–-------–---–ის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----–-------–---–ის მიმართ არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს. ა-----–-------–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სასჯელმოხდილ ა-----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენი ა-----–-------–---–ის მიმართ;
ა-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ ა-----–-------–---–ს უფლება აქვს დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ვახტანგ მრელაშვილი